საქართველოში გავრცელებული ნივრის ჯიშების კლასიფიკაცია და დახასიათება

სხვადასხვა ავტორების მიერ წარმოდგენილი ნივრის კლასიფიკაციები განსხვავებულია. კულტურული ნიორი Alliums sativum-L  მიეკუთვნება (შროშანასებრთა) Liliaceal  ბოლქვოვანთა Allium  გვარს და იგი ჯერ კიდევ არ არის სრულყოფილად შესწავლილი.

 პ. ვ. ზაგოროდსკი Alliums sativum-L  სახეობას ყოფს ორ ქვესახეობად: უღერო ნიორი (ssp. Caulescens Rogor).  მაგრამ მ. ა. ალექსეევა ამ კლასიფიკაციას უკეთებს შენიშვნას, რომ უღერო (ღეროს გარეშე) ნიორი არ არსებობს, ყველა მათგანს აქვს ღერო (ძირაკი), ხოლო ღეროს წარმომშობი სწორად არ არის სახელდებული, სინამდვილეში ეს არის მოყვავილე ნიორი, ყვავილმატარებელი  ღერო, რომელიც არ აქვს არამოყვავილე მცენარეებს.

ა. ვ. კუზნეცოვი. Alliums sativum-L  სახეობას ყოფს აგრეთვე ორ ქვესახეობად: საყვავილე ღეროიანი (ssp. Caulescens Kurn)  და ჩვეულებრივი, არამოყვავილე (ssp. Caulescens Kurn).

მოყვავილე ქვესახეობა დაყოფილია 3 ეკოლოგიურ ტიპად (ეკოტიპი) _ შუააზიის, კავკასიის და აღმოსავლეთ კავკასიის; არამოყვავილე ქვესახეობა დაყოფილია აგრეთვე 3 ეკოტიპად, ესენია: კონტინენტალური, სამხრეთ რუსეთის და სამხრეთ ზღვისპირა.

ნივრის ძირითადი ჯიშური ნიშნები _ დატოტვა და აღერება (ისრების წარმოშობა) _ რომელიც შენარჩუნდება მხოლოდ შედარებით ვიწრო კლიმატურ ზონაში და სათანადო დარგვის ვადაში. დარგვის დრო თამაშობს მთავარ როლს. გაზაფხულზე ან შემოდგომაზე დარგვით არსებითად იცვლება მცენარეში განათების, ტემპერატურის, ტენიანობის პირობები და ნივთიერებათა ცვლის პროცესები.

ნივრის სხვადასხვა ვადაში დარგვისას აღერებისა და დატოტვის ცვალებადობის განვითარების ოთხი ტიპი შეიმჩნევა.

პირველი ტიპი: აღერება შეიმჩნევა კბილების დარგვით გაზაფხულზე და შემოდგომაზეც.  შემოდგომით დარგული მცენარეები უკეთ ვითარდებიან გაზაფხულზე დარგულთან შედარებით. ამ ტიპის ნიორი საგვიანო და გვალვაგამძლეა, საშუალო სიდიდის და მსხვილი ბოლქვები აქვს, არ ინახება. ხანგრძლივ შენახვას ახერხებენ მხოლოდ დაბალ ტემპერატურაზე, დაახლოებით 0°-ზე.°ამ ტიპს ეკუთვის ნიორი, რომელიც მოსახმარებლად გამოიყენება ზაფხულზე და ადრე შემოდგომით.

მეორე ტიპი: მცენარეები იძლევიან საყვავილე ისრებს  მხოლოდ კბილების ზამთრის პირას დარგვისას, ხოლო გაზაფხულზე დარგვით წარმოქმნიან მსხვილ არამოყვავილე ერთკბილიან ბოლქვებს. ნიორი არ ინახება ხანგრძლივად, ინახავენ 0° ტემპერატურაზე. ჩვეულებრივ მას არ ინახავენ, არამედ საკვებად ხმარობენ ზაფხულში და ადრე შემოდგომაზე.

მესამე ტიპი: მცენარეები არ იძლევიან ისრებს (ღეროებს) არც გაზაფხულზე და არც ზამთრის პირას დარგვისას და ივითარებენ მრავალკბილიან ბოლქვებს.

ამ ტიპში ალექსეევა გამოყოფს ორ განცალკევებულ ქვე- ჯგუფს: პირველი ჯგუფის ნიორი _ საგაზაფხულო, კარგად იზრდება ადრე გაზაფხულზე ადრე დარგვით, ზამთრის პირას დარგვით ადვილად იყინება.

პირველი ქვეჯგუფის ნიორი საგვიანოა, არ აქვს მსხვილი ბოლქვები, მრავალი ან საშუალო კბილებითაა და მკვრივია.

მრავალკბილიან ბოლქვის შუა კბილები ძალზე პატარაა, აქვს დაბალი აღმოცენება, ამ ჯიშების ნიორი უფრო ძვირფასია ზამთარში და გაზაფხულზე მოსახმარებლად.

ნივრის მეორე ქვეჯგუფი _ იგი ზამთრის პირას ირგვება. ზამთრობით გრუნტში კარგად იზრდება, ზამთრის პირას დარგვისას უფრო კარგად იზრდება, ვიდრე გაზაფხულზე დარგვისას. ამ ქვეჯგუფის ჯიშები ადრეული და მოსავლიანია, ბოლქვი მსხვილი აქვს, საშუალოკბილიანია, არა მკვრივია, არ ინახება.

მეოთხე ტიპი: მცენარეები სათესლე ისრებს არ იძლევიან. მესამე ტიპის მცენარეებისაგან განსხვავებით ივითარებს მრავალკბილიან ბოლქვს მხოლოდ ზამთრის პირას დარგვისას, ხოლო გაზაფხულზე დარგვისას ქმნის მსხვილ ერთკბილიან ბოლქვს. ამ ტიპის ჯიშები ირგვება ზამთრის პირას, საშუალო სიმწიფისაა, მოსავლიანია, ბოლქვი მსხვილია (კბილი საშუალო სიდიდის), არ ინახება, ინახება მხოლოდ 0°-თან ახლო ტემპერატურაზე.

ნიორი გამოირჩევა მრავალი მნიშვნელოვანი სამეურნეო ნიშნებით. ყველაზე მდგრადია ბოლქვის ფორმა, ძირაკის აგებულება, მშრალი საერთო ქერქლების და კბილების ქერქლების შეფერვა, ბოლქუნების სიდიდე და შეფერვა. ძალზე ცვალებადია მცენარის აღერებისადმი და ძირაკის დატოტვისადმი მიდრეკილება, აგრეთვე ამასთან დაკავშირებით კბილების სიდიდე და რაოდენობა ბოლქვში. ფოთლების ფირფიტის სიგანე.

პ. შარაშენიძის მიხედვით საქართველოში გავრცელებული ნივრის ფორმები შეიძლება დაიყოს 3 ეკოლოგიურ ტიპად:

  1. ტენიანი სუბტროპიკული ზონის ფორმები.
  2. ქართლისა და კახეთის კონტინენტალური ზონის ფორმები.
  3. მესხეთისა და ჯავახეთის ზონის ფორმები.

პირველ ზონაში ძირითადად გვხვდება ნივრის არამოყვავილე ფორმები, რომლებიც თავიანთი ნიშან-თვისებებით უახლოვდებიან ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროების ეკოლოგიურ ტიპს.

მესხეთსა და ჯავახეთში გვხვდება ნივრის როგორც მოყვავილე, ისე არამოყვავილე ფორმები, რომლებიც შუა აზიის ეკოლოგიური ტიპის მსგავსია.

ქართლსა და კახეთში გავრცელებული ფორმები კი  წარმოადგენენ პირველსა და მესამეს შორის გარდამავალ ეკოლოგიურ ტიპს.

სხვადასხვა ნიადაგობრივი და კლიმატური პირობების ზეგავლენით ასეული წლების განმავლობაში შექმნილია ნივრის მრავალი ჯიში.

როგორც ცნობილია, ჯიშის ესა თუ ის უნარი შექმნილია გარკვეული ეკოლოგიური პირობების ხანგრძლივი ზემოქმედებით, რაც გამოიმუშავა ჯიშმა გარემოსთან შეგუებისას. ყოველი ჯიში თავის მემკვიდრული ბუნებით ნორმალურ ზრდა-განვითარებისათვის მოითხოვს ისეთ პირობებს, როგორშიც ის ისტორიულად ჩამოყალიბდა.

ჩვეულებრივი ნიორი _ Subsp. vulgare Kurn  ქუთათური _ დასავლეთ საქართველოს ადგილობრივი ჯიშია. გავრცელებულია წყალტუბოს, სამტრედიის და ვანის რაიონებში. ფოთოლი მუქი მწვანეა, ბოლქვი მომრგვალო – მოგრძოა, ზემოთ გაწვრილებული ან მობრტყო-მოგრძოა, ბოლქვის საშუალო სიმაღლეა _ 4სმ. დიამეტრი _ 4,9სმ. ფორმის ინდექსი _ 0,6, გარეთა მფარავი ქერცლი ჭუჭყიანი თეთრი ფერისაა 5-6 ცალის რაოდენობით, ბოლქვი საკმაოდ მსხვილია, საშუალო წონა უდრის 44,3 გრამს, მაქსიმალური წონა _ 60 გრამს. კბილები არაწესიერად არის განლაგებული, ზომით არათანაბარია, გარეთა მსხვილი და შიგნითა  წვრილი კბილების რიცხვი ბოლქვში მერყეობს 10-20 ცალამდე. საუკეთესო სასუფრე ჯიშია, ხასიათდება  საშუალო მოსავლიანობით, ჯიშის უარყოფით მხარედ ითვლება აგრეთვე ცუდი შენახვის უნარი.

   ქართული მოიისფრო გავრცელებულია ხაშურის, ქარელისა და გორის რაიონებში. ფოთოლი ვიწროა, მუქი მწვანე ფერის, ბოლქვი მობრტყო, მომრგვალო ფორმისაა, საშუალო სიმაღლე _ 4,7სმ, დიამეტრი _ 5,9სმ, ფორმის ინდექსი უდრის 0,8; ბოლქვი საკმაოდ მსხვილია, საშუალო წონა უდრის 30,5 გრამს. მაქსიმალური წონა  92 გრამია. ბოლქვში კბილები 9-23 ცალამდეა, ფორმით და ზომით სხვადასხვაა. ჯიში მაღალმოსავლიანია, ხასიათდება საშუალო შენახვის უნარით.

ბათუმის არამოყვავილე  გავრცელებულია ბათუმის რაიონში. ბოლქვი მრგვალია, გარეთა მფარავი ქერცლი თეთრი ფერისაა, ბოლქვის საშუალო წონა უდრის 19-25 გრამს, ბოლქვში კბილები 14 ცალამდეა, მომრგვალოა და ოდნავ მოხრილი. ჯიში საშუალო საადრეოა, ხასიათდება შენახვის კარგი უნარით.  საქართველოში გვხვდება აგრეთვე მრავალი ადგილობრივი პოპულაციები, აღსანიშნავია ადგილობრივი პოპულაციები, მათ შორის: თერჯოლის, გურიის, ჭიათურის და სხვა.

საყვავილე ისრიანი ნიორი _ Subsp, Sagittatum Kurn

  მესხური თეთრი №24 _ გამოყვანილია ქუთაისის მებოსტნეობის სასელექციოსაცდელ სადგურში კლონური სელექციის გზით ახალციხის რაიონის ადგილობრივი ჯიშიდან. ფოთოლი მუქი მწვანეა, საშუალო სიგრძის და სიგანის, ყვავილედში ზის 100 ცალი წვრილი საჰაერო ბოლქუნა და ყვავილი. საყვავილე ისრის სიმაღლე აღწევს 1 მეტრს. ბოლქვის საშუალო სიმაღლე _ 4,0სმ; დიამეტრი 4,6სმ. ფორმის ინდექსი 0,9; მფარავი ქერცლი 5-6 ცალამდეა. ბოლქვი ძლიერ მკვრივია, საშუალო წონა უდრის 38 გრამს. მაქსიმალური წონა _ 67 გრამს. ბოლქვში კბილები 10-13 ცალამდეა, საშუალო წონა _ 3,6 გრამია, ჯიში საგვიანოა, უხვმოსავლიანი, ხასიათდება შენახვის კარგი უნარით.

მესხური იისფერი  გამოყვანილია კლონური სელექციის გზით ქუთაისის მებოსტნეობის საცდელ სადგურში  ახალციხის რაიონის ადგილობრივი ჯიშიდან. ფოთოლი საშუალო სიგანისაა, მუქი მწვანე ფერის, საყვავილე ისარი აღწევს ერთ მეტრამდე, ყვავილედში ვითარდება 100 ცალამდე წვრილი საჰაერო ბოლქუნა და ყვავილი. ბოლქუნა ფერად იისფერია, წაგრძელებული ფორმის. ბოლქვი მოგრძო-მომრგვალო ფორმისაა, საშუალო სიმაღლე _ 4,1სმ. დიამეტრი _ 4,7სმ. ფორმის ინდექსი უდრის 0,9. ბოლქვი მკვრივია, საკმაოდ მსხვილი, საშუალო წონა უდრის 30 გრამს, მაქსიმალური _ 50 გრამს, ბოლქვში 10-14 კბილია. ჯიში საშუალო საგვიანოა და უხვმოსავლიანი, ხასიათდება შენახვის კარგი უნარით.

იმერული №23  გამოყვანილია ქუთაისის მებოსტნეობის საცდელ სადგურში. ფოთოლი მუქი მწვანეა, ღარისებრი ფორმის, ბოლქვი მობრტყო _ მომრგვალო ფორმისაა, საშუალო სიმაღლე _ 3,7სმ. დიამეტრი _ 4,2სმ. ფორმის ინდექსი _ 0,9, გარეთა მფარავი ქერცლი ვარდისფერი შეფერვისაა, რიცხვით 56 ცალი, ბოლქვი ძლიერ მკვრივია, მსხვილი, საშუალო წონა _ 31,6 გრამი, მაქსიმალური წონა _ 44 გრამია. ბოლქვში კბილები 6-11 ცალამდეა, საშუალო წონა უდრის 3,3 გრამს. სუსტი ცხარე გემოსია, საყვავილე ისარი აღწევს 100სმ-ს. ყვავილედში ზის 100-150 ცალი მოიისფრო შეფერვის ბოლქუნა და ყვავილი, ჯიში საშუალო საგვიანო და საშუალო მოსავლიანია, გამოირჩევა ჟანგას მიმართ კარგი გამძლეობით.

კოლხური №5 გამოყვანილია კლონური სელექციის გზით ქუთაისის მებოსტნეობის საცდელ სადგურში. ფოთოლი მუქი მწვანეა, ძლიერ სქელი და განიერი, საყვავილე ისარი _ 150სმ; ისრის ბოლოზე ვითარდება ქუდის მსგავსი ყვავილედი, რომელშიც ზის 100 ცალი წვრილი, გრძელყუნწიანი ყვავილი, ბოლქვი მობრტყო მომრგვალო ფორმისაა, საშუალო სიმაღლე _ 4,6სმ.  დიამეტრი _ 7,0სმ. ფორმის ინდექსი უდრის _ 0, 7. ბოლქვი მსხვილია, საშუალო წონა აღწევს 117 გრამს. მინიმალური წონა _ 50 გრამს. მაქსიმალური კი 200 გრამს, ბოლქვზე ვითარდება მიწისქვეშა ბოლქუნები. ბოლქვში კბილების რიცხვი 7-9 ცალამდეა, კბილები მსხვილია, საშუალო წონა უდრის 17,6 გრამს, მაქსიმალური წონა _ 36 გრამს. ხასიათდება ძლიერ ცხარე გემოთი და სუნით. ჯიში საგვიანო და მაღალმოსავლიანია, ხასიათდება შენახვის კარგი უნარიანობით და დაავადებებისადმი გამძლეობით.

გორული ადგილობრივი. ეს ჯიში ეკუთვნის სამხრეთ ამერიკის ეკოლოგიურ ჯგუფს.  ფოთლები სუსტად ცვილისებრი ფიფქით დაფარულია, 8-10 ცალი. ბოლქვის ფორმა მომრგვალო _ მობრტყოა, ინდექსი 0,9. მშრალი ქერქლების რიცხვი _ 6-7; პერგამენტისებრი, მათი შეფერვა თეთრია, სუსტად იისფერი ელფერით ყელის არეში.

კბილების რიცხვი _ 10-15, კბილის მასა 7გრ-მდე, რბილობი ღია ყვითელი, კბილის მშრალი ქერქლების შეფერვა თეთრი იისფერი, გემო ცხარე.

ჯიში საშუალო სიმწიფისაა, არამოყვავილე, საშემოდგომო, სავეგეტაციო პერიოდი ზამთრის პირას დარგვისას 181-262 დღე.

გაზაფხულზე დარგვისას 99-124 დღე.  საერთო მოსავლიანობა 46-დან 94ც/ჰა. ზოგიერთ წლებში 100ც/ჰა. სასაქონლო ბოლქვების გამოსავლიანობა 92-98%. ბოლქვის მასა 30-50გრ, ზამთარგამძლე და გვალვაგამძლეა. ძლიერ ზიანდება ჟანგათი და ფუზარიოზით, ასევე _ ხახვის ბუზით. ბოლქვში (%) მშრალი ნივთიერება 36,97. ნედლი ცილა _ 8,58. ასკორბინმჟავას შემცველობა 9,4მგ%. უნივერსალური მოხმარებისაა.  პალიოტი. ჯიში გამოყვანილია ბელორუსიაში კლონური გამორჩევის მეთოდით. ადგილობრივი ნიმუშიდან მრავლდება კბილებით და საჰაერო ბოლქვებით.

ფოთლები მუქი მწვანე, ძლიერი ცვილისებრი ფიფქით, 10-11ც. მცენარეზე, სიგანე მათი _ 2-3სმ.  ბოლქვის ფორმა მოგრძელო ბრტყელი.

მშრალი ქერქლების რაოდენობა _ 3-5, შეფერვა იისფერი-წითელი. კბილების რაოდენობა _ 5-8. მასა კბილის _ 3,0-7,5გ. აგებულება მარტივი, რბილობი მკვრივი, ტყავისებური ქერქლები, კბილების შეფერვა მუქი ალუბლისფერი იისფერი ელფერით.

სათესლე ისარი 100სმ-მდეა (მაღალი). საჰაერო ბოლქუნები _ 25-მდე. მასა მათი _ 2-3გრ. ჯიში საშუალო სიმწიფისაა, მასობრივი აღმოცენებიდან ფოთლების ჩაწოლამდე საჭიროებს 99-134 დღეს, მოყვავილეა, საშემოდგომო და მოსავლიანი, საერთო მოსავლიანობა შეადგენს 74-121ც/ჰა. ზოგიერთ წლებში მიაღწია 144ც/ჰა. სასაქონლო _ 73-121ც/ჰა. ბოლქვის მასა _ 22-დან 53 გრამამდე. ინახება კარგად. ზამთარ და სიცხეგამძლეა.

ბოლქვი ზიანდება მცირე ხარისხიდან საშუალომდე, მოზაიკით. ნემატოდებით საშუალოდან ძლიერ ხარისხამდე. ხახვის ბუზით ზიანდება სუსტად.  ბოლქვში მშრალი ნივთიერება 43,1-დან 48,4-მდეა. ნედლი ცილა 4,5გრ; ასკორბინმჟავა 11,4-15,5მგ%. გამოიყენება საკონსერვო მრეწველობაში მოსახმარებლად. (ეკუთვნის შუააზიის ქვესახეობას, მოყვავილე, კონტინენტალური ეკოლოგიურ ჯგუფს).

სოლომონ კოტორაშვილი, სოფლის მეურნეობის დოქტორი