ლეღვი ეკუთვნის თუთისებრთა ოჯახის (Moraceac) ფიკუსის გვარის (Ficus)  კარიკას სახეობას (Caricas).

ლეღვის გვარში შემავალი ყველა სახეობიდან, მაღალხარისხოვანი გემური და კვებითი ღირებულებისა და აგრეთვე მათი მრავალმხრივი გამოყენების გამო, ფართო გავრცელება და დიდი ეკონომიკური მნიშვნელობა აქვს მხოლოდ ერთ-ერთ სახეობას – FICUS CARICAL -ს.

ლეღვის კულტურული ჯიშები ფართოდაა გავრცელებული საბერძნეთში, ჩინეთში, იაპონიაში, ჩრდილო კავკასიაში, აშშ-ში, ავღანეთში, ირანში, თურქეთში. ლეღვის კულტურა ფართო სამრეწველო მნიშვნელობითაა გავრცელებული თურქეთში, ალჟირში, საბერძნეთში, იტალიაში, ესპანეთში, პორტუგალიაში, აშშ (კალიფორნია), ჩრდილოეთ აფრიკაში; აგრეთვე ფართოდ არის გავრცელებული აზერბაიჯანში, უზბეკეთში, ტაჯიკეთში, ყირიმში, კრასნოდარის მხარეში.

საქართველოში მრავალრიცხოვან ხეხილოვან კულტურასთან ერთად ლეღვის კულტურის მოვლა-მოშენებას უხსოვარი დროიდან მისდევდნენ. საქართველოში მრავლად მოიპოვება ლეღვის სხვადასხვა ტიპის ჯიშები, რომელთა დიდი ნაწილი ადგილობრივი (აბორიგენური) წარმოშობისაა.

ლეღვის კულტურა თითქმის ყველა რაიონში მოიპოვება. საწარმოო მნიშვნელობით კი გავრცელებულია შიდა კახეთის, აფხაზეთის, აჭარის, გურია-სამეგრელოსა და იმერეთის რაიონებში, თბილისის საგარეუბნო ზონაში (კუმისი, თელეთი, გლდანი, ავჭალა).

ლეღვი უძველესი წარმოშობის სუბტროპიკული კულტურაა, რომელიც ძირითადად მშრალ სუბტროპიკულ ზონაშია გავრცელებული. თუმცა კარგად ხარობს და ხარისხიან მოსავალს იძლევა ტენიან სუბტროპიკულ კლიმატის პირობებშიც.

ლეღვი მრავალწლიანი ფოთოლმცვენი ბიოლოგიურად ბუჩქად მოზარდი მცენარეა. ადვილად ემორჩილება ფორმირებას. ხელსაყრელ ნიადაგობრივ და კლიმატურ პირობებში ლეღვის ხე 10-12 მეტრ სიმაღლეს აღწევს.

კულტურა შეიძლება გამოყენებულ იქნას ხევებისა და ციცაბო ფერდობების გასამაგრებლად, აგრეთვე, როგორც გვალვაგამძლე მცენარე. ლეღვი კარგად ხარობს ზღვის დონიდან 500 მ სიმაღლეზე. მისი სამრეწველოდ გავრცელების ხელის შემშლელი ფაქტორია ნაყოფის მალფუჭადობა. ლეღვი შეიძლება გაშენდეს ყველა ტიპის ნიადაგებზე (გარდა ჭაობისა და გადაჭარბებული მჟავე ნიადაგებზე); ნორმალური ზრდა-განვითარებისა და უხვი მსხმოიარობისთვის ყველაზე კარგ ნიადაგებად მიჩნეულია მსუბუქი მექანიკური შემადგენლობის ღრმა ალუვიური წარმოშობის კარბონატული ნიადაგები.

ნერგის გამოყვანა

ნერგის დიდი რაოდენობის მისაღებად ფართოდ იყენებენ ლეღვის კალმებით გამრავლების წესს.

დასაფესვიანებლად შეიძლება გამოვიყენოთ როგორც ერთწლიანი, ისე ორი და სამწლიანი ნაზარდები.

დაფესვიანების ყველაზე კარგი უნარით ხასიათდება ერთწლიანი კალმები.

დასაფესვიანებელ კალმებს უნდა ჰქონდეს 4-5 მუხლთაშორის (საშუალოდ 3-6 სმ სიგრძის მუხლთაშორის) 20-25 სმ სიგრძე, დიამეტრი ფუძესთან 1,0 – 1,5 სმ.

კალმების აჭრა შეიძლება როგორც გვიან შემოდგომით, ისე ადრე გაზაფხულზე ვეგეტაციის დაწყებამდე. კალმების დარგვამდე ნიადაგი უნდა დამუშავდეს აგროწესების დაცვით ისე, რომ კალამი ფხვიერ ნიადაგში მოხვდეს. კალმები უნდა დაირგოს ვერტიკალურად ან ოდნავ წაწვენილი რიგებში 20-25 სმ დაშორებით. მშრალი კლიმატის პირობებში მიწის ზემოთ უნდა დარჩეს ერთი, ხოლო ტენიან პირობებში – ორ კვირტამდე.

მაღალი სიცხის დროს კალმები უნდა დაიფაროს სილით ან სილნარევი მიწით.

ნიადაგში მოხვედრილი კალმის ნაწილი მთელ სიგრძეზე ინვითარებს ფესვებს; მიუხედავად იმისა, რომ ლეღვი ინვითარებს უხვ ძლიერ ფესვებს, მაინც ვერ ეგუება გადარგვას. სასურველია ნერგის აღზრდა კონტეინერებში ან მუდმივ ადგილზე (სადაც ბაღი უნდა გაშენდეს).

სტანდარტული ნერგი უნდა აღწევდეს 70-80 სმ, შტამბის სისქე 2,0 სმ-მდე, კარგად განვითარებული ფესვთა სისტემით სიგრძით 20-35 სმ.

დახურულ ფესვთა სისტემით ნერგის აღზრდა

(დასაკალმებელი ჭურჭელი, სუბტრატი, დაკალმება და მოვლა)

დახურულ ფესვთა სისტემით ლეღვის ნერგის წარმოებისათვის გამოიყენება პოლიეთილენის ტოპრაკები, მცირე მოცულობის პლასტმასის ჭურჭლები, სპეციალური ქოთნები და ა.შ. მოსახერხებელი და იაფია პოლიეთილენის ტოპრაკები ზომით 40×20 სმ.

ნაზავად გამოიყენება ფხვიერი მიწა, მდინარის შლამი, გადამწვარი ნაკელი, ტორფი.

საუკეთესო ნაზავია გადამწვარი ნაკელი და კორდის მიწა შეფარდებით 1:1. მასში არსებული საკვები ელემენტები მთლიანად უზრუნველყოფს შეზღუდულ არეში ნერგის კვებას, როგორ მუდმივ ადგილზე გადარგვამდე, ისე გადარგვის შემდეგ.

დასაკალმებელი ჭურჭლის ნაზავით შევსების შემდეგ იგი ირწყვება და ლეღვის კალამი მასში სათითაოდ იდება.

ნერგების მოვლა ითვალისწინებს მორწყვას, მავნებელ-დაავადებებთან ბრძოლას, ფესვურ და ფესვგარეშე გამოკვებას. გამოიყენება კრისტალონი 300 გრ 100 ლ წყალში. გამოკვება და შესხურება ხდება 3-ჯერ 10-10 დღის ინტერვალით.

სუბტრატში ტენიანობის რეგულირება ხორციელდება მორწყვით, სპეციალური დასაწვიმებლებით 7-10-ჯერ ამინდის პირობების გათვალისწინებით.

დატენიანების თავიდან აცილების მიზნით ჭურჭელს უკეთდება სადრენაჟე ხვრელები.

მოვლის სათანადო პირობებში ლეღვის საძირეები აღწევენ სტანდარტულ მაჩვენებლებს.

ბაღის გაშენება

ადგილის შერჩევა და მომზადება. ლეღვის სამრეწველო ბაღის გაშენებისას პირველ რიგში უნდა გავითვალისწინოთ სითბოს რეჟიმი (აქტიურ ტემპერატურათა ჯამი), შემოდგომის ადრეული წაყინვები, ყინვების ხანგრძლივობა, ნალექების რაოდენობა, ქარების სიძლიერე და მიმართულება, ნიადაგის ტიპი.

ლეღვისთვის ხელსაყრელია ისეთი ადგილები, სადაც აქტიურ ტემპერატურათა ჯამი მაღალია (3500-40000C). არ აღინიშნება შემოდგომის ადრეული წაყინვები, ტემპერატურა არ ვარდება -15-160-ზე დაბლა  და ხანგრძლივი არ არის.

სამრეწველო ინტენსიური ტიპის ბაღებისათვის უნდა შეირჩეს სარწყავი წყლით უზრუნველყოფილი ფართობები, რათა საჭიროების შემთხვევაში მოირწყას ახალგაზრდა ბაღი.

ბაღი უნდა გაშენდეს ქარებისაგან ბუნებრივად დაცულ ადგილებში, ან მოეწყოს ქარსაფარი ზოლები 3 წლით ადრე.

ნიადაგი უნდა გასუფთავდეს ქვა-ღორღისაგან, ჯაგებისაგან; თუ ნიადაგი ყოველწლიურად მუშავდებოდა და ითესებოდა ერთწლიანი კულტურები, საჭიროა მრავალწლიანი ბალახების ან პარკოსნების თესვა და ჩახვნა მინერალურ სასუქებთან ერთად.

გაშენებამდე ნიადაგი უნდა მოიხნას – თუ შემოდგომაზე ვაშენებთ-ზაფხულში, ივლის-აგვისტოში. თუ გაზაფხულზე – შემოდგომაზე ოქტომბერ-ნოემბერში.

ბაღის გაშენების წინ ნიადაგში შეგვაქვს ორგანულ-მინერალური სასუქები. რაოდენობა დგინდება ნიადაგის მექანიკურ-ქიმიური ანალიზის შემდეგ. ნიადაგებში უნდა ჩატარდეს ჰიდროტექნიკური მელიორაციული ღონისძიებები, მჟავე ნიადაგებზე მოკირიანება. ძირითადი ხვნის და დადისკვა-დაფარცხვის შემდეგ ნიადაგი უნდა მოშანდაკდეს და დაიგეგმოს.

კვების არე. უხვი, ხარისხიანი მოსავლის მიღებისას და მცენარის პროდუქტიულობის პერიოდის გახანგრძლივებისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს კვების არის სწორად შერჩევას, რომლის დროსაც გათვალისწინებული უნდა იქნეს ჯიშური თავისებურება, ნიადაგური პირობები, რელიეფი და სხვა.

ჩვენს მიერ რეკომენდებული ჯიშებისათვის ღრმა ნიადაგებზე კარგ შედეგს იძლევა 7ხ5, ქვაღორღიან ნიადაგებზე 6ხ6, კვების არეზე მცენარის გაშენება.

ბაღის გაშენება. ლეღვის ნერგების დარგვა შესაძლებელია როგორც შემოდგომით, ისე გაზაფხულზე. უპირატესობა შემოდგომით გაშენებას ენიჭება, რადგანაც ნერგები გაზაფხულზე ინტენსიურად იწყებენ ვეგეტაციას და ხელს უწყობს მცენარის ძლიერ განვითარებას, მაღალია გახარების პროცენტი.

ბაღის აგეგმვა. დასარგავი ორმოების ამოღება 50ხ50 სმ სიღრმეზე, დარგვის წინ ორმოებში შეგვაქვს ორგანულ-მინერალური სასუქები, გადამწვარი ნაკელი 12-15 კგ, ნიტროამოფოსტა 100-120 გრ. დარგვის შემდეგ ნიადაგი უნდა მოიტკეპნოს, გაუკეთდეს ჯამი და მოირწყას.

ბაღის განოყიერება. უხვი და მაღალხარისხოვანი მოსავლის მისაღებად აუცილებელია ბაღის განოყიერება მინერალური და ორგანული სასუქებით. განსაკუთრებით დიდ მოთხოვნილებას ლეღვი უყენებს ფოსფორს, კალციუმს, რკინას და კალიუმს. მინერალური სასუქების გამოყენება ნაკელთან ერთად დიდ ეფექტს იძლევა. ნაკელი ხელს უწყობს ნიადაგის ფიზიკური თვისებების გაუმჯობესებას.

მინერალური სასუქების შეტანა ნიადაგში ზრდის ვარჯის განვითარებას, გამონასკვის პროცენტს, აქედან გამომდინარე იზრდება მოსავალიც. მინერალური სასუქების დოზებისა და ვადების დადგენა ხდება ნიადაგობრივ კლიმატური პირობების, მცენარის ასაკის, ჯიშური თავისებურებების, გამოყენებული სასუქის თვისებების გათვალისწინებით.

მორწყვა. ლეღვი გვალვაგამძლე კულტურაა, მაგრამ ურწყავ პირობებში სამრეწველო ბაღში ირღვევა მცენარის ზრდა-განვითარება, მცირდება მოსავლიანობა და ნაყოფის ხარისხი. ბაღის მორწყვა 3-4-ჯერ დადებით შედეგს იძლევა. მიუხედავად იმისა, რომ ლეღვი ბუჩქად მოზარდი მცენარეა, ადვილად ემორჩილება ფორმირებას, ერთშტამბიანი ფორმით გაშენებულ ბაღში გაადვილებულია აგროტექნიკური ღონისძიებები, ნიადაგის დამუშავება, მავნებელ დაავადების წინააღმდეგ ბრძოლა; შედეგად ვღებულობთ ხარისხიან ერთგვაროვან ნაყოფებს და კრეფის ვადები შემჭიდროვებულია. თუ ბუჩქურ ფორმაში კრეფა 25-35 დღეს გრძელდება, ერთშტამბიანის შემთხვევაში 20-25 დღეა.

ახალგაზრდა ბაღის მოვლა ითვალისწინებს 4-5-ჯერად დამუშავებას, გაფხვიერებას 5-7 სმ სიღრმეზე – გაზაფხულ-ზაფხულში. შემოდგომა-ზამთარში – ღრმა ხვნას. ძირითადი მიზანია სარეველების მოსპობა, ნიადაგის ფიზიკური თვისებების გაუმჯობესება, ტენის დაგროვება და შენახვა; საჭიროა ამონაყრების შეცლა და ვარჯის გამოხშირვა.

ლეღვის მავნებელ-დაავადებათა წინააღმდეგ ბრძოლა მოიცავს აგროტექნიკურ, პროფილაქტიკურ და ქიმიური ბრძოლის ღონისძიებების თანმიმდევრობით ჩატარებას.

პროფილაქტიკური ღონისძიებებიდან აუცილებელია დაავადებული, დაზიანებული, გამხმარი ნაწილების შეგროვება, გამოტანა და დაწვა.

ბრძოლის ქიმიური მეთოდებიდან – ფოთოლცვენის შემდეგ 3-4%-იანი ზეთოვანი ემულსიის და 0,2%-იანი ბი-58 შესხურება.

ღონისძიებები დაავადების წინააღმდეგ. (ლეღვის ალურა) პეპელა აზიანებს ფოთოლს ასევე ნაყოფს, მკვახეს გარედან, მწიფეს კი – შიგნიდან ღრღნის. წამლობა უნდა ჩატარდეს მაისსა და ივნისში ინსექტიციდით.

მოსავლის აღება. ლეღვის კულტურის წარმოებისას ერთ-ერთი ყველაზე რთული და პასუხსაგები სამუშაოა მოსავლის აღება მრავალჯერადად, რაც გამოწვეულია არაერთდროულად მომწიფების გამო,.

ზაფხულის სიმწიფის პერიოდის ნაყოფების პირველი კრეფის დაწყებიდან ბოლო კრეფამდე 35-60 დღემდე გრძელდება, მასობრივი სიმწიფის დროს ჯიშების უმეტესობას სექტემბერში უდგებათ სიმწიფის დრო, რომლის ხანგრძლივობა 15-20 დღით განისაზღვრება.

ლეღვის ნაყოფები ყოველ მეორე, მესამე დღეს იკრიფება – შესაბამისად მოსავლის აღება 15-20-ჯერ წარმოებს. მშრალი და დაბალი ტემპერატურის პირობებში ნაყოფის შენახვა შეიძლება 2-3 დღის განმავლობაში.

ლეღვი უნდა მოიკრიფოს სრული სიმწიფის დროს.

ლეღვის სამრეწველო ჯიშები

ადრიატიკის ლეღვი – (Adriatic, White Adriatic, Grosse verte, Nebian). ხე დიდი ზომისაა და უხვმოსავლიანი, სუსტი მოვლის პირობებშიც კი კარგად იზრდება და მსხმოიარობს. ნაყოფედი პირველი წლის  მოსავლის დროს მსხლისებრი ფორმისაა, მწვანე ფერის, მუქი წითელი რბილეულით და ოდნავ ცხარე გემოთი. ჩვეულებრივ კი ნაყოფედი საშუალო ზომისაა, ცვალებადი ფორმის, მაგრამ უმთავრესად სფეროსებრი, ან დიდი ზომისაა, წვერში მობრტყო ზედაპირით, ღია წითელი ფერის რბილეულით. ნაყოფი (თესლი) მრავალია, პართენოკარპიული (ცარიელი). მეორე მოსავლის ნაყოფედი დიდი ზომისაა, მწვანე ფერის, ჟოლოსებრი ელფერით, მუქი წითელი რბილეულით, მშვენიერი გემოსი, კაპრიფიკაციის დროს ნაყოფედი საშუალო ან დიდი ზომისაა, მუქი წითელი რბილეულით და ოდნავ მომჟავო გემოთი. გამოიყენება გასაშრობად, მაგრამ ხმელი პროდუქტი ყოველთვის მაღალი ღირსების არ გამოდის.

კალიმირნა _  (Calimyrna gobinjir) პირველი მოსავლის კაპრიფიცირებული ნაყოფედები უმეტეს შემთხვევაში ცვივა დამწიფებამდე, მაგრამ ზოგჯერ მწიფდება საკმარისი რაოდენობით და კარგ პროდუქტს იძლევა. მეორე მოსავლის ნაყოფედები დიდი ზომისაა, ბოლქვისებრი ფორმის, მომწვანო ან ლიმონისებრ-ყვითელი ფერის. ქარვისფერი ან ღია წითელი რბილეულით, რომელიც კარგი გემოსია. ნაყოფები დიდი ზომისაა, მრავალი, სიცოცხლისუნარიანი (განაყოფიერებულები). კარგი ჯიშია, მშვენიერ მასალას იძლევა ნედლად გამოსაყენებლად. ტრანსპორტს სხვა ჯიშებზე უკეთ იტანს და გაშრობისას მაღალი ღირსების პროდუქტს იძლევა.

კადოტა – (Kadota, dottato, White Endich, White, Pacific, Clarcadota) კარგად იტანს მჟავე ნიადაგებს, პირველი მოსავლის ნაყოფედები დიდი ზომისაა, მწვანე ფერის, მსხლისებრი ფორმის, რბილეული საუცხოო გემოსია, აქვს იისფერი ელფერი. მეორე მოსავლის ნაყოფედი საშუალო ზომისაა, სფეროსებრი ან ოვალური, მწიფე მდგომარეობაში მოყვითარო – მწვანე, ან ლიმონისფერ-ყვითელი. რბილეული ძალიან ტკბილია, ქარვისფერი. კაპრიფიკაციისაგან დამოკიდებით მწიფე ნაყოფედი საშუალო ზომისაა, ლიმონისებრ-ყვითელი ფერის. რბილეული ქარვისფერია, კარგი გემოსი, უთესლოა. კონსერვირების დროს კარგ პროდუქტს იძლევა, კაპრიფიცირებული ნაყოფედები დიდი ზომისაა, მწვანე ფერის, რბილეული ღია წითელი, თესლიანი, კარგია გასახმობად, დაკონსერვებამდე კი ნაკლებ ვარგისია ან სრულიად უვარგისი.

იუზა ვასაძე – საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, პროფესორი;
გივი ბადრიშვილი – საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, პროფესორი;
ნუგზარ შენგელია – სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი;
ნანა მიროტაძე – სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი;
ლალი გოგინავა – სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი.
ნატრული მიქაძე – სოფლის მეურნეობის აკადემიური დოქტორი