ხეხილოვან მცენარეთა ასაკობრივი ციკლურობა და განვითარების პერიოდები
ასაკობრივი ციკლურობის თეორიის არსი შემდეგში მდგომარეობს: ბიოლოგიურად მობერება, ე.ი. სასიცოცხლო პოტენციალის დაქვეითება მთლიანად ორგანიზმისა და მისი შემადგენელი ორგანოების თვისებაა, რომელიც ციკლურად მიმდინარეობს, წყდება ხანმოკლე პერიოდებით, ანუ გაახალგაზრდავების პროცესებით, მაგრამ გაახალგაზრდავება ორგანოს არასდროს არ აბრუნებს საწყის ახალგაზრდულ მდგომარეობამდე, იგი მხოლოდ ანელებს ასაკოვნობის ტემპს.
პროფესორი შოთა გოლიაძე მერქნიან ხეხილოვან მცენარეთა ინდივიდუალური განვითარების სასიცოცხლო ციკლს სამ ძირითად პერიოდად ჰყოფს: ახალგაზრდობის, მსხმოიარობის და მობერების.
ახალგაზრდობის პერიოდი იწყება თესლის აღმოცენებიდან და გრძელდება პირველ მსხმოიარობამდე. ამ პერიოდში გაძლიერებულად იზრდება მცენარის მიწისზედა ნაწილები და ფესვთა სისტემა.
მსხმოიარობის პერიოდი იწყება ყვავილების განვითარების მომენტიდან და გრძელდება უხვ რეგულარულ მოსავლიანობამდე. ამ პერიოდის დასაწყისში მცენარეს კვლავ აქვს ზრდისაკენ მიდრეკილება, მაგრამ შემდგომ ზრდის ენერგია თანდათან ნელდება, ჩონჩხის ტოტების უკანასკნელი ნაზარდები სუსტდება, ხოლო შემმოსავი ტოტები თანდათან წყვეტს ზრდას და კვდება.
ამ პერიოდში აგროტექნიკის ამოცანაა: ვარჯის შემდგომი მოვლა-ფორმირება, ჩონჩხის ტოტების პერიოდული გასხვლა-ფორმირება, ბაღში ნიადაგის მოვლის გაძლიერება.
სიბერის პერიოდი იწყება ჩონჩხის ტოტების ზრდის შეწყვეტით და შემმოსავი ტოტების ხმობით. ამ პერიოდში მცენარე კარგავს პლასტიკურობას, არახელსაყრელი პირობებისადმი გამძლეობის უნარს, მსხმოიარობა მცირდება, ზამთარგამძლეობა სუსტდება, გამხმარი ტოტების ნაცვლად წარმოიშობა ახალი, ძლიერი ყლორტები ან ფესვის ყელის ამონაყრები. ამ პერიოდში საჭიროა მობერებული ტოტების მოცილება (გასხვლის ჩატარება), მოსავლის ნორმირება და ნიადაგის მოვლის გაძლიერება. განვითარების უკანასკნელი პერიოდის დასასრულს, ხეხილოვანი მცენარე კარგავს სამეურნეო ღირებულებას, საჭიროა მისი ამოძირკვა და ახლის დარგვა.
ხეხილოვნი მცენარეების ზრდის ფაზები
ხეხილოვანი მცენარეები ყოველწლიურად გაივლის ზრდის განსაზღვრულ ფენოლოგიურ ფაზებს (ფენოფაზებს), როგორიცაა: კვირტების (კოკრების) წარმოშობა, ყვავილობა, გამონასკვა, მსხმოიარობა, ფოთოლცვენა და მოსვენება.
ფენოფაზების გავლის პროცესზე გავლენას ახდენს მცენარის სტადიური მდგომარეობა და გარემო პირობები. ფაზები გარკვეული თანმიმდევრობით მიმდინარეობს, თითოეული ფაზა ქმნის წინაპირობას მომდევნო ფაზისთვის, ამასთან, მკვეთრი საზღვარი ფაზებს შორის არ არსებობს. ყველა მცენარის ზრდის ფაზები ერთნაირი თამნიმდევრობით არ ხასიათდება, მაგალითად, თხილი, კაკალი და ნუში ყვავილობას ფოთლების გაშლამდე იწყებს, ხურმა და ბროწეული კი სრული შეფოთვლის შემდეგ.
როგორც განვითარების პერიოდები, ისე ფენოფაზები, თანმიმდევრობით იცვლებიან, მაგალითად ახალგაზრდობის პერიოდი იცვლება მომწიფების პერიოდით, ეს უკანასკნელი კი სიბერის პერიოდით. კვირტის გამოჩენის ფენოფაზა იცვლება ყვავილობის ფენოფაზით, შემდეგ ნაყოფის გამონასკვით და ბოლოს ნაყოფის დამწიფებით.
აქტიური ვეგეტაციური ზრდის ფაზა ითვალისწინებს ხეხილის მცენარის როგორც მიწისზედა ნაწილების, ისე ფესვთა სისტემის ზრდის მთავარ პერიოდს. ჩვეულებრივ, ფესვთა სისტემის ზრდა მიწის ზედა ნაწილთან შედარებით, უფრო ადრე იწყება და გვიან მთავრდება.
აქტიური ვეგეტაციის ზრდა გულისხმობს მცენარის ახალი ორგანოების წარმოქმნას, მის სიმაღლეში და სიმსხოში მატებას. ვეგეტაცია ყლორტების ზრდით იწყება.
მცენარის სისქეში ზრდა წარმოებს კამბიუმის უჯრედების დაყოფისა და მათი ზომაში მატების შედეგად. კამბიუმი მოთავსებულია ლაფანსა და მერქანს შორის, როგორც ზრდის წერტილი, ისიც იზრდება, მრავლდება და ლაფნის ან მერქნის ელემენტებიდან დიფერენცირდება. კამბიუმის ზრდის პერიოდი ხანმოკლეა და დაკავშირებულია ფოთლების აქტიურ მოქმედებასთან.
ყვავილობა-დანასკვების ფენოფაზა
ყვავილობას წინ უსწრებს საყვავილე კვირტების ჩასახვისა და დიფერენცირების ფენოფაზები. საყვავილე კვირტების ჩასახვა ფოთოლმცვენ სუბტროპიკულ მცენარეებში ვეგეტაციის ბოლოს, მოსვენების მდგომარეობაში გადასვლამდე ეწყებათ. წარმოქმნილი საყვავილე კვირტები იზამთრებენ საფარქვეშ და გაზაფხულზე ხელსაყრელი პირობების დადგომისას გაიშლებიან ყვავილის ან თანაყვავილედის სახით.
ციტრუსის გვარში შემავალი სახეობები საყვავილე კვირტების ჩასახვის მიხედვით სამ ჯგუფად იყოფა: რემონტატული, ადრეული და ნაგვიანევი. რემონტატულ ჯგუფს მიეკუთვნება ისეთი სახეობები და ჯიშები, რომლებიც წელიწადში სულ ცოტა 2-3-ჯერ ყვავილობენ. ასეთ მიდრეკილებას ავლენს ლიმონის ზოგიერთი ჯიში, ციტრონი, უფრო იშვიათად მანდარინისა და ფორთოხლის ზოგიერთი ჯიშიც.
საყვავილე კვირტების ადრეული ჩასახვით გამოირჩევიან ფორთოხალი და ბიგარადია, ხოლო ნაგვიანევი წარმოშობით მანდარინი და გრეიპფრუტი. მაგ. მანდარინზე და გრეიპფრუტზე კვირტების დიფერენცირება თებერვალ-მარტში იწყება, ამიტომ მათი საყვავილე კვირტები გაზაფხულის ნაგვიანევი ყინვებისაგან იშვიათად ზიანდება. მანდარინს აქვს კიდევ ერთი განსხვავებული თვისება: საყვავილე კვირტები განივითაროს როგორც ძირითად, ისე დამატებითი კვირტებიდან, მისი სანაყოფე ტოტები ძლიერ დამოკლებული და თითქმის შეუმჩნეველია.
სხვადასხვა ხეხილის ყვავილობის ვადა განსხვავებულია, მაგალითად, ნუში ზოგიერთ წელს ზამთარში ყვავილობას ძალზე ადრე იწყებს, ხოლო ზოგჯერ ზამთარში ყვავილობს. სუბტროპიკული ხურმა, ბროწეული და კინკანი პირიქით, ზაფხულის დასაწყისში ყვავილობენ. ზეთისხილი ყვავილობას შუა ზაფხულში იწყებს, იაპონური ზღმარტლის ანუ მუშმულას ყვავილობა და ნაყოფის გამონასკვა კი ნოემბერ-დეკემბერში მიმდინარეობს. ციტრუსოვნები ყვავილობას მაისის მეორე ნახევრიდან იწყებენ. სხვებზე ადრე ყვავილობს ფორთოხალი, შემდეგ მანდარინი, გრეიპფრუტი და ლიმონი.
ხეხილმა, რომ ნაყოფი განივითაროს, ჩვეულებრივ, საჭიროა მისი დამტვერვა და განაყოფიერება. ყვავილის დამტვევრვის მიხედვით ხეხილს ორ ჯგუფად ყოფენ: თვითდამტვერავი და ჯვარედინდამამტვერიანებელი. სუბტროპიკული ხეხილის უმეტესობა ჯვარედინდამტვერავ მცენარეთა ჯფუფს მიეკუთვნება, ხოლო ციტრუსოვნები ნაყოფს იძლევიან, როგორც თვითდამტვერვით, ისე ჯვარედინდამტვერვით. ზოგიერთი სუბტროპიკული ხეხილის მცენარე კი ნაყოფის შექმნისათვის სრულებით არ საჭიროებს დამტვერვას და განაყოფიერებას. განაყოფიერების გარეშე ნაყოფის წარმოქმნისთვის მოვლენას პართენოკარპია ეწოდება. ასეთ ნაყოფს ივითარებს ხურმის ზოგიერთი ჯიში, ლეღვი, ციტრუსოვნები და სხვა. პართენოკარპული ნაყოფი უთესლოა.
ნაყოფის გამონასკვის, განვითარების და მომწიფების ფაზები
ეს ფენოფაზა იწყება განაყოფიერების მომენტში და გრძელდება ნაყოფის მომწიფებამდე. ცნობილია, რომ ხეხილზე ყველა ყვავილი და გამონასკვა როდი იძლევა ზრდასრულ ნაყოფს, რადგანაც სხვადასხვა ინტენსივობით, ადგილი აქვს ნასკვების ცვენას. სუბტროპიკულ მცენარეზე აღნიშნავენ ნასკვების ცვენის 3 პერიოდს: პირველი ცვენა ყვავილობის დამთავრებამდე, მეორე _ ივნისში და მესამე _ ივლისში. საბოლოოდ, შენარჩუნებული და მომწიფებული ნაყოფის რაოდენობა საშუალოდ 5-10 %-ს აღწევს. განსაზღვრული რაოდენობით ყვავილებისა და ნასკვების ცვენა ნორმალური მოვლენაა. იგი ხელს უწყობს ხეხილის ზედმეტი ნასკვებისაგან გათავისუფლებას. ნასკვების ცვენას მრავალი ფაქტორი განაპირობებს: ცუდი კლიმატური პირობები, არასაკმარისად კვება, მავნებელ-დაავადებები და სხვა.
ციტრუსოვნები ნაყოფს 1-3 წლიან ნაზარდებზე იძლევა, დაწყებული, მესამე რიგის ტოტებიდან, უკანასკნელი რიგის ტოტებამდე. უფრო ადრე მწიფდება ვარჯის პერიფერიებზე და ზედა ნაწილში მაღალი რიგის ტოტებზე მსხმოიარე ნაყოფი.
რეზო ჯაბნიძე, სსმმ აკადემიის აკადემიკოსი