მებაღეობამექანიზაცია

მებაღის დამხმარე

საქართველოს სოფლის მეურნეობაში მებაღეობა ერთ-ერთი წამყვანი დარგია. მიუხედავად პრიორიტეტული მდგომარეობისა მებაღეობა საქართველოში ჯერჯერობით არ გამოირჩევა მაღალი რენტაბელობით, რაც განპირობებულია მთელი რიგი ფაქტორებით; პირველ რიგში უნდა აღინიშნოს ამა თუ იმ კულტურის წარმოების ნაკლებად ეფექტური ტექნოლოგიების გამოყენება. მეხილეობაში დასაქმებულ ქართველ ფერმერთა უმეტესობა ვერ იყენებს მსოფლიოში გავრცელებულ თანამედროვე უხვმოსავლიან ჯიშებს და მაღალინტენსიურ მანქანურ ტექნოლოგიებს. შესაბამისად პროდუქციის ხარისხი დაბალია, ხოლო თვითღირებულება მაღალი, რაც განაპირობებს საერთაშორისო ბაზარზე ქართული პროდუქციის დაბალ კონკურენტუნარიანობას.


ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საჭიროა არსებული არაეფექტური ბაღების რეკონსტრუქცია, ახალი ბაღების გაშენება უხვმოსავლიანი, დაავადებაგამძლე ჯიშების და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით; პარალელურად საჭიროა მებაღეობაში დასაქმებული ფერმერების კვალიფიკაციის ამაღლება.

საზღვარგარეთის ქვეყნებში ფართო მასშტაბითაა დანერგილი ხეხილოვანი კულტურების წარმოების მანქანური ტექნოლოგიები, რომლებიც რიგთაშორისებში ნიადაგის დამუშავებისა და მცენარეთა დაცვის ოპერაციების გარდა ითვალისწინებს მოსავლის აღების ოპერაციების მექანიზაციას. შრომის დანახარჯები ხეხილოვანი კულტურების მოსავლის აღების ოპერაციებზე მოვლა-მოყვანის სრული დანახარჯების 30-40%-ს შეადგენს. მოსავლის აღება თავისთავად მოიცავს რამდენიმე ოპერაციას: ნაყოფების კრეფა უშუალოდ მცენარიდან, ძირნაყარი ნაყოფების აღება, ნაყოფების ყუთებში ან კონტეინერებში ჩაწყობა, ტარის მიწოდება მწკრივთაშორისებში, შევსებული ყუთების დატვირთვა ტრანსპორტზე და გადაზიდვა საწყობში ან ნაყოფგადამამუშავებელ ქარხანაში.

ხეხილოვანი და კაკლოვანი კულტურების მოსავლის ამღები, საზღვარგარეთ არსებული მანქანების გამოყენება საქართველოში გარკვეული მიზეზების გამო გართულებულია; პირველ რიგში უნდა აღინიშნოს არსებული ბაღების აგროტექნიკური და ბიომეტრიული მაჩვენებლების (ვიწრო რიგთაშორისები, მცენარეების არასამექანიზაციო ფორმირება, მცენარის ვარჯის ზომები, მცენარეთა შორის მანძილი და სხვ.) შეუსაბამობა მექანიზაციის განხორციელებისათვის.

მოსავლის აღების ოპერაციების მექანიზირების მიზნით, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრში დამუშავდა პროექტი (პროექტის ხელმძღვანელი ტექ. მეც. დოქტორი ნუგზარ ებანოიძე), რომელიც ითვალისწინებს სხვადასხვა ხეხილოვანი მცენარეებიდან ნაყოფების ჩამოსაბერტყი და დამჭერი მოწყობილობების შექმნას. ამ მიზნით აგროსაინჟინრო კვლევის სამსახურის თანამშრომლების მიერ შესწავლილ იქნა საზღვარგარეთ არსებული ანალოგიური მანქანების მუშაობის ტექნოლოგიური სქემები და კონსტრუქციები. დადგინდა მათი ნაკლოვანებები (კონსტრუქციების სირთულე, მაღალი ენერგოტევადობა, ნაყოფების ჩამობერტყვის არასაკმარისი სისრულე, მცენარეთა ფესვთა სისტემის დაზიანება და ა.შ.). გარდა ამისა უნდა აღინიშნოს მანქანების სიძვირე, რაც მნიშვნელოვნად აფერხებს მათი გამოყენების შესაძლებლობას საქართველოში.

ზემოთ აღნიშნული ფაქტორების გათვალისწინებით დამუშავებული იქნა ხეხილოვანი და კაკლოვანი კულტურების ნაყოფების საბერტყი და დამჭერი მანქანის სქემა, რომლის მიხედვით შესრულდა მანქანის კვანძების ესკიზური ნახაზები და დამზადდა ექსპერიმენტული ნიმუში, რომელიც დამონტაჟდა თვითმავალ შასზე.

რეკომენდებული მანქანის უპირატესობა, საზღვარგარეთულ ანალოგებთან შედარებით, ძირითადად განპირობებულია კონსტრუქციის სიმარტივით, ენერგიის ნაკლები დანახარჯებით და მანქანის დაბალი თვითღირებულებით. გარდა ამისა, მანქანის გამოყენება შესაძლებელია სხვადასხვა ხეხილის (თუთა, ტყემალი, ვაშლი, თხილი, ნუში და სხვ.) ნაყოფების ჩამოსაბერტყად, რაც განპირობებულია მხრეულა მექანიზმში, რხევის ამპლიტუდის ცვალებადობის შესაძლებლობით (35, 45, 55 მმ). ასევე შესაძლებელია ვიბრატორზე ერთდროულად დამაგრებულ იქნას რამდენიმე სატაცი, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის მანქანის მწარმოებლობას. გარდა ამისა, თვითმავალი შასის ძარა პარალელურად გამოყენებულია შევსებული ყუთების გადასაზიდად. მანქანის ერთ-ერთ ძირითად უპირატესობას წარმოადგენს ის, რომ საბერტყი მოწყობილობა არ აზიანებს მცენარის ფესვთა სისტემას, ვინაიდან ის არხევს მცენარის ტოტებს და არა მის ძირითად შტამბს, რაც განაპირობებს მცენარის რხევითი ტალღების გავრცელებას მხოლოდ მიწის ზედა ნაწილში. მანქანის გამოყენება შესაძლებელია ზამთრის პერიოდში ციტრუსოვანი და სხვა მარადმწვანე მცენარეებიდან თოვლის ჩამოსაბერტყად.

მანქანა გამოცდილი იქნა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის საცდელ-ექსპერიმენტულ ბაზებზე წილკანში და ჯიღაურაში თუთისა და ტყემლის ნაყოფების ჩამოსაბერტყად. მანქანის მუშაობა შეფასებულ იქნა დადებითად. ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა მანქანის კონსტრუქციისა და საექსპლუატაციო მაჩვენებლების გაუმჯობესების მიზნით.შემდეგში გათვალისწინებულია მანქანის დამზადება ქარხნულ პირობებში.

ნუგზარ ებანოიძე,

პროფესორი, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის

აგროსაინჟინრო კვლევის სამსახურის უფროსი,

ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი