აგროსიახლეები

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში კაბალის არხზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

შპს „საქართველოს მელიორაცია“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში საირიგაციო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას განაგრძობს. 

ამ ეტაპზე კაბალის არხის გამანაწილებლის 3000-მეტრიან მონაკვეთზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს, არხი იწმინდება ნატანი მასისა და ბალახოვანი საფარისგან.

არხი სოფელ კაბალისა და მიმდებარე სოფლების სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს ემსახურება. სამუშაოების დასრულების შემდეგ, 50 ჰექტარ მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდება სრულად მოწესრიგდება და გაუმჯობესდება.

გაწმენდითი სამუშაოები გაზრდის არხის გამტარუნარიანობას, რაც ადგილობრივ ფერმერებს სასოფლო-სამეურნეო სეზონის განმავლობაში სარწყავი წყლით სტაბილურად და შეუფერხებლად სარგებლობის შესაძლებლობას მისცემს. ეს კი, თავის
მხრივ, ხელს შეუწყობს მოსავლიანობის ზრდასა და სოფლის მეურნეობის განვითარებას.