დარგებიმეცხოველეობა

მშრალობის პერიოდის გავლენა ცხოველის ჯანმრთელობასა და პროდუქტიულობაზე

მეცხოველეობაში მიღებულია დარგის რენტაბელურობისათვის დაიგეგმოს ფურების წლიური მოგება. ფური უნდა შობდეს ჯანმრთელ ხბოს და იწველიდეს 10 თვის განმავლობაში (ლაქტაციის პერიოდი არ უნდა აღემატებოდეს 300-305 დღეს). ეს იმას ნიშნავს, რომ ფურმა უნდა იმაკოს მოგებიდან 90 დღის განმავლობაში (უკეთესია, თუ ეს მოხდება მეორე ახურებაზე) და შეუთავსოს ერთმანეთს მაკეობა და ლაქტაცია.

ეს ორგანიზმისათვის რთული საქმეა. აქედან გამომდინარე, ფურს უნდა მივცეთ საშუალება დაისვენოს, დააგროვოს საზრდო ნივთიერებები ნაყოფის კარგად განვითარებისათვის და მოემზადოს მომავალი ლაქტაციის პერიოდისათვის. ამ მიზნით მოგებამდე 2 თვით (60 დღით) ადრე წყვეტენ ფურის წველას. ამ დროს მშრალობის პერიოდი ეწოდება.

მშრალობის დასაწყისი ცხოველის ორგანიზმისათვის რთული პროცესია და მიმდინარეობს ცურის მუშაობის გადაწყობა. აქედან გამომდინარე, ყურადღება უნდა მივაქციოთ ცურის მდგომარეობას, რომ არ განვითარდეს ფარული მასტიტები და სხვა პათოლოგიები.

მშრალობის პერიოდის განსაზღვრისათვის აუცილებელია ვიცოდეთ ფურის დაგრილების ზუსტი თარიღი (საქმის გასაადვილებლად ისარგებლეთ ფურების დაგრილების კალენდრით, რომელიც მეცხოველეობის მრავალ ცნობარშია).

მშრალობის პერიოდის დროულ და სწორად წარმართვაზეა დამოკიდებული ფურის შემდგომი ჯანმრთელობა და მომდევნო ლაქტაციისას მისი ფიზიოლოგიური მდგომარეობა.

მშრალობის პერიოდი გავლენას ახდენს:

ნაყოფის ნორმალურ განვითარებაზე;

ფურის მერძეულ პროდუქტიულობაზე;

მშობიარობის მიმდინარეობაზე;

ხსენის ფორმირებაზე;

მომყოლის მოშორებაზე;

მშობიარობის შემდგომ გინეკოლოგიურ დაავადებებზე;

მასტიტების წარმოშობაზე და სხვა.

ახალგაზრდა ფურებს (3 წლამდე ზრდა-განვითარება ჯერ დამთავრებული არ აქვთ და ფურებს დაბალი შეხორცებით მშრალობის პერიოდს უზრდიან ზრდასრულ და კარგი შეხორცების ფურებთან შედარებით.

მშრალობის პერიოდი შეიძლება გაეზარდოს (მოგებამდე 65-70 დღე) აგრეთვე მაღალპროდუქტიულ ცხოველებსაც. ზოგ შემთხვევაში მშრალობის პერიოდი შეიძლება შევამციროთ კიდევაც, მაგრამ მისი შემცირება 45 დღის ქვევით საზიანო იქნება ცხოველის ორგანიზმისათვის.

არჩევენ ფურების სამ ტიპს: პირველში შედის დაბალი პროდუქტიულობის მქონე ცხოველები, რომლებიც მოგებამდე 3-4 თვით ადრე თვითონ შრებიან. ამას „თვითგაშრობას“ ეძახიან. ამ შემთხვევაში პრობლემები ნაკლებია. ეს ნორმალური ფიზიოლოგიური პროცესია.

შედარებით ძნელია მაღალი პროდუქტიულობის მქონე ფურების გაშრობა. ფურები გაშრობის წინ 2-4 კგ დღიური მონაწველით შეიძლება გაშრნენ 2-3 დღეში; წველადობით 6-8 კგ, 3-5 დღეში. ფურების გაშრობას 15-20 კგ წველადობით იწყებენ 8-12 დღით ადრე. ისინი გადაჰყავთ ჯერ ორჯერად წველაზე, შემდეგ ერთჯერადზე, ბოლოს კი 2 დღეში ერთხელ წველიან.

ცხოველის გაშრობა დიდად არის დამოკიდებული წლის დროზე. რადგან ცხოველებს წლის სხვადასხვა დროს განსხვავებულად კვებავენ.

ფურებს ზამთარში გაშრობის წინ უცვლიან რაციონს, ამცირებენ ან მთლიანად წყვეტენ წვნიანი და კონცენტრირებული საკვების მიცემას, ზღუდავენ აგრეთვე წყლის რაოდენობას. ცხოველს მცირე რაოდენობით ეძლევა კარგი ხარისხის თივა. თივის რაოდენობას რამდენიმე დღე ამცირებენ იმიტომ, რომ მშრალი საკვების მიღების შემდეგ ცხოველი არ შეაწუხოს წყურვილმა და დიდი რაოდენობით არ მიიღოს წყალი, რაც არასასურველია გაშრობის პერიოდში. იქ, სადაც თივა არ აქვთ და ცხოველებს კვებავენ მარტო ჩალით, ამ საკვებსაც სჭირდება სათანადო შემზადება – წვრილად დაჭრა და ცხელი მცირედ მარილიანი წყლით ჩაორთქვლა. ამ დროს დაუშვებელია დაობებული ან სხვა სახის უხარისხო საკვების მიცემა. ამან შეიძლება გამოიწვიოს აბორტები.

ზაფხულში ცხოველს უშვებენ მხოლოდ ღარიბ საძოვარზე და რამდენიმე დღე დილა-საღამოს აღარ აძლევენ დამატებით საკვებს ან თანდათან უმცირებენ მას, იქიდან გამომდინარე, რომ ნაყოფს მკვეთრად არ შეუმცირდეს საზრდო ნივთიერებები. მშრალობაზე გადაყვანის დაწყების დღიდან და მის შემდგომაც განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ ცხოველის საერთო მდგომარეობას. თვალი უნდა ვადევნოთ ცხოველის ქცევას, ცურის ზომას. ის თანდათან უნდა შემცირდეს მოცულობაში, შეხებისას არ უნდა იყოს გამაგრებული და მტკივნეული. ცხოველები უნდა ვამყოფოთ სისუფთავეში, დავუფინოთ სუფთა ქვეშსაფენი, დავიცვათ ზედმეტი ტენისაგან, ორპირი ქარისაგან, გაცივებისაგან და შენობაში დაგროვილი მავნე აირების ზემოქმედებისაგან. მასზე არ უნდა მოვახდინოთ ფიზიკური ზემოქმედება და ავარიდოთ სტრესები.

მშრალობაზე გადაყვანის შემდეგ (როდესაც ცურში განიწოვება რძე და შემცირდება მოცულობაში) ცხოველებს იკვლევენ ბრუცელოზზე, ტუბერკულოზზე, ლეიკოზზე და სხვა ინფექციურ დაავადებებზე, რეგიონის ეპიზოოტიური სიტუაციიდან გამომდინარე.

პარაზიტული დაავადებები, მათ შორის ჰელმინთოზები, ფართოდ არის გავრცელებული საქართველოს ყველა რეგიონში. აქედან გამომდინარე, მშრალობის პირველ ნახევარში ცხოველები უნდა გამოვიკვლიოთ დიქტიოკაულოზზე (ფილტვის ჭიაზე), ფასციოლოზზე (ღვიძლის ჭიაზე), ეზოფაგოსტომოზზე (ფაშვის ჭიაზე), ჰიპოდერმატოზზე (კანქვეშა ბორაზე) და სხვა ჰელმინთებზე.

გამოვლენილი დაავადებების საწინააღმდეგოდ უნდა ჩავატაროთ დროული სამკურნალო პროფილაქტიკური ღონისძიებები.

ახალშობილი ხბოების დასაცავად კოლიბაქტერიოზისაგან (რომლის ძირითადი ნიშანია ძლიერი ფაღარათი სიცოცხლის პირველ დღეებში) და სალმონელოზისაგან (მიმდინარეობს კუჭ-ნაწლავის აშლილობით და ფილტვების ანთებით) მაკე ფურებს მშრალობის პირველ ნახევარში ცრიან კოლიბაქტერიოზის და სალმონელოზის საწინააღმდეგო ვაქცინებით (ამ შემთხვევაში პასიური იმუნიტეტი ხბოებს გადაეცემა ხსენის მეშვეობით).

ცხოველის ფიზიოლოგიური მდგომარეობის დასადგენად და ფარულად მიმდინარე პათოლოგიების გამოსავლენად უნდა ჩავატაროთ სისხლის და სხვა სითხეების (პირველ რიგში შარდის) კლინიკური გამოკვლევა.

აღნიშნული გამოკვლევები საშუალებას მოგვცემს სწორად წარვმართოთ ცხოველის კვება, სამკურნალო და პროფილაქტიკური ღონისძიებები.

მშრალობის მეორე ნახევარში უნდა შევზღუდოთ ვეტერინარული ღონისძიებების ჩატარება, თუ ამის აუცილებლობა არ არის, მშრალობის პერიოდში გამოვიყენოთ ისეთი ვეტერინარული პრეპარატები (ვაქცინები, ანტიპარაზიტული პრეპარატები და სხვა), რომელთა თანდართული ინსტრუქციები იძლება ამის უფლებას. ყველა ვეტერინარულ მანიპულაციას წყვეტენ მშრალობის ბოლო ორი კვირის განმავლობაში.

მშობიარობის შემდგომი მასტიტების პროფილაქტიკის მიზნით ფურები მშრალობის პერიოდის დასაწყისში უნდა გამოვიკვლიოთ ფარულ მასტიტებზე კალიფორნიატესტის გამოყენებით. გამოვლენილ დაავადებულ ცხოველებს უნდა ჩავუტაროთ სათანადო მკურნალობა (მეცნიერულად დასაბუთებულია, რომ მშრალობის პერიოდისათვის არსებული ფარული მასტიტების (რომელიც ხშირია) გამოვლინება კლინიკური ფორმით ხდება მშობიარობის შემდგომ პერიოდში, რაც დიდი პრობლემის წინაშე აყენებს ცხოველთა მეპატრონეებს).

მაკე საქონელს გავაშრობთ თუ არა, პირველივე დღიდან უნდა დავიწყოთ ზრუნვა მომავალ ნორმალურ მშობიარობაზე და ჯანსაღი ნამატის მიღებაზე.

მოვლა-შენახვის საერთო პირობების გაუმჯობესებასთან ერთად განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ მაკე პირუტყვის კვებას მშობიარობამდე, პირველ რიგში, მშრალობის პერიოდში.

მშრალობის მთელ პერიოდში მაკე პირუტყვის კვება მეტად საპასუხისმგებლო საქმეა, რადგან ყოველ ცხოველს უნდა მივუდგეთ ინდივიდუალურად და გავითვალისწინოთ: ასაკი, მოსალოდნელი პროდუქტიულობა, მშობიარობათა რიცხვი და, რაც მთავარია, ცხოველის ფიზიკური მდგომარეობა, პირველ რიგში, შეხორცება. მშრალობის პერიოდში მაკე საქონელმა უნდა მოიმატოს 10-12%-ით (აქ გასათვალისწინებელია ნაყოფის წონაში მომატებაც).

მშობიარობამდე მაკე ცხოველი უნდა ვკვებოთ ისე, რომ მან სრულად აღიდგინოს საზრდო ნივთიერებათა ის დანაკარგები, რაც მას ჰქონდა გასული ლაქტაციის პერიოდში და დააგროვოს მარაგი მომავალი ლაქტაციისათვის.

უშობლების საკვები ამ პერიოდში უნდა იყოს 10-15%-ით ყუათიანი და მეტი ასაკოვან ძროხებთან შედარებით, რომ მოხდეს მათი ნორმალური ზრდა და ჩამოყალიბება მაღალპროდუქტიულ ფურებად.

ცხოველის მოვლა-შენახვაში კვებასთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანია დაწყურვება. ცხოველმა ყოველდღიურად წყალი უნდა მიიღოს ნებაზე (ცხოველი მიიღებს იმდენ წყალს, რამდენიც მას სჭირდება). დაწყურვების ორგანიზაციის გარეშე წარმოუდგენელია ცხოველის ნორმალური ზრდა-განვითარება და მაღალი პროდუქტიულობა.

წყალი უნდა იყოს კეთილსაიმედო (არ უნდა შეიცავდეს მავნე ქიმიურ ნივთიერებებს) და სუფთა (არ უნდა შეიცავდეს დაავადების აღმძვრელ მიკროორგანიზმებს და პარაზიტების კვერცხებს და ლარვებს).

მაკე საქონლის (განსაკუთრებით მშრალობის პერიოდში) სასმელი წყალი უნდა იყოს 8-100ჩ-იანი. არ შეიძლება მაკე საქონლისათვის ცივი წყლის დიდი რაოდენობით მიცემა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს აბორტები. ცივი წყლის დიდი რაოდენობით მიცემისას ცხოველი ცდილობს ჭამოს მეტი საკვები თბორეგულაციის მოსაწესრიგებლად, მეტი ენერგიის გამომუშავებისათვის. ცივი წყალი არღვევს ბაქტერიულ სინთეზს ფაშვში. ფაშვში არსებული მიკროორგანიზმების აქტიურობისათვის საჭიროა ნორმალური (ორგანიზმის) ტემპერატურა. ცივ გარემოში მიკროორგანიზმები ხშირად იხოცებიან ან დიდი ხნით ანელებენ ცხოველმყოფელობას. შედეგად მონელების პროცესი ნაწილობრივ ან სრულად წყდება.

მაღალი ტემპერატურის წყალი (15-180ჩ და ზევით) ნაკლებად კლავს წყურვილს. ცხოველთა სადგომებში აუცილებელია მოეწყოს საწყურებლები, გარეთ ეზოში კი დაიდგას ჩანები სუფთა წყლით. საძოვარზე უნდა მოეწყოს ცხოველთა სპეციალური საწყურებლები.

მდინარის, ღელის და განსაკუთრებით გუბეების წყალი მეტად საშიშია. ხშირად ის ხელს უწყობს ინფექციური და პარაზიტული დაავადებების გავრცელებას.

მშრალობის პერიოდში მაკე ცხოველები უზრუნველყოფილი უნდა იყვნენ მინერალებით და ვიტამინებით. მათ უნდა მიეცეთ პრემიქსები და სხვა საკვები დანამატები, რათა უზრუნველვყოთ ორგანიზმი (პირველ რიგში, ნაყოფი) ისეთი ნივთიერებებით, როგორიცაა: კალციუმი, ფოსფორი, რკინა, ნატრიუმი, კობალტი, თუთია, კალიუმი, სელენი და სხვა, ვიტამინები: a, b, C, d, E და სხვა.

ფურების ბაგური შენახვის პირობებში ცხოველებმა უნდა ისარგებლონ აქტიური მოციონით, 2-3 კმ მანძილზე გადაადგილებით. რომ არ მოხდეს ცხოველების ტრავმირება მაკე ცხოველები უნდა გავიყვანოთ ისე, რომ არ მოხდეს მათი შერკინება სხვა ცხოველებთან. ცხოველის გაყვანა შენობიდან უნდა მოხდეს ფრთხილად, რომ არ დაუსხლტეს ფეხები, არ მიეჯახოს კარის ჩარჩოს და სხვა მყარ საგანს.

მოციონის არქონის შემთხვევაში ირღვევა ნაყოფთან სისხლის მიმოქცევა, რაც იწვევს ნაყოფის ორგანიზმისთვის საჭირო ნივთიერებების მიწოდების შემცირებას და იშლება მაკე საქონლის კუჭ-ნაწლავის ფუნქციონირება. ამ დროს ცხოველებს უვითარდებათ შეკრულობა, ცურის შესიება და სხვა. მუდმივმა შეკრულობამ შეიძლება გამოიწვიოს ინტოქსიკაცია და აბორტი.

როგორც საპასუხისმგებლოა ცხოველების გადაყვანა მშრალობის პერიოდზე, ასევე მნიშვნელოვანია მშრალობის ბოლო – მშობიარობისთვის მზადების პერიოდიც.

საძოვარზე და სხვადასხვა გრუნტიან გზებზე სიარული გავლენას ახდენს კიდურების მდგომარეობაზე. ცხოველებს დაზიანებული კიდურებით უძნელდებათ ძოვა, ჩამორჩებიან ნახირს, დიდხანს წვანან, ქვეითდება პროდუქტიულობა (რძის რაოდენობა კლებულობს 10-15%-ით), მცირდება წონამატი.

მშრალობის პერიოდში მაკე ფურის ჩლიქები თუ არ იქნა მოყვანილი წესრიგში: ცხოველს უცურდება ფეხები, ეცემა, ღებულობს ტრავმებს, ხშირად ვითარდება აბორტები, გაძნელებულია მშობიარობა, კლიმატის ზემოქმედებით (მაღალი და დაბალი ტემპერატურა, ტენი) სკდება ჩლიქის რქოვანი საფარი, ზიანდება რბილი ქსოვილები და ინფიცირდება მიკროორგანიზმებით. წარმოშობილი პათოლოგიური პროცესი იწვევს ადგილობრივ ჩირქოვან დაზიანებებს, რომელიც მოქმედებს აგრეთვე ცხოველის საერთო მდგომარეობაზე.

ცხოველის მეპატრონის ვალია მუდმივად აკონტროლოს ცხოველის ჩლიქების მდგომარეობა და დაზიანების შემთხვევაში გაატაროს სათანადო სამკურნალო და პროფილაქტიკური ღონისძიებები. მშრალობის პერიოდში მაკე ცხოველებს ჩლიქები წესრიგში უნდა ჰქონდეს.

განსაკუთრებულ მოვლას მოითხოვს რქებიც. წვეტიანი რქები აუცილებლად უნდა მოიხერხოს და დამუშავდეს ისე, რომ ცხოველებმა ერთმანეთი არ დააზიანონ.

ფერმაში, იქ, სადაც დიდი რაოდენობით მაკე ცხოველებია, მშრალობის პერიოდში ქმნიან ცალკე ჯგუფს. ცხოველთა ასეთ ჯგუფში შედარებით ადვილია და ეკონომიური ვეტერინარული ღონისძიებების ჩატარება.

მშრალობის პერიოდში უნდა მოვაწესრიგოთ მომავალი მშობიარობის ადგილი, კარგად დავასუფთავოთ და ჩავატაროთ დეზინფექციები, მოვიმარაგოთ მშობიარობისთვის აუცილებელი ვეტერინარული პრეპარატები და საშუალებები (პირველ რიგში, ანტისეპტიკური ხსნარები).

ფურის მშობიარობა და მშობიარობისშემდგომი პერიოდი ცალკე განხილვის საგანია.

თენგიზ ყურაშვილი,

აგრარული უნივერსიტეტის სავეტერინარო მედიცინის ინსტიტუტის დირექტორი, სსმა აკადემიკოსი;

ეკატერინე ღვალაძე,

აგრარული უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, სავეტერინარო მედიცინის ინსტიტუტის ვეტერინარული კლინიკის ლაბორატორიის ხელმძღვანელი;

გიორგი ბუცხრიკიძე,

აგრარული უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი