დარგებიმებაღეობა

ხეხილის რეკომენდებული და პერსპექტიული  ჯიშების მოკლე ბიოლოგიურსამეურნეო დახასიათება  

ბლის  ჯიშები 

ხარისგულა – ძველი ჯიშია,  ხე საშუალო  ზრდისაა, ‘ყვავილობს საშუალო ვადებში, მსხმოიარობაში შედის დარგვიდან მე_5 წელს, გამოირჩევა მაღალი მოსავლიანობით, მწიფდება  ივნისის მეორე ნახევარში, ხასიათდება კარგი ტრანსპორტაბელურობით, ნაყოფი მსხვილია (7 – 7.5 ) გ, გულისებრი ფორმის, მუქი წითელი ფერის, მიმზიდველი სასაქონლო სახის. რბილობი მკვრივი, წვნიანი, კარგი საგემოვნო თვისებების, ხარისგულა  ფართოდ არის გავრცელებული აღმოსავლეთ საქართველოში.

 თათრული შავი  – ძველი ყირიმული ჯიშია,  ხე ძლიერი   ზრდისაა, ყვავილობს საშუალო ვადებში, მსხმოიარობაში შედის დარგვიდან მე_4-5 წელს, გამოირჩევა მაღალი მოსავლიანობით, მწიფდება  ივნისის პირველ  ნახევარში, ხასიათდება კარგი ტრანსპორტაბელურობით, ნაყოფი საშუალო სიმსხოსი ან  მსხვილია, საკმაოდ განიერი ღარი ნაყოფს  ორ ნაწილად ჰყოფს,  შეფერვა მუქი წითელი შავ ფერში გარდამავალი, რბილობი მოშავო წითელი, წვნიანი და ნაზი, კარგი საგემოვნო თვისებებით გამოირჩევა. ფართოდ  გავრცელებული ჯიშია.

დროგანის ყვითელი  – ძველი გერმანული ჯიშია,  ხე ძლიერი   ზრდისაა, ყვავილობა საგვიანოა, მსხმოიარობაში შედის დარგვიდან მე_4-5 წელს, გამოირჩევა რეგულარული და უხვი  მოსავლიანობით, ივლისის პირველ ნახევარში, ნაყოფი მსხვილია,  მომრგვალო ფორმის, გვერდებიდან შებრტყელებული, შეფერვა ყვითელი, ყუნწი გრძელი,  რბილობი მოყვითალო, მკვრივი, გემო მოტკბო, ოდნავი სიმჟავით, კურკა საშუალო სიდიდის.   ფართოდ  გავრცელებული ჯიშია საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში.

ალუბლის  ჯიშები 

ქართული ალუბალი – ადგილობრივი ჯიშია, ამ დასახელების ქვეშ გაერთიანებულია  მრავალი კლონი და ფორმა, რომელიც მრავალი საერთო ნიშნით ხასიათდებიან. ხე საშუალო  ზრდისაა, ‘ყვავილობს საშუალო ვადებში, მსხმოიარობაში შედის დარგვიდან მე_3-5 წელს, ახასიათებს რეგულარული და უხვი მოსავალი, კრეფის დრო სხვადასხვაა (დამოკიდებულია კლონურ თავისებურებებზე) და შესაბამისად იცვლება  ივნისის დასასრულიდან ივლისის დასასრულამდე. ხასიათდება დაბალი ტრანსპორტაბელურობით, ნაყოფი საშუალო (3 – 3.5 ) გ, მობრტყო-მომრგვალო  ფორმის,  მუქი წითელი ფერის, რბილობიც მუქი წითელი ფერისაა, საშუალოდ წვნიანი, კურკა პატარა, მომრგვალო ფორმის, გემო მომჟავო. საუკეთესო ნედლეულია გადასამუშავებლად,  ფართოდ არის გავრცელებული აღმოსავლეთ საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში.

პოდბელსკი – ძველი ინტროდუცირებული  ჯიშია,  ხე ძლიერი  ზრდისაა, ყვავილობს საშუალო ვადებში, მსხმოიარობაში შედის დარგვიდან მე_3-5 წელს, ახასიათებს რეგულარული და უხვი მოსავალი, ნაყოფი მწიფდება  ივლისის პირველ ნახევარში არაერთდროულად,  ნაყოფი მსხვილი, მუქი წითელი ფერის, რბილობი ნაზი, წვნიანი და ხორციანი,  კურკა პატარა, გემო მოტკბო-მომჟავო, შესაძლებელია სასუფრედ გამოყენება. რეკომენდებულია აღმოსავლეთ საქართველოს მეხილეობის სამრეწველო რეგიონებისათვის.

ზვიად ბობოქაშვილი, სოფლის მეურნეობის მეცნიერების დოქტორი,

კუკური ძერია, სოფლის მეურნეობის მეცნიერების დოქტორი