ბლოგი

კერზონის ხაზი _ პოლიტიკით გაყოფილი სოფლები და სასოფლო-სამეურნეო მიწები

ევროპის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე სოფლებსა და სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს დღესაც ამჩნევია იმ ისტორიული გაყოფის კვალი, რომელსაც ათწლეულების წინათ „კერზონის ხაზმა“ დაატყო.
ეს იყო პოლიტიკურად დადგენილი იძულებით საზღვარი, რომელიც 1919-1920 წლებში, თითქოს უხილავი, შეუხორცებელი ჭრილობა გაჩნდა რეგიონის  სხეულზე, რომელმაც  მიწის მფლობელობა, მიწათმოქმდების მიმართულება, სავარგულების ფორმა და თავად სოფლის მეურნეობის სტრუქტურა მკვეთრად შეცვალა.

კერზონის ხაზის გასწვრივ მდებარე რეგიონებს დღემდე ახსოვთ, როგორ შეცვალა წარსულმა აწმყო.

როგორ გაჩნდა  და რა არის კერზონის ხაზი

პირველი მსოფლიო ომის შემდგომი პოლიტიკური არეულობის დროს ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯორჯ კერზონმა სასაზღვრო ზოლის პროექტი მოამზადა, რომელიც ეთნიკურ-გეოგრაფიულ მონაცემებს ემყარებოდა. ეს ზოლი, დაახლოებით, დღევანდელ პოლონეთ-ბელარუსისა და პოლონეთ-უკრაინის საზღვრებს ემთხვევა.

ხაზი არა მხოლოდ სამხედრო-პოლიტიკური სივრცის გამყოფი იყო, არამედ ის გაივლო იქ, სადაც საუკუნეების განმავლობაში თანაარსებობდნენ პოლონელი, ბელარუსი, ლიტველი და უკრაინელი ფერმერები, სოფლად მცხოვრები თემები, სადაც მიწის დამუშავება ეთნიკურ საზღვრებს არ ცნობდა, ხოლო ნიადაგი ყველასთვის ერთნაირად პურისა და დოვლათს იძლეოდა.

ისტორიული საზღვრის გავლენა სოფლის მეურნეობაზე

კერზონის ხაზის გავლების შემდეგ, ერთსა და იმავე სასოფლო-სამეურნეო სავარგულის ორ მხარეს განსხვავებული პოლიტიკური მმართველობა დამკვიდრდა.

დასავლეთით, პოლონური მიწათმოქმედების სტილი, კერძო საკუთრების ტრადიციით; აღმოსავლეთით, საბჭოთა კოლექტიური მეურნეობები, სადაც მიწა სახელმწიფო საკუთრება გახდა.

ამან ერთ რეგიონში ორი განსხვავებული აგროწაროების სისტემა, მეურნეობის მართვის სტილი და მიწის საკუთრების ფორმები დაამკვიდრა.

  • პოლონურ მხარეს უფრო განვითარდა მარცვლოვანი კულტურები, მეცხოველეობის საოჯახო ფერმები, კარტოფილისა და ჭვავის წარმოება.
  • აღმოსავლეთით, საბჭოთა წყობილების _ კოლმეურნეობების სისტემით  გავრცელდა მასშტაბური მეურნეობების: მეცხოველეობის ფერმების, შაქრის ჭარხალის, სალუდე ქერის და მაცვლეულის, სამრეწველო კოლექტიური წარმოება.

ამ სანაპირო ზოლში ბუნებრივად წარმოქმნილი მრავალფეროვნება დღემდე შეიმჩნევა პროდუქტების წარმოების სტრუქტურაში.

სავარგულების სტრუქტურული ცვლილებები

კერზონის ხაზის გავლებით ბევრი სოფელი ორად გაიყო: მიწები, ტყის ზოლები და საძოვრები სხვადასხვა ადმინისტრაციულ მხარეებში მოხვდა. შედეგად: დასავლეთ მხარეს სოფლის მეურნეობა უფრო მეტად ინტენსიური და კერძო გახდა; აღმოსავლეთით მასშტაბური და სახელმწიფო _ კოლექტიური.

დღესაც, ამ რეგიონების მიდამოებში ისმის ფრაზა: „ჩვენს მხარეს მინდორი სხვა წესით მუშავდება და ითესება, იქით _ სხვა წესით“.

ახალი საზღვრის გავლებამ ტრადიციული სავაჭრო გზები ჩაკეტა, გლეხებს აღარ შეეძლოთ თავისუფლად გადაეტანათ თავიანთი მარცვლეული, ბაღჩეული, რძის პროდუქტები, გაეყვანათ პირუტყვის ერთი მხრიდან მეორეში.

ეს იძულებით წარმოქმნილი ეკონომიკური ზღუდეები დღესაც იგრძნობა — რეგიონში ძლიერია ადგილობრივი ბაზრებისადმი და  მცირე გადამმუშავებელ ისაწარმოებზე მიბმულობა.

დღესაც, საბჭოთა კავშირის დაშლიდან 35 წლის შემდეგ კერზონის ხაზის გასწვრივ განლაგებული სოფლის მეურნეობის ზონები კვლავ მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისგან:

  • პოლონურ მხარეს უფრო განვითარებულია მცირე და საშუალო საოჯახო მეურნეობები, თანამედროვე მექანიზაციით;
  • უკრაინისა და ბელარუსის მხარეს კვლავ შეინიშნება მიწისი მსხვილი გაერთიანებები და საბჭოთა სტილის მეურნეობის გადმონაშთები. თუმცა ბოლო წლებში ამ რეგიონებისათვის რამოდენიმე ტენდენცია საერთო ხდება: აგროტურიზმის გაძლიერება, ორგანული წარმოების ზრდა, ევროპული სტანდარტების დანერგვა, რაც გვიჩვენებს, რომ ისტორიულად გახლეჩილ სივრცეს საერთო მიზნის ირგვლივ გაერთიანება შეუძლია.

კერზონის ხაზი მხოლოდ პოლიტიკური საზღვარი არ ყოფილა, ის მიწათმოქმედების წესებსაც ჰყოფდა, სოფლის მეურნეობის სტრუქტურასაც ცვლიდა და ადამიანების ყოველდღიურობაზეც ახდენდა გავლენას.

დღეს, ათწლეულების შემდეგაც კი, ეს რეგიონები კვლავ ინარჩუნებენ განსხვავებულ აგრარულ იდენტობას, მაგრამ ასევე იგრძნობა თანხვედრილი გამოწვევებისა და განვითარების საერთო გზების ძიება.

ისტორია გვახსენებს, რომ მიწა არასდროს ემორჩილება პოლიტიკურ ხაზებს — მიწის ნაყოფიერებას მანამდე აქვს ძალა, სანამ ადამიანებს შეუძლიათ მისი  გულიანად დამუშავება.

დღეს რუსეთ უკრაინის ომმა კერზონის ხაზის ირგვლივ მსჯელობას აქტუალურობა დაუბრუნა, ბოლო პერიოდში სულ უფრო მეტი პოლიტიკოსი და ანალიტიკოსი ახსენებს მას.

როგორ განვითარდება მოვლნები და ითამაშებს თუ არა ჯორჯ კერზონისეული იდეები ტერიტორიების გადანაწილებაში რაიმე როლს, დრო გვიჩვენებს.