ფეიჰოა

ფეიჰოა საუკეთესო ხარისხის გემრიელ და არომატულ ნაყოფს იძლევა. გამოიყენება ხილის სახით, ასევე მისგან ამზადებენ უმაღლესი ხარისხის მურაბას, ჯემს, ჟელეს, მარმელადს, უალკოჰოლო სასმელებს და ლიქიორებს. ფეიჰოას ნაყოფი შეიცავს იოდს, რაც მას განსაკუთრებულ სამკურნალო თვისებებს ანიჭებს. მცენარე მარადმწვანე 2-3-მ სიმაღლის ბუჩქად იზრდება, საკმაოდ ყინვაგამძლე (-16-18გრადუსი) და გვალვაგამძლეა.

საქართველოში ფეიჰოასათვის საუკეთესო აგროკლიმატურ ზონად სახელდება აფხაზეთი, სამეგრელო, აჭარა, გურია და იმერეთის დაბლობი რაიონები. ფეიჰოა კარგად ვითარდება საშუალო და მსუბუქ თიხნარ ნიადაგებზე. ასევე ალუვიალურ, სილნარ, ეწერ და სუსტ ეწერ ნიადაგებზე, სადაც გრუნტის წყლის სიახლოვე ერთ მეტრზე მეტია. წითელმიწა და ყვითელმიწა ნიადაგები ფეიჰოას კულტურის ზრდა-განვითარებისათვის საუკეთესო პირობებს ქმნის. ფერმერულ მეურნეობაში სადღეისოდ ფეიჰოას სპეციალური სამრეწველო პლანტაციები ნაკლებად მოგვეპოვება. ცალკეული ნარგაობის სახით ფართოდაა გავრცელებული ურეკის, სუფსის, აბაშის, ცხაკაიას, ხობის რეგიონებში. ნაყოფებზე მზარდი მოთხოვნების გამო ფეიჰოას პლანტაციების გაშენებისადმი ინტერესი სულ უფრო იზრდება.

ფეიჰოას სამრეწველო პლანტაციების გასაშენებლად წინასწარ იღებენ ნიადაგის სინჯს და განსაზღვრავენ მასში საკვები ნივთიერებების არსებობას.

ჭარბი ტენისაგან დასაცავად ასრულებენ სამელიორაციო სამუშაოებს.

ნიადაგის წინასწარი დამუშავება ხდება 40-45-სმ სიღრმეზე, შეაქვთ ფოსფორიანი სასუქი 200-250-კგ ერთ ჰექტარზე სუფთა ელემენტის სახით. ნიადაგს კარგად მოასწორებენ და დაგეგმავენ ვაკე ადგილებზე მწკრივთა შორის მანძილი 4-მ, ხოლო მწკრივში მცენარეთა შორის 3-მ-ის ანგარიშით.პლანტაციის გაშენება უმჯობესია შემოდგომაზე ოქტომბერ-ნოემბერში, ან ადრე გაზაფხულზე თებერვალ-მარტში. გასაშენებლად გამოიყენება პოლიეთილენის პარკებში წინასწარ გამოყვანილი ორწლიანი სტანდარტული ნერგები. ნერგები გამოიყვანება როგორც თესლის თესვით, ასევე კალმების დაფესვიანებით. ჯიშებიდან რეკომენდებულია ფრანგული „ანდრე” „ბესონი“ „პერე“ ხოლო კალიფორნიული ჯიშებიდან „ჩოისიანა“„სუპერმა“ და„კულიჯი“.

გაშენების წინ მონიშნულ ადგილებში ამოიღებენ 40სმ სიღრმის ორმოს, რომელშიც შეაქვთ 10კგ გადამწვარი ნაკელი და 250გრ რთული მინერალური სასუქი ნჵკ. ნერგს ფრთხილად აშორებენ პოლიეთილენის პარკს და მიწის კომთან ერთად ათავსებენ წინასწარ მომზადებულ ნიადაგის ნარევში, ფრთხილად აყრიან ნიადაგს, ტკეპნიან და რწყავენ.

სავეგეტაციო პერიოდში აწარმოებენ რიგთაშორისების 2-3-ჯერად გაფხვიერება-კულტივაციას, ნერგების ირგვლივ უმჯობესია სარეველების ხელით გამოხელვა. გაშენების მეორე წელს უნდა ჩატარდეს დაღუპული, ან მექანიკურად ძლიერ დაზიანებული მცენარეების ახლით შეცვლა. გვალვიან პერიოდში სასურველია ახალგაზრდა მცენარეების მორწყვა. ზრდასრულ პლანტაციაში (7-10 წელი).

იმის გამო, რომ ფეიჰოა ინვითარებს ფუნჯთა ფესვთა სისტემას, საკმარისია სასუქების შეტანის პერიოდში 5-6სმ სიღრმეზე ნიადაგის მსუბუქი კულტივაცია. ორგანული სასუქებიდან შეიტანება ნაკელი ან ტორფკომპოსტი 20-30კგ ერთ ხეზე. რთული მინერალური სასუქი PNK შეიტანება გაზაფხულზე თითოეულ ხეზე 600-700გრ. მარილის სახით, ხოლო ყვავილობის შემდეგ სასურველია ამონიუმის გვარჯილა 100-150 გრ-ის შეტანა ივლისის თვეში.

ეკოლოგიურად სუფთა ნაყოფების მისაღებად რთული მინერალური სასუქები შეიძლება ჩაანაცვლოს ბიოსასუქებმა როგორიცაა: „ბაქოფერტი“ „ჯეოჰუმატი“ „აგროვიტა“ და სხვები, რომლებიც სადღეისოდ საქართველოშიც იწარმოებიან. ფეიჰოა ინვითარებს კომპაქტურ და შეკრულ ვარჯს, თუმცა, მცენარის მერქნის ფაშარი აგებულების ტოტები ძალზე მტვრევადია. დაზიანება შესამჩნევი ხდება დიდთოვლიანობის შემთხვევაში. ამისათვის 6-7 წლის ასაკამდე მიზანშეწონილია 3-4 ადგილას ვარჯის თოკით შეკვრა, ხოლო ზრდასრულ პლანტაციებში დიდთოვლიანობის შემთხვევაში აუცილებელია ნარგაობის თოვლისგან დაბერტყვა. გაზაფხულზე ზამთრისაგან დაზიანებული ტოტები სეკატორით ან ხერხით მოიჭრება და გაიტანება პლანტაციიდან.

ფეიჰოა ყვავილობს მაისის მეორე ნახევარ-ივნისის თვეში და აქვს მეწამული ფერის უხვი ყვავილი. ამდენად, ეს მცენარე დაცულია რა საგაზაფხულო წაყინვებისაგან, ასევე დეკორაციული თვალსაზრისითაც ძალზე მნიშვნელოვანია. ფეიჰოა მავნებლების მიმართ შედარებით მდგრადი მცენარეა, თუმცა, ყვავილობის პერიოდში, რომელიც სუბტროპიკულ ზონაში ხშირი ნალექებისა და მაღალი შეფარდებითი ტენიანობის პერიოდს (ივნისი-ივლისი) ემთხვევა, აქტიურად ვითარდება ყვავილებისა და ნასკვების ნაცრისფერი სიდამპლე, ფოთლების ყავისფერი და ნაცრისფერი ლაქიანობა. ამ პერიოდში აუცილებელია ბრძოლის ქიმიური მეთოდის გამოყენება _ სპილენძის ქლორჟანგის 0,4%-იანი სამუშაო ხსნარით შეწამვლა ყვავილობის წინ და ნაყოფის გამონასკვის შემდეგ. სამწუხაროდ იდეალურად გაზრდილი და უხვად მოყვავილე ნარგაობა ხშირად წამლობის ჩაუტარებლობის გამო უნაყოფო ხდება, რაც სერიოზულ შრომით და ფინანსურ დანაკარგებთანაა დაკავშირებული.

ამიტომ მოსახლეობა ინფორმირებული უნდა იყოს იმაზეც, რომ ფეიჰოას უხვი მსხმოიარობა უმთავრესად დამოკიდებულია ყვავილობის და გამონასკვის პერიოდში მშრალი კლიმატური პირობების არსებობაზე და წამლობაზე. ამ მხრივ გამოირჩევა ქვემო იმერეთისა და კოლხეთის დაბლობის მიკროზონები.
ფეიჰოა მსხმოიარობაში შედის გაშენებიდან მეოთხე-მეხუთე წელს. ნაყოფები მწიფდება ოქტომბერ-ნოემბერში და იწყებს ჩამოცვენას, ამიტომ ნაყოფის შეგროვება პერიოდულად ხდება. აკრეფილი ნაყოფები ხარისხდება; წვრილი ნაყოფები გამოიყენება გადასამუშავებლად, მსხვილი ნაყოფები იწყობა ყუთებში თხელ ფენად და იგზავნება სარეალიზაციოდ. შენახვა შესაძლებელია სპეციალური სამაცივრო დანადგარების პირობებში.

ამრიგად, ფეიოას კულტურის გაშენება-ექსპლუატაცია სუბტროპიკული ზონის შედარებით მშრალ რეგიონებში სტაბილური მოსავლის მისაღებად გამართლებულია. რაც შეეხება ტენიან უხვნალექებიან რეგიონებს (აჭარა, გურია), აქ ფეიჰოას ყვავილობის პერიოდში განსაკუთრებულად ესაჭიროება ნაცრისფერი სიდამპლის წინააღმდეგ ბრძოლის ქიმიური ღონისძიებების ჩატარება. სრულმოსავლიანი ფეიჰოას ბაღები ნორმალური მოვლის პირობებში 6-7 ტონამდე ნაყოფს იძლევიან ჰექტარზე.

ინდივიდუალურ საკარმიდამო ნაკვეთებში ყველა ოჯახს უნდა ჰქონდეს ეს საუკეთესო კულტურა. მისთვის უპირველეს ყოვლისა უმჯობესია შევარჩიოთ ქარებისაგან დაცული, მშრალი და განათებული ადგილები. გარდა მოსავლისა, იგი, როგორც მარადმწვანე მეწამული ყვავილებით შემოსილი მცენარე, საუკეთესო დეკორატიულ-ეგზოტიკურ სანახაობას შესძენს თქვენს ეზოებსაც.

ზაურ გაბრიჩიძე,
ს.მ. მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.