დარგებიმედიამემარცვლეობასტატიები

„ხორბლის გამოცანა” _ ქართველების გზა კავკასიისაკენ

„ხორბლის გამოცანის” ერთ-ერთი შესაძლო ახსნა ისაა, რომ პროტოქართველურ ენაზე მოლაპარაკე ადამიანები, მას შემდეგ რაც გადმოვიდნენ აფრიკიდან არაბეთის ნახევარკუნძულზე და გამოცალკევდნენ პროტოევრაზიულ ენაზე მოლაპარაკეთაგან, გადაადგილდნენ მესოპოტამიის ჩრდილოეთ ნაწილში, სადაც მიიღეს მონაწილეობა ხორბლის გაშინაურებაში.

შემდგომში  ქართველურ ენებზე მოლაპარაკე ადამიანები გადაადგილდნენ ჩრდილოეთით კავკასიისაკენ მოშინაურებული ხორბლის  ქვესახეობებთან ერთად, სადაც ისინი დღეს ცხოვრობენ.

ყველა თარიღი გადაანგარიშებულია აწმყო დროდან და   შეესატყვისება  ინგლისურ BP (Before Present).

 ხორბლის ტაქსონომია    

ხორბალი (Triticum L.) წარმოიშვა ნაყოფიერ ნახევარმთვარეში დაახლოებით 10,000 წლის წინ და მას შემდეგ გავრცელდა მთელ მსოფლიოში. ხორბლის გვარი Triticum შეიცავს ექვს სახეობას, რომლებიც გაერთიანებულია სამ სექციაში:

1.Sect. Monococcon (შეიცავს დიპლოიდურ სახეობებს: Triticum monococcum L. და Triticum urartu Tumanian ex Gandilyan);

2.Sect. Dicoccoidea (შეიცავს ტეტრაპლოიდურ სახეობებს: Triticum turgidum L. და Triticum timopheevii (Zhuk.) Zhuk.);

3.Sect. Triticum (შეიცავს ჰექსაპლოიდურ სახეობებს: Triticum aestivum L. და Triticum  zhukovskyi Menabde et Ericzjan) (Wang et al., 1997).

Triticum-ის ყველა სახეობის სამშობლო არის  ახლო აღმოსავლეთის “ნაყოფიერი ნახევარმთვარე”, რომელიც მოიცავს ხმელთაშუა ზღვის  აღმოსავლეთ ნაწილს, სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთს, ჩრდილოეთ ერაყსა და დასავლეთ ირანს და ასევე მათ მეზობელ  სამხრეთ-კავკასიის რეგიონებსა და ჩრდილოეთ ირანს (Matsuoka, 2011).

არსებობს ოთხი ველური სახეობა, რომელიც იზრდება ახლო აღმოსავლეთის “ნაყოფიერი ნახევარმთვარის” ტერიტორიაზე:

1.Triticum monococcum L. subsp. aegilopoides (LinkThell.

2.Triticum urartu Tumanian ex Gandilyan  

3.Triticum turgidum L. subsp. dicoccoides (Korn. ex Asch. & Graebn.) Thell. 

4.Triticum timopheevii (Zhuk.) Zhuk.subsp. armeniacum (Jakubz.) Slageren

ხორბლის მოშინაურება (დომესტიკაცია)

დიპლოიდური ხორბალი T. monococcum L. (ერთმარცვალა) იყო ერთ-ერთი პირველი მცენარე, რომლის გაშინაურება მოხდა “ნაყოფიერი ნახევარმთვარის” ტერიტორიაზე დაახლოებით 10,000 წლის წინ. გამოვლენილია დიპლოიდური ხორბლის გაშინაურების ადგილიც (Heun et al 1997). ნაჩვენები იქნა, რომ სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთის ყარაჩადაღის მთის ველური პოპულაცია უფრო მეტად ჰგავს გაშინაურებულ ერთმარცვალას, ვიდრე სხვა ველური პოპულაციები.

პირველი ნაბიჯი კულტურული ხორბლის ევოლუციის პროცესში იყო ტეტრაპლოიდური სახეობის Triticum dicoccoides (Korn) Schweinf- ის ჩამოყალიბება. (Schneider et al. 2008). გაშინაურებული ტეტრაპლოიდური ხორბალი ძალზე მჭიდროდ ენათესავება  სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთში არსებულ ველურ პოპულაციებს. ველური ემერი (T. turgidum L. subsp. dicoccoides (Korn. ex Asch. & Graebn.) Thell.) დღეს ნაპოვნია დასავლეთ ნაყოფიერი ნახევარმთვარის ტერიტორიაზე – იორდანიაში, სირიასა და ისრაელში, სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთის ცენტრალურ ნაწილსა და აღმოსავლეთ ერაყისა და დასავლეთ ირანის მთიან ნაწილებში.

ოზკანმა და კოლეგებმა შეაჯამეს ველური ემერის გეოგრაფიისა და დომესტიკაციის საკითხები, რომლებიც დაფუძნებული იყო მოლეკულურ და არქეობოტანიკურ მონაცემებზე  და საკუთარ შედეგებზე. ავტორები ვარაუდობენ, რომ თანამედროვე გაშინაურებული ტეტრაპლოიდური ხორბლები მიღებულია სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთის  ველური ემერის ხაზებიდან (Ozkan et al., 2011).

 გაშინაურებული ემერის კულტივირების გაფართოებამ ჩრდილო-აღმოსავლეთით გამოიწვია სიმპატრია Aegilops tauschii Coss-თან (გენომი DD). დაახლოებით 7,000 წლის წინ კულტურული ემერისა Triticum dicoccum Schrank და  კავკასიური Ae. tauschii subsp. strangulata (Eig) Tzvelev ალოპოლიპლოიდიზაციის შედეგად სამხრეთ კავკასიაში წარმოიშვა ჰექსპლოიდური პურის ხორბალი T. aestivum L. (BBAuAuDD) (Dvorak et al., 1998; Dubcovsky და Dvorak 2007).

ქართული ხორბლები

სამხრეთ კავკასიამ (განსაკუთრებით საქართველომ) და მისმა ადრეულმა მაცხოვრებლებმა მნიშვნელოვანი როლი  შეასრულეს ხორბლის შექმნაში. სულ ცნობილია ხორბლის 16 კულტურული ქვესახეობა. (https://en.wikipedia.org/wiki/Taxonomy_of_wheat).

დიპლოიდი – 1;

ტეტრაპლოიდი – 9, აქედან ქართული ენდემი 3;

ჰექსაპლოიდი – 6, აქედან ქართული ენდემი 2.

ქართული ენდემური ხორბლის სახეობები მოიცავენ Triticumის ერთ სახეობასა და ოთხ ქვესახეობას (Menabde,1948; Menabde 1961; Hammer et al. 2011):

  1. T. turgidum L. subsp. paleocolchicum Menabde A. & D. Loeve (T. karamyschevii Nevski)
  2. T. turgidum L. subsp carthlicum (Nevski) A. & D. Loeve (T. carthlicum Nevski)
  3. T. timopheevii (Zhuk.) Zhuk. subsp. Timopheevii
  4. T. zhukovskyi (Triticum zhukovskyi Menabde & Ericzyan)
  5. T. aestivum L. subsp macha (Dekapr. et Menabde) MacKey (T. macha Dekapr. et Menabde).

ზოგიერთი ამ სახეობთაგანი ევოლუციურად მჭიდროდ ენათესავება ხორბლის  ველურ სახეობებს ანდა შენარჩუნებული აქვთ მათი ზოგიერთი თვისება (Menabde, 1948; 1961). ყველა ეს კულტურული სახეობა და ქვესახეობა აღმოჩენილი იყო დასავლეთ საქართველოში, აღმოსავლეთ საქართველოში უპირატესად გავრცელებული ქვესახეობა carthlicum-ის გარდა. ყველა ეს სახეობა და ქვესახეობა ითესებოდა საქართველოს ტერიტორიაზე გასული საუკუნის შუა წლებამდე.

გენეტიკური და მორფოლოგიური მტკიცებულების საფუძველზე, ქართული ხორბალი (T. turgidum L. subsp. paleocolchicum Á. & D. Löve) არის  ველური ემერისა და T. aestivum-ის ჰიბრიდული შეჯვარების პროდუქტი-სეგრეგანტი (Dvorak a. Luo 2001), ხოლო subsp. carthlicum შეიძლება იყოს გაშინაურებული ემერისა და T. aestivum-ის ჰიბრიდული შეჯვარების სეგრეგანტი (Kuckuck, 1979; ციტირებულია მაცუოკას მიხედვით – Matsuoka, 2011).

დასავლეთ საქართველოში გამოვლენილი ხორბლის მესამე ქვესახეობაა ჰექსაპლოიდური გაშინაურებული სპელტა ხორბალი T. aestivum L. subsp. macha (Dekapr. & Menabde) Mackey (Dekaprelevich a. Menabde, 1932). ეს ქვესახეობა საქართველოს ენდემია და კულტივირებული იყო კოლხურ ასლთან (T. turgidum subsp. paleocolchicum) ერთად (Dorofeev et al., 1979).

Triticum-ის სახეობების კიდევ ერთი ქართული წარმომადგენელია Timopheevi-ის ჯგუფი, რომელიც შეიცავს G გენომს. ხორბლის სახეობა T.timopheevii აღმოჩენილი იყო დასავლეთ საქართველოში, სადაც მას ეწოდებოდა ზანდური. წარსულში ზანდურის პოპულაცია წარმოადგენდა დიპლოიდის T. monococcum var. hornemanii (2n = 14) (გვაწა ზანდური), ტეტრაპლოიდის T. timopheevii (2n = 28) (ჩელტა ზანდური) და ჰექსაპლოიდის T. zhukovskyi Menabde et Ericzyan (2n = 42) ანაკრებს. ჰექსაპლოიდური ხორბალი T. zhukovskyi Menabde et Ericzyan წარმოადგენს T.timopheevii (Zhuk.) Zhuk.-ის ჰიბრიდიზაციის შედეგს T. monococcum L. var. hornemanii-თან (Clemente) Korn. (Menabde and Eritsian, 1960).

ხორბლის გამოცანა

2015  წ ჩვენ ვუწოდეთ ‘ზანდურის გამოცანა” მოვლენას, რომლის თანახმად ველური T.araraticum Jakubz. (T. timopheevii subsp. armeniacum (Jakubz.) Slageren) ვერ იქნა ნაპოვნი საქართველოში, მაშინ როდესაც კულტურული T. timopheevii ნაპოვნი იყო მხოლოდ აქ  (Gogniashvili et al., 2015). ეს ფორმულირება სამართლიანია ასევე ორივე გაშინაურებული ტეტრაპლოიდური ხორბლისათვის subsp. paleocolchicum და subsp. carthlicum. ველური ემერი არ არის აღმოჩენილი საქართველოში (და ასევე სამხრეთ კავკასიაში), თუმცა კულტურული ტეტრაპლოიდური ხორბლები ნაპოვნია მხოლოდ საქართველოში (Gogniashvili et al., 2018).

მორისა და თანაავტ. (2009) მიერ გაანალიზებულ იქნა  Timopheevi-ის ხორბლების მოლეკულური ვარიაბელობა ქლოროპლასტური გენომის 23 მიკროსატელიტური უბნის მიხედვით. სამხრეთ კავკასიაში შეგროვილი T. araraticum-ის არც ერთი პლასტოტიპი არ ენათესავებოდა T. timopheevii-ის პლასტოტიპს. მაშინ როდესაც ჩრდილოეთ სირიასა და სამხრეთ თურქეთში შეგროვილი პლასტოტიპები ამჟღავნებდნენ ახლო ნათესაურ კავშირს T. timopheevii-თან. ეს შედეგები მიუთითებენ, რომ T. timopheevii-ის  დომესტიკაცია მოხდა რეგიონში, რომელიც მოიცავს სამხრეთ თურქეთსა და ჩრდილოეთ სირიას (Mori et al. 2009).

ქართველთა წარმოშობა და მოძრაობა კავკასიისაკენ

ხორბლის დომესტიკაციის ერთ-ერთი ცენტრალური საკითხია – ვინ მონაწილეობდა ხორბლის გაშინაურებაში. ვინ ცხოვრობდა ნაყოფიერი ნახევარმთვარის ხორბლის დომესტიკაციის რაიონში 10,000 წლის წინათ?

ხორბლის დომესტიკაციის არეალებია:

  1. monococcum – სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთის ყარაჩადაღის მთა (Heun et al., 2007).
  2. turgidum – სამხრეთ-აღმოსავლეთი თურქეთი (Ozkan et al., 2011).
  3. timopheevii – ჩრდილოეთ სირია და სამხრეთ თურქეთი (Mori et al., 2009).

ერთ-ერთი შესაძლებლობა ”ხორბლის ამოცანის” ასახსნელად არის იმის დაშვება, რომ ქართველები ცხოვრობდნენ (სხვა ხალხებთან ერთად) “ნაყოფიერი ნახევარმთვარის” ტერიტორიაზე (მონაწილეობდნენ ხორბლის დომესტიკაციაში) და მოგვიანებით ხორბლის ზოგიერთი სახეობა და ქვესახეობა წამოიღეს ჩრდილოეთით სამხრეთ კავკასიისკენ, ანდა ადრეულმა ფერმერებმა (დაახლოებით 10,000 წლის წინ) მოიტანეს კულტურული ხორბალი დღევანდელი საქართველოს ტერიტორიაზე (M.Pagel, პირადი შეტყობინება).

თუ მოვახდენთ დავიდ რეიხის გამოთქმის პარაფრაზირებას – ვინ არიან ქართველები და როგორ მოხვდნენ ისინი კავკასიაში?  (Reich, 2018).

 მიტოქონდრიული დნმ-სა და Y ქრომოსომის გეოგრაფიულმა შესწავლამ რევოლუციურად შეცვალა ცოდნა მსოფლიოში ადამიანის განსახლების შესახებ (Cann et al., 1987; Rosser et al., 2000; Underhill et al., 2000; 2001). არსებული კონსენსუსის მიხედვით, თანამედროვე ადამიანი წარმოიშვა აფრიკულ პოპულაციაში დაახლოებით 100,000 – 200,000 წლის წინ (Reyes-Centeno et al., 2014). არსებობს მტკიცებულებები, რომ თანამედროვე ადამიანმა აფრიკა დატოვა დაახლოებით 70,000 წლის წინ და სწრაფად განსახლდა მსოფლიოში (Oppenheimer, 2012).

აფრიკიდან არაბეთის ნახევარკუნძულზე გადმოსვლის შემდეგ თანამედროვე ადამიანის პოპულაცია გაიყო განსახლების ორ ტალღად. როგორც ვარაუდობენ, პირველი ტალღა საბოლოოდ ჩამოყალიბდა ავსტრალოაზიელებად და ახალ გვინეელებად, ხოლო   მეორე ტალღა საფუძვლად დაედო დღევანდელ ევრაზიელებს (Nielsen et al., 2017). თუმცა აფრიკიდან გადმოსვლის შემდეგ მიგრაციის ზუსტი მარშრუტები ადამიანების ადრეულ დივერსიფიკაციის პროცესში მეცნიერებში დღემდე არის შესწავლისა და დაპირისპირების საგანი.

ევროპული პოპულაცია როგორც ჩანს,  შედგება სამი ან მეტი გენეტიკური კომპონენტისგან, რომელიც ევროპაში სხვადასხვა პერიოდში შემოვიდა (Nielsen et al., 2017). პირველი ანატომიურად თანამედროვე ადამიანი ევროპაში ცხოვრობდა უკვე 43,000 წლის წინ. ამ ადრეული პალეოლიტური ევროპელების გენეტიკურ წვლილი დღევანდელი ევროპელების გენომში  უმნიშვნელოა (Nielsen et al., 2017).

დაახლოებით 11,000 წლის წინ როდესაც უკანასკნელმა გამყინვარების პერიოდმა ჩაიარა, ნაყოფიერი ნახევარმთვარის სხვადასხვა სუბრეგიონში  გაჩნდა ადამიანის ცხოვრების ახალი ტიპი, დაფუძნებული მეცხოველეობაზე, სოფლის მეურნეობასა და სედენტარიზმზე და რომელიც ცნობილია, როგორც ნეოლითური ცხოვრების წესი (Asouti a. Fuller, 2013; Nielsen et al., 2017). უძველესი დნმ-ის ანალიზმა გვიჩვენა, რომ ფერმერების ეს პოპულაცია გავრცელდა ცენტრალური ანატოლიიდან ევროპისაკენ.

ევროპაში მიგრაციის სხვა ტალღა, რომელმაც შემოიტანა მესამე ევროპული გენეტიკური კომპონენტი, მოხდა გვიან ნეოლითურ და ადრეულ ბრინჯაოს ხანაში. ამ პროცესში ჩართული იყვნენ მეჯოგეები პონტო-კასპიის სტეპებიდან, რომლებიც მიეკუთვნებოდნენ იამნაიას კულტურას. ეს მიგრაცია ცენტრალურ ევროპაში მოხდა დაახლოებით 4,500 წლის წინ (Nielsen et al., 2017). უძველესი დნმ-ის მონაცემები იძლევა მტკიცებულებებს თავად იამნაელების წარმოშობის შესახებ. 7,000 წლიდან 5,000 წლამდე სტეპებზე ხდებოდა პოპულაციის სტაბილური შემოდინება   სამხრეთიდან, რომელიც გენეტიკურ ნათესაობას ამჟღავნებს უძველეს და დღევანდელ სომხეთისა და ირანის მოსახლეობასთან. როგორც ჩანს, ეს მიგრაცია ხდებოდა კავკასიის გზით შავსა და კასპიის ზღვებს შორის. უძველესი დნმ-ის მონაცემები აჩვენებს, რომ ჩრდილოეთ კავკასიის მოსახლეობას ამ ტიპის წინაპარი გააჩნდა (Reich, 2018).

ქართველები წარმოადგენენ ქართველურ ენებზე მოლაპარაკე ხალხის ეთნო-ლინგვისტურ ჯგუფს. ისტორიულად ისინი შედგებიან: ქართველების, ზანებისა (მეგრელები და ლაზები) და სვანებისგან. პაგელისა და თანაავტ. მიხედვით ქართველური ენა არის ევრაზიული ენების სუპეროჯახში შემავალი ერთ-ერთი  შვიდი ენობრივი ოჯახი. ავტორების გამოკვლევა დაფუძნებულია სტატისტიკურ მოდელზე, რომელიც მხედველობაში იღებს ყოველდღიურად გამოყენებული სიტყვების სიხშირეს. შედეგად, ევრაზიის შვიდ ენობრივ ოჯახში ავტორებმა აღმოაჩინეს კონსერვირებული სიტყვები და მათ საფუძველზე მოახდინეს  ლინგვისტური ევრაზიული ენების სუპეროჯახის პოსტულირება, რომელიც ჩამოყალიბდა დაახლოებით 15,000 წლის წინ საერთო წინაპრისგან (Pagel et al., 2013) (სურ.1).

ავტორებმა შექმნეს ამ ნაწინასწარმეტყველი სუპეროჯახის ფილოგენეტიკური ხე, რომლის ასაკი შეადგენს დაახლოებით 15,000 წელს, რაც გულისხმობს, რომ ზოგიერთი ხშირად გამოყენებული სიტყვა შემორჩენილია მონათესავე ფორმით უკანასკნელი გამყინვარების პერიოდიდან. ეს შვიდი ენობრივი ოჯახი – დრავიდული, ქართველური, ინდოევროპული, ალტაური, ურალური, ჩუკჩი-კამჩატკური   და  ინუიტ-იუპიკური  ქმნის ენების უძველეს ევრაზიურ სუპეროჯახს, რომელიც შესაძლოა წარმოიქმნა საერთო წინაპრისგან დაახლოებით 15,000 წლის წინ და რომელი ენებიც გამოიყენება დღევანდელ ევრაზიის ტერიტორიაზე.

შეიძლება დავუშვათ, რომ პროტოევრაზიულ ენაზე მოლაპარაკე ხალხი 15,000 წლის წინ ცხოვრობდა არაბეთის ნახევარკუნძულის სამხრეთ ნაწილში. პირველად მათ გამოეყოთ პროტოდრავიდელები, რომლებიც მიგრირდნენ ინდოეთისკენ ოკეანის სანაპიროს გზით. პროტოქართველურ ენაზე მოლაპარაკე ხალხი ჩამოყალიბდა 13,000 წლის წინ ამ რეგიონში და იმოძრავეს ჩრდილოეთ მესოპოტამიისაკენ (სურ.2ა)

სავარაუდოდ, ამ რეგიონში ისინი ცხოვრობდნენ დიდი ხნის განმავლობაში, რადგანაც ჩვენი ჰიპოთეზის თანახმად პროტოქართველურ ენაზე მოლაპარაკე ხალხმა მონაწილეობა მიიღო ხორბლის დომესტიკაციაში. ითვლება რომ რომელიმე ველური მცენარის დომესტიკაცის პროცესი გრძელდება არანაკლებ 1,000 წლისა  (Gaut et al., 2018) (სურ.2ბ).

პროტოქართველების მოძრაობის ზუსტი დრო მესოპოტამიიდან კავკასიისკენ უცნობია, თუმცა გამყრელიძისა და ივანოვის მიხედვით (2010) პროტოქართველები, არქაული ლექსიკური და ტოპონიმიკური მონაცემების თანახმად, დაყოფამდე ცხოვრობდნენ მცირე კავკასიონის დასავლეთ და ცენტრალურ ნაწილში (ტრანსკავკასიის მთისწინეთში).

გამოთქმულია მოსაზრება, რომ პროტოქართველური ენის დაყოფა სვანურ და პროტო-ქართო-ზანურად მოხდა დაახლოებით 2,600 და 4,200 წლის წინ (Klimov, 1998). გამყრელიძისა და ივანოვის მიხედვით ქართველების დასავლური დიალექტის მიგრაციის პირველი ტალღა  დასავლეთით და ჩრდილო-დასავლეთით კოლხეთის დაბლობის მიმართულებით დაიწყო ხუთი ათასწლეულის უკან და მიგვიყვანა სვანების ჩამოყალიბებამდე, რომლებიც განსახლდნენ დასავლეთ ტრანსკავკასიაში. მსხვილფეხა რქოსან პირუტყვთან დაკავშირებული ლექსიკა სვანურსა და სხვა ქართველურ ენებს შორის ძლიერ მსგავსია, მაშინ როდესაც მემცენარეობასთან დაკავშირებული ტერმინები ნაკლებად ემსგავსებიან ერთმანეთს. ეს შეიძლება მიუთითებდეს, რომ ცხოველების მოშინაურება მოხდა უფრო ადრე ვიდრე მცენარეებისა. და რომ მემცენარეობის განვითარების პერიოდში სვანები და პროტოქართოზანები უკვე ცხოვრობდნენ განცალკევებულად.

            ქართველურ ენებზე მოლაპარაკე ხალხების შემდგომი მოძრაობა ჩრდილოეთისკენ ასე შეიძლება წარმოვიდგინოთ: სვანები, მეგრელები, ლაზები – ჩრდილოეთისკენ და ქართველები – ჩრდილო-აღმოსავლეთისკენ (სურ. 2 გ).

სურ.1. ევრაზიული ენების სუპეროჯახის ფილოგენეტიკური ხე ოჯახებისა და სუპეროჯახის ჩამოყალიბების თარიღებით (Pagel et al., 2013). შემოკლებები: PD- პროტო-დრავიდული; PK- პროტო-ქართველური; PU- პროტო-ურალური; PIE- პროტო-ინდოევროპული; PA- პროტო-ალტაური; PCK- პროტო-ჩუკჩი-კამჩატკური; PIY- პროტო-ინუიტ-იუპიკური.

სურ. 2.  ა – პროტოდრავიდურ და პროტოქართველურ ენებზე მოლაპარაკე ხალხების გამოცალკევება ევრაზიული ენების სუპეროჯახისაგან (დაახლოებით 12,000 – 15,000 წლის წინ);

ბ – ქართველურ ენებზე მოლაპარაკე ხალხების დასახლების ადგილი ხორბლის გაშინაურების პერიოდში (დაახლოებით 12,000 – 10,000 წლის წინ);

გ – ქართველების თანამედროვე განსახლების ადგილი.

შემოკლებები: G – ქართველები; M – მეგრელები; L – ლაზები; Z – ზანები (მეგრელები+ლაზები); PK – პროტოქართველები; PD – პროტოდრავიდები.

თენგიზ ბერიძე,

მოლეკულური გენეტიკის ინსტიტუტი,  საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი,

„ხორბალი ევროპის ქვეყნებში და საქართველო, როგორც ხორბლის წარმოშობის ერთ-ერთი კერა“

სსმმ აკადემია, კონფერენციის შრომათა კრებული

02-04 ოქტომბერი, 2019 წელი, თბილისი