აგროტექნოლოგიებიდარგებიმებოსტნეობა

კამა (ჩვეულებრივი და იტალიური) FOENICULUM VULGARE MILL.

კამა და ცერეცო ერთ ბოტანიკურ ოჯახში შემავალი ბიოლოგიურად და გამოყენებით მსგავსი მცენარეებია. სამწუხაროდ, მათი სახელწოდებები დღემდე აღრეულია. აღმოსავლეთ საქართველოში კამას უწოდებენ ერთწლოვან მცენარეს (Anethum graveolens L.). იგივე მცენარე დასავლეთში ცერეცოს სახელწოდებითაა ცნობილი.

ალ. მაყაშვილის ბოტანიკურ ლექსიკონში დასახელებულია კამა და დიდი კამა. კამაში იგულისხმება Anethum graveolens L. (რუსულად укроп), ხოლო დიდ კამად მიჩნეულია მრავალწლოვანი მცენარე _ Foeniculum vulgare Mill. _ ფენხელი (გერმანულად და რუსულად).

ამავე ლექსიკონში ცერეცო მოიხსენიება არა როგორც ცალკე მცენარის სახელწოდება, არამედ, როგორც კამის კუთხური სინონიმი.

ქართულ სპეციალურ ლიტერატურაში ამ დარგის ცნობილი სპეციალისტები ცერეცოს ((Anetum graveolens L.) უწოდებენ ერთწლოვან, კამასთან (დიდ კამასთან) შედარებით პატარა ზომის და უფრო მეტად არომატულ მცენარეს. კამის სადგისისებრ ფოთლებს მოტკბო გემო და ანისულისთვის დამახასიათებელი სურნელი დაჰკრავს.

ცერეცოს და კამის ერთმანეთისგან განსხვავება თესლებითაცაა შესაძლებელი: ცერეცოს თესლი ბრტყელია, თხელი, ოვალური ფორმის, შემოქობულია ღია ფერის არშიით, შუაგული უფრო მუქია და გასდევს რამდენიმე მწკრივი წვრილი ზოლი, კამის თესლი კი უფრო მასიურია, ზურგის მხარეს ამოზნექილი, არშიის გარეშე.
კამის სამშობლოდ ხმელთაშუა ზღვის აუზი ითვლება. მიეკუთვნება ნიახურისებრთა _ Apiaceae-ს ბოტანიკურ ოჯახს (ადრინდელი კლასიფიკაციით ქოლგოსანთა _ Umbelliferae-ს ოჯახს).

კამის სხვადასხვა ფორმები და ჯიშები არსებობს, რომლებიც შეიძლება გაერთიანდეს ორ ჯგუფად _ ჩვეულებრივი და იტალიური ანუ ტკბილი კამის სახით.
ჩვეულებრივი კამა გავრცელებულია სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში, შუა აზიაში, აფრიკის ზოგიერთ ქვეყანაში, ახლო აღმოსავლეთში, ინდოეთში, ჩინეთში და სხვა.

საბოსტნე ანუ იტალიური კამა გავრცელებულია დასავლეთ ევროპაში, განსაკუთრებით იტალიაში, მოჰყავთ აგრეთვე აშშ-ში და კანადაში. საქართველოში ეს კულტურა ჯერჯერობით გავრცელებული არ არის.

კამის ფოთლები მდიდარია ასკორბინის მჟავით, კაროტინით და სხვ. კამის ნაყოფი (თესლნაყოფი) შეიცავს 92-95 % მშრალ ნივთიერებებს, 14-21,5 % ნედლ ცილებს, 12-17,1 % ცხიმებს, 13-26 % უჯრედანას, 9,7 % ნაცარს და 9 % წყალს.

კამის მწვანე ფოთლები შეიცავენ 0,62-1,54 % ეთერზეთს, ხოლო თესლი 2-6 %-ს. ეთერზეთი მკრთალი მოყვითალო სითხეა, რომლის მთავარი შემადგენელი ნაწილია ანეტოლი, აქვს ტკბილი გემო, გამოიყენება პარფიუმერიაში, ლიქიორის წარმოებაში, მედიცინაში მუცლის შებერვისას, შარდის შეკავებისას, უძილობისას და სხვ.

ეთერზეთების შემცველობა დამოკიდებულია მცენარის განვითარების ფაზაზე. პირველად იგი მცირე რაოდენობითაა. მაქსიმუმს აღწევს ყვავილობის პერიოდში, შემდეგ კი მცენარის თესლში.

კამის ფოთლები წვრილი, სადგისისებური ფორმისაა, დაკბილული კიდეებით. ყვავილები შეკრებილია 10-20 სხივისებურ ქოლგაში. ნასკვი ქვედაა, ორბუდიანი, ორი ბუტკოთი, ყვითელი ოქროსფერი ელფერის 5 გვირგვინის ფურცლით.

ყვავილობა იწყება მთავარი ღეროს წვერში მოთავსებული ქოლგების საბურველის გახსნიდან 5-6 დღის შემდეგ და გრძელდება 4-6 დღეს. ცენტრალურ ღეროებზე ქოლგების ყვავილობის დაწყებისას პირველი რიგის ღეროების ქოლგებზე საბურველი იხსნება, რომელიც ყვავილობას იწყებს 8-10 დღის შემდეგ და ამთავრებს 5-7 დღეში. მცენარის ყვავილობა გრძელდება 30-40 დღეს. ყვავილობა იწყება ივნისში და გრძელდება ოქტომბრის ბოლომდე.
ნაყოფი ტყუპთესლურაა, ოვალური, თითქმის მრგვალი, 3,5-6 მმ სიგრძის, 1,5-2 მმ სიგანის და 1 მმ სისქის. ჩვენს პირობებში თესლს იძლევა დათესვიდან პირველ ან მეორე წელს. თესლს აქვს აღმოცენების ცუდი უნარი 30-დან 60%-მდე. სასოფლო-სამეურნეო ვარგისიანობა 45-50 %-ია. აღმოცენების უნარის დასადგენად სინჯს 20-30ºC სითბოზე აყოვნებენ 21 დღის განმავლობაში. 1 კგ თესლში 150-500 ათასი მარცვალია. 1000 მარცვლის წონა საშუალოდ 3-4 გრამია. აღმოცენების უნარს ინარჩუნებს 2-3 წელიწადს.

კამის თესლი ღვივდება 8-10ºC სითბოზე. მკაცრი ზამთრის მქონე ქვეყნებში მცენარე იყინება. საქართველოს ბარის პირობებშიც კი ყოველთვის ვერ იზამთრებს, ამიტომ შემოდგომა-ზამთრისპირა თესვა სარისკოა.

აგროტექნიკა

კამის ზრდა-განვითარებისათვის ხელშემწყობია ღრმად დამუშავებული, ტენით და საკვები ნივთიერებებით სათანადოდ მომარაგებული ნიადაგები. კარგად ვითარდება ორგანული სასუქით განოყიერებულ ნაკვეთზე მეორე წელს.

კამა ჩვენ პირობებში ითესება როგორც ადრე გაზაფხულზე, ისე ზაფხულში და გარკვეული რისკით ზამთრის პირასაც.

ადრე გაზაფხულზე თესვის შემთხვევაში ნიადაგის მომზადება იწყება შემოდგომიდან. თუ წინამორბედი კულტურა განოყიერებული იქნა ორგანული სასუქით, მაშინ კმაყოფილდებიან მხოლოდ მინერალური სასუქების შეტანით:. ამონიუმის გვარჯილა 200 კგ, სუპერფოსფატი 200 კგ, კალიუმის მარილი 100 კგ. კალიუმიანი და ფოსფორიანი სასუქები შეაქვთ შემოდგომაზე მზრალად ხვნის დროს, აზოტიანი სასუქები _ თესვისა და გამოკვებისას.

ზაფხულში დასათესად ნიადაგის დამუშავებას იწყებენ ნაკვეთის ღრმად მოხვნით, რის შემდეგ ხნული იფარცხება, დათესვამდე რამდენიმე დღით ადრე ატარებენ კულტივაციას და ხელმეორედ ფარცხავენ.

კამა ითესება სხვადასხვა სქემით: მწკრივად თესვისას მწკრივთა შორის მანძილი შეიძლება იყოს 30-40 და 45 სმ; ზოლებრივად თესვისას მწკრივებს ერთმანეთისაგან 20 სმ-ით აცილებენ და ზოლებს შორის 50 სმ-ს ტოვებენ; მწკრივების რაოდენობა ზოლში 2-დან 4-მდეა. მცენარეების გამოხშირვის შემდეგ მწკრივებში მცენარეთა შორის მანძილი შეიძლება იყოს 15-20-30 სმ.
ჩათესვის სიღრმე 1,5-2 სმ-ია, თესვის ნორმა _ 10-12 კგ/ჰა.

საქართველოს პირობებში ადრე გაზაფხულზე ნათესი კამა გარდა გამონაკლისისა მეორე წელს იძლევა თესლს.
მწვანე მასის მისაღებად ბუჩქი წლის განმავლობაში შეიძლება შეიჭრას ორ-სამჯერ, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმით, რომ მომდევნო წლებში მწვანე მასას იძლევა ადრე გაზაფხულზე.

ერთხელ გაშენებული პლანტაცია 3-4 წლის შემდეგ უნდა განახლდეს. მწვანე ფოთლებს აღების შემდეგ ახმობენ ჩრდილში.
თესლის აღება ხდება შემოსავლის მიხედვით. პირველად ცენტრალური ქოლგების, რამდენიმე დღის შემდეგ კი გვერდითი ქოლგების, რომლებსაც აშრობენ აგრეთვე ჩრდილში.

იტალიური ანუ ტკბილი კამა ბოლონიურის და ფლორენციულის სახელწოდებითაც არის ცნობილი. ის ჩვეულებრივი კამისაგან განსხვავდება გამსხვილებული და ხორციანი ფოთლის ყუნწების წარმოქმნით მცენარის ფუძესთან, რომელიც წარმოადგენს ამ კულტურის ძირითად პროდუქტიულ ნაწილს, ე.წ. „თავაკებს“. ამ თავაკების ზომა შეიძლება იყოს სიგრძეში 10 სმ, სიგანეში _ 5-6 სმ.

მცენარის სხვა ნაწილებისაგან განსხვავებით თავაკებს ანისულისთვის დამახასიათებელი უფრო ნაკლებად მძაფრი სურნელი აქვს. ამ თავაკებს კულინარიაში იყენებენ, როგორც ცოცხლად სალათებში, ისე თერმულად დამუშავებულს სხვადასხვა კერძებში, რის შესახებაც მრავალი რეცეპტურა არსებობს.
იტალიური კამის გარემო პირობებისადმი დამოკიდებულება და მოვლა ჩვეულებრივი კამის ანალოგიურია. მოვლაში განსხვავება გამოიხატება მის ძირითად პროდუქტიულ ნაწილზე _ გამსხვილებულ ძირებზე მიწის შემოყრაში, რის შედეგადაც მიიღება გათეთრებული, ნაზი და ხორციანი თავაკები.
მოვლისას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს მცენარეთა დროულად გამოხშირვას. ჩახშირებულ ნათესებში ძირი არ დამსხვილდება და სარგებელი მხოლოდ მიღებული თესლის სამკურნალოდ გამოყენებაში იქნება.

თუ გვინდა, რომ თავაკები დიდხანს შეინახოს, მოსავლის აღებისას მცენარეები ფესვებიანად უნდა ამოითხაროს, ღერო 10 სმ-ის სიმაღლეზე გადაიჭრას, ფოთლები შეეცალოს და გრილ სარდაფში ქვიშაში ჩაიმარხოს

ამ გემრიელი და სასარგებლო კულტურის დანერგვა, რისი ყველა პირობაც არსებობს ჩვენში, ხელს შეუწყობს ბოსტნეულის ასორტიმენტის გაფართოება-გამრავალფეროვნებას.

ვაჟა ჯაფარიძე,
ირმა ირემაშვილი
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი