ხურმის მოსავლის აღება, შენახვა, ხურმის ჩირი
ხურმის ნაყოფის კრეფის დრო დამოკიდებულია როგორც ჯიშზე, ისე მათი გამოყენების პირობებზე.
ხიაკუმეს ნაყოფის კრეფა დასაშვებია მათი სრული გაყვითლების შემდეგ. ფუიუს გასაგზავნად ან შესანახად გამიზნული ნაყოფები იკრიფება უფრო ადრე, სრულ სიმწიფეში შესვლამდე. ჰაჩია იკრიფება მაშინ, როდესაც ნაყოფის ზედაპირის ორი მესამედი შეწითლდება.
ნაყოფის ტრანსპორტირების დროს უნდა ვერიდოთ მაღალ ტემპერატურას.
ხურმის ნაყოფის შესანახად ოპტიმალურ ტემპერატურად ითვლება 0-20C და 85-95% ფარდობითი ტენიანობა. ამ პირობებში ნაყოფი ინახება თებერვლამდე.
ხურმა ეთილენის მიმართ მგრძნობიარე ხილია, ამიტომ მისი შენახვისას აუცილებლად გათვალისწინებული უნდა იქნას საწყობის ეთილენისგან გაწმენდის აუცილებლობა. საწყობში მოწყობილი უნდა იყოს ჰაერის ვენტილაციის სისტემა.
არამწკლარტე ჯიშები – „ხიაკუმე“ (კარალიოკი) და „ფუიუ“ – ძალიან მგრძნობიარეა ოპტიმალურზე მაღალ ტემპერატურაზე შენახვის მიმართ, ამ დროს მათი შენახვისუნარიანობა მკვეთრად ეცემა. მწკლარტე ჯიშები – „ჰაჩია“ და სხვა – ნაკლებად მგრძნობიარეა ასეთი პირობებისადმი.
ხურმის ჩირი
ხურმის ჩირის დამზადება შესაძლებელია, როგორც ბუნებრივ პირობებში, ასევე საშრობი კამერების გამოყენებით. შრობის პროცესი უნდა მიმდინარეობდეს 50-600C ტემპერატურაზე, რომელმაც თანდათანობით უნდა მიაღწიოს 70-750C-ს.
1 კილოგრამი ჩირის მისაღებად საჭიროა საშუალოდ 4-6 კილოგრამი ხურმის ნაყოფი. ხურმის ჩირის საბაზრო მოთხოვნილება და სარეალიზაციო ფასი საკმაოდ მაღალია, რაც თავისთავად აჩენს ინტერესს ფერმერულ მეურნეობებში ამ კულტურის ფართოდ გავრცელების შესაძლებლობებზე.
როდესაც ხურმა სიმწიფეში შესვლას და დარბილებას დაიწყებს, უნდა, გავრეცხოთ გავთალოთ და ყუნწით ავკინძოთ სქელ ძაფზე და მზეზე გავკიდოთ ისე, რომ ხილი ერთმანეთს არ ეხებოდეს.
მზეზე ხილის დაჩირებას დაახლოებით 2-4 კვირამდე სჭირდება, შემდეგ კი სასურველ კონდიციამდე მისული ნაყოფი გრილ, მშრალ და დახურულ ადგილას უნდა შევინახოთ ან მივირთვათ.
მზეზე გამომშრალ პროდუქტს უფრო უკეთესი გემო და მაღალი კალორიულობა აქვს.
/ზაურ გაბიჩიძე/, სოფლის მეურნეობის დოქტორი