აგრარული განათლებააგროტექნოლოგიებიმემარცვლეობამცენარეთა დაცვა

ხორბლის სარეველები

ხორბალი ყველაზე მნიშვნელოვანი სასურსათო კულტურაა, რომელსაც სტრატეგიული მნიშვნელობა გააჩნია.  მეცნიერების აზრით, კულტურული ხორბლის სახეობები წარმოიშვა სამი ველური მარცვლოვანი მცენარისგან, რომლებიც მცირე აზიაში, სამხრეთ ევროპასა და ჩრდილოეთ აფრიკაში იზრდებოდა, იგი იყო საკულტო მზიური მცენარე უძველესი სამყაროს ყველა ხალხისთვის.

საქართველო აღიარებულია ხორბლის წარმოშობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ცენტრად. არქეოლოგიური გათხრების დროს, იგი პირველად კოლხეთის ტერიტორიაზე იქნა აღმოჩენილი, შემდეგ  შულავერში აღმოაჩინეს ჩვ. წ. აღ-მდე V-IV ათასწლეულის ნიმუშები, პურის სახეობათა მრავალფეროვნებით საქართველოში მესხეთი გამოირჩევა. მსოფლიოში არსებული ხორბლის 27 სახეობიდან ჩვენს ქვეყანაში აღწერილია 14: მახა, ზანდური, დიკა, ასლი, თავთუხი, ხულუგო, ხოზო, ხოტორა, დოლისპური, იფქლი და სხვ.

ხორბლის ნათესებს უჭირავს მარცვლოვანი კულტურებისთვის განკუთვნილი მსოფლიოს სახნავების თითქმის ნახევარი. საქართველოში ხორბალი მოჰყავთ კახეთში, ქართლსა და მესხეთ-ჯავახეთში, მისი წარმოების მაჩვენებელი ქვეყანაში მხოლოდ 8-9 %-ს წარმოადგენს, ნათესი ფართობი 80 000 ჰა-ს არ აღემატება, მოსახლეობა კი წელიწადში 700 000 – 800 000 ტონა ხორბალს მოიხმარს, ამდენად, ქვეყანა იმპორტზეა დამოკიდებული.

ხორბლის წარმოების ზრდით შეიძლება წარმატებით გადაიჭრას მარცვლეულის პრობლემა, თუმცა მის მოვლა-მოყვანას ხელს უშლის სხვადასხვა ფაქტორები, მათ შორის ერთ-ერთი სარეველა მცენარეებია, რომელთა მავნეობით გამოწვეული მოსავლის დანაკარგები საკმაოდ მაღალია.

ხორბლის კულტურის სარეველებია: ღვარძლი (Lolium temulentum L.), ბეგიაური (Galium aparine L.),  ყანის ჭლექი (Fallopia convolvulus L.),  ყვავისფრჩხილა (Coronilla varia L.), ჭაღარა ტრიქოდესმა  (Trichodesma incanum Bunge) A.DC.,  მელაკუდას სოფორა (Sophora alopecuroides L.) ,    ლანცეტისებრი თერმოფსისი (Thermopsis lanseolata R. Br.),   შებუსულნაყოფიანი ჰელიოტროპი (Heliotropum lasiocarpum Fisch. Et Mey.), მინდვრის ნარი (Cirsium arvense L.), შვრიუკა (Avena fatua L.), ბურჩხა (Echinochloa crus-galli (L.) R. et Sch.), მინდვრის შვრიელა  (Bromus secalinus L.), ყვითელი ძურწა (Setaria glauca ( L. ) P. B.), მწვანე ძურწა (Setaria viridis ( L.) P. B.), მინდვრის ღიჭა (Sonchus arvensis L.),   ჩვეულებრივი თივაქასრა  (Poa trivialis L.),   მდელოს თივაქასრა (Poa praténsis L.), ჩვეულებრივი საგველა  (Apera spica-venti L.),  მინდვრის ხვართქლა (Convolvulus arvensis L.),  ჩვეულებრივი ცერცველა (Vicia sativa L.), თაგვის ცერცველა (Vicia cracca L.), ბანჯგვლიანი ცერცველა (Vicia villosa Roth), ცულისპირა (Lathyrus sativus L.),  თეთრი ძიძო (Melilotus alba Desr.), ყვითელი (ჩვეულებრივი) ძიძო (Melilotus officinalis L.)  გლერტა (Cynodon dactylon L.) და სხვა.

ქვემოთ მოცემულია ზოგიერთი მათგანის მოკლე დახასიათება.

ღვარძლი – Lolium temulentum L.   

ღვარძლი ერთწლიანი, მარცვლოვანი, შხამიანი სარეველაა. ფესვი – ფუნჯა, ღეროს სიმაღლე 50-100 სმ, ფოთლები – ხაზურა, თავთავი – ელიფსური, სიგრძე 10-20 სმ. კილიანი მარცვალი ოვალური, მონაცრისფრო – მოყვითალო, სიგრძე 5-6 მმ, სიგანე – 2-2,5 მმ. მარცვალი ოვალურ – კვერცხისებრი, აქვს ღარი, სიგრძე 4-5 მმ. ერთ მცენარეზე ვითარდება 600 მარცვალი, მარცვალი შხამიანია, რადგან შეიცავს ალკალოიდ თიმულინს, ამდენად, მისი შერევა ხორბლის        მარცვალთან არაა სასურველი.

ბეგიაური – Galium aparine L
ერთწლიანი, ბალახოვანი, შხამიანი სარეველაა ენდროსებრთა ოჯახიდან,  ღეროს სიმაღლე 30-80 სმ; ფოთოლი ვიწრო ლანცეტისებრი; ყვავილი წვრილი, თეთრი, ყვავილობს ივლის – აგვისტოში. ნაყოფი კაკლუჭა, მომრგვალო, აქვს ამონაკვეთი, მონაცრისფრო – ყავისფერი, დაფარულია ჯაგრებით, სიგრძე 1,75 – 3 მმ, სიგანე 1,25 – 2,25 მმ; თესლი ნაყოფის მაგვარი, ჯაგრების გარეშე; ფართოდაა გავრცელებული ხორბლის ნათესებში, იგი ხელს უშლის მის ზრდა – განვითარებას და ამცირებს მოსავლიანობას, ბეგიაურით კვებისას ძროხის რძე იძენს წითელ ფერს, თივასთან შერევისას შეიძლება გამოიწვიოს ცხვრების სიკვდილი, მისი თესლით კვებისას  – ფრინველების მოწამვლა.

ყანის ჭლექი – Fallopia convolvulus L.

ერთწლიანი, ბალახოვანი, საგაზაფხულო სარეველაა, მიეკუთვნება წიწიბურასებრთა ოჯახს. ღერო – წვრილი, მარტივი ან ხვიარა, სიმაღლე 10-100 სმ.  ფოთოლი ყუნწიანი, კვერცხისებურსამკუთხოვანი, ფუძესთან გულისებრი. ყვავილი – წვრილი, თეთრი; თესლი შავი ფერის, სამწახნაგიანი, ჭიპი ყვითელი ფერის, ბრტყელი, ზედაპირი გლუვი, სიგრძე 2,5 – 3,5 მმ, სიგანე 1,75 – 2,75 მმ. 1 მცენარე იძლევა 600 თესლს; ხშირადაა გავრცელებული ხორბლის ნათესებში, იგი კონკურენციას უწევს ხორბალს, ამცირებს მოსავლიანობას.

ყვავისფრჩხილა – Coronilla varia L.
მრავალწლიანი, შხამიანი, საშიში სარეველაა, პარკოსანთა ოჯახიდან; ფესურა – მხოხავი, დატოტვილი; ღერო – ხვიარა,  60 სმ-მდე სიგრძის; ყვავილი – ქოლგისებრი, თეთრი, ან მოთეთრო – იასამნისფერი,  ყვავილობს მაის – აგვისტოში; ნაყოფი – პარკი, თესლი  ცილინდრული, გლუვი, ყავისფერი, სიგრძე 2-3,25 მმ, სიგანე 1-1,75 მმ, ნაყოფს იძლევა ივნისიდან სექტემბრამდე;  ასარევლიანებს მარცვლოვნებს, ხორბლის ფქვილში მისი რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 0,1 %-ს, რადგან შხამიანია მცენარის მიწისზედა ნაწილები და თესლი.

ჭაღარა ტრიქოდესმა – Trichodesma incanum (Bunge) A.DC.
მრავალწლიანი მცენარეა ლაშქარასებრთა ოჯახიდან; ღერო – სწორმდგომი, დატოტვილი, 1მ-მდე სიმაღლის; ფოთლები – მოგრძო – კვერცხისებრი; ყვავილები – ცისფერი, დიამეტრით 2 მმ, ყვავილობს მაისიდან ივლისამდე,  ნაყოფი (თესლი) – კაკლუჭა, უკუკვერცხისებური, ყავისფერი, მონაცრისფრო – მწვანე, მუქი – ყავისფერი, სიგრძე 7,5-10 მმ, სიგანე-5-7,5 მმ; ქვემოთ ბრტყელი, ზემოდან წაწვეტებული,  მწარე გემო აქვს, რადგან შეიცავს ძლიერ შხამს -ალკალოიდ ტრიქოდესმინს, მისი რაოდენობა ფქვილში არ უნდა აღემატებოდეს 0,1 %-ს, თესლი არ უნდა შეჰმოყვეს იმპორტირებულ ხორბალს.

მელაკუდას სოფორა – Sophora alopecuroides L.           

მრავალწლიანი, ბალახოვანი, შხამიანი, საშიში, მავნე სარეველაა პარკოსანთა ოჯახიდან, ღერო – სწორმდგომი, ძლიერი, ზემოთ დატოტვილი, შებუსული, სიმაღლით 30-80 სმ; ყვავილი მოთეთრო ფერის;  ნაყოფი – პარკი, 3-5 თესლით, სიგრძე 50-80 მმ, მონაცრისფრო – მწვანე, ან ყავისფერი, თესლი თირკმლისებრ – ოვალური, ოდნავ შეჭყლეტილი, ზედაპირი გლუვი, ოდნავ პრიალა; ყვითელი, ყავისფერი ან მომწვანო –  ყავისფერი; სიგრძე 3-4,5 მმ, სიგანე  2,75-3,75 მმ; ხორბლის ფქვილში მისი რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 0,1 %-ს, რადგან შეიცავს ალკალოიდებს.

ლანცეტისებრი თერმოფსისი – Thermopsis lanseolata R. Br.
მრავალწლიანი, ბალახოვანი, შხამიანი, მცენარეა პარკოსანთა ოჯახიდან; ფესურა – მხოხავი; ღერო – მარტივი, შებუსული, დატოტვილი, სიმაღლით 50 სმ; ფოთოლი – რთული, მორიგეობით განლაგებული; ყვავილი – ყვითელი, მსხვილი, მტევნისებური, ყვავილობს ივნის – ივლისში;  ნაყოფი -პარკი, მოგრძო, ბრტყელი, ყავისფერი, თესლები მომრგვალო – თირკმლისებური, მუქი ყავისფერი, სიგრძე 2,75-5სმ, სიგანე 2,25 – 3 მმ; შხამიანია მცენარის მიწისზედა ნაწილი და თესლი, შეიცავს ალკალოიდებს: თერმოფსინს, ჰომოთერმოფსინს, ციტიზინს და სხვ.;  თესლი არ უნდა შემოყვეს იმპორტირებულ ხორბალს.

შებუსულნაყოფიანი ჰელიოტროპი – Heliotropum lasiocarpum Fisch. Et Mey.
მრავალწლიანი შხამიანი მცენარეა (მიწისზედა ორგანოები და თესლი); ღერო – დატოტვილი, 20-50 სმ სიმაღლის; ყვავილები წვრილი, თეთრი, ყვავილობს ივნის -აგვისტოში; ფოთოლი – ელიფსური;  ნაყოფი (თესლი) უკუკვერცხისებრი, ოვალური, წვერი მრგვალია, ფუძე – ოდნავ ოვალური, ზედაპირი უსწორმასწორო, ნაცრისფერი, ან მომწვანო – ყავისფერი, თესლის  სიგრძე 1,25-1,75 მმ; სიგანე  0,75-1 მმ; ხორბლის ფქვილში მისი რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 0,1 %-ს.

მაია გიორბელიძე,  

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის

ფიტოპათოლოგიის ლაბორატორიის მთავარი სპეციალისტი;

ნინო დათუკიშვილი, 

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის

ფიტოპათოლოგიის ლაბორატორიის მთავარი სპეციალისტი

ჟურნალი „ახალი აგრარული საქართველო“# 72