აგრარული განათლებადარგებიმცენარეთა დაცვა

მცენარეთა დაცვა/ ბიოსასუქები

გარკვეული მცენარეებისგან დამზადებული თხევადი სასუქები საკმაოდ ფართოდ გამოიყენება ბიოლოგიურ მიწათმოქმედებაში. მათ მცენარე სწრაფად ითვისებს და ამიტომ, როგორც სწრაფმოქმედ სასუქებს, იმ შემთხვევაშიცი ინტენსიურად იყენებენ, როდესაც მცენარის ზრდის დაჩაქრება სურთ.

მცენარეული სასუქები ძირითადად აზოტს და კალიუმს შეიცავს. თხევადი სასუქებით მცენარე შეიძლება მოვრწყათ ძირში მისხმით, ან ფესვგარეშე გამოკვებით, ფოთლებზე შესხურებით.

ფესვგარეშე გამოკვება საშუალებას იძლევა, სწრაფად მოიხსნას ფოსფორისა და კალიუმის უკმარისობა, იგი უფრო სწრაფად მოქმედებს, ვიდრე ნიადაგში შეტანილი სასუქი.

ინტენსიური მეთოდით წარმოების დროს, როცა მცენარეები მჭიდროდ არის ნაკვეთზე განთავსებული, ეს ფოთლოვანი გამოკვება სასუქის დროულად მიწოდების საუკეთესო ხერხია.

ამ დროს ფოთლებზე სასუქის შესხურებას 2‐3 კვირაში ერთხელ აწარმოებენ და 2‐ჯერ უფრო ნაკლები კონცენტრაციის ხსნარს იყენებენ, ვიდრე ნიადაგის _ დამუშავებისას.

 ჭინჭრისგან დამზადებული თხევადი სასუქი  

გერმანიაში ყველაზე პოპულარული თხევადი მცენარეული სასუქი ჭინჭრის წუნწუხია. იგი მზადდება გაზაფხულზე და ზაფხულზე დაკრეფილი ნედლი ჭინჭრისგან (სანამ თესლს გამოიღებდეს). შეიძლება ხმელი ჭინჭრის გამოყენებაც. სასუქს ხის, პლასტმასის, თიხის ან ემალირებულ ჭურჭელში ამზადებენ. მეტალის ჭურჭელი არ არის რეკომენდებული, რადგან ჭინჭრის ნაყენს შეუძლია ლითონთან რეაქციაში შესვლა.

ჭურჭელში ყრიან წვრილად დაჭრილ ჭინჭარს და ასხამენ წყალს. სასურველია წყალი იყოს წვიმის ან დამდგარი და მზეზე შემთბარი. ჭურჭელს დუღილის დამთავრებამდე რაიმე ბადე უნდა დაეფაროს, რათა შიგ მცირე ცხოველები არ ჩაცვივდნენ. დღეში ერთხელ, ენერგიულად ამოურიოთ ჯოხით. ხრწნის პროცესების გამო, არასასიამოვნო სუნს გამოუშვებს, ამის საწინააღმდეგოდ ერთი მუჭა ქვის ფქვილი ან 50 გრ. კატაბალახას ფოთლების ნაყენის დამატება. როდესაც ხსნარი მუქ ფერს შეიძენს და ქაფისგან დაიწმინდება, ეს იმას ნიშნავს, რომ დუღილი დამთავრდა. ეს პროცესი 1,5‐2 კვირას მიმდინარეობს.მზეზე დუღილის პროცესი უფრო ჩქარდება. ამის შემდეგ ჭურჭელს თავსახური დავაფაროთ (ჭურჭელში ჰაერი უნდა აღწევდეს, თუ თავსახური ჰერმეტიულია, მაშინ რამდენიმე ნახვრეტი გაუკეთოთ). ამის შემდეგ ჭინჭრის ნაყენი შეგვიძლია გამოვიყენოთ. ფოთლებზე შესასხურებლად ხსნარი დოლბანდში გავწუროთ და დავუმატოთ წყალი (19 ლ ხსნარში 1ლ ნაყენი).მოსარწყავად შეგვიძლია გაუწურავი ხსნარიც ვიხმაროთ, ოღონდ ამ შემთხვევაშიც წყალში გაზავებაა საჭირო (1 ლ ხსნარში 9 ლ წყალს ვუმატებთ). წყალში გაზავება უშუალოდ ხმარების წინ უნდა მოხდეს.

ჭინჭრის ნაყენს გამაჯანსაღებელი გავლენა აქვს მცენარეზე. მას გააჩნია ზრდისა და ქლოროფილის წარმოქმნის მასტიმულირებელი მოქმედება. ამ ნაყენით მორწყული ნიადაგი ძალიან უყვართ ჭიაყელებს. ეს სასუქი უხდება ხეხილს, კენკროვნებს ყვავილებს და ბოსტნეული კულტურების უმეტესობას. გამონაკლისს წარმოადგენენ: ბარდა, ნიორი, ხახვი და ლობიო. ამ კულტურებზე ჭინჭრის ნაყენი არ უნდა გამოიყენოთ.

 ლაშქარასაგან დამზადებული თხევადი სასუქი

 ინგლისში უპირატესობას აძლევენ ლაშქარასგან დამზადებულ ნაყენს, რომელიც განსაკუთრებით რეკომენდირებულია იმ კულტურებისათვის, რომლებიც ბევრ კალიუმს და ნაკლებ აზოტს მოითხოვენ (პამიდორი, კიტრი, ლობიო). ლაშქარასგან დამზადებული ნაყენი, ნაკელთან შედარებით, მეტ კალიუმს და ოდნავ ნაკლებ ფოსფორს შეიცავს.

ამ ნაყენის დამზადებისთვის 0,8 კგ ნედლ ლაშქარას დავასხათ 10 ლ წყალი და 4 კვირა დავაყენოთ.  გამოყენება ჭინჭრის ნაყენის მსგავსად ხდება. ლაშქარასგან დამზადებული ნაყენი ყველა კულტურას უხდება,  განსაკუთრებით კი სასარგებლოა კალიუმის უკმარისობისას, ამ ნაყენში ფოსფორის კალიუმისა და აზოტის შეფარდება 1:7:3‐ის ტოლია.

მსგავსი ნაყენების დამზადება შეიძლება სხვადასხვა მცენარეების ნარევისგან. ჭინჭარს შეიძლება შევურიოთ ლაშქარა და დავუმატოთ სხვადასხვა მცენარეები: ასფურცელა, წიწმატურა, დევისპირა, გვირილა, შვიტა, ხახვი და ნიორი. აგრეთვე ნაყენს შეიძლება დავუმატოთ ფრინველის ნაკელი, ნაცარი, იონჯის, ძვლის, რქების და ქვის ფქვილი.

საკვები ნივთიერებებით დაბალანსებული, მშვენიერი თხევადი სასუქი, შეიძლება ასეც დამზადდეს: ჩვეულებრივ ტომარაში ჩავყაროთ რამოდენიმე სუფრის კოვზი ნედლი ფოსფატი, იონჯის ფქვილი, ძვლის ფქვილი და სხვა. ტომარა კარგად შევკრათ და ჩადეთ ვედროში, გაავსეთ წყლით და დაახურეთ თავსახური. ორ დღეში ერთხელ ჯოხით მოურიეთ, რომ წყალმა ტომარაში კარგად შეანჯღრიოთ და იქედან საკვები ნივთიერებები სრულად გამოიტანოს. 1‐2 კვირაში მიიღებთ მუქ ყავისფერ სითხეს. იგი არ წვავს ფოთლებს და ამიტომ მისი ხმარება გაუხსნელადაც შეიძლება, მაგრამ სასუქი უნდა მიეწოდოს საჭიროების მიხედვით.

ავტორი: სალომე ლომიძე