საქართველოს სოფლის გადარჩენის უმოკლესი გზა

რით დავიწყოთ?

საქართველოს სოფლის განვითარების შესახებ დღეს ბევრი ლაპარაკობს: როგორ ავაღორძინოთ სოფელი უმოკლეს დროში, როგორია სოფლის სოციალური განვითარების ავტონომიური ეკონომიკური მოდელი, როგორ შეიძლება დაცლილი მთის სოფლების კვალავ გამოცოცხლება, ემიგრირებული მოსახლეობის წინაპართა მიწაზე დაბრუნება, როგორ უნდა გახდეს სოფელი ახალგაზრდობისთვის მიმზიდველი, საიდან დავიწყოთ?

დღეს, როგორც არასდროს, კაცობრიობის წინაშე მწვავედ დგას სამი ძირითადი პრობლემა: ეკოლოგიური, ენერგეტიკული და საკვების, სხვა სიტყვებით თუ ვიტყვით ,ეკოლოგიური უსაფრთხოების ფონზე, მოსახლეობის საკვებით და ენერგეტიკული რესურსებით უზრუნველყოფა. იმავდროულად, მათ შორის, ენერგეტიკას განსაკუთრებული ადგილი უჭირავს, იგი სამეურნეო კომპლექსის ძირითადი ამძრავია და სახელმწიფოს განვითარების, ცხოვრების დონის განმსაზღვრელი ინდიკატორია, მას 21-ე საუკუნის საზოგადოების ცხოვრებაში ალტერნატივა არ გააჩნია.

ამდენად ენერგიის წარმოებაც, მოხმარებაც და პროექტირებაც განსაკუთრებულ მონიტორინგს უნდა დაექვემდებაროს, ვინაიდან დაგეგმარებაში დაშვებული შეცდომები, გარემოზე ზემოქმედების კუთხით, შეიძლება სავალალო აღმოჩნდეს.

საქართველოს ენერგეტიკას ორი უნიკალურად მნიშვნელოვანი პოტენციალი გააჩნია, რომელთა წინ წამოწევაც დღეს განსაკუთრებით აქტუალურია.

პირველი, ყველა სახის განახლებადი ენერგია.

უპირველესად ჰიდრო რესურსების მაქსიმალურად ათვისება. როგორც ცნობილია, ჩვენი ქვეყანა თავისი ჰიდროენერგეტიკული პოტენციალით მდიდარი ქვეყანაა და ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ მცირე ჰიდროენერგეტიკის განვითარება ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.

განახლებადი ენერგეტიკის მნიშვნელოვანი მიმართულება, რომლის დანერგვაც მხოლოდ სასურველი კი არა, აუცილებელიცაა — ბიოენერგეტიკაა, რომელსაც მნიშვნელოვან მომავალს უწინასწარმეტყველებენ.

მსოფლიოში ალტერნატიული ენერგიისწილობრივი განაწილების სტრუქტურა

ჰელიოენერგიის გამოყენების მხრივ საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე, უნიკალური საშუალებებია, მზის წლიური, ჯამური რადიაცია რეგიონების მიხედვით 1250-1800 კვტ.სთ/მ2 დიაპაზონში მერყეობს. აქედან გამომდინარე, თუნდაც, ცხელი წყლის, მზის კოლექტორების გამოყენების აუცილებლობას ოპონენტები არ ჰყავს.

მეორე მიმართულება ენერგოეფექტიანობაა. ჩვენს პლანეტაზე მიმდინარე გლობალური დათბობის პროცესებიდან გამომდინარე, ეკოლოგიურად უსაფრთხო ენერგიების გამოყენების პარალელურად, ცივილიზებული სამყარო მაქსიმალურად ცდილობს, არსებული ენერგიების დაზოგვას და ეფექტიანად გამოყენებას. აღნიშნული თვალსაზრისით საქართველოს ძალზე მაღალი, გამოუყენებელი პოტენციალი გააჩნია. დანაკარგები ჩვენს ენერგოსტრუქტურებში, ყველა დონეზე და ყველა სფეროში, დაუშვებლად დიდია და ეს პრობლემა თავისი მასშტაბებით სტრატეგიულ მნიშვნელობას იძენს.

წინამდებარე სტატიის, ინტერესების ძირითადი სფერო, სწორედ აღნიშნული პრობლემატიკის შესწავლაა. განსაკუთრებით რთულია სოფლური დასახლების საყოფაცხოვრებო სექტორში არსებული მდგომარეობა, ვინაიდან მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს, არსებულ ფასად, მისთვის აუცილებელი ენერგორესურსების შესყიდვა არ ძალუძს. აქედან გამომდინარე, სტატიაში განსაკუთრებული აქცენტები სოფლის ენერგოუზრუნველყოფაზეა გაკეთებული.

ჩატარებული ანალიზის განზოგადოებამ თვალნათლივ დაგვანახა ის ფაქტი, რომ, ჩვენდა სამწუხაროდ, თუ იმპორტირებულ ბუნებრივ აირს არ გავითვალისწინებთ, ქვეყნის ენერგეტიკული ბალანსი ძირითადად ორი რესურსით, ჰიდროენერგიით და შეშით შემოიფარგლება.

შეშის მოხმარება, რასაკვირველია, უპირატესად სოფლის მოსახლეობასთან ასოცირდება. როგორც შეშის ბაზრის მონიტორინგით და გამოკითხვით ირკვევა, უკანასკნელი წლების ენერგეტიკულ ბალანსში შეშის მოხმარების, წლის საშუალო მაჩვენებელი პირობით ერთეულში, 360-370 ათას ტონას შეადგენს, რაც ექსპერტული შეფასებით, საქართველოს ტყის მასივების პოტენციურ შესაძლებლობას 3.5-ჯერ აღემატება. იქიდან გამომდინარე, რომ პრობლემის გლობალური გადაჭრისათვის ჩვენ საკუთარი ნახშირწყალბადიანი ენერგორესურსები არ გაგვაჩნია, ტყის დამცავი ერთადერთი რეალური მექანიზმი ალტერნატიული ენერგიის განვითარების ტემპების დაჩქარებაა.

სოფლების უმეტესობა ადგილობრივი რესურსების საფუძველზე ავტონომიური ენერგომომარაგებით უნდა იყოს უზრუნველყოფილი. ამ მიდგომას აქვს მთელი რიგი უპირატესობები: პირველ რიგში, უმნიშვნელოა გარემოზე ზემოქმედება, მშენებლობისა და ექსპლოატაციის პერიოდში ზემოქმედება, აგრეთვე შესაძლო ავარიებით გამოწვეული პრობლემები. იმავდროულად ავტონომიური ენერგომომარაგება გულისხმობს: მაღალი ძაბვის ელექტრო გადამცემი ხაზების გარეშე, ძნელად მისადგომი ობიექტებისათვის ადგილზე ენერგიის გამომუშავებას და შესაბამისად ენერგიის გადაცემაზე დანაკარგების შემცირებას. მთის სოფლებში მცირე ჰესების მშენებლობას ამ სოფლების განვითარების სტიმულირება, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, ცხოვრების დონის ამაღლება, ახალი საქმიანობების განვითარება შეუძლია.

კვლევების საფუძველზე ყველა კონკრეტულ შემთხვევაში მცირე სიმძლავრის ჰესების, კოგენერაციული და ბიოგაზის დანადგარების კომპლექსური გამოყენების საფუძველზე შესაძლებელია დასახლებული ობიექტის ენერგოუზრუნველყოფის მუშა პროექტის მომზადება.

*  *  *

ახლა, როდესაც საქართველოს ენერგეტიკის რადიკალური განახლება იწყება, ჩვენ უნდა ავირჩიოთ ჩვენი საკუთარი გზა, ჩამოვაყალიბოთ საკუთარი ენერგეტიკული პოლიტიკა. სწორად დაგეგმილი სტრატეგიის შემთხვევაში, იმ დროს როდესაც მსოფლიოს ყველა წამყვანი ქვეყნები მთელი ძალისხმევით ცდილობენ თავიანთ ენერგეტიკულ ბალანსში მაქსიმალურად გაზარდონ „მწვანე ენერგიის’’ წილი, ჩვენ, მოწინავეთა რიგებში აღმოვჩნდებით.

ენერგოდეფიციტური რეგიონებისათვის, ენერგომომარაგების ახალი სტრატეგია, მდგომარეობს იმაში, რომ გარდა იმ უმნიშვნელო გამონაკლისისა, როდესაც დასახლებული პუნქტის მიერთება ცენტრალური ენერგომომარაგების ქსელზე ეკონომიკურად უფრო მომხიბლავია, დასახლებული ობიექტების უმეტესობა ადგილობრივი რესურსების საფუძველზე, ავტონომიურ ენერგოუზრუნველყოფას უნდა ეფუძნებოდეს.

ამ ამოცანებიდან გამომდინარე, წინასწარი მონაცემების საფუძველზე, ძირითადად ყურადღება უნდა გამახვილდეს სამ ალტერნატიულ წყაროზე: მცირე ჰიდროელექტროსადგურები, მზის ენერგია და ბიოენერგეტიკა. კონსულტაციების საფუძველზე ჩამოყალიბებული, საერთო მოსაზრების თანახმად დადგინდა, რომ პროექტის ინტერესებში მოქცეული (ავტონომიური ენერგომომარაგების), პრობლემატიკის ფარგლებში, ქარის ენერგეტიკული გამოყენების პოტენციალი უმნიშვნელოა და პრაქტიკულ ინტერესს არ წარმოადგენს

ცნობილია, რომ ყველა სახის, აკუმულირებული და მით უმეტეს, განახლებადი ენერგეტიკა საბოლოო ჯამში მზის გამოსხივებას უკავშირდება. დედამიწის წილად მოსული მზის სხივური ენერგია 35000-ჯერ აჭარბებს დღევანდელი მსოფლიოს წლიურ ენერგომოხმარებას. აქედან გამომდინარე მუდმივად მიმდინარეობს უშუალოდ მზის ენერგიის ელექტრულ და სითბურ ენერგიებად გარდაქმნის მცდელობა. დღეისათვის ცნობილია მზის ენერგიის გამოყენების სამი ძირითადი მიმართულება:

მზის ენერგიის პირდაპირი გარდაქმნა ელექტრულ ენერგიად (ფოტოვოლტაიკები); მზის ენერგიის სითბურ ენერგიად გარდაქმნა; თერმოდინამიური ციკლის საფუძველზე, მზის ენერგიის ელექტროენერგიად გარდაქმნა. (პროექტის ფარგლებში არ განვიხილავთ), თუ გავითვალისწინებთ, რომ ენერგიის აღნიშნული წყაროები ეკოლოგიურად სუფთა და ექსპლუატაციაში კომფორტულებია, ტექნიკური თვალსაზრისით მზის ენერგიის გამოყენება სასურველი და შესაძლებელია. უნდა ვივარაუდოთ, რომ მათ, განვითარების კარგი პერსპექტივა აქვს. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ერთეული სიმძლავრის ფასი ჯერ კიდევ საგრძნობლად მაღალია. ასე რომ, ჯერჯერობით, მიუხედავად ამ სფეროში არსებული მნიშვნელოვანი წარმატებებისა, ფართომასშტაბიანი პრაქტიკული გამოყენების მხრივ, ჩვენს რეალობაში ძვირად ღირებული ფუფუნებაა (მაგალითად მზის ფოტოელექტუროგარდამქმნელი  სისტემის ღირებულებაა 5-7 დოლარი ვატზე).

მთლიანობაში დედამიწაზე ნარჩენების ყოველწლიური საერთო მასა 220 მილიარდი ტონაა. ყოველგვარი მცენარეული და ცხოველური წარმოშობის ორგანული ნივთიერებები, ხე-ტყის დამამზადებელი, გადამამუშავებელი წარმოებების, ადამიანებისა და ცხოველების საყოფაცხოვრებო ნარჩენები, ერთიანობაში ბიომაა.

ბიომასა შეიძლება გარდაიქმნას, როგორც თხევად ასევე აირად საწვავად, ან გარდაქმნის გარეშე დაიწვას. ბიოენერგეტიკა განახლებადი ენერგიის ერთ ერთი ყველაზე ხელმისაწვდომი და პერსპექტიული მიმართულებაა. პროგნოზების თანახმად უახლოეს მომავალში მისი წილი საერთო, მსოფლიო ენერგეტიკულ ბალანსში 8-9%-ი იქნება. იმის გათვალისწინებით, რომ თავისუფალი ენერგიის დაგროვება და შენახვა რთული პრობლემაა, ბიოენერგეტიკის უპირატესობა განახლებადი ენერგიების სხვა ფორმებთან შედარებით იმაში მდგომარეობს, რომ მისი სერიოზული ოდენობით აკუმულირებაა შესაძლებელი.

ყველაზე მეტად გავრცელებულია ბიომასიდან ბიოგაზის მიღების მეთოდი, თუმცა ხშირ შემთხვევებში ბიორესურსს, ძირითადად შეშას, პირდაპირ წვავენ. როგორც შეშის ბაზრის მონიტორინგით და გამოკითხვით ირკვევა, უკანასკნელი წლების ენერგეტიკულ ბალანსში შეშის მოხმარების საშუალო წლის მაჩვენებელი 3,2 მილიონ მ3-ია და ექსპერტული შეფასებით დაუშვებლად მაღალია. ამჟამად მდგომარეობა ოდნავ გაუმჯობესდა, მაგრამ ტყის არალეგალური გაკაფვა მაინც მნიშვნელოვან პრობლემად რჩება.

ზემოაღნიშნული სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზების გამო, შეშა ყველაზე უფრო ხელმისაწვდომია მოსახლეობისათვის და ამის შედეგად მისი უკონტროლო დამზადება, შეშის მცოცავი ბაზრების მომრავლება და დატაცება, ტყის მასივების მასიური გაჩეხვის საფრთხეს ქმნის.

ავტონომიური ენერგომომარაგება

სამომავლო ორიენტირების ძიების პროცესში ექსპერტებმა დაადგინეს, რომ მეჩხერი დასახლების პირობებში ენერგორესურსებით მომარაგების უზრუნველსაყოფად, უმეტესწილად ცენტრალიზებული სისტემების და ქსელების გამოყენება ეკონომიკური გაანგარიშებით არამიზანშეწონილია. სწორედ ამ თავისებურებების გათვალისწინებით ცხადი გახდა, რომ ენერგო უზრუნველყოფისათვის უპირატესობა უნდა მიენიჭოს ენერგიის გენერაციის საშუალებების და ქსელების ავტონომიურ სქემებს, რისთვისაც აუცილებელია არსებული ალტერნატიული ენერგორესურსების გამოყენება.

შეიძლება ითქვას, რომ ავტონომიური ენერგომომარაგება, თავისი აშკარად გამოსახული დადებითი მხარეებით, რაც პირველ რიგში ენერგეტიკული უსაფრთხოების დივერსიფიცირებაში გამოიხატება, სწრაფად იმკვიდრებს ადგილს, როგორც ენერგეტიკის ერთერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, ამასთან ის არ განიხილება, როგორც მძლავრი ენერგეტიკის ალტერნატივა, უბრალოდ ეს ორი მიმართულება წარმატებულად ავსებს ერთმანეთს.

მცირე ენერგეტიკის განვითარება აქტუალური, განსაკუთრებით საქართველოს მაღალმთიანი რეგიონებისათვისაა, სადაც ხშირ შემთხვევაში, ლოკალური ენერგოსისტემის შექმნა, ცენტრალიზებულ ენერგოუზრუნველყოფაზე უფრო მომგებიანია, ხოლო ზოგჯერ მოსახლეობის ენერგიით მოსამარაგებლად ერთადერთი პირობაა.

წინამდებარე პროექტის მიზანია, დეცენტრალიზებული რეგიონების ენერგიით მომარაგების, ძირითადად განახლებადი ენერგიის წყაროებით უზრუნველყოფის, ტექნიკურ-ეკონომიკური პირობების რენტაბელობის შესწავლა:

— არსებული მონაცემების გათვალისწინებით რეალურ პირობებთან მისადაგებით ჰიდროენერგეტიკული პოტენციალის განსაზღვრა;

— ენერგიის ალტერნატიული წყაროების, მათ შორის ბიოენერგეტიკის პოტენციალის განსაზღვრა, მათი მეშვეობით ავტონომიური ენერგოუზრუნველყოფის მიზნით;

— აუცილებელია საყოფაცხოვრებო სექტორში ენერგოეფექტურობის პოტენციალის მაქსიმალური გამოყენება და ენერგოდაზოგვის ტექნოლოგიური პოტენციალის სრულყოფა;

ენერგიის განახლებადი წყაროების მეშვეობით დეცენტრალიზებული ენერგომომარაგების პროექტირება შემდეგ ფაქტორებს უნდა ითვალისწინებდეს:

– ენერგიის აუცილებელი მოცულობები;

– ადგილობრივი განახლებადი რესურსების პრიორიტეტები;

– ეკონომიკური ეფექტურობა;

– სოციალური და ეკოლოგიური ასპექტები;

– ორგანიზაციული საკითხები.

პროექტის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ყველა აღნიშნული ფაქტორის გათვალისწინებით, საბოლოო გადაწყვეტილება, ქვემოთ ჩამოთვლილი მეთოდებიდან ერთერთის ან კომბინირებული სქემის სასარგებლოდ მიიღება.

ცენტრალიზებული ელექტრომომარაგება;

მინი ან მიკრო ჰიდროელექტრო სადგურები;

ბიოენერგეტიკული დანადგარები;

მზის ენერგიის გარდამქმნელები;

განახლებად რესურსებზე დაფუძნებული ენერგოდანადგარები უპირატესად მცირე სიმძლავრეებზე არიან ორიენტირებული: მცირე და მიკროჰესები; ფოტოელექტრო გარდამქმნელი (ფოტოვოლტაიკები) პანელები და მზის კოლექტორები; ბიორეაქტორები და მცირე სიმძლავრის კოგენერატორები; ეს ის ტექნიკური ბაზაა, რომელთა დანერგვის საფუძველზეც შესაძლებელია წინამდებარე პროექტთან დაკავშირებული პრობლემების წარმატებით გადაჭრა, ცენტრალიზებული მომარაგების გარეშე დარჩენილი დასახლებული პუნქტების ენერგოუზრუნველყოფა.

არსებული ენერგეტიკული  მდგომარეობის მიმოხილვა

გარდამავალი ეკონომიკის მიმდინარე პერიოდში საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში შექმნილი არაორდინალური დაბრკოლებების ფონზე, საერთაშორისო ორ-განიზაციებმა დიდი ყურადღება დაუთმეს საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში სხვადასხვა სახის დახმარების პროექტების განხორციელებას, რომლის შედეგად დაჩქარდა დარგის შემადგენელი სტრუქტურების რეფორმები. მეტნაკლებად აღდგენილია ბუნებრივი გაზის ინფრასტრუქტურა და ელექტროენერგიის გენერაციის ობიექტები, ტრანსპორტირების ქსელი და გამანაწილებელი საშუალებები.

მიუხედავად აღნიშნული პროგრესისა, ჯერ კიდევ ძალზე დაბალია ენერგიის მომხმარებელთა გადახდისუნარიანობა. საქართველოს იმ რაიონებშიაც კი სადაც ენერგიით უზრუნველყოფა, ტექნიკური თვალსაზრისით, პრობლემას არ წარმოადგენს, მომხმარებელი (მოსახლეობა), მსყიდველობითი უნარის შეზღუდვის გამო ვერ იძენს საჭირო მოცულობის ენერგიას.

ბაზარზე საგრძნობია თანაბარკალორიული ენერგიაშემცველების ფასების დისპროპორცია, ამდენად ქვეყნის ენერგეტიკულ ბალანსში შეშის, როგორც საყოფაცხოვრებო სექტორის ძირითადი რესურსის წილი ძალზე დიდია.

ქვეყნის მნიშვნელოვან ნაწილში ფაქტიურად არ ფუნქციონირებს გაზისა და ელექტროენერგიის ცენტრალიზებული ქსელები და კომუნიკაციები. ძალზე მაღალია მიგრაციის ტემპები, ვინაიდან ძალზე დაბალია მოსახლეობის ენერგიაშემცველებით უზრუნველყოფის მაჩვენებლები. მოსახლეობისათვის ხელმისაწვდომია მხოლოდ მერქანული საწვავი.

ცნობილია, რომ ეკონომიკურად განვითარებულ ქვეყნებში, როგორც წესი, დადგენილია მინიმალური (საარსებო) ენერგეტიკული კალათის ნორმები, რომლის უზრუნველყოფა მოსახლეობის სოციალური დაცვის შემადგენელი კომპონენტია. საქართველოში განხორციელებულ საპილოტო პროექტებზე დაყრდნობით (უცხოური პროექტები) და საქართველოს კლიმატური პირობების გათვალისწინებით, ერთი საშუალო ოჯახის მინიმალური (საარსებო) ენერგეტიკული კალათა წელიწადში 1150 კგ. პირობით სათბობათ არის შეფასებული (4 სულიანი ოჯახი), რაც გადანაწილებულია: გათბობაზე, ცხელი წყლით მომარაგებაზე, კვების პროდუქტების დამზადებაზე და საყოფაცხოვრებო ტექნიკის გამოყენებაზე.

(1-ტ.ნ.ე. (ერთი ტონა ნავთობის ექვივალენტი) ტოლია 41,868 გჯ ან 11,63 მგვტ.სთ.)

ორგანული წარმოშობის საწვავის (ბუნებრივი და თხევადი გაზი, ნავთი, დიზელი, მყარი საწვავი და დანარჩენი), წილი ენერგიის წლიური მოხმარების ბალანსში 950 კგ.პ.ს-ით არის შეფასებული, ხოლო ელექტროენერგიის წილობრივი მონაწილეობა საოჯახო ენერგეტიკულ კალათაში მიღებულია 200 კგ. პ.ს. დონეზე. როგორც ირკვევა, საოჯახო ენერგეტიკული კალათის ტრადიციულ რესურსებად მიღებულია ძირითადად შემდეგი სახის ენერგორესურსები: ელექტროენერგია, ბუნებრივი გაზი და მერქანული საწვავი (შეშა).

ენერგეტიკული მოხმარების სტრუქტურა

ექსპერტებმა ჩატარებული დათვალიერებისა და გამოკითხვების შედეგად დააზუსტეს რეალური, ძირითადი  ენერგეტიკული რესურსების წილობრივი განაწილება:

ა) ელექტროენერგია — 94.2 კგ.პს

ბ) ბუნებრივი გაზი — 171.0 კგ.პს.

გ) შეშა — 978,0 კგ.პს.

როგორც ამ მონაცემებიდან ირკვევა, ერთ კომლზე სამივე რესურსის ჯამი წელიწადში 1243 კგ. პირობით საწვავს შეადგენს. თუ ამ მონაცემებს შევადარებთ საოჯახო ენერგეტიკული კალათის საერთაშორისო მაჩვენებლებს და საანგარიშო ნორმებს, რომელიც ჩვენს პირობებში 1150 კგ პ.ს-ით შემოიფარგლება, ცხადი გახდება, რომ მოსახლეობის საოჯახო ენერგეტიკული კალათა მთლიანად უზრუნველყოფილია. ამავდროულად საოჯახო ენერგორესურსების 79.8%-ის უზრუნველყოფა შეშის ხარჯზე ხორციელედება.

ამრიგად, მოსახლეობის საოჯახო ენერგეტიკული კალათა, თუნდაც მინიმალური მოთხოვნის დონეზე, მთლიანად არის დაბალანსებული. პრობლემას ქმნის მხოლოდ რესურსებს შორის არსებული დისბალანსი და ის ფაქტი, რომ ენერგეტიკული კალათის „ლომის წილი” შეშას უჭირავს. ამრიგად, ხშირად ამოცანა ენერგეტიკული რესურსების სწორ, სასურველ გადანაწილებაზე დაიყვანება. აქ ჩვენ იმის თქმა გვინდა, რომ საოჯახო ენერგეტიკული კალათის დასაბალანსებლად შეიძლება ნებისმიერი ხელმისაწვდომი რესურსის გამოყენება. ამასთან მხოლოდ ერთი რესურსის გამოყენების შემთხვევაში, წვის კუთრი სითბოს გათვალისწინებით, წელიწადში თითოეულ ოჯახს დასჭირდება:

ელექტროენერგია – 47941.2 X 103კჯ =13374.5 კვტ.სთ.

ბუნებრივი გაზი – 47941.2 X 103კჯ = 3621 მ3

ბიოგაზი (ბიოგაზის მქკ, ბუნებრივ გაზთან მიმართებაში = 0.7) 3621 მ3/0,7=5172 მ3.

შეშა – 47941.2 X 103კჯ = 15.62 მ3.

გათბობისათვის, ცხელი წყლის და კვების პროდუქტების მოსამზადებლად მისაღებია ენერგორესურსის ნებისმიერი ფორმა, გამონაკლისი მხოლოდ საოჯახო ტექნიკისათვის საჭირო (135 კგ.პ.ს) ენერგიაა, რომელიც აუცილებლად, ექვივალენტური (1570კვტსთ) ელექტროენერგიის სახით უნდა იყოს წარმოდგენილი.

სოფლებში, საერთო ფართის მიუხედავად, ზამთრის პერიოდში, სათბობის ეკონომიის მიზნით, როგორც წესი, სახლში ათბობენ ორ, იშვიათად სამ ოთახს. გათვლები შესრულებულია 50 კვ.მ ფართის (150 კუბ.მ მოცულობის) საცხოვრებლისათვის. წლის მანძილზე გათბობის მიზნით საჭირო იქნება 8640 კვტ.სთ. ენერგია. ბინის გასათბობად შეშის საწვავის გამოყენების შემთხვევაში:

1 კვტსთ ენერგიის მისაღებად არის საჭირო 0,3 კგ;

1 მ3  გამშრალი შეშის წონა შეადგენს 300კგ-ს, რაც 860 კვტსთ ექვივალენტურია;

13374.5 კვტ სთ ენერგიის მისაღებად იქნება საჭირო 15.62 მ3  შეშა, რომლის 1მ3  ფასი (ადგილზე დამოკიდებულებით) არის 30(50 ლარი; სულ საჭიროა: (30(50)15.62=470) 780 ლარი.

არატრადიციული ენერგეტიკის მიმართულება, რომელიც ჩვენი აზრით აუცილებლად უნდა დაინერგოს სოფლებში და რომელიც ჩვენს მიერ შეშის ალტერნატივად მოიაზრება, ნარჩენებთან, ან მწვანე მასასთან დაკავშირებული ბიოენერგეტიკაა.

მთიანი სოფლების მოსახლეობა ფიზიკურ არსებობას მეცხოველეობით ინარჩუნებს, ფერმერებს წლის განმავლობაში ტონობით ნაკელი და წუნწუხი უგროვდება, რომელსაც გადამუშავების გარეშე იყენებს. სოფლებში საერთოდ არ არსებობს ნაკელსაცავები ან ნაკელის გადამუშავების საშუალებები. ნარჩენები უშუალოდ საკარმიდამო ნაკვეთში, საცხოვრებელის მიმდებარე ტერიტორიაზე გროვდება. აღნიშნულის გამო ღია სივრცეში გაიფრქვევა მეთანის მნიშვნელოვანი ოდენობა, რომელიც ჩვენი ატმოსფეროსთვის 20-ჯერ უფრო მავნებელია – ვიდრე ნახშირჟანგი.

ნარჩენები აბინძურებს გარემოს და რაც მთავარია, უნიკალურ მდინარეებს, რომლებსაც მოსახლეობა სასმელად იყენებს. აქედან გამომდინარე ბუნებრივად, თავისთავად წამოიშობა ნარჩენების უტილიზაციის საკითხი, რომელიც ზოგადად, მნიშვნელოვანი პრობლემაა.

უტილიზირებული ნარჩენებიდან ენერგიისა და სასუქების მიღებაზე (მარგი ქმედების კოეფიციენტის გაუმჯობესებაზე) დღეს მსოფლიოს ყველა წარმატებული ქვეყნების მეცნიერები ასევე წარმატებულად მუშაობენ. მეცნიერები მუდმივად ფიქრობენ, თანამედროვე ტექნიკური გადაწყვეტილებების შემუშავებაზე, ბიოგაზის გამოსავლის გაზრდის მიზნით, ბიორეაქტორის კონსტრუქციის მოდიფიცირებასა და სრულყოფაზე. რამაც არსებითად ამაღლებულიყო წარმოების ორგანული პროდუქტების გარდაქმნის პროცესები და ცხოველმოქმედება განაპირობა. სახელდობრ ამ პროდუქციების ორგანული ნივთიერების გარდაქმნის მაღალი ხარისხი საბოლოოდ იძლევა სასუქების და ბიოგაზის მაღალ გამოსავალს, რომლისთვისაც დამახასიათებელია უნიკალური თვისებები. საბოლოოდ მომხმარებელი ღებულობს მაღალხარისხოვან ორგანულ სასუქს და ბიოგაზს.

საწვავი გაზი (ბიოგაზი): მეთანის 70%-ისა და ნახშირორჟანგის 30%-ს ნარევისაგან.

— ორგანული სასუქი.

ამრიგად, ფერმერული მეურნეობა განიხილება არა მარტო როგორც ენერგიის მომხმარებელი, არამედ როგორც მისი წარმოების წყარო. ხოლო ახალი ტექნოლოგიებით გადამუშავებული ნარჩენები, როგორც მაღალი ხარისხის სასუქი, ეკოლოგიურად სუფთა, ბუნებრივი შემცველობის ორგანული დანამატების სახით, გახდება ბიოკლიმატური პოტენციალის და მთის ეკოსისტემების რაციონალური და ეფექტური გამოყენების და მოსახლეობის შემოსავლების სტრუქტურის შეცვლის, კერძოდ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტების წარმოების საწინდარი.

ბიორეაქტორიდან მიღებულ ბიოგაზზე, უპრობლემოდ მუშაობს ენერგეტიკის, გენერაციის ისეთი ეფექტური და რაც მთავარია, ავტონომიური ენერგომომარაგების სიტუაციასთან მისადაგებული წყარო, როგორიც კოგენერატორია.

კოგენერატორული დანადგარები, ეს ჩვეულებრივი თბოელექტრო სადგურებია, სადაც პირველადი წყაროდან მიღებული ენერგია ორი სახის-ელექტრულ და სითბურ ენერგიად გარდაიქმნება და ხდება მათი მაქსიმალური, ერთდროული მოხმარება, რის შედეგადაც დანადგარის სრული მარგი ქმედების კოეფიციენტი 90-92%-ს აღწევს.

კოგენერატორული დანადგარი იდეალურად მიესადაგება მთის მცირედ დასახლებული სოფლების ენერგოუზრუნველყოფის პრობლემებს, განსაკუთრებით ზამთრის პირობებისათვის, როცა მთავარი პრობლემა გათბობაა. თუმცა თუ გავითვალისწინებთ, რიგი რეგიონების ცენტრალიზირებული ელექტრომომარაგების არასაიმედოობას და მაღალ ტარიფებს კოგენერატორული დანადგარები შეიძლება გამოვიყენოთ ნებისმიერი ფუნქციით. მათ შორის, როგორც ენერგიის დამხმარე წყარო. იმ რაიონებში სადაც არის ნორმალური გაზმომარაგება. ასეთ რეალობაში კოგენერატორის მეშვეობით 1 მ3  გაზით, დაახლოებით 10 კვტ.სთ. ჯამური ენერგიის (ელექტრული+სითბური) მიღება შეიძლება. შესაბამისად, ასეთი ენერგია, დაახლოებით, ორჯერ იაფი დაგვიჯდება. აქედან გამომდინარე კოგენერატორი არსებული ცენტრალიზირებული ელექტროქსელის საინტერესო ალტერნატივაა.

ამრიგად მთის სოფლებისათვის, განახლებად ენერგიებს შორის ყველაზე პერსპექტიულად ბიოენერგეტიკა მიგვაჩნია. აღნიშნული მიმართულების პოპულარიზაციის გზაზე (ტექნიკური პრობლემების გარდა) ორი ძირითადი ბარიერი იქნება დასაძლევი: ფსიქოლოგიური და ინფორმაციული.

აუცილებელია მოსახლეობამ გაათვითცნობიეროს, რა დიდი სიმძლავრის ენერგიას ფლობს თავისი ათეულობით სული მსხვილფეხა პირუტყვის სახით. ბიოდანადგარში გადამუშავებული, საქონლის ერთი ტონა ნაკელი 50-60 მ3 ბიოგაზს იძლევა, რაც 2.5 მ3  შეშის ექვივალენტურია. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ყოველ დღე, საძოვრებიდან დაბრუნებულ ძროხას 10-15 ლიტრ რძესთან ერთად, ნაკელის სახით, 10-15 კილოგრამი შეშის ექვივალენტური საწვავი მოაქვს. გარდა ამისა არ განადგურდება ტყე, არ ბინძურდება წყალი და ის რაც დღეს ნაგვად და ტვირთად მიგვაჩნია, იქცევა მატერიალურ სიკეთედ.

ამრიგად, დასკვნის სახით შეგვიძლია ჩამოვყალიბდეთ, რომ ჩვენს სოფლებში ბიოენერგეტიკის დანერგვის აუცილებლობას (რომ არაფერი ვთქვათ საკუთრივ მესაქონლეობის განვითარების სტიმულირებაზე) მკვეთრად გამოხატული ეკოლოგიური მოტივაცია აქვს. ჩვენი აზრით, სანიტარია – ჰიგიენის მდგომარეობის გაუმჯობესებას არანაკლები მნიშვნელობა აქვს, ვიდრე ენერგეტიკის პრობლემატიკის თუნდაც სრულად მოგვარებას.

ჩვენს რეალობაში, შესაძლებლად მიგვაჩნია, მსოფლიო გამოცდილების გათვალისწინებით, საქართველოში ბიოენერგეტიკის კომპლექსური დანიშნულებით დანერგვა, (მათ შორის გამწმენდი ნაგებობების) რაც მნიშვნელოვნად წაადგება ქვეყნის ეკონომიკის განვითარების ყველა პრიორიტეტულ დარგს: ენერგეტიკას (მოსახლეობის ლოკალური ენერგოუზრუნველყოფა); სოფლის მეურნეობას (მაღალი ხარისხის სასუქები); სოფელში (მცირე ბიზნესის) მცირე საწარმოების განვითარებას, ტურიზმს (ეკოლოგიურად სუფთა, მინერალური და სასმელი წყლები, ეკოლოგიურად სუფთა გარემო და კვების პროდუქტები). ყოველივე ზემოთ თქმულის გათვალისწინებით, სწორად დაგეგმილი სტრატეგიის შემთხვევაში: საქართველოს ყოველი სოფელი, ყოველი დასახლებული პუნქტი შეიძლება ეკოტურიზმის მიმზიდველ ობიექტად იქცეს.

სტატიაში ჩამოყალიბებული რეკომენდაციების რეალიზაცია მიგვაჩნია დასახული მიზნის მიღწევის წინაპირობად, რისთვისაც საჭიროა:

ტრადიციული ენერგომომარაგების ქსელის არსებობის შემთხვევაში მისი სრული რეაბილიტაცია.

ჰიდროენერგიის გამოყენების გაფართოება.

არატრადიციული ენერგიების დანერგვა.

ბოლოთქმა

სწორად დაგეგმილი სტრატეგიის შემთხვევაში: ყოველი სოფელი, ყოველი დასახლებული პუნქტი შეიძლება იყოს: „მწვანე ენერგიით” სრულად უზრუნველყოფილი, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტების მწარმოებელი და სოფლის ტურიზმის ობიექტად იქცეს. თავის მხრივ ტურიზმი, მასთან დაკავშირებული ყველა ეკონომიკური საქმიანობისათვის სტიმულის მიმცემია.

ამრიგად, მეტ წილ სოფლებში, სულ მცირე, ალტერნატიული ენერგიით მომარაგების ორი წყაროს დანერგვის რეალური წინაპირობაა: ჰიდრო და ბიოენერგეტიკა, რაც მცირე დასახლების ავტონომიური ენერგოუზრუნველყოფის გარანტირებულ პირობებს ქმნის.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ სოფლების ენერგოუზრუნველყოფა სადაც არის, როგორც ჰიდრო, ასევე ბიოენერგეტიკის კომპლექსური გამოყენების საშუალება. ამ შემთხვევაში შესაძლებელია ბიოგაზზე მომუშავე კოგენერატორის და ჰიდროაგრეგატის პარალელურ რეჟიმში მუშაობის სქემის განხორციელება, რაც ენერგოუსაფრთხოების თვალსაზრისით იდეალური რეჟიმია. იმავდროულად, ცხადია ამ შემთხვევაში საუბარია უკვე არა უბრალოდ, ენერგიით მინიმალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაზე, არამედ ენერგოუზრუნველყოფის საფუძველზე, ახალი საწარმოო საშუალებების ამოქმედებაზე.

ვფიქრობთ, რომ ჩვენს მიერ შემოთავაზებული მოდელი, დღევანდელ რეალობაში, გარკვეულ წილად ერთგვარი პანაცეა შეიძლება გახდეს ერთდროულად ორი პრობლემის მოსაგვარებლად: მოსახლეობისათვის მეტნაკლებად კომფორტული პირობების შექმნა და გარემოს ეკოლოგიური უსაფრთხოების უზრუნველყოფა.

პროექტის საბოლოო მიზანია ღონისძიებათა კომპლექსის შემუშავება, რომელთა განხორციელებაც უზრუნველყოფს ადგილებზე არსებული ენერგეტიკული პოტენციალის ეფექტურად გამოყენებას, რაც ხელს შეუწყობს, სოფლის მეურნეობის, არსებული და ახალი ობიექტების ამოქმედებას, ტურისტული ბიზნესის განვითარებას, გაზრდის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას, მოახდენს ენერგომომარაგების სტაბილიზაციას და უწყვეტობის იმედიანობას, აგრეთვე ენერგეტიკული წყაროების დივერსიფიცირებას. ყოველივე ზემოთაღნიშნული დადებითად იმოქმედებს ცალკეული ოჯახების შემოსავლებზე და კეთილდღეობაზე.

ავტორები მადლობას უხდიან ბატონ შალვა ზარანდიას საკითხის განხილვაში აქტიური მონაწილეობისათვის.

ანზორ დუნდუა,

ფიზიკა-მათემატიკის აკადემიური დოქტორი;

ნუგზარ უფლისაშვილი,

ენერგეტიკის აკადემიის ნამდვილი წევრი.