აგროტექნოლოგიებიმემცენარეობასტატიები

სიმინდის ტრადიციული ჯიშების მოკლე დახასიათება და სერტიფიცირების თავისებურებანი

მოსახლეობის ზრდისა და გლობალური დათბობის ფონზე მსოფლიოში სოფლის მეურნეობის წინაშე უამრავი მტკივნეული საკითხები იკვეთება, რომელთაგან ერთ-ერთი ძირითადი მარცვლეული კულტურების იმ რაოდენობით წარმოებაა, რომ მოსახლეობის მოთხოვნილების დაკმაყოფილება მოხერხდეს. ძირითად მარცვლეულ კულტურებს შორის სიმინდიცაა, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მარცვლეული კულტურაა მთელ მსოფლიოში. ის ნათესი ფართობებისა და წარმოების მოცულობის მიხედვით ხორბლის შემდეგ მეორე ადგილზეა.

სიმინდის დიდი ფართობებით გამოირჩევა არგენტინა, ბრიტანეთი, რუსეთი და უკრაინა. სამწუხაროდ, დღეისათვის საქართველოში ჰიბრიდული სიმინდის სათესლე მასალა (თუ არ ჩავთვლით რამდენიმე შპს-ს, რომლებიც სიმინდის ჰიბრიდულ სათესლე მასალას აწარმოებენ) სრულად იმპორტირებულია. იგი ძირითადად აშშ-დან გერმანიიდან და საფრანგეთიდან შემოდის.

სიმინდის წარმოების გეოგრაფია როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოს მოიცავს, თუმცა ნათესი ფართობებისა და მოსავლის ოდენობით აშკარა ლიდერი დასავლეთ საქართველოა. სელექციური სამუშაოების შედეგად, რომელსაც გასული საუკუნის დასაწყისში ჩაეყარა საფუძველი აკადემიკოს ლ.ლ.დეკაპრელევიჩის თაოსნობით, შეიქმნა არაერთი ადგილობრივი ჯიში. ეს ჯიშები საკმაოდ კარგი მოსავლიანობით და მაღალი კვებითი ღირებულებით გამოირჩეოდნენ. მათი დარაიონება 1930-1950 წლებში მოხდა.

გთავაზობთ გამორჩეული ჯიშების მოკლე დახასიათებას ცხრილის სახით:

ამ ჯიშებიდან კერძო ფერმერულ მეურნეობებსა თუ ოჯახებში შემორჩენილია თითქმის ყველა ჯიში, „იმერული ჰიბრიდისა“ და „გეგუთის ყვითელის“ გარდა. ეს ფაქტი იმაზე მიგვანიშნებს, რომ ჯვარედინმტვერია მცენარეთა ჯიშები, რომელთა გენეტიკური ეროზია ძალიან ადვილად მიმდინარეობს, შემოინახა თვითონ მოსახლეობამ ამ ჯიშების უნიკალურობის გამო. ეს ჯიშები ხასიათდება ადაპტაციის მაღალი უნარით, დაავადებათა და მავნებელთა მიმართ მაღალი გამძლეობით, მაღალი სასურსათე თვისებებით, ცილის მაღალი შემცველობით.

2000 წლიდან საქართველოში დაიწყო სიმინდის ჰიბრიდული სათესლე მასალის ფართოდ წარმოება და შემოტანა უცხოეთიდან. ეს ფაქტი იმითაა გამოწვეული, რომ ჰიბრიდები 70%-ით მეტი მოსავლიანობით ხასიათდებიან, ვიდრე ჯიშები. ამ პროცესმა საშიშროება შეუქმნა სიმინდის უნიკალური ჯიშების ისედაც შემცირებულ გენოფონდს.

საქართველო-ევროკავშირის შეთანხმება წარმოადგენს ევროპაში ინტეგრაციისკენ გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯს. ევროკავშირის სტანდარტებისა და სერტიფიცირების მოთხოვნების დაკმაყოფილება ინდივიდუალური ფერმერებისთვის გართულებულია, ისევე როგორც გაძნელებულია მათთვის რისკების შეფასება ახალ ბაზრებზე შესვლისა და თავიანთი პროდუქციის გატანისათვის, ევროკავშირის მაღალკონკურენტული ბაზრის პირობების გათვალისწინებით. ამდენად, კომპლექსური ღირებულებითი ჯაჭვის შექმნისათვის დჩფთა-ს (შეთანხმება ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ) თანახმად, აუცილებელია საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზება ევროკავშირის კანონმდებლობასთან და პოტენციური სარგებლის სრულად გამოყენება. ამის გათვალისწინებით, 2014 წელს შეიქმნა „თესლის და სარგავი მასალების სტანდარტებისა და სერთიფიცირების კვლევის სამსახური“, რომლის მიზანია მარცვლეულ კულტურათა სათესლე მასალის სერთიფიცირების უზრუნველყოფა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. იმისათვის, რომ ფერმერმა რომელიმე კონკრეტულ ჯიშზე მეთესლეობა აწარმოოს, ეს ჯიში დარეგისტრირებული უნდა იყოს გასავრცელებლად დაშვებული ჯიშების ეროვნულ კატალოგში.

სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის თესლის და სარგავი მასალების სტანდარტებისა და სერთიფიცირების კვლევის სამსახური მუშაობს პროექტზე, რომელიც მიზნად ისახავს სიმინდის ტრადიციული ჯიშების დახასიათებას ახალი ჯიშების დაცვის საერთაშორისო გაერთიანების (UPOv) -ის მეთოდიკის მიხედვით. დასახასიათებლად შერჩეული იყო სიმინდის სამი ჯიში: აჯამეთის თეთრი, კაჟოვანა თეთრი და კაჟოვანა ყვითელი. 2015 წელს მოძიებული და იდენტიფიცირებული იქნა არსებული ჯიშები, 2016-2017 წელს (UPOv)-ის მეთოდიკის მიხედვით დახასიათების შემდეგ ისინი შეტანილი იქნება გასავრცელებლად დაშვებული ჯიშების ეროვნულ კატალოგში.

სტატისტიკურმა კვლევებმა, რომელიც ჩატარდა სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სამეზობლო პროგრამის (EnPaRd) და ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CZda) მიერ, გვიჩვენეს, რომ ქვეყანაში ბოლო 2-3 წელია მესიმინდეობაში სასიკეთო ძვრები შეინიშნება, მთავრობა მეტ ყურადღებას უთმობს ამ კულტურას და მის მეთესლეობას. აქედან გამომდინარე, ბაზარზე სრულფასოვანი კონკურენციის შექმნის აუცილებალი პირობაა სერტიფიცირება და მასთან დაკავშირებილი პროცედურები. ეს პროცედურები ეხება როგორც სიმინდის ჯიშებს, ასევე ჰიბრიდებს და ჰიბრიდების მშობელ თვითდამტვერილ (inbred) ხაზებს.

სერთიფიცირების თავისებურებანი

სათესლე მასალის სერთიფიცირებისათვის აუცილებელია:

მინდვრული ინსპექტირების ჩატარება სათესლე ნაკვეთის ჯიშობრივი კონტროლის მიზნით;

თესლის თესვითი ღირსების კონტროლი, რომლის დროსაც ხდება სათესლე მასალის სიწმინდის, აღმოცენების უნარის, ტენიანობის და სხვა მახასიათებლების განსაზღვრა ხარისხის კონტროლის ლაბორატორიაში.

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECd) საერთაშორისო სქემის სტანდარტებიდან გამომდინარე, რომელსაც ეფუძნება მეთესლეობის სფეროში საერთაშორისო ვაჭრობის მექანიზმი, ინსპექტირება უნდა ჩატარდეს შესაბამის პერიოდში, ანუ იმ დროს, როცა უკეთ შეიძლება განისაზღვროს მცენარეთა ის ნიშანთვისებები, რომელიც საშუალებას იძლევა დადგინდეს ჯიშის ჯიშობრივი სიწმინდის ხარისხი, კერძოდ ყვავილობის ინტენსივობა და ქეჩეჩოს ხელოვნური კასტრაციის დრო (ჰიბრიდებსა და ინბრედ ხაზებში).

სიმინდის ინსპექტირების დროს სტანდარტული ინფორმაციის გარდა ინსპექტორი ვალდებულია მოითხოვოს მინდვრის რუქა, რომელშიც დატანილი იქნება შემდეგი ინფორმაცია:

კულტურის სახელწოდება, რომლითაც დაკავებული იყო სათესლე ნაკვეთი წინა წელს;

საიზოლაციო მანძილი, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს დაცული, რათა არ მოხდეს მცენარეების გენეტიკური დაბინძურება არასასურველი მტვრით.

ჯიშების სათესლე ნაკვეთებში ჯიშური სიწმინდის დადგენის მიზნით არატიპიური მცენარეების გამოვლენა ხდება შემდეგი ნიშნების მიხედვით:

მცენარის სხვადასხვა ნაწილების შეფერილობის ინტენსივობა;

მცენარის სიმაღლე;

ტაროს ზომა, ფორმა და დახრილობა ღეროსთან მიმართებაში;

ფოთლის სიგრძე, სიგანე და ორიენტაცია;

ტაროს თმის ფერი;

ქეჩეჩოს სტრუქტურა და ფერი.

მოსაზღვრე რიგებში მტვრის გამავრცელებელი მოყვავილე ქეჩეჩოების % -ული რაოდენობა;

მშობელ ფორმათა მწკრივების მორიგეობის სქემა;

არატიპიური მცენარეები, რომლებიც ავრცელებენ მტვერს (როგორც დედა, ისე მამა ფორმებიდან).

ჯიშობრივი სიწმინდის დადგენის შემდეგ, ფერმერების მიერ უკვე სათესლედ გამზადებული პარტიებიდან, საჭიროა აღებული იქნეს საანალიზო თესლის ნიმუში. თითოეულ თესლის პარტიაზე, რომელთა წონა კულტურების მიხედვით განსხვავებულია (სიმინდი-40ტ), აიღება ერთი ნიმუში და ჩატარდება თესლის ხარისხობრივი მაჩვენებლების განსაზღვრა.

მისასალმებელია, რომ დღეს საქართველოში მოღვაწე ფერმერებმა, რომლებიც აწარმოებენ სიმინდის ტრადიციული ჯიშების, ჰიბრიდებისა თუ მშობელი ხაზების თესლს, თესლის და სარგავი მასალების სტანდარტებისა და სერტიფიცირების კვლევის სამსახურთან უშუალო თანამშრომლობით 2015 წელს მიიღეს ჯიშობრივი სიწმინდის დამადასტურებელი სერთიფიკატები. 2016 წლის მონაცემებით გაზრდილია ამ კულტურის სათესლე ფართობები საქართველოში და გარდა ამისა, არიან ფერმერები, რომლებიც აწარმოებენ სიმინდის ჰიბრიდების სათესლე მასალას საექსპორტოდ.

იმედია, მომავალში კიდევ გაიზრდება ამ კულტურის ჰიბრიდებისა და ჯიშების ნათესი ფართობები და მეთესლეობის მწარმოებელ ფერმერთა რიცხვი საქართველოში.

თინა კოშაძე, ანა დევიძე