დარგებიმეცხოველეობა

კახური მომთაბარე ენდემური ჯიშის ღორი

საქართველოში მეცხოველეობას, მათ შორის მეღორეობას ოდითგანვე მისდევენ. შობა-ახალ წლისათვის დასაკლავად ღორის გასუქებას, ხორცის დამარილება-შებოლვას თუ სადღესასწაულო სუფრისთვის გოჭის შეწვას დიდ ხნის ტრადიცია აქვს.

ხანგრძლივი ომიანობის პერიოდში ქართველი მებრძოლისთვის ენერგიის ერთ-ერთ საიმედო წყარო, ღორის შებოლილი ხორცი იყო. ოდიშის გერბზე დიდი ხნის განმავლობაში გარეული ტახი იყო გამოსახული. საქართველოში კახურ ღორთან ერთად ცნობილია მეგრული, იმერული, სვანური, აფხაზური პოპულაციებიც, რომელთაგან ამჟამად მცირე რაოდენობით მხოლოდ კახური ღორია შენარჩუნებული. დასახელებული პოპულაციები სამხრეთ კავკასიური ადგილობრივი ფორმების უშუალო მოშინაურებით და ხალხური სელექციით უძველეს ხანაშია მიღებული და ძირითადი ევროპული ჯიშების მოკლეყურა ღორების ჯგუფს მიეკუთვნებიან. გარეგნულად ისინი ემსგავსებიან გარეულ ღორს. კარგად ითვისებენ ბუნებრივ საკვებ სავარგულებს, რასაც სხვა ს/ს ცხოველები ვერ იყენებენ. ამავე დროს საკვების მოპოვების დროს დინგით ამუშავებენ ნიადაგს, რაც ხელს უწყობს ტყის განახლებას. ზამთარში ისინი კარგად ითვისებენ ყურძნის ნარჩენებს _ ჭაჭას, აგრეთვე ბაღჩეულ და ხილის ნარჩენებს. ადრე გაზაფხულიდანვე კარგად იყენებენ მინდვრის სხვადასხვა ბალახებს, ივლის-აგვისტოში თავთავიანთი კულტურების აღების შემდეგ ნარჩენ მარცვლეულს. ტყეში ნაყოფის მომწიფების დაწყებისთანავე გადაინაცვლებენ მთიან ადგილებში და მასობრივად ითვისებენ ტყის ნაყოფების, რის შედეგად მიიღება გემრიელი და ნაკლებქონიანი ხორცი. საგემოვნო თვისებებზე განსაკუთრებით დადებითად მოქმედებს წიფლის ნაყოფი, წაბლი, რკო, მაჟალო, პანტა, მოცვი, კუნელი, მცენარის ფესვები, სოკო, ლოკოკინა და სხვა.

კახური ღორი სახორცე მიმართულებისაა და მისი პროდუქტიულობა უშუალოდ დაკავშირებულია მომთაბარეობის პირობებში ტყის ნაყოფების მოსავლიანობასთან. კარგი პირობების შემთხვევაში პროდუქტიულობა მატულობს. კერატების საშუალო ცოცხალი წონა 120-125 კგ-ია, ქუბების 95-100 კგ. სხეულის სიგრძე შესაბამისად _ 105 სანტიმეტრიდან 111 სანტიმეტრამდეა. ყრის 7-8 გოჭს, მერძეულობა 33-35 კგ, დღიური წონამატი 270-280 გრ. საკვების დანახარჯი 1 კგ. წონამატზე 7-8 საკვები ერთეული (რაც უკავშირდება მათ ინტენსიურ გადაადგილებას). მჭლის გამოსავლიანობა 60-62%. ხორცის საგემოვნო თვისებები კულტურულ ჯიშებთან შედარებით გაცილებით უკეთესი.

კახური ღორის პროდუქტიულობის დაბალ მაჩვენებელს მისი საარსებო პირობები განსაზღვრავს. შესაძლებელია კახური ღორის როგორც ცოცხალი წონის (კერატების 160 კგ-მდე, ქუბების 130 კგ), ისე მრავალნაყოფიერების (8-9 გოჭამდე) გაზრდა, მაგრამ ამისთვის საჭიროა კვების და მოვლის პირობების გაუმჯობესება, რაც რთულად განსახორციელებელია, რადგან კახური ღორის საარსებო პირობები უშუალოდ ბუნებრივ საკვებ-სავარგულებთან არის დაკავშირებული.

1935 წლიდან კახური ღორის გასაუმჯობესებლად იყენებენ ღორის მსხვილ თეთრ ჯიშს, რის შედეგად მიღებული სულადობა კარგავს ტყის მასივების საკვებ-სავარგულების გამოყენების და გარეული ნადირის წინააღმდეგობის უნარს. ახმეტის რაიონის მდ. ილტოს მიმდებარე ტერიტორიაზე ჯაბურის ხეობაში 1977 წ. მიმდინარეობდა ღორებზე დათვის თავდასხმაზე დაკვირვება. თავდასხმის დროს  კერატის მიერ გაცემული, “სიგნალის” შემდეგ კახური ღორის მთელი ოჯახი ერთად გროვდება და აკეთებს წრეს, რის გარშემოც მოძრაობს კერატი და დათვს ღორის გატაცების საშუალებას არ აძლევს. დაკვირვების დროს აღმოჩნდა რომ ერთ-ერთი მეტისი (კახური მსხვილი თეთრი) წრიდან გამოვარდა და დათვის ულუფა გახდა.

აღნიშნულიდან გამომდინარე ბუნებრივი ტყის სავარგულების ათვისება მხოლოდ კახური ენდემური ღორის საშუალებით შეიძლება, რისთვისაც საჭიროა მათი ხალასად მოშენება და გავრცელება. ამ ღონისძიების განხორციელების მიზნით საჭიროა ადრინდელი კახური ღორის ჯიშსაშენის აღდგენა.

კახური ღორისათვის დამახასიათებელია უხეში კონსტიტუცია, შედარებით სქელი ტყავი, მსხვილი ძვალეული და ხშირი შებუსვა, ორგვარი ჯაგარი გრძელი უხეში და მოკლე ნაზი თივთიკი. მოკ¬ლე სამკუთხედისებრი, ნაფოტა სხეული, წინა ნაწილი უკეთესად განვითარებული. თავი დიდი მძიმე, პროფილი სწორი, მოკლე დაცქვეტილი ყურები, მახვილისებრი მინდაო, რაზედაც ივითარებს გრძელ ჯაგარს. ოდნავ მოშავო, ან მუქი წაბლისფერი. პატარა აკრული მუცელი, ხშირ შემთხვევაში 10 ძუძუ. შებუსვის მიხედვით ცნობილია ორი განსხვავებული ტიპი, სწორი და ხუჭუჭ ჯაგრიანი. ამჟამად ხუჭუჭ ჯაგრიანი სულადობა ნაკლებად გვხვდება. კახური ღორის ზოგიერთი ეგზემპლიარი შეიძლება იყოს მუქი ნაცრისფერი, ან ღია წაბლისფერი.

არის შემთხვევები, როდესაც შემოდგომით მომთაბარე პირობებში მყოფი ღორის შეხორცება (კონდიცია) უმჯობესდება და მისი ახურებაც ამავე პერიოდს ემთხვევა. ზოგიერთი ახურებული ქუბი ტოვებს კოლტს და უკავშირდება გარეული ღორის კერატებს, მათი ნაწილი ადგილზე რჩება და გარეულდება, უმეტესობა უკან ბრუნდება და ამგვარად კახური ღორის სისხლის განახლება გარეული ღორის სისხლით ხორციელდება. აგრეთვე არის შემთხვევები გარეული კერატის კახური ღორის კოლტში შემოვარდნის და ამ გზითაც წარმოებს სისხლის განახლება. მაგრამ რაც დრო გადის, გარეული ღორის მეშვეობით კახური ღორის სისხლის განახლება მნიშვნელოვნად მცირდება, აღნიშნულიდან გამომდინარე ფერმერებმა უნდა შეძლონ ამ საკითხის ადგილზევე მოგვარება, რადგან სისხლით ნათესავი ცხოველების ურთიერთ შეწყვილების შედეგად, სხვა სახის ცხოველებთან შედარებით განსაკუთრებით მეღორეობაში მნიშვნელოვნად მცირდება პროდუქტიულობა და დაავადებებისადმი გამძლეობის უნარი, აგრეთვე ასეთი ცხოველები საკვებს მეტს ხარჯავენ და წონამატს ნაკლებს იძლევიან. ამ საკითხის მოგვარებასთან დაკავშირებით ფერმერის მფლობელობაში არსებულ სანაშენე მიზნებისათვის გამოყენებულ სულადობას უნდა ჰქონდეს საინვენტარო ნომერი და ერქვას სახელი. სახელი უნდა შეირჩეს განყენებული, იკრძალება ადამიანის და სხვა კერძო სახელების მიკუთვნება. კერატის სახელი ბოლოვდება ასო ი-თი, ხოლო ქუბის ასი ა-თი, მაგ. კერატის: სხივი, სტარტი, იმედი და სხვა, ქუბის: გიტარა, ზამთარა, წიფლანა, და სხვა. კერატის სახელი გადაეცემა ყველა მის საკერატეებს, ქუბის ყველა მის საქუბეებს. ფერმერმა სანაშენედ მოზარდის შეძენის დროს უნდა გაითვალისწინოს სხვა ფერმერიდან განსხვავებული სახელების მქონე სულადობის შეძენა, ან განსხვავებული სახელწოდების კერატების ერთმანეთში გაცვლა. აღნიშნულ საკითხებზე დაწვრილებითი ინფორმაციის მიღება შეიძლება ახალგაზრდა ფერმერთა სახლის საკონსულტაციო სამსახურში.

სანაშენე ჩანაწერების წარმოებით და ციფრობრივი მასალის ანალიზით მოკლე დროში შეიძლება პროდუქტიულობის სრულყოფა და სანაშენედ მხოლოდ იმ ცხოველების დატოვება, რომლებიც პროდუქტიულობის მაღალი მაჩვენებლებით გამოირჩევიან. ასეთი ფერმიდან ღორის სულადობაზე მოთხოვნილება ყოველთვის მეტი იქნება და მათი სარეალიზაციო ფასიც გაიზრდება.

თანამედროვე პირობებში კახური ენდემური ღორის სანაშენე მოზარდზე მოთხოვნილება მატულობს. მათ გარეშე ტყის ბუნებრივი ათასობით ტონა საკვები საშუალებების ათვისება შეუძლებელია, აგრეთვე ტყის განახლების საკითხიც შეფერხდება.

იაკობ შუბითიძე,

პროფესორი