აფხაზეთი _ შეხვედრა წარსულთან (მეტყევეს ჩანაწერები)

აფხაზეთის სსიპ „გამწვანებისა და გარემოსდაცვითი პროექტების სააგენტო“ მემკვიდრეა და გამგრძელებელი იმ ღირსეული საქმიანობისა, რასაც აფხაზეთში წლების განმავლობაში სასახელოდ და ნაყოფიერად ეწეოდა ბუნების დაცვისა და კვლავწარმოების სფეროში აფხაზეთის სატყეო მეურნეობის სამინისტრო მისი დაფუძნებიდან იმ ავადმოსაგონარი 1993 წლის 27 სექტემბრამდე, როცა აფხაზმა სეპარატისტებმა სხვადასხვა, საქართველოსადმი მტრულად განწყობილი ძალების დახმარებით ხელში აიღეს ძალაუფლება და ქართველები თავიანთ მიწაზე დევნილებად აქციეს.

გაჭირვებაში მყოფი აფხაზეთის ქართველი მეტყევეები ჩაიხუტა დედა თბილისმა, საქართველოს სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტმა და ყოველგვარი პირობები შეუქმნა ნორმალური მუშაობისათვის. ასეთი რეალობიდან გამომდინარე აფხაზეთის ქართველი მეტყევეები დიდი სიამაყით წარმოთქვამენ დიდი მგოსნის, საქართველოს სახალხო პოეტის— გიორგი ლეონიძის სიტყვებს:

„მშობელ მიწაში მიდგას ფესვები, როგორც წყალში დგას წნორის ძირები“

ჩვენი მიზანია ამ წერილით, მოგზაურობით დროში მკითხველს და განსაკუთრებით აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულებს მივაწოდოთ ინფორმაცია ბუნების ძირითადი კომპონენტის ტყის შესახებ, შევახსენოთ აფხაზეთის სატყეო მეურნეობის სამინისტროს საქმიანობა ტყის დაცვისა და კვლავწარმოების სფეროში, რომელიც ერთ-ერთი მოწინავე ორგანიზაცია იყო წარსულში მისი დაფუძნების დღიდან, თუმცა, ეს ყველასათვის ისედაც ცნობილია ისტორიის ფურცლებიდან.

ჩვენ, აფხაზეთში დაბადებულებს და გაზრდილების უმრავლესობას ერთი წუთითაც არ გვავიწყდება ედემის შესადარი მხარე, სადაც უპატრონოდ მიტოვებულია ჩვენი სახლ-კარი, წინაპრების საფლავები, სადაც დღესაც შრიალებენ ჩვენ მიერ გაშენებული ტყის ახალი ტყე-კულტურები.

ჩვენ ვამაყობთ წარსულით და ვცხოვრობთ მომავლის იმედით. ჩვენ გვწამს ჩვენი დიდი მამულიშვილის ილია ჭავჭავაძის სიტყვებისა „წარსული მკვიდრი საძირკველია აწმყოსი, როგორც აწმყო მომავლისა.“

იმედიანად ვუყურებთ ხვალინდელ დღეს. აუცილებლად დავბრუნდებით ჩვენს ძირძველ მიწაზე და ამის იმედს უფრო გვიძლიერებს აქ დაბადებული ბავშვების განწყობაც, რომლის ერთ-ერთი ფაქტია ჩემი 10 წლის შვილიშვილის მოკრძალებული ლექსი, „აფხაზეთი“, რითაც ეს წერილი დავიწყე.

ჩვენ აუცილებლად დავბრუნდებით „ოდაბადეში“ და დედაბუნებაზე შეყვარებული ქართველი და აფხაზი მეტყევეები ძველებურად ხელი-ხელ ჩაკიდებული გავაგრძელებთ დროებით შეწყვეტილ სატყეო საქმიანობას, გავაშენებთ ახალ ტყე-კულტურებს და უფრო დავამშვენებთ ამ კურთხეული მხარის მთასა და ბარს ქართველ და აფხაზ ხალხთა საკეთილდღეოდ. ეს ჭეშმარიტებაა, მიუხედავად იმისა, სჯერათ თუ არა ზოგიერთებს. დიდი შილერი ამბობდა: „ჭეშმარიტება იჩაგრება იმით, რომ ვიღაც მას არ იზიარებს.“

ეს წერილი დამაწერინა უდიდესმა სიყვარულმა იმ პროფესიისადმი, რომელსაც ვემსახურებოდი ჩვენთვის ავადმოსაგონარ 1993 წლის 27 სექტემბამდე აფხაზეთში და ვემსახურები დღესაც. როგორც ბუნების მსახურის, შეყვარებულისა და მოქალაქის დევიზია:

ტყე შეუნახე შვილებსა, მამა ხარ, შენი ვალია.“

არ ვიცი, შევძლებ თუ არა ამ წერილით ჩვენი ტკივილის შემსუბუქებას იმ „დოზით“, როგორც ჩავიფიქრე, როგორც ეკადრებოდა მეტყევეებს და ბუნების მოყვარულთ, მაგრამ ერთი რამ შემიძლია „დავიბრალო“, მთელი ძალისხმევა, პასუხისმგებლობა, ბუნებისადმი სიყვარული, მოფერება და ოპტიმისტური სურვილი ჩავაქსოვე ამაში.

მწირი ისტორიული წყაროებიდან ირკვევა, რომ აფხაზეთში, ისევე როგორც მთელ საქართველოში, თითქმის მეათე საუკუნიდან ტყეები სახელმწიფოს, ეკლესია -მონასტრების, მებატონეთა, მემამულეთა ხელში იყო.

1921 წლის ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ ქვეყანაში არსებული მთლიანი ტყის მასივი სახელმწიფო და საკოლმეურნეო ტყეებად გამოცხადდა.

1921 წლიდან აფხაზეთის რეგიონში ფუნქციონირება დაიწყო სატყეო უბნებმა.

1930 წელს ტყის მასივები გადაეცა აფხაზეთის კურორტთა მთავარ სამმართველოს.

1931 წელს შეიქმნა აფხაზეთის სატყეო სამმართველო და მას გადაეცა სახელმწიფო ტყეები.

1947 წელს შეიქმნა აფხაზეთის სატყეო მეურნეობის სამინისტრო და მას გადაეცა სახელმწიფო ტყეები.

სანამ შევუდგებოდე აფხაზეთის ტყეების ბუნების ოაზისის მიმოხილვას, ურიგო არ იქნება თუ გავიხსენებთ ტყის შესახებ გამოთქმულ აფორიზმებსა და ბრძნულ აზრებს, რომელთა წაკითხვა ამდიდრებს ნებისმიერი მკითხველის ინტელექტსა და სულს.

ტყე კაცობრიობის აკვანი, უნივერსალური ნედლეულის წყარო და უნიკალური გლობალური ფაქტორია, რომელიც დედამიწაზე სიცოცხლეს ამკვიდრებს.

ტყე ბუნების უნიკალური, განუმეორებელი ქმნილებაა, ბიოსფეროს მნიშვნელოვანი ელემენტი და ეკოლოგიური წინასწორობის ერთ— ერთი მთავარი ფაქტორი.

ტყეზე დიდად არის დამოკიდებული დედამიწაზე ცივილიზაციის თითქმის ყველა სფეროს განვითარება, სიცოცხლის შენარჩუნება და თვით ადამიანის ყოფნა-არყოფნაც კი.

ტყე არის გეოგრაფიული ლანდშაფტის ნაწილი.

ტყე ღმერთმა მეოთხე დღეს შექმნა.

ტყე ედემია, რომელიც კაცს დახურულ გულს გაუღებს, ჯავრს გაუქარწყლებს და სევდას ააშორებს, ის ადამიანის ტკბობის საგანიცაა.

ტყე მცენარეთა საზოგადოებაა, სადაც მცენარეები, ცხოველები და გარემო ერთიანობასა და განვითარებაშია.

ტყე ბიომრავალფეროვნების ფართო სპექტრით გარემოს სანიტარულ-ჰიგიენური პირობების გაუმჯობესების ერთ -ერთი მძლავრი ბუნებრივი ფაქტორია, ამიტომ მას სამართლიანად უწოდებენ სიცოცხლის მწვანე ფილტვებს.

ტყე ცოცხალი არსებაა. მწერალი ლევან გოთუა ამბობს: „არა, ტყე მარტო ხეთა სიხშირე არ არის, ისე როგორც ერი მარტო კაცთა სიმრავლე! არსებითაც მეტია და თვითმყოფადი, სამყაროს ნიშანს ატარებს.“

ტყე — ბუნებრივად თვითგანახლებადი რესურსია.

ტყე — გამოყოფს ჟანგბადს, რომელიც სიცოცხლისათვის არის საჭირო.

ტყე — შთანთქავს ნახშირორჟანგს და წმენდს გარემოს.

ტყე — წმენდს ჰაერს მტვრისა და გამონაბოლქვი აირების მძიმე ნაწილაკებისაგან.

ტყე — ქმნის ადამიანის სიცოცხლისათვის აუცილებელ პირობებს ფოტოსინთეზის საშუალებით.

ტყე — ყველასათვის ხელმისაწვდომი სიკეთის ერთადერთი წყაროა, რომლისთვისაც ბუნებას გასაღები არ დაუდვია, ამ საუნჯეს იგი ადამიანის კეთილგონიერებას ანდობს, რათა მან იქ სამართლიანი წესრიგი დაამყაროს.

ტყის სიკეთის შესახებ საუბარი შორს წაგვიყვანს. დღეს ამით დავკმაყოფილდეთ.

ახლა დროა დავბრუნდეთ აფხაზეთში და მიმოვიხილოთ ამ კურთხეული, ნამდვილად უნიკალური მხარის ლანდშაფტის მშვენება, ბუნების ხელთუქმნელი ძეგლი, დედამიწის გვირგვინი, ცხოვრების ელექსირი ტყე და მისი მოვლა-პატრონობით დაკავებული სატყეო სისტემა და მისი მესვეურები.

წერილს ვყოფთ თავებად და ვაპირებთ ასე გამოქვეყნებას, რომ მკითხველი არ გადავტვირთოთ ერთდროულად წარსული ემოციებით, გამომდინარე იქიდან, რომ ემოციები ისედაც არ აკლია დროებით გადაადგილებულებს.

I თავი 1921 წლიდან 1950 წლამდე

II თავი 1950 წლიდან 1970 წლამდე

III თავი 1970 წლიდან 1993 წლის 23 სექტემბრამდე

VI თავი 1993 წლის 27 სექტემბრიდან 2017 წლამდე.

აფხაზეთის ტყეებს, საქართველოს ტყის ფონდის განუყოფელ ნაწილს, ბუნების ხელთუქმნელ ძეგლს, ლანდშაფტის მშვენებას, დღევანდელი მონაცემებით უკავია 508515 ჰექტარი, რაც მთელი აფხაზეთის ტერიტორიის 58,7% შეადგენს და საქართველოს ტყის ფონდის 17,4% -ია.

აფხაზეთის ტყეებს ნაირგვარი სოციალურ -ეკონომიკური დანიშნულება აქვთ (წყალმარეგულირებელი, ნიადაგდაცვითი, სანიტარულ — ჰიგიენური, საკურორტო-გამაჯანსაღებელი, რეკრაციული, სანაკრძალო და სხვა), რომელთა სწორ მართვას ისეთი მთაგორიანი რეგიონისათვის, როგორიც აფხაზეთია, დიდი მნიშვნელობა ენიჭება.

ფხაზეთის ტყეები რაიონების მიხედვით ასეა განაწილებული:

  1. გალის რაიონი — 33543 ჰექტარი.
  2. ოჩამჩირის რაიონი — 115828 ჰექტარი.
  3. გულრიფშის რაიონი — 102307 ჰექტარი.
  4. სოხუმის რაიონი — 103328 ჰექტარი.
  5. გუდაუთის რაიონი — 89198 ჰექტარი.
  6. გაგრის რაიონი — 64311 ჰექტარი.

აფხაზეთის სატყეო მეურნეობის კოლექტივი მისი ფუნქციონირების პირველ ხანებში დაკავებული იყო: ტყეების დაცვით უკანონო ჭრებისაგან, ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებებით, ტყეების დაცვით მავნებლებისაგან, დაავადებებისაგან, შემდგომ პერიოდში დაწყებული იქნა ახალი ტყე-კულტურების გაშენება, ბუნებრივი განახლების ხელშეწყობის, ტყის მოვლითი ღონისძიებანი: განათება, გაწმენდა, გამოხშირვა და სანიტარული ჭრები.

აფხაზეთში ახალი ტყე-კულტურების გაშენება დაწყებული იქნა 1926 წელს. ტყე-კულტურების გაშენების ობიექტი იყო ძირითადად ტყით დაუფარავი ფართობები, მეჩხერები, დაბალი სიხშირის კორომები და შემდგომ დაემატა ეროზირებული და კოლმეურნეობებისათვის გამოუყენებელი ფართობი.

1926 წლიდან 1940 წლამდე გაშენებული იქნა ახალი ტყე-კულტურები 389,8 ჰექტარზე. მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში ფართოდ გაიშალა ახალი ტყე-კულტურების გაშენება.

1946 წლიდან 1950 წლამდე გაშენებული იქნა ახალი ტყე-კულტურები 800 ჰექტარზე: ყირიმის ფიჭვი, ჩვეულებრივი ფიჭვი, კაკალი და წაბლი.

ამ პერიოდში გაშენებული ტყის კულტურებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია:

გალის სატყეო მეურნეობის მიერ სოფელ აჩიგვარაში გაშენებული ჭადრის 20 ჰექტრიანი ქარსაფარი ზოლი.

ოჩამჩირის სატყეო მეურნეობის მიერ ზღვისპირეთის სატყეოში გაშენებული 20 ჰექტრიანი კვიპარისის ფართობი.

გაგრის სატყეო მეურნეობის მიერ ბზიფი-რიწის გზის მე-10 კილომეტრზე გაშენებული სექვოიას და კედრის 2 ჰექტრიანი ფართობი.

ახალი ტყის კულტურები გაშენების კლასიკურ ნიმუშს და ცოცხალ ძეგლს წარმოადგენენ.

აფხაზეთში ყველა რაიონის სატყეო მეურნეობას ჰქონდა მოწყობილი: სანერგეები და სასკოლო განყოფილებები სანერგე მასალის მისაღებად.

1947 წლიდან დაწყებული იქნა ტყის ბუნებრივი განახლების ხელშეწყობის ღონისძიებანი, რომლის არსი მდგომარეობს იმაში, რომ ტყის იმ უბნებში, სადაც სხვადასხვა მიზეზების გამო ბუნებრივი განახლება არადამაკმაყოფილებლად მიმდინარეობს, ჩატარდეს შემდეგი სახის ღონისძიებები: თესლების შეთესვა, შეღობვა და დაკორდებული ნიადაგების გაფხვიერება -აჩიჩქვნა.

1947 წლიდან 1950 წლამდე განხორციელდა ტყის ბუნებრივი განახლების ღონისძიებები 4200 ჰექტარზე.

აფხაზეთის სატყეო მეურნეობის სამინისტრო აწარმოებდა სოფლის მეურნეობის პროდუქტების: სიმინდი, ჩალა, ლობიო წარმოებას და მათ ჩაბარებას სახელმწიფოსათვის.

აფხაზეთის ყველა სატყეო მეურნეობებს ჰქონდათ ფართო მოხმარების საამქროები, სადაც მზადდებოდა: ბრის, თოხის, უროს, ქლიბების, ჩაქუჩის ტარები, ყუთები რაიონების მეციტრუსეებისათვის, პურის ქარხნებისთვის, თოფის კოხდახები, ავეჯის დეტალები, ფიცრები.

ამ პერიოდში აფხაზეთში ამოძირული იქნა ათასობით ჰექტარი ტყე, რაც გამოწვეული იყო: ჩაის, მანდარინის, ლიმონის, ფორთოხლის, თხილის, ფეიხოა და სხვა კულტურების გაშენებით, მოსახლეობის ზრდითა და ქალაქების ეკონომიური განვითარებით.

სატყეო მეურნეობის სამინისტროს სისტემაში ამ პერიოდში მუშაობდნენ: ნიკოლოზ ქეცბა, ილია თათარაშვილი, მიხეილ აშუბა, გიორგი ხელაია, იროდი ბერია, შალვა ჯორჯიკია, ნიკანდრო ქორაია, დავით ესებუა, გრიშა კაკუბერი, გალაქტიონ გულბანი, სარდიონ ქირია, მიხეილ არგუნი, შოთა ჩივაძე, სტეფანე ჯიშკარიანი.

აფხაზეთის ტყის ფონდის მიმოხილვა და სატყეო მეურნეობის სამინისტროს მიერ 1924 -1940 წლებში გაწეული მუშაობის პირველი თავი მსურს დავამთავრო იმით, თუ როგორ გადაარჩინეს გაგრელმა მეტყევეებმა 1942 წელს ბიჭვინთვის კონცხის ღვთით ბოძებული უნიკალური ფიჭვნარები, ბუნების ხელთუქმნელი ძეგლი გაჩეხვას.

აღნიშნული კონცხის ფიჭვის კორომებს  104 ჰექტარი უკავია.

ბიჭვინთვის ფიჭვნარები საქართველოს ენდემია და სახელმწიფო ნაკრძალად გამოცხადდა 1935 წელს, რომელსაც მესამეული პერიოდის ყირიმ — კავკასიის ფლორის რელიქტმა — ბიჭვინთის ფიჭვმა მოუხვეჭა სახელი. აქ აღრიცხულია თითოეული ხე და მათი მდგომარეობა კონტროლსაა დაქვემდებარებული.

1942 წელს მიმდინარეობდა მეორე მსოფლიო ომი. საქართველოს საზღვართან ახლოს, ქერჩის სრუტესთან, მტრის გრიგალისებურ ცეცხლს იგერიებდნენ 224-ე ქართული მსროლელი დივიზიის მებრძოლები. ამავდროულად მტრის ჯალათები, ურდოები კავკასიონის უღელტეხილიდან ცდილობდნენ აფხაზეთში შემოჭრას და არა ერთხელ დაბომბეს სოხუმი. იმ დროს, როცა კავკასიონის უღელტეხილზე გ ფაშისტებთან შეტაკებები მიმდინარეობდა, ერთ-ერთ გენერალს სამხედრო ინტერესებისათვის გაუცია განკარგულება, ბიჭვინთვის ნაკრძალში გაეჩეხათ ტყის მასივი. ამ განკარგულების შესახებ სხვებზე ადრე შეუტყვიათ გაგრელ მეტყევეებს, რომელთაც ძალიან განუცდიათ და დასახმარებლად სწრაფად ეწვივნენ გაგრის რაიონის უშიშროების უფროსს, ბატონ გიორგი (ხუტა) ხუფენიას, რომელსაც გულთან მიუტანია ყოველივე ეს და მეტყევეებისათვის დახმარება აღუთქვამს (1970-1973 წლებში ხუფენია მუშაობდა საქართველოს სატყეო მეურნეობის სამინისტროში, ხე-ტყის დამზადების სამმართველოს უფროსად). იგი სასწრაფოდ მისულა მიტროფანე კუჭავასთან (გაგრის რაიკომის პირველი მდივანი. 1970-1973 წლებში მუშაობდა საქართველოს სატყეო მეურნეობის მინისტრად), რომელიც მაღალი სიხშირის ტელეფონით დაკავშირებია საქართველოს ცეკას პირველ მდივანს კანდიდ ჩარკვიანს, რომელსაც ეს ამბავი, როგორც ამიერკავკასიის სამხედრო საბჭოს წევრს, ფრონტის სარდლისათვის მოუხსენებია და უთხოვია, მიეღო სასწრაფო ზომები. ფრონტის სარდალს თავის მხრივ სასწრაფოდ გაუგზავნია კომისია და როდესაც კომისიის თავჯდომარეს დაუთვალიერებია ბიჭვინთის ნაკრძალი. მასზე თურმე ისეთი შთაბეჭდილება მოუხდენია აღნიშნულ ნაკრძალს, რომ უხმია განკარგულების გამცემი ჩინოსანი და მკაცრად გაუფრთხილებია: თუ ვინმე თუნდაც ერთ ხეს მოჭრის ამ ნაკრძალში, ის მას თავისი ხელით თავს წააჭრიდა.

აი, ასე დროულად მიღებულმა ინფორმაციამ, შესაბამისად დროულად რეაგირებულმა მოქმედებამ და ბუნების მოყვარულმა ადამიანებმა გადაარჩინეს გაჩეხვას ეს უნიკალური მასივები.

ეს ამბავი მიამბო ჩემმა ინსტიტუტის ამხანაგმა, გაგრელმა მეტყევემ, ჭეშმარიტმა აფხაზმა, ბუნების დიდმა ქომაგმა, სატყეო საქმის დიდოსტატმა, საქართველოს დამსახურებულმა მეტყევემ ვლადიმერ ხიშბამ (აფხაზეთის სატყეო მეურნეობის მინისტრი, საქართველოს სატყეო მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე, აფხაზეთის საოლქო კომიტეტის პირველი მდივანი).

ნუგზარ გერსამია,

საქართველოს დამსახურებული მეტყევე,

ჟურნალი „ახალი აგრარული საქართველო“ №73