კიტრის მოვლა-მოყვანა
კიტრი ფაქიზი მცენარეა და, უმჯობესია, ღია გრუნტში ტორფის ან ქაღალდის ჭიქით გადავიტანოთ, რათა ჩითილის ფესვმა ამოღებისას სტრესი არ მიიღოს. იგივე შეიძლება ითქვას გოგრაზე, ნესვზე, ყაბაყსა თუ პატისონზე.
კიტრი ერთწლოვანი, ორლებნიანი მცენარეა, გოგრისებრთა ოჯახიდან, მხვიარა ღეროთი. კიტრის დამტვერვას ახდენენ მწერები (ფუტკრები). საკვებად გამოიყენება მოუმწიფებელი ნაყოფები. მცენარის განვითარებისათვის აუცილებელია თბილი კლიმატური პირობები, არანაკლებ +12, +150C. კიტრი ყველაზე უკეთ იზრდება +25, +300C ჰაერისა და ნიადაგის +20, +25ºC ტემპერატურის დროს. 1 გრამი კიტრის თესლი 30-35 მარცვალს შეიცავს.
ცივ ნიადაგში კიტრის ფესვთა სისტემა ცუდად ფუნქციონირებს, განვითარება წყდება და მცენარე იღუპება. როგორც უკვე აღვნიშნეთ, მცენარე განსაკუთრებით კარგად ვითარდება ჰაერისა და ნიადაგის მაღალი ტემპერატურისა და შესაფერისი ტენიანობის დროს.
გამოხშირვის შემდეგ მცენარეებს უტარდება გამოკვება მინერალური და ორგანული სასუქებით. მინერალური გამოკვებისას 10 ლიტრ წყალში იხსნება 15 გ. შარდოვანა ან 20 გ. ამონიუმის გვარჯილა, 30 გ. სუპერფოსფატი და 20 გ. კალიუმის სულფატი. ხსნარის ეს რაოდენობა გათვალისწინებულია 2მ2-ზე. ორგანული სასუქით გამოსაკვებად გამოიყენება 1:10 წყალში გახსნილ ნაკელი, ან 1:5 წუნწუხი – 5 ლიტრი 1მ2– ზე. გამოკვების შემდეგ მცენარეებს რწყავენ სუფთა წყლით, რათა მცენარეთა ფოთლებიდან ჩამოირეცხოს სასუქის ნარჩენები, შესაძლო დამწვრობის თვიდან ასაცილებლად. აუცილებელია, მორწყვის რეგულარულად ჩატარება, რათა მცენარე არ დაჭკნეს და ნიადაგი არ გამოშრეს. თბილ, მზიან დღეებში კიტრი უფრო ხშირად ირწყვება. ჰაერის ტენიანობის გასაზრდელად, ნიადაგი ირწყვება მზეზე შემთბარი წყლის მცირე ნორმებით, დაწვიმების სისტემის გამოყენებით. დაუშვებელია კიტრის მორწყვა 100C-იანი წყლით, რადგან ამ დროს მცენარეები ფესვის სიდამპლით ავადდებიან.
რწყვის დრო და ნორმა ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. გვალვიან ზაფხულში რწყავენ ხშირად, წვიმიანში – იშვიათად. მორწყვის ნორმა, აგრეთვე, დამოკიდებულია მცენარის მდგომარეობაზე. ახალგაზრდა მცენარეები ცოტა წყალს მოიხმარენ და მათი მორწყვა ზომიერად ხდება (5-10 ლიტრი 1მ2-ზე). ყვავილობის ფაზაში რწყვას წყვეტენ და აახლებენ მსხმოიარობის დაწყებისას, გაზრდილი ნორმებით (15-20 ლიტრი მ2-ზე). მორწყვის შემდეგ ხდება რიგთაშორისების გაფხვიერება, რათა არ წარმოქმნას ქერქი და შემცირდეს აორთქლება.
თუ ამინდის პირობების გამო (დროებითი აცივება) კიტრის მიწისზედა ნაწილები არ ვითარდება, საჭიროა მცენარის ფოთლებიდან გამოკვება მინერალური სასუქების სუსტი კონცენტრაციის ხსნარით. 10 ლიტრ წყალში ხსნიან 5 გრამ შარდოვანას, სუპერფოსფატის 12 გრამს და კალიუმის ქლორიდის 7 გრამს. მცენარეებს ამუშავებენ ზურგის აპარატით, ხარჯვის ნორმა – 0,5 ლიტრი ხსნარი 1მ2-ზე.
კიტრის მოსავალი და მოკრეფა
მცენარეები მსხმოიარობას იწყებენ დათესვიდან 40-50 დღის შემდეგ. ამ დროიდან აუცილებელია ნაყოფების რეგულარული კრეფა, ხოლო მასიური მსხმოიარობის პერიოდში ყოველდღე ან ყოველ 2 დღეში ერთხელ. იკრიფება არა მარტო სასაქონლო სახის მქონე ნაყოფი, არამედ დეფორმირებული (მოღუნული), ავადმყოფი, დაზიანებული და გადაზრდილი ნაყოფებიც, რადგან ისინი ფიტავენ მცენარეს და აფერხებენ ახალი ნასკვების წარმოქმნას.
ნაყოფი უნდა მოიკრიფოს ფრთხილად, დიდი თითის ყუნწზე დაჭერით. ამასთან, ყუნწი რჩება მცენარეზე. დაუშვებელია კიტრის გამოქაჩვა, გადაგრეხვა. აგრეთვე, დაუშვებელია ნამხრევების ფეხით გათელვა – მათ ფრთხილად გადაწევენ გვერდზე.
პირველი საშემოდგომო წაყინვის შემდეგ იკრიფება ყველა ნაყოფი, მათ შორის პატარებიც (კორნიშონი, პიკული). კიტრის საშუალო მოსავლიანობა ღია გრუნტში შეადგენს 2-3 კგ 1 მ²-ზე.
კიტრის ჯიშები
კიტრს სათბურში (დახურულ გრუნტში), უმეტესად, ზამთარ-გაზაფხულის კულტურათბრუნვაში აწარმოებენ. იანვარ-თებერვლიდან ივლის-აგვისტომდე, უმეტესად, მოსავლიანი და დაავადებების მიმართ გამძლე ჰიბრიდები გამოიყენება.
„ზაზულია“ – საადრეო, საშუალოდ დატოტვილი ჰიბრიდია. მსხმოიარობაში შედის აღმოცენებიდან 50 დღეში. ისხამს ცილინდრული ფორმის, 16-20 სმ სიგრძისა და 150-170 გრამიან ნაყოფებს, ხორკლიანი ზედაპირით.
„აპრელსკი“ – ყველა მონაცემით „ზაზულიას“ მსგავსი ჯიშია.
„სიურპრიზი 66“ – საშუალო სიმწიფის, საშუალოდ ფოთლიანი და დატოტვილი მცენარეა. ისხამს ცილინდრული ფორმის ნაყოფებს, ხორკლიანი ზედაპირით. ნაყოფის სიგრძე 14-18 სმ-ია, ხოლო წონა – 100-120 გრ.
„მაისკი“ – საადრეო, ფუტკარმტვერია (არაპართენოკარპული) მცენარეა. მსხმოიარობას იწყებს აღმონაცენის გამოჩენიდან 50-55 დღეში. მცენარე ძლიერ მზარდია, ნაკლებად დატოტვილი. ნაყოფები ცილინდრულია, სიგრძით 17-20 სმ, წონით – 180-200 გრ.
„კრისტალი“ – საადრეო ფუტკარმტვერია (არაპართენოკარპული) მცენარეა. პირველი ნაყოფები აღმოცენებიდან 50-55 დღეში ფორმირდება და ახასიათებს ერთდროული შემოსვლა. ნაყოფი ოვალურ-ცილინდრული ფორმისაა, სიგრძით 20-25 სმ, წონით – 180-260 გრ.
„ევოლუცია“ _ საადრეო (პართენოკარპული) ჯიშია. პირველი ნაყოფები აღმოცენებიდან 50 დღეში ფორმირდება. ახასიათებს ერთდროული შემოსვლა და კარგი გემო. ნაყოფის სიგრძე 20-25 სმ-ია, მასა – 180-200გრ.