აგრარული განათლებადარგებიმებაღეობა

კლონურ საძირეთა სადედეები და საკალმე სადედე ბაღი (რეკომენდაციები)

სანერგე მეურნეობის სათესლე მასალით, საძირეთა თესლით გამრავლებისა და მყნობისათვის საჭირო საკვირტე მასალით უზრუნველყოფას სადედე განყოფილება ახორციელებს, რომელიც თავის მხრივ შედგება ორი ნაკვეთისაგან: სათესლე განყოფილებისა  და საკალმე ბაღისაგან.

სათესლე სადედე ბაღში წარმოებს საძირეთა გასამრავლებლად საჭირო თესლის დამზადება. ამიტომ სანერგეების გადაუდებელ ამოცანად უნდა ჩაითვალოს საკუთარი სათესლე-სადედე ბაღების მოწყობა, სადაც გაშენდება ხეხილოვან კულტურათა შერჩეული გარეული ფორმები ან კულტურული ჯიშები. ეს უდაოდ ხელს შეუწყობს დამზადებული თესლისა და საძირეთა ხარისხის გაუმჯობესებას. სადედე ბაღების გაშენებისას საჭიროა გავითვალისწინოთ, რომ დასარგავ მასალად უმჯობესია არა ნათესარების, არამედ წინასწარ შერჩეული 3-4 უკეთესი ფორმის ან ჯიშის ნამყენის გამოყენება. ეს საშუალებას მოგვცემს მივიღოთ შედარებით ერთგვაროვანი დამზადებული სათესლე მასალა და შესაბამისად საძირეები. ზრდის გაძლიერებისა და მოსავლის გადიდების მიზნით სათესლე ბაღებში აგროტექნიკური ღონისძიებები უნდა ტარდებოდეს ისევე მაღალ დონეზე, როგორც ჩვეულებრივ ბაღებში.

საკალმე სადედე ბაღის ძირითადი დანიშნულებაა სანერგე მეურნეობის საჭირო რაოდენობით საკვირტე მასალით უზრუნველყოფა. ასეთი ბაღები ყოველ სანერგეს უნდა გააჩნდეს, რათა უზრუნველყოფილი იყოს საკალმე მასალის საჭირო რაოდენობით, ამასთან დარწმუნებული იყოს დამზადებული საკალმე მასალის ჯიშური შედგენილობის სიწმინდეში. საკალმე ბაღების გაშენების დროს, გასათვალისწინებელია ბაღი გაშენებული იყოს იმ კულტურებითა და ჯიშებით, რომლებიც დარაიონებული არიან მოცემულ მეხილეობის ზონაში.

კლონურ საძირეთა სადედეები

ვეგეტატიურად კლონური საძირეების მიღება წარმოებს სპეციალურად მოწყობილ სადედეში, სადაც ტარდება ამონაყრებით, გადაწვენით ნერგების გამრავლება, რომლის უპირატესობა არის ნათესარებთან შედარებით თანაბარი ღირებულების სარგავი მასალის მიღება.

საძირეთა სადედის ექსპლოატაციის ხანგრლივობა განისაზღვრება 12-15 წლით. საძირეთა სადედეს ისეთივე მოვლა სჭირდება, (ნიადაგის დამუშავება, მორწყვა, გამოკვება სასუქით და სხვა), როგორც სანერგის სხვა მინდვრებს.

სადედეში უნდა შეირჩეს დასარგავად ჯანსაღი 1-2 წლიანი ვეგეტატიური გამრავლებისათვის სარგავი მასალა. დარგვისას მანძილი მწკრივში 200 სმ და მწკრივებს შორის 35 სმ კვების არეზე. ერთ ჰექტარზე ირგვება საშუალოდ 16-17 ათასი ცალი საძირე. სადედე უნდა გაშენდეს შემოდგომაზე 20-25 სმ სიღრმეზე. დარგვის პირველ წელს სადედეში რწყვა უნდა ჩატარდეს 4-5 ჯერ, თითო მორწყვისას 500-700 მ3 წყლის ოდენობით. ყოველი მორწყვის შემდეგ ტარდება ნიადაგის გაფხვიერება. საძირეები მეორე წლის გაზაფხულზე უნდა გადაიჭრას მიწის პირზე. ზაფხულში, როცა საძირის ამონაყრები მიაღწევენ 12-15 სმ. სიმაღლეს, მას მიწა შემოეყრება ორჯერ 10-12 სმ. სიმაღლეზე; მომავალი წლის გაზაფხულზე ორწლიან საძირეთა სადედეში მიწა უნდა შემოეცალოს და ამონაყარები მიწიდან 1,5-2,0 სმ. სიმაღლეზე უნდა შეეჭრას და მიიმარხოს მიწაში. სარგავი მასალის სტანდარტს უნდა პასუხობდეს 7-10 მმ დიამეტრის დაუტოტავი საძირე. საძირეების გადაჭრის შემდეგ ბუჩქები მიწით უნდა დაიფაროს. ნიადაგის დამუშავების, მორწყვის და გამოკვების შემდეგ მიღებული უნდა იქნეს თითო ბუჩქიდან 20 ცალი ამონაყარი, რომელიც განცალკევდება ბუჩქისაგან კარგად განვითარებულ ფესვთა სისტემით.

3 წელიწადში ერთხელ საძირეთა სადედეში ამონაყრების აჭრის შემდეგ მოხვნის წინ უნდა იქნას შეტანილი 30-40 ტ. ნაკელი. ხოლო წელიწადში ერთხელ 100 კგ. აზოტი, 90 კგ. ფოსფორი და 45 კგ. კალიუმი (სუფთა სახით).

საკალმე სადედე ბაღი

საკალმე-სადედე ბაღის დანიშნულებაა მოამარაგოს სანერგე საკვირტე მასალით და გააუმჯობესოს ბაღის ჯიშიანობის შედგენილობა. სადედე ბაღები უნდა გაშენდეს დარაიონებული და პერსპექტიული ჯიშებით. ყველა სანერგეების მფლობელს უნდა ჰქონდეს ნერგის წარმოებისათვის ერთ ჰექტარ მორიგ მინდორზე მოდიოდეს 1-2 ჰა სადედე საკალმე ბაღი.

სადედე-საკალმე ბაღი უნდა გაშენდეს საშუალო ზრდის სიძლიერის საძირეზე აღსაზრდელი ნამყენი ნერგით შემდეგ კვების არეზე: თესლოვანი კულტურები 4,0×2,0 მ; კურკოვანი 5,0×4,0 მ და 6,0×3,0 მ; კაკალი 6,0×8,0 მ და თხილი 6,0×4,0 მ.

წაბლის კორომებში უნდა ჩატარდეს აპრობაცია სასურველი ფორმის თესლის შესარჩევად, რადგან ნაყოფები წონის მიხედვით სამ კატეგორიად იყოფა: მსხვილი, საშუალო და წვრილი ნაყოფები. მსხვილი ნაყოფის წონა დასავლეთ საქართველოში 6,42 გრამია, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში, მაგ. კახეთში-9,29 გრ. საშუალო წონის ნაყოფები დასავლეთ საქართველოში იწონის 7,88 გრამს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში (კახეთი) 8,81 გრამს. წვრილი ნაყოფები დასავლეთ საქართველოში იწონის საშუალოდ 3,89 გრამს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში (კახეთი) საშუალოდ ერთი ნაყოფი იწონის 5,17 გრამს. სადედე ერთი ხის მსხმოიარობა არის დასავლეთ საქართველოში 7-12 კგ, აღმოსავლეთ საქართველოში – ლაგოდეხში, ყვარელში – 9-18 კგ. საშუალოდ ერთ ჰექტარზე გაადგილებულია 78 ძირი. ე.ი. ერთი ძირი წაბლის კვების არე არის 12,0×8,0 მ.

ფსტას სადედე ნარგაობა იქმნება აპრობირებული ფორმებით, კვების არე 5,0×10,0 სმ. ფსტა მრავლდება თესლით, ბუდობრივი თესვით, მყნობა გაძნელებულია. სადედებისათვის უნდა შეირჩეს მარცვალნაყოფიანი მცენარეები. ფსტის ერთი კაკალი იწონის 0,6-10 გრამამდე. ნერგის სიმაღლე – 1,0 მ; შტამბის დიამეტრი – 10 მმ ფესვების სიგრძე 20-30 სმ.

მშრალი სუბტროპიკული კულტურების სადედე საკალმე ნარგაობა

ბროწეული – სადედე ნარგაობის კვების არე მიჩნეულია 5,0×3,0 ან 5,0×4,0 მ. სადედისათვის უნდა შეირჩეს მსხვილნაყოფა მცენარე საშუალოდ 8-10 სმ დიამეტრის და წონით 200-400 გრამამდე. მრავლდება კალმებით და ამონაყრებით.

ლეღვი – წინასწარ უნდა ჩატარდეს ლეღვის საუკეთესო ჯიშების აპრობაცია და აჭრილი იქნეს მომწიფებული კალმები (მაღალი მოსავლიანობას ხე-ბუჩქისაგან გასამრავლებელი კალმები). ჯიშის ბიოლოგიური თავისებურობის და ზრდის სიძლიერის მიხედვით სადედე საკალმე ნარგაობა უნდა გაშენდეს 6,0×6,0 დან 12,0×12,0 მ. ამასთან ყოველ 20 მცენარეს შორის უნდა დაირგოს 1-2 დამამტვერიანებელი ხე.

აღმოსავლეთის   ხურმა – მრავლდება კალმებით, თესლით, მყნობით როგორც კვირტით, ისე კალმით. ძირითადად ამრავლებენ კავკასიური ხურმის საძირეზე. რისთვისაც საჭიროა სადედე ნარგაობა. სადედე ნარგაობისთვის კავკასიური ხურმა უნდა გაშენდეს 8,0×6,0 მ კვების არეზე, ხოლო კალმებით გამრავლებისათვის სადედე ნარგაობა უნდა იყოს გაშენებული დაბალტანიანი ნარგაობით 5,0×4,0 მ კვების არეზე.

ფეიჰოა – ადვილად მრავლდება გადაწვენით. ამისათვის საჭიროა სპეციალურად გაშენებული მაღალმოსავლიანი სადედე პლანტაცია 6,0×4,0 მ კვების არეზე.

ზეთისხილი – საუკეთესოა კალმებით გამრავლება. აპრობირებული სადედე ნარგაობა გათვალისწინებული უნდა იყოს ყლორტების მისაღებად, სადედე ნარგაობის გაშენების კვების არე დამოკიდებულია ჯიშის სიძლიერეზე, ნიადაგობრივ პირობებზე და ექსპოზიციაზე. პლანტაცია გაშენებული უნდა იყოს 8,0×6,0; 6,0×4,0 და 5,0×4,0 მ კვების არეზე.

მუშმულა იაპონური– ძირითადად ამრავლებენ თესლით და ნათესარზე მყნობით, რისთვისაც საჭიროა სადედე ნარგაობის შექმნა. წინასწარ უნდა შეირჩეს მსხვილნაყოფა ჯიშები თხელი კანით და გაშენდეს 6,0×3,0 მ და 7,0×3,5 მ კვების არეზე.

უნაბი – მრავლდება თესლით, ნათესარზე მყნობით, კოპულირებით და ფესვის ამონაყრებით, რისთვისაც საჭიროა სადედე ნარგაობის შექმნა, რომელიც მოამარაგებს სანერგეს სათესლე და საკალმე მასალით. უნაბის სადედე უნდა გაშენდეს 5,0X5,0 მ კვების არეზე, გასათვალისწინებელია სარწყავი პირობები.

ავოკადო – საწარმოო მნიშვნელობით ამრავლებენ მხოლოდ მყნობით. თესლის მისაღებად საჭიროა სადედე ნარგაობის გაშენება ჭადრაკული ფორმით (4,0-6,0)x(6,0-8,0) მ კვების არეზე.

კენკროვანი კულტურების სადედე ნარგაობა

მარწყვი და ხენდრო– წარმოების მიზნით საჭიროა მათი ვეგეტატიური გამრავლება, რაც ულვაშების დაფესვიანებით წარმოებს. შერჩეული უნდა იქნეს დედა მცენარე-ბუჩქი სიმწიფის სხვადასხვა პერიოდის: ადრეული, საშუალო ადრეული, საშუალო, საშუალო საგვიანო და გვიანი ვეგეტაციის ჯიშები. ახალგაზრდა ბუჩქი დაკავშირებულია ულვაშებით დედა მცენარესთან. სადედე ნაკვეთებში მიღებულია ერთზოლიანი დარგვა მაღალი ხარისხის სარგავი მასალის მისაღებად. კვების არე ჩითილებს შორის უნდა იყოს 100-120 სმ, ხოლო მწკრივში მცენარეთა შორის 30 სმ ე.ი. (100-12)x30 სმ.

მოცხარი–შავი, წითელი და თეთრი – მოცხარის გასამრავლებლად ძირითადად მიმართავენ გადაწვენილი ყლორტებით გამრავლებას., როგორც წესი უნდა გაშენდეს აპრობირებული საუკეთესო ჯიშის სადედე ნარგაობა და დაირგოს ერთწლიანი ფესვის ამონაყარი. მოცხარის სადედეები უნდა გაშენდეს 2,0×1,5 მ კვების არეზე. იგივე წესით იქმნება ხურტკმელის სადედე ვეგეტატიურად გასამრავლებელი სარგავი მასალის შესაქმნელად.

ჟოლო და მაყვალი– სადედე ფართობში ირგვება ნერგები 0,9-1,2 მ რიგთაშორის, ხოლო მცენარეეთა შორის მანძილი მწკრივში უნდა იყოს 0,5-0,7 მ. ჟოლოსა და მაყვალს რგავენ კვლებში ან ორმოებში ერთიმეორის სიგრძით 1,5-2,0 მ დაშორებით. ირგვება 2-3 ნერგი ან კალმები.

ხურტკმელი – სადედე ნარგაობა უნდა იყოს წმინდა ჯიშის. უნდა ჩატარდეს აპრობაცია. სადედე ნარგაობა უნდა იყოს ჯანსაღი, კარგად მზარდი ახალგაზრდა მცენარე. ხურტკმელის გამრავლებისათვის დედა მცენარეს აჭრიან ერთწლიან მომწიფებულ ყლორტებს და მას ჭრიან კალმებად. სადედის მცენარეთა შორის მანძილი უნდა იყოს მწკრივთა შორის 2,5 მეტრი, ხოლო მწკრივში მცენარეთა შორის 1,25-1,5 მეტრი.

ქაცვი – კარგად მრავლდება ფესვის ამონაყრებით, გამერქნებული და მწვანე დაკალმებით. სადედეში ირგვება მდედრობითი და მამრობითი სქესის მცენარეები. მამრობით ქაცვთან შეიძლება დაირგოს 6-8 მდედრობითი მცენარე დამტვრიანებისათვის. ქაცვის სადედეში ირგვება ორწლიანი ნერგი 2,5X0,5 მ კვების არეზე.

ლურჯი მოცვი- სადედე ნარგაობა უნდა გაშენდეს 1,2x(1,5-2) მ კვების არეზე. ის მრავლდება დაკალმებით, გადაწვენით და თესლით. ამერიკაში მიღებულია გამერქნებული კალმით გამრავლება. როგორც საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სასოფლო-სამეურნეო სააგენტო იუწყება, ლურჯი მოცვის ნერგის გამოყვანა შესაძლებელია მხოლოდ ლაბორატორიულ პირობებში. 1,2×0,9 მ კვების არეზე.

ცხრატყავა– მრავლდება დაკალმებით და მწვანე კალმით. სადედის შექმნა საჭიროა ყველა სახის გამრავლებისათვის. სადედე უნდა გაშენდეს (2,0-1,5)x3 მ კვების არეზე.

კოწახური – გამრავლების საუკეთესო ხერხია მწვანე დაკალმება, მისი სადედის გაშენება საჭიროა 1,5×2,0 მ კვების არეზე.

ძახველი – სადედე ნარგაობის გაშენებისათვის საუკეთესო კვების არე არის 4,0×1,5 მ;

ამერიკული მსხვილ ნაყოფა შტოში– ძირითადად მრავლდება კალმებით. კალმების დარგვის კვების არე 15×45 სმ, როგორც რიგში ისე მწკრივთა შორის.

აქტინიდია (კივი)– მრავლდება ტოტის გადაწვენით, დაკალმებით და მყნობით. სადედე უნდა გაშენდეს 4,0×5,0 მ კვების არეზე. მდედრობითი და მამრობითი ნერგები ჯვარედინი დამტვრიანების გამო ირგვება: მამრობითი-1;  მდედრობითი-6.

 იუზა ვასაძე   სმმ დოქტორი, პორფესორი,

 გივი ბადრიშვილი სმმ დოქტორი, პორფესორი,

 ვაჟა კვალიაშვილი  სმმ დოქტორი, პორფესორი,                 

 საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია