დარგებიმებაღეობამცენარეთა დაცვა

კაკლის ფოთლების მურა ლაქიანობა და მის წინააღმდეგ ბრძოლა

კაკალი ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი და ფართოდ გავრცელებული კაკლოვანი კულტურაა.

კაკალზე გამოვლენილია მრავალი სოკოვანი და ბაქტერიული დაავადება, რომელთა შორის შეხვედრის სიხშირიანობით და მავნეობით გამოირჩევა – კაკლის ფოთლების მურა ლაქიანობა. მისი გავრცელება კაკლის გეოგრაფიულ გავრცელებას ემთხვევა. აავადებს კაკლის მწვანე ორგანოებს: ფოთლებს, ყლორტებს და ახალგაზრდა, ჯერ კიდევ შემოუსვლელ ნაყოფებს.

კაკალი 222222222222222222222222222222222222222

პირველად ავადდება ქვედა ფოთლები, რაზედაც ვითარდება წვრილი, მოყვითალო ლაქები, რომლებიც თნდათან იზრდებიან, მურამოყავისფერო ხდებიან. ამ პერიოდში ლაქებზე სოკოს ნაყოფიანობაც ვითარდება კონცენტრულად განლაგებული შავი ბალიშაკების სახით. დაავადება ქვედა ფოთლებიდან იწყება, თანდათან ზედა ფოთლებზე გადადის, ლაქები დიდდება და თუ ბევრია ისინი ერთმანეთს უერთდება. ფოთლის ფირფიტის დიდ ნაწილს იკავებს და ახმობს მას. ისეთი შემთხვევებიცაა, როდესაც კაკლის რთულ ფოთოლზე ყველა ფოთლებია გამხმარი. დაავადებული ფოთლები სცვივა ან ხეზეა შერჩენილი ხოლმე.

ყლორტებზე ვითარდება მოგრძო ფორმის ყავისფერი ლაქები. ძლიერი დაავადების შემთხვევაში ლაქები ერთიანდება, რაც იწვევს ყლორტის გახმობას. დაავადების ძლიერი გავრცელებისას ხეზე ფოთლების უდიდესი ნაწილი გამხმარია და ხე თითქმის გაშიშვლებულია.

ნაყოფების დაავადება ყუნწის მხრიდან ან წენგოს ზედაპირიდან იწყება, რომელზედაც ჩაზნექილი ლაქები ვითარდება. სოკოს მიცელიუმი შიგ ქსოვილშიცაა შეჭრილი და ნაჭუჭსაც აზიანებს. ეს უკანასკნელი არ მაგრდება, საერთოდ ვერ ვითარდება, განიცდის დეფორმაციას და გაშავებული რჩება ხეზე. ლაქის ზედაპირზე ჩნდება ბზარები და ნიგოზი არ ვითარდება.

კაკლაი 333333333333333333333333333333333333333

დაავადების სიმპტომების გამოვლენის ძირითადი პერიოდებია: გაზაფხული, ზაფხული და შემოდგომა.

დაავადების გამომწვევია სოკო – Marssonina juglandis Sacc. რომელიც ეკუთვნის მელანკონიალესების ჯგუფს. ის ეპიდერმისის ქვეშ ვითარდება, სადაც მისი მიცელიუმისაგან სარეცელია შექმნილი. სარეცელის ზედაპირზე მოკლე ცილინდრული, კონიდიათმტარებია აღმართული, რომლებიც უფერული და ორი ტიპის კონიდიოსპორას ავითარებს:

პირველი ე.წ. მაკროკონიდიუმები: ორ არათანაბარ უჯრედისგანაა შემდგარი, ახალმთვარისებრად მოხრილია, ზომით 19–30X3–4,5მკმ. მეორე- მიკროკონიდიუმებია, ერთუჯრედიანი, მოგრძო უფერული ზომით 6,5–13 X 1,6 მკმ. ორივე სახის სპორით დაავადებული მცენარეები, როგორც ცალკე, ასევე ერთად გვხვდებიან.

სოკო –  M. Juglandis -ს ჩანთიანი სტადიაც აქვს – Gnomonia leptostila Ces. ის ჩამოცვენილ გადაზამთრებულ ფოთლებზე ვითარდება. პერიტეციუმები სტრომატულ ქსოვილშია ჩამჯდარი და გარეთ ხორთუმივით კარი აქვს განვითარებული, საიდანაც ასკოსპორები ვრცელდებიან. ჩანთები ლანცეტისებრია, 49–75X 13 -15 მკმ; ასკოსპორები ორუჯრედიანია, წაწვეტებული ბოლოებით, კონიდიური ნაყოფიანობის გახსნის დროს ეპიდერმისი ირღვევა და კონიდიოსპორები თავისუფლად ვრცელდება.

დადგენილია, რომ სოკო M. Juglandis ივითარებს ტოქსიკურ ნივთიერებებს, რაც განაპირობებს სოკოს პათოგენობას, აგრესულობას, ვირულენტობას და პათოგენის მნიშვნელოვან როლს. ასევე დადგენილია, რომ სოკო ხასიათდება ვიწრო სპეციალიზაციით. კაკლოვნებიდან ის აავადებს მხოლოდ კაკალს.

შესწავლილია დაავადების გამომწვევის ბიოეკოლოგია. კერძოდ, ტენიანობისა და ტემპერატურის გავლენა სოკოს ზრდა-განვითარებაზე.

ტენიანობისადმი სოკო შემდეგ დამოკიდებულებაშია: სპორების მაქსიმალური რაოდენობა ღივდება 85-95%-ის შეფარდებით ტენიანობის დროს. მიცელიუმი განვითარებას იწყებს 40C-ზე, ოპტიმალურია 18-200 C, ხოლო მაქსიმალური 25-270 C, რომლის მაღლა სპორები არ ღივდებიან.

დაავადების გამომწვევი პათოგენის მცენარეში შეჭრის პროცესი, როგორც დაავადების საწყისი ფაზა, ძლიერ არის დამოკიდებული გარემო პირობებზე, დაავადების პროცესზე და პათოლოგიური პროცესის შემდგომ მიმდინარეობაზე. დაავადების გავრცელებისა და განვითარების მაღალი დონე აღინიშნება მაშინ, როდესაც ყველა გარემო პირობები უახლოვდება პათოგენის განვითარებისათვის საჭირო ოპტიმალურ პირობებს ე.ი. ისეთი გარემო პირობებს, რომლებიც უზრუნველყოფენ დაავადების ინტენსიური გავრცელების კავშირს მისი გამომწვევის ინტენსიურ გამრავლებასთან.

დაავადების განვითარების დინამიკა დამოკიდებულია როგორც პათოგენზე ისე მკვებავ მცენარეზე და ერთდროულად გარემო პირობებზე. დაავადების პირველი გამოჩენა აღინიშნება აპრილის ბოლოს, ივნისის დასაწყისში. დაავადებული ფოთლების გაცვენასთან დაკავშირებით ივლისში დაავადების გავრცელება თითქოს ნელდება, აგვისტო-სექტემბერში კი დაავადება ისევ ძლიერდება.

კაკალი 444444444444444444444444444444444444

დაავადების გავრცელაბა-განვითარების ინტენსივობა მაღალია იმ რაიონებში, სადაც 1,5-2 თვის განმავლობაში არის პათოგენის განვითარებისათვის ოპტიმალური ტემპერათურა (18-220) და ხშირი ნალექები, რომლებიც განაპირობებენ ყოველწლიურ დაავადებას.

დაავადების განახლება ვეგეტაციის დაწყებიდანვე ხდება, ვინაიდან ეს პერიოდი ასკოსპორების გავრცელებას ემთხვევა. თუ ჩამოცვენილ ფოთლებზე პერიტეციუმის განვითარება გვიან შემოდგომაზე ხდება, მათი ასკოსპორების გავრცელება მარტიდან იწყება და პირველი ინფექცია აპრილის ბოლოს და მაისის პირველ ნახევარში იწყება, ცოტა მოგვიანებით დაავადების ნიშნებიც ვითარდება. ასკოსპორების გაფანტვა დაკავშირებულია ნალექებთან. მშრალ პირობებში ასკების გახსნა და ასკოსპორების გავრცელება არ არის შემჩნეული.

დაავადების მავნეობა გამოიხატება ფოთლების ხმობასა, ნაყოფების დეფორმირებასა და ნიგოზის განუვითარებლობაში. რაც მეტია დაავადების გავრცელების ინტენსივობა და მისი განვითარების პროცენტი, მით მეტია მავნეობა.

დაავადების მავნეობა დამოკიდებულია ასევე ამინდზე, კერძოდ მაღალ ტენიანობაზე, ხშირ წვიმებზე. მაღალ ტენიან წლებში ფოთლების გარდა ავადდება წვერის ტოტები, ნაყოფები და ზარალმა შეიძლება მიაღწიოს 50-75%-ს.

დიაგნოსტიკის დაჩქარებული მეთოდებით გამოვლენილია დაავადებისადმი კაკლის შედარებით გამძლე ჯიშები – შეინევო და აკურა.

დაავადების წინააღმდეგ დიდი მნიშვნელობა აქვს სან-ჰიგიენურ ღონისძიებებს: შემოდგომით საჭიროა ნაკვეთების გაწმენდა მცენარეული ნარჩენებისაგან, ასევე დაავადებული ტოტების მოჭრა და განადგურება; აგროტექნიკური ღონისძიებებიდან მნიშვნელოვანია შემოდგომით ნიადაგის მოხვნა ან დაბარვა. მოხვნის შედეგად ნიადაგის ზედაპირზე მოხვედრილი საინფექციო საწყისი ნიადაგის ქვეშ მოხვდება და იღუპება.

დაავადების გამომწვევის თავისებურებისა და მისი ბიოეკოლოგიის შესწავლის საფუძველზე შემუშავებულია მის წინააღმდეგ წამლობის სქემა, რაც ითვალისწინებს 6-წამლობას, რომლის თანახმად პირველი წამლობა უნდა ჩატარდეს მცენარის   კვირტების დაბერვისას; მეორე წამლობა კვირტების გაშლისას; მესამე წამლობა ნაყოფის გამოჩენისას; მეოთხე წამლობა როდესაც ნაყოფის ზომა არის 1სმ ; მეხუთე წამლობა, როცა ნაყოფი სამურაბე ზომისაა; მეექვსე წამლობა როდესაც ნაჭუჭი გამაგრებულია.

დაავადების წინააღმდეგ შემუშავებული ბძოლის ღონისძიება შეიძლება ჩაერთოს კაკლის მავნე ორგანიზმებისაგან დაცვის ინტეგრირებულ სისტემაში, რითაც მოხდება მისი სრულყოფა.

 

შაქრო ყანჩაველი

სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო -კვლევითი ცენტრის

მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის კვლევის დეპარტამენტის

მთავარი სპეციალისტი.