ხისებრი ალოე – (Aloe arborescens Mill)
ალოე მიეკუთვნება შროშანისებრთა ოჯახს და ალოეს გვარს, რომელიც 250-მდე სახეობას ითვლის, მათგან უმეტესობას დეკორაციული მნიშვნელობა აქვს. საქართველოში სამკურნალო წამლის პრეპარატის მისაღებად გავრცელებულია ხისებრი ალოეს სახეობა, რომლის ხალხური სახელწოდებაა „ასწლოვანა”. ჩვენს პირობებში აწარმოებენ ბაღის ალოეს ვეგეტაციურ შთამომავლობას, რომელიც ინტროდუცირებული იყო ჩვენში 1928-30 წლებში. ალოეს ფესვთა სისტემა ფუნჯაა, ღერო სწორმდგომი, ჩამოცვენილი ფოთლის ნაჭდევებით.
თავის სამშობლოში, აფრიკაში, ხისებრი ალოე 2 მეტრამდე სიმაღლეს აღწევს ოთახის პირობებში ყვავის იანვარ-თებერვალში. ნაყოფი არ მწიფდება. სამკურნალოდ გამოიყენება ნედლი ფოთლები და წვენი, 3-5 წლიდან.
ფოთლები შეიცავს ანტიგუკოზიდებს, სხვადასხვა ფერმენტებს, ეთერზეთებს, ფიტოციდებს, მდიდარია ვიტამინებით. ფიტოთერაპიაში გამოიყენება, როგორც ანტიმიკრობული, სუსტი ჭრილობების შემახორცებელი, აწესრიგებს ნერვულ სისტემას.
ალოეს პრეპარატები გამოიყენება: გასტრიტის, კოლიტის, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებების, ბრონქალური ასთმის, ტუბერკულოზის, ტროპიკული წყლულების სამკურნალოდ.
გარეგანი გამოყენებისათვის, ალოეს წვენს იყენებენ საფენის სახით, რომელსაც აქვს ბაქტერიოციდული მოქმედება, მომაკვდინებლად მოქმედებს სხვადასხვა დაავადების გამომწვევ მრავალ მიკრობზე.
ალოეს წვნიანი ფოთლები ზოგჯერ 3º-მდე ტემპერატურის დაწევას უძლებენ. ამიტომ, საქართველოს სუბტროპიკულ ზონაში ზამთარში ნერგებსა და ფოთლებსაკრეფ მცენარეებს ინახავენ დაცულ გრუნტში – ცივ კვალსათბურებში ან შემინულ ფარდულებში. ალოე თუ დახურულ გრუნტში მოჰყავთ, მას ახასიათებს ზრდის სამი ტალღა: მაისი-აგვისტო, აგვისტო-ოქტომბერი და ოქტომბერ-აპრილი.
ალოესათვის საუკეთესოა მსუბუქი და საშუალო მექანიკური შედგენილობის თიხნარი ნიადაგი, სუსტი მჟავე, ნეიტრალური ან სუსტი ტუტე რეაქციის. ძლიერ მჟავე ნიადაგებზე ალოეს ზრდა ფერხდება, ამიტომ ასეთი ნიადაგების მოკირიანება კარგ შედეგს იძლევა.
გამრავლება და სარგავი მასალის გამოყვანა. ალოეს გამრავლება შეიძლება თესლით და ვეგეტატიურად. რადგანაც ის თესლს იშვიათად ივითარებს, ამიტომ თესლით გამრავლებას პრაქტიკული მნიშვნელობა არა აქვს, გარდა ამისა, ნათესარები მეტად ნელი ზრდით ხასიათდება.
ვეგეტატიურ გამრავლებას ახალგაზრდა გვერდითი ყლორტების დაფესვიანებით იწყებენ.
მისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბიოლოგიური თავისებურებაა დაკარგული ორგანოების _ ფოთლების და ღეროების სწრაფი რეგენერაციის უნარი – ფესვების წარმოქმნა.
ალოეს ტექნოლოგია სამკურნალო ნედლეულის მისაღებად ითვალისწინებს ორ ეტაპს. პირველი – სარგავი მასალის მიღება ღია გრუნტში, როგორც გადასარგავი კულტურა შემდეგი სქემით – მინდორში დარგვით (ივნისი-ოქტომბერი), ხოლო შემდეგ დაცულ გრუნტში გადატანით (ოქტომბერი-აპრილი) ან სარგავი მასალის გამოყვანა დაცულ გრუნტში და შემდგომ ღია გრუნტში დარგვა და ნედლეულის მიღება.
სათბურების არსებობის შემთხვევაში შვილეულების დაფესვიანება შეიძლება აწარმოონ მთელი წლის განმავლობაში. დაფესვიანებას დაახლოებით 1 თვე სჭირდება. კვალსათბურის ჩარჩოს ქვეშ შეიძლება დარგონ 500-დან 700-მდე კალამი. ჩარჩოები უნდა დაიხუროს და პერიოდულად შიგნით მიწა გაფხვიერდეს და მოირწყას. ღია კვლებზე მიღებული (დაფესვიანებული) კალმები გამოსაზამთრებლად კვალსათბურებში უნდა გადარგან.
ალოეს ერთწლიანი კულტურის სახით მოყვანისას, სტანდარტულ სარგავ მასალად ითვლება ნერგები, რომელთა სიმაღლე 8-12 სმ-ია, რომელსაც გააჩნია კარგად განვითარებული ფესვთა სისტემა. ასეთი მასალა მიიღება დაკალმებიდან 1 წლის შემდეგ.
პლანტაციის გასაშენებლად ნიადაგის ძირითადი დამუშავება ტარდება ადრე გაზაფხულზე – მარტში, 25 სმ სიღრმეზე. დარგვამდე 1-2 კვირით ადრე საჭიროა ნაკვეთის გადახვნა 12-15 სმ-ის სიღრმეზე.
დაფარცხვის შემდეგ ამზადებენ დასარგავ ორმოებს. ღია გრუნტში ნერგების დარგვა ტარდება აპრილის მეორე ნახევარში – მაისის დასაწყისში, ალოეს მცენარეს, დარგვისას უნდა ჰქონდეს ოთხი განვითარებული ფოთოლი და ასევე, კარგად განვითარებული ფესვთა სისტემა. დარგვისას მწკრივებს შორის მანძილი 70 სმ-ს რიგში, მცენარეთა შორის 15 სმ-ს უნდა შეადგენდეს (100 ათასი მცენარე ჰა-ზე) 2-5 წლიანი კულტურის წარმოებისას 25X15 სმ კვების არით ირგვება, ე.ი. 60 ათასი მცენარე ჰა-ზე.
ალოე ძალზე მგრძნობიარეა სასუქების მიმართ, რაც გამოწვეულია იმით, რომ მცენარის მიერ მოსავალთან ერთად (ფოთლების სახით), გამოიტანება დიდი რაოდენობით საკვები ელემენტები.
ალოეს პლანტაციაში შეაქვთ 40-60 ტ/ჰა ორგანული სასუქები, აღნიშნული ნორმა სამჯერ ნაკლებია, მათი შეტანა ხდება სარგავ ორმოებში.
ალოეს მცენარის სამი წლის ასაკამდე პლანტაციაში შეაქვთ 150 კგ. აზოტი უფრო ხნიერ პლანტაციაში 200 კგ/ჰა-ზე. აზოტიანი სასუქი შეიტანება ვეგეტაციის პერიოდში 3-ჯერ, დარგვიდან 20-25 დღის შემდეგ. აზოტის ნორმები ორჯერადი გამოკვებისას 50-100 კგ/ჰა-ზე, სამჯერადი გამოკვებისას _ 50-80 კგ/ჰა-ზე.
ოქტომბრის ბოლოს, ცივი პერიოდის დადგომისას, ალოეს მცენარე გადატანილი უნდა იქნას დაცულ გრუნტში გამოსაზამთრებლად. დაცულ გრუნტში ახალგაზრდა ნერგები ირგვება 5X5 სმ კვების არით, ე.ი. 400 მცენარე 1 მ2-ზე. 2-3 წლიან მცენარეთა დასარგავად საჭიროა 600-900 მ2 დაცული სათბური.
ალოეს მოსავლის აღებისას, მცენარეებს შერჩევით უნდა შეაცალონ ქვედა და საშუალო იარუსის ფოთლები, რომლებიც არანაკლებ 15 სმ სიგრძის არიან. მინდვრის პირობებში, სეზონის განმავლობაში, ფოთოლი შეიძლება 5-ჯერ მოკრიფონ, დაცულ გრუნტში კი მოსავლის აღებას ზამთარში და გაზაფხულზეც მიმართავენ.
ღია გრუნტში ფოთლები უკანასკნელად უნდა შეაცალონ საზაფხულო ვეგეტაციის ბოლოს, ანუ მცენარეთა პლანტაციიდან დაცულ გრუნტში გადატანის წინ. ახლად დაკრეფილი ფოთლები აღებისთანავე 15-20 კგ-ის რაოდენობით მჭიდროდ უნდა ჩააწყონ ნახვრეტებიან ყუთში და დაუყოვნებლივ გაიგზავნოს დანიშნულების ადგილას. ალოეს წვენს ღებულობენ ახლად დაკრეფილი, დაქუცმაცებული ფოთლების გამოწურვით, შემდეგ უკეთებენ სტერილიზაციას და აკონსერვებენ სპირტით.
ალოეს გადასარგავი ერთწლიანი კულტურის ფოთლის მოსავლიანობა, ნერგების ასაკისა და მოვლა-მოყვანის პირობების მიხედვით, ჰექტარზე შეიძლება მიიღონ 5-დან 20 ტონამდე. გადაურგველად კულტურის წარმოებისას (დაცულ გრუნტში), შესაძლებელია მიიღონ 50-100 ტონამდე ნედლეული ჰექტარზე, მცენარის ხნოვანებასთან დაკავშირებით.
ახალი მონაცემებით დადგენილია, რომ ღვინოსთან ან ძმართან შერეული ალოეს წვენი გამოიყენება თმის ცვენის საწინააღმდეგოდ.
რეზო ჯაბნიძე,
სსმმა აკადემიკოსი