კალმახის დაავადებები და მათი პროფილაქტიკა
მეკალმახეობის განვითარება და მისი სამეწარმეო საფუძველზე გადასვლა ინტენსიფიკაციის ხარისხობრივ ზრდას განაპირობებს. აუზების, თევზსადგომებისა და ტბორების ერთეულ ფართზე სხვადასხვა ასაკის კალმახის დიდი რაოდენობით კონცენტრაცია აუარესებს გარემოს ბიოტიკურ პირობებს და შესაბამისად მცირებს კალმახის ორგანიზმის რეზისტენტობას. ყოველივე ეს, კი ხელს უწყობს სხვადასხვა დაავადებების გავრცელებას. დაავადებათა გამაფრთხილებელი, პროფილაქტიკური, პრევენციული და სამკურნალო ღონისძიებების დაგვიანებამ შეიძლება ყველა ასაკის კალმახის დაღუპვამდე მიგვიყვანოს. ამიტომ, გამრავლებისა და გამოზრდის რაციონალური ბიოტექნიკის დაცვა, თევზის გადაზიდვისას ინსტრუქციების განუხრელი დაცვა და კალმახის გამოზრდის ყველა ეტაპზე კარგი სანიტარული მდგომარეობის შენარჩუნება დაავადებათა მკვეთრი შემცირების უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა.
კალმახზე აღმოჩენილია დაახლოებით 90-მდე სახეობის სხვადასხვა პარაზიტი, რომელთა ერთი მესამედი პარაზიტირებს მოზარდეულზე და იწვევს ინფექციურ და ინვაზიურ დაავადებებს.
ინფექციური დაავადებები
ინფექციური ეწოდება დაავადებებს, რასაც იწვევს ვირუსები, ბაქტერიები, სოკოები და წყალმცენარეები.
ინფექციური დაავადებები განსაკუთრებულად საშიშია თევზების ხელოვნური აღწარმოების დროს. თევზისა და ქვირითის ტრანსპორტირების მასშტაბების გაფართოება სხვადასხვა დაავადებების წარმოქმნის შანს ზრდის და ქმნის მის გავრცელებისათვის ხელსაყრელ პირობებს ახალ თევზსაშენებსა და სხვა რაიონებში. ვირუსული დაავადებები ხშირად რთულდება ბაქტერიებისა და სოკოს წარმოქმნის გამო.
ვირუსული ჰემორაგიული სენტიცემია. დაავადების წარმომქმნელი ფილტრირებადი ვირუსი. ვრცელდება იმ წყალთან ერთად, რომელშიც თევზები ბინადრობენ, აგრეთვე ქვირითთან, ინვენტართან, სხვადასხვა საგნებთან შეხებისას და ა.შ. უძლებს ყინვას, დიდხანს ცოცხლობს ტბორის ლამში. შეუძლია მეურნეობაში არსებული თევზი მთლიანად გაანადგუროს. იღუპება როგორც მოზარეული, ასევე სასაქონლო თევზი. ავადმყოფ თევზებს აღენიშნებათ სხეულის საფარის გამუქება, თვალების დასივება (გადმოკარკვლა), ანემია, მუცლის შებერილობა, თირკმელებისა და ნერვული სისტემის დაზიანება. მკვდარ თევზებს წვავენ ან მარხავენ. ვირუსული ჰემორაგიული სენტიცემიის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანი ზომები შემუშავებული არ არის. ავადმყოფობის პროფილაქტიკისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს თევზის გამოზრდისა და კვების ოპტიმალური პირობების დაცვას. მეურნეობაში, სადაც დაფიქსირებულია ეს დაავადება, საჭიროა მკაცრი კარანტინის დაწესება, რადგან ვირუსი გადაცემა შეიძლება მოხდეს განვითარებადი ქვირითიდანაც კი.
კალმახის ინფექციური ანემია. დაავადების გამომწვევია ვირუსი, რომელიც შეიძლება ჩაბუდებული იყოს ავადმყოფი თევზის ღვიძლში, თირკმელებსა და ელენთაში. დასნებოვნება ხდება წყლის მეშვეობით. ავადმყოფი და მკვდარი თევზები, აგრეთვე დაავადებული თევზის ქვირითი ხელს უწყობს სხვა თევზების დასნებოვნებას, შესაბამისად სენიანდება წყალსატევები და მთელი მეურნეობა. თევზს უავადდება სისხლგამხსნელი ორგანოები – ღვიძლი და თირკმელები, რის გამოც სისხლი ხდება წყალწყალა. ღვიძლი ძლიერ გადიდებულია, აქვს თეთრლაქებიანი ღია მოყვითლო შეფერილობა, მუცელი მოშვებული და ჩამოკიდებულია, წარმოიქმნება წყალმანკი. არსებობს ანემიის ორი ფორმა: გადამდები და არაგადამდები. პროფილაქტიკისათვის მკვდარი თევზები ამოჰყავთ ტბორიდან, ტბორის დაბინძურებულ წყალს ცლიან და ახდენენ მის დეზინფექციას ჩამქრალი კირით. მეურნეობაში მკაცრ კარანტინს აწესებენ.
ფურუნკულოზი. დაავადების აღმძვრელია ბაქტერია Aeromonas salmonicida), რომელიც სუფთა წყალში კვდება, ხოლო ძლიერ დაბინძურებულში – სწრაფად მრავლდება. ფურუნკულოზის ორი ფორმა არსებობს: ნაწლავებისა და კუნთების. დაავადება ნაწლავების ანთებით იწყება, რომელსაც თან ახლავს ჩირქის გამოყოფა და სისხლდენა. შემდეგ ტანზე ჩნდება ჩირქოვანი მუწუკები. ჩირქოვანი ზედაპირი სკდება, საიდანაც გადმოედინება ჩირქი, სისხლი და ბაქტერიები. გამსკდარი ჩირქგროვა გარდაიქმნება წყლულად, რომელზეც სახლდება საპროლეგნია. დაავადების განვითარების ოპტიმალური ტემპერატურაა 10-150C. ცისარტყელა კალმახი ამ სენის მიმართ უფრო არამდგრადია და ადვილად ავადდება, ვიდრე მდინარის კალმახი და სხვა ორაგულისებრი თევზები. სათანადო სანიტარული პირობების დაცვა მკვეთრად ამცირებს დაავადების წარმოქმნასა და გავრცელებას. კალმახი, რომელსაც გარეგნულად არ აღენიშნება ფურუნკულოზის ნიშნები, შესაძლებელია დაავადების წყარო გახდეს. ავადმყოფობის აღმოჩენისთანავე მეურნეობაში ცხადდება კარანტინი და ტარდება პროფილაქტიკური და სამკურნალო ღონისძიებები. სამკურნალოდ საკვებში შეაქვთ ანტიბიოტიკი (100 კგ თევზზე 10 გრამი ფურაზოლიდონი ან 5 გრამი ტერამიცინი.)
საპროლეგნიოზი. დაავადების გამოწვევა ხდება საპროლეგნიისა (Saprolegnia) და ახლიის (Achlya) გვარის ობის სოკოებით. ეს სოკოები ჩვეულებრვ დასუსტებულ, ტრავმირებულ თევზებსა და ქვირითზე ვითარდება. სხეულზე თეთრი ძაფების ბუსუსებიან, ფაფუკ ხლართს ქმნის. სოკოს სპორები ბუნებაში მრავლად მოიპოვება. ამიტომ, ხელსაყრელ პირობებში საპროლეგნია მკვდარ ქვირითსა და თევზზე ძალზე სწრაფად მრავლდება. იყენებს რა ჟანგბადს, თავის აბლაბუდასებრ ხლართებში აქცევს დანარჩენ ქვირითს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ქვირითის მასიური განადგურება. სიბნელეში საპროლეგნია ნაკლებად ვითარდება, ვიდრე სინათლეზე. საპროლეგნია იღუპება 1 ლიტრ წყალში 0,5 მგ მალაქიტის მწვანეს ხსნარის კონცენტრატის ზემოქმედებით 15-30 წუთში. მალაქიტის მწვანეს გამოყენებისას საჭიროა გამოვიჩინოთ სიფრთხილე, რადგან ის განვითარებად ქვირითზე უარყოფითად მოქმედებს. საპროლეგნიოზის თავიდან ასაცილებლად საჭიროა გამოსაზრდელი თევზის სრულფასოვანი გამოკვება და ხარისხიანი საკვების გამოყენება, არ უნდა დავუშვათ თევზის ტრავმირება, შიმშილი, მუდმივად უნდა ვიზრუნოთ თევზის გამოსაზრდელი და შენახვის პირობების გაუმჯობესებისთვის. სოკოთი ქვირითის დაავადების საშიშროებას მკვეთრად ამცირებს ინკუბაციის კარგი პირობები, ქვირითის გაბანვისა და აპარატებში ჩატვირთვის დროს თანაზომიერების დაცვა. წყალს გულდასმით ფილტრავენ ქვიშა-ხრეშის ფილტრებით, შემდეგ ატარებენ ბაქტერიოციდულ დანადგარში და მკვდარ ქვირითს დროულად აცილებენ. ამასთან ერთად, სისტემატურად ახდენენ ქვირითის გაბანვას მალაქიტის მწვანეს, ფორმალინის ან კალიუმის პერმანგანატის ხსნარში.
ღრმა მიკოზი. მოზარდეული კალმახის ეს მასიური დაავადება გამოწვეულია სოკოთი, დეიტერომიცეტის კლასიდან, რომლის ლათინური დასახელებაა „შცლეროპჰომა”. სოკოს სპორები ჰაერთან ან წყალთან ერთად აღწევს საცურავ ბუშტში, სადაც მრავლდება და ავსებს მას. შემდგომ კი ბუშტის კედლებიდან გადადის და შინაგან ორგანოებს და კუნთებს აზიანებს. სოკო განსაკუთრებით მოზარდეულს ასნებოვნებს, როდესაც დიდია წყალში ორგანული ნივთიერებების რაოდენობის და მაღალია თევზის ჩასხმის სიმჭიდროვე. დაავადებული მოზარდეული ხდება ნაკლებად აქტიური, ეშვება წყალსატევის ძირზე. კუჭი ივსება ჰაერით და იზრდება მოცულობაში. კალმახი აღარ იღებს საკვებს. თევზს უჩნდება წყალმანკი და უსივდება თვალები.
დაავადებისაგან დაცვისა და პროფილაქტიკის მიზნით, იყენებენ ფორმალინის 5%-იან აბაზანებს.
ჟურნალი „ახალი აგრარული საქართველო“ #13
წყარო: kalmaxi.ge