დარგებიმემარცვლეობა

ხორბლის მოკლეღეროიანი ახალი ბოტანიკური და გენეტიკური ფორმა „გორდა“

სელექციის ძირითადი მეთოდების საშუალებით ხდება ამა თუ იმ ჯიშის გაუმჯობესება ან სრულიად ახალი ჯიშის ჩამოყალიბება.

სასოფლო-სამეურნეო კულტურათა სელექციაში ქიმიური მუტაგენების გამოყენება განაპირობა იმ გარემოებამ, რომ მუტაგენებით შესაძლებელია შეიცვალოს მცენარეთა ერთი ან რამდენიმე ნიშან-თვისება და მიღებული მუტანტისაგან გამრავლებისა და მასზე სელექციური მუშაობის ჩატარების შემდეგ შევქმნათ თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი ჯიში. გარდა ამისა მუტანტებში შესაძლებელია წარმოიქმნას ახალი ნიშნები და თვისებები, გამოვლინდეს სრულიად ახალი, მეტად სასარგებლო ნიშნებიც, რითაც მდიდრდება კულტურულ მცენარეთა ბუნებრივი სახეობის მრავალფეროვნება.

სასოფლო-სამეურნეო მცენარეთა სხვადასხვა მუტანტური ფორმები ძვირფას სასელექციო მასალას წარმოადგენს როგორც უშუალოდ ჯიშის გამოსაყვანად, ასევე საჰიბრიდიზაციოდ. მუტანტების ჯიშებთან და მუტანტთშორისი ჰიბრიდიზაციით იქმნება მრავალფეროვანი, გამდიდრებული მემკვიდრეობის მქონე ახალი საწყისი მასალა სელექციური ჯიშების გამოსაყვანად.

საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მიწათმოქმედების ინსტიტუტში ისწავლებოდა სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურებზე ქიმიური მუტაგენების მოქმედება, მათ შორის ხორბლის კულტურაზეც და მიღებული იქნა რამოდნიმე მუტანტური ჯიში და ფორმა. მიზანმიმართულმა სელექციურმა მუშაობამ შექმნა მაღალპროდუქტიული კონსტანტურ მცენარეთა ფორმები, რომლებიც ძლიერ განსხვავდება საწყისი ფორმებისაგან.

საქართველოში გასავრცელებლად დაშვებულ ჯიშ „დუკატის“ თესლის ქიმიური მუტაგენით, NMM (ნიტროზამეთილშარდოვანა) 0,01%-იანი ხსნარის ზემოქმედებით მიღებული, მკვეთრად მოკლეღეროიანი სუპერჯუჯა ფორმა „გორდა“ რბილი ხორბლის სრულიად ახალი სახესხვაობაა და საქართველოში მცენარეთა გენეტიკური და სელექციური სკოლის ფუძემდებლის, კავკასიაში პირველი სელექციონერის ლეონიდ დეკაპრელევიჩის 125 წლის აღსანიშნავად ეწოდა ვარ. Dekaprelevichi (ნასყიდაშვილი).

სუპერჯუჯა „გორდა“ – Tri­ti­cum aes­ti­vum var. de­kap­re­le­vic­hi (Naskidashvili) განვითარების ტიპის მიხედვით საშემოდგომო ჯიშია, საკმაოდ საგვიანო. მცენარე ბუჩქის ტიპის, მკვეთრად მოკლეღეროიანი, შემცირებული მუხლთშორისების რაოდენობითა და სიგრძით, რომლის მაქსიმალური სიმაღლე შეადგენს 10-12 სმ. ფოთოლი ფართე, ვერტიკალურად მდგომი. ღერო მოკლე, მტკიცე, ძნელად იღუნება. თავთავი უფხო, მოკლე (4-5 სმ), ბრტყელი, მკვეთრად მკვრივი, რომელშიც გაზრდილია განუვითარებელი თავთუნების რაოდენობა, მჭიდროდ განლაგებული თავთავის ღერაკზე, თავთუნის კბილი განიერი, მომრგვალებული მხრის ფორმით, კბილაკი ძალიან მოკლე, ზომიერად მოღუნული. მარცვალი თეთრი, ბჟირი, 1000 მარცვლის მასა 30 გრამია (ავტორი: გ. ჩხუტიაშვილი; გ. ხუციშვილი; პ. ნასყიდაშვილი; ნ. ჯაფარიძე; ნ. სოხაშვილი).

მრავალმხრივი მეცნიერული გამოკვლევები და პრაქტიკა ნათლად გვიჩვენებს, რომ ხორბლის ჯიშების მცენარის ღეროს ყველაზე ხელსაყრელ სიმაღლედ მიჩნეულ უნდა იქნას 70-90 სმ. ხორბლის მცენარის ღეროს ასეთი სიმაღლე უზრუნველყოფს ნათესის არა მარტო ჩაწოლისადმი გამძლეობას, არამედ მარცვლის ფორმირების ეკონომიურობასაც.

ამრიგად, „გორდა“ ახალი გენეტიკური წყარო, ახალი სასელექციო საწყისი მასალა, ჯიშ-დონორია მოკლეღეროიანობის 2-3 გენის მატარებელი ჯიშების მისაღებად.

გულნარ ჩხუტიაშვილი, ს/მ მეცნიერების დოქტორი,

ჟურნალი „ახალი აგრარული საქართელო“