ლეღვის ჯიშები, ბაღის გაშენება და მოვლა
ლეღვი – თუთისებრთა ოჯახის, ფიკუსის გვარის-სუბტროპიკული მცენარეა. მეჩხერად დატოტვილი, 3-12 მეტრი სიმაღლის ხეა. საშუალოდ ცოცხლობს 150-200 წელს.
ლეღვი შეიცავს, მინერალურ ნივთიერებებს: რკინას, კალიუმს, კალციუმს, მანგანუმს, ფოსფორს, ბრომს, გოგირდს; ჯიშისა და სიმწიფის მიხედვით: 12-23% შაქარს, 0,5-4,2% პექტინოვან ნივთიერებებს, 3,4-7,4%. მდიდარია C, B1, B2 ვიტამინებით.
მკვლევართა უმრავლესობა ლეღვის წარმოშობის კერად სამხრეთ-დასავლეთ აზიას მიიჩნევს. აქედან ლეღვი გავრცელდა ხმელთაშუა ზღვის მთელ აღმოსავლეთ სანაპიროზე, შემდეგ ეგვიპტეში და ხმელთაშუა და შავი ზღვის სანაპირო ქვეყნებში.
ლეღვი ბუნებრივად გავრცელებულია: მცირე აზიაში, ირანსა და ჩრდილოეთ – დასავლეთ ინდოეთში, ხმელთაშუაზღვისპირეთში, კულტივირებულია მრავალ ქვეყნებში, სამრეწველო მნიშვნელობით განსაკუთრებით მრავლადაა თურქეთში და აშშ-ში.
საქართველოში კულტურული ლეღვი გავრცელებას უძველესი დროიდან იწყებს, ამიტომ მის მოშენებას დიდ ყურადღებას უთმობენ და ის სამართლიანად მრავალი კულტურული ჯიშისა და ფორმის სამშობლოდაც ითვლება.
ლეღვის გარეული ფორმები დასავლეთ საქართველოში განსაკუთრებით აჭარაში მრავლადაა. საქართველოში გვხვდება ყველგან მთის ქვედა სარტყელსა და დაბლობებზე. ლეღვი ფართოდაა წარმოდგენილი როგორც დასავლეთ (აფხაზეთი, სამეგრელო, იმერეთი, გურია, აჭარა), ისე აღმოსავლეთ საქართველოში (კახეთი, ქვემო ქართლი).
ლეღვს აქვს კარგად განვითარებული ნახევრად ოვალური ფორმის ვარჯი. ერთწლიანი ღერო მონაცრისფრო ქერქითაა დაფარული, რძიანი. რომელზეც მორიგეობითაა განლაგებული 3-4-7 ნაკვთიანი მარტივი ფოთოლი, რომლის იღლიაში ვითარდება 2, იშვითად 3 კვირტი. მათ შორის ერთი (კონუსის ფორმის) ვეგეტაციურია, ხოლო დანარჩენი, უფრო დიდი, საყვავილე. ლეღვის ხის ყვავილედსა და ნაყოფედს ფიგა (ლეღვი) ეწოდება. ყვავილედში შეიძლება იყოს ნაყოფიერი და უნაყოფო მდედრობითი ყვავილები. უნაყოფო მდედრობითი ყვავილები მოკლესვეტიანია, სუსტად განვითარებული; მათზე კვერცხებს დებს მწერი ბლასტოფაგა, რომლის დახმარებითაც ხდება მტვერის გადატანა მამრობითი ყვავილებიდან ნაყოფიერ მდედრობით ყვავილებზე. მოკლესვეტიან მდედრობით ყვავილებს, რომლებზედაც ბლასტოფაგა კვერცხს დებს, გალებს უწოდებენ, ხოლო ყვავიოლედს – გალებიან ყვავილედს. ნაყოფიერი მდედრობითი ყვავილი გრძელსვეტიანია და განაყოფიერების შემდეგ იძლევა სიცოცხლისუნარიან ნაყოფს. გალებიანი და მამრობითი ყვავილების მქონე ველური ლეღვის ხეს კაპრიფიგას უწოდებენ. ლეღვის ყვავილთა დამტვერვას ბლატოფაგის მიერ ნაყოფიერ მდედრობით ყვავილებზე გადატანილი მტვერით კაპრიფიკაცია ეწოდება.
ლეღვის ნაყოფი ნაკლებ ტრანსპორტაბელურია, რომლისგანაც ამზადებენ ძვირფას პროდუქტებს: მურაბას, კომპოტებს, ჯემს, თათარას, საკმაზს და სხვ. მისგან მიიღება საუკეთესო ხარისხის ჩირი, რომლის კალორიულობა მაღალია და 50-70 პროცენტ შაქარს შეიცავს. აგრეთვე მაღალხარისხოვანი ყავის სუროგატი, რომელიც მზადდება ისეთი ჩირისაგან, რომელიც დიდი რაოდენობით შეიცავს თესლს, რაც ყავის მზა პროდუქციას კარგ არომატსა და ექსტრაქტიანობას მატებს.
ლეღვის ჯიშები მრავალია, მარტო საქართველოში 40-მდე ადგილობრივი ჯიშია აღწერილი. დიდი მნიშვნელობა აქვს ჯიშების შერჩევას, რადგან ზოგიერთი ჯიში წვიამიან ამინდში არ განიცდის დიდ ცვლილებას და ხარისხიან ნაყოფს იძლევა. ამავე დროს არის ჯიშები, რომელთა ნაყოფები არ ფუჭდება და ხასიათდებიან ხეებზე ჭკნობით. ტენიან სუბტროპიკულ ზონაში, ასეთმი ჯიშები ჩვენი პირობებისათვის პერსპექტიულია.
ლეღვის სხვადასხვა ჯიშები ერთმანეთისაგან განირჩევა ნაყოფის ფორმით, ზომით, მომწიფების დროით, კანის სისქით და სხვა მაჩვენებლით. ბუნებით, ლეღვი უფრო მშრალი კლიმატის მცენარეა, ამიტომ მას აქვს მთელი რიგი ისეთი მორფოლოგიური ნიშნები, რაც უზრუნველყოფს სიმშრალის ატანის უნარს. ლეღვი უფრო მაღალხარისხოვან და შაქრებით მდიდარ ნაყოფს იძლევა მშრალი სუბტროპიკული კლიმატის პირობებში, ხოლო ტენიან სუბტროპიკებში ნაყოფის ხარისხი შედარებით დაბალია. ადრე მოკრეფილი ნაყოფი უგემურია. დაუშვებელია აგრეთვე გადამწიფებული ნაყოფის კრეფაც. ნაყოფი იკრიფება მათი მომწიფების მიხედვით მშრალ ამინდში. კრეფა წარმოებს ხელით. მოკრეფილი ნაყოფი იწყობა პატარა კალათებში ან ყუთებში 2-3 ფენად. მოკრეფილი ნაყოფი სწრაფად უნდა იქნეს რეალიზებული. მათი შენახვა ხდება საწყობებში, სადაც ტემპერატურა 1-20C არ აღემატება. გასაშრობი ნაყოფი იკრიფება დაგვიანებით, მათი შეჭკნობის შემდეგ. ლეღვის საუკეთესო საწარმოო ჯიშებია:
ადრიატიკის ლეღვი – ხე დიდი ზომისაა, უხვმოსავლიანი. ჩვეულებრივ ნაყოფები საშუალო ზომისაა, სხვადასხვა ფორმის, მაგრამ ხშირად სფეროსებრი, წვეროში მობრტყო ზედაპირით, ღია წითელი ფერის რბილეულით. ნაყოფი (თესლი) მრავალია, პართენოკარპული. მეორე მოსავლის ნაყოფედი დიდი ზომისაა, მწვანე ფერის, ჟოლოსფერი ელფერით, მუქი წითელი რბილეულით, საკმაოდ გემრიელი. გამოიყენება გასაშრობად, მაგრამ ხშირად გამხმარი პროდუქტი მაღალი ღირსების არ არის.
კადოტა – კარგად იტანს მჟავე ნიადაგებს. პირველი მოსავლის ნაყოფები დიდი ზომისაა, მწვანე ფერის, მსხლისებრი ფორმის; საუცხოო გემოსი, აქვს იისფერი ელფერი. მეორე მოსავლის ნაყოფედი საშუალო ზომისაა, სფეროსებური ან ოვალური, მწიფე მდგომარეობაში მოყვითალო-მწვანე, რბილეული ძალიან ტკბილია, ქარვისფერი. კონსერვირების დროს კარგ პროდუქტს იძლევა. კარგია გასახმობად.
კალიმირა – კალიმირა საშუალო სიდიდის ხეა, ხასითდება მახვილი კუთხით, მოზარდი ტოტებით, ძლიერი კრონით. პირველი მოსავლია კაპრიფიცირებული ნაყოფედები უმეტეს შემთხვევაში ცვივა დამწიფებამდე, მაგრამ ზოგჯერ მწიფდება საკმარისი რაოდენობით და კარგ პროდუქტს იძლევა. მეორე მოსავლია ნაყოფები დიდი ზომისაა, ბოლქვისებრი ფორმის, მომწვანო ან ლიმონისფერ-ყვითელი ფერის, ქარვისებრი ან ღია წითელი რბილეულით, რომელიც კარგი გემოსია. ნაყოფები დიდი ზომისაა, კარგი ხარისხის, სიცოცხლისუნარიანი (განაყოფიერებულები). შაქრიანობა 19%. მწიფე ნაყოფი ხეზე ჭკნება, რეკომენდირებულია სახმობად. ხმელი ნაყოფის შაქრიანობა 53%-ია. მაღალმოსავლიანია, აქვს კარგი გემური თვისებები.
დალამაცისის ლეღვი – საშუალო სიმაღლის ხეა. მეჩხერი, მომრგვალო ვარჯით. დაუმტვერავად ნაყოფმსხმოიარობს წელიწადში ორჯერ (აგვისტოში და ოქტომბერში). ნაყოფი დიდი ზომისაა, მსხლისებური ფორმის, ღია მწვანე ფერის კანით. რბილობი მუქი ყავისფერი, ტკბილი, შეიცავს 15-17% შაქარს. უხვმოსავლიანია, სასიამოვნო გემოთი, რეკომენდირებულია ყველა რაიონისათვის.
თათრული ლეღვი – ახასიათებს საშუალო სიხშირის, მეჩხერი, მომრგვალო ვარჯი. გავრცელებულია დასავლეთ საქართველოს ყველა რაიონებში: აჭარაში, გურიაში, აფხაზეთში, ნაყოფი-ყავისფერი ან იისფერი კანით, ოდნავ დაღარული, მსხლისებური ფორმით, რბილობი მოწითალო ფერისაა, ტკბილი, შეიცავს 16-17% შაქარს, აქვს კარგი გემო, მწიფდება აგვისტო-სექტემბერში. უხვმოსავლიანია. იყენებენ ნედლს ან გამხმარს, მურაბის ან კონსერვის სახით.
ჩაფლა – საშუალო სიდიდის ხეა 8-12 მ სიმაღლის. გავრცელებულია სამეგრელოსა და აფხაზეთის რაიონებში. მუქი იისფერი კანით, მომრგვალო ფორმით, რბილი მოწითალო-მიხაკისფერით, სასიამოვნო, ტკბილი გემოთი, შეიცავს 12-15% შაქარს.
მიხაკისფერი თურქული ლეღვი – მგრძნობიარეა მჟავე ნიადაგებისადმი. გამოირჩევა უხვი მოსავლიანობით. პირველი მოსავლის ნაყოფები მეტად დიდი ზომისაა, მსხლისებრი ფორმის, მომიხაკისფრო-შავი ფერის; რბილეული ღია წითელი ფერისაა. მეორე მოსავლის ნაყოფები საშუალო ან დიდი ზომისაა, უსწორო ზარისებრი ფორმის, ჟოლოსფერ-შავი ან მოწითალო-ჟოლოსფერი; რბილობი ღია წითელი ფერისაა. ნაყოფედი ცენტრალურ ნაწილში ცარიელია.
ბრუნსვიკი – ხასიათდება ვიწრონაკვთიანი ფოთლებით. ნაყოფედი დიდი ზომისაა, უსწორო მსხლისებრი ფორმის, მოწითალო-მიხაკისფერი; რბილეული ღია წითელია, უხეში. მეორე მოსავლის ნაყოფედი საშუალო ზომისაა, სფეროსებრი ფორმის, მოწითალო-მიხაკისფერი; რბილეული ტკბილია, ქარვისფერი, უთესლო, ე. ი. ნაყოფი პართენოკარპულია.
ლეღვის გამრავლება შეიძლება დაკალმებით ჰორიზონტალური ან რკალისებრი გადაწვენით, ფესვის ამონაყრებით.
ყველა ამ წესიდან სამრეწველო სანერგეებში უპირატესობა უნდა მიეცეს ლეღვის კალმებით გამრავლებას. ამისათვის საჭიროა წინასწარ აიჭრას და დამზადდეს შერჩეული უხვმოსავლიანი მცენარეებიდან.
ლეღვისათვის უნდა შეირჩეს შედარებით მშრალი, ღრმა ალუვიური ნიადაგები. ვაკე ადგილებზე გაშენებისას ადგილი უნდა იყოს გაშლილი და მზიანი. ფერდობებზე ადგილის შერჩევის დროს უპირატესობა ენიჭება სამხრეთ, სამხრეთ-დასავლეთ, დასავლეთ და აღმოსავლეთ დაქანებებს. ლეღვის პლანტაციები შენდება მასივებად ან ცალკე მწკრივების სახით ჩაისა და ციტრუსების პლანტაციების ირგვლივ, შიგა გზების ან არხების გაწვრივ.
ლეღვი სინათლის მოყვარული მცენარეა, ზომიერად ტენიან გარემოში საკმაოდ მაღალ ტემპერატურას უძლებს, რაც შეეხება დაბალ ტემპერატურას, საშუალოდ ჯიშის მიხედვით-10-11°C უძლებს (ზოგიერთი ჯიში -20°C).
ლეღვი ირგვება: 8×8 მეტრზე, 6×6-ზე, 6×4-ზე, 5×5-ზე ან 5×4- მეტრზე კვების არით, ჯიშისა და დასარგავი ადგილის გათვალისწინებით. დარგვისთვის თხრიან 60x60x60 სმ -ზე ორმოს, ორმოს ფსკერზე (15 სმ-მდე) ყრიან ამოთხრილი ნიადაგის ზედა ფენას და შემდეგ გადამწვარ ნაკელში შერეულ მიწას. ნერგის დარგვის სიღრმე 7-10 სმ-ია, ასეთ შემთხვევაში კარგად ვითარდება დამატებითი ფესვები. დარგვისას დატკეპნეთ, რომ გამოიდევნოს ჰაერი. დარგვა ისე ხდება, როგორც სხვა მრავალწლიანი ხეხილის, გაზაფხულზე: 15 თებერვლიდან 20 აპრილამდე და შემოდგომაზე _ ყინვების დაწყებამდე. ბაღის გაშენებისას, საჭიროა, ყურადღება მიექცეს ურთიერთდამამტვერიანებელი ჯიშების სწორ შერჩევას და განლაგებას.
ლეღვის ხეს ძირითადად სანიტარული თვალსაზრისით სხლავენ. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში ლეღვის სავეგეტაციო პერიოდის ხანგრძლივობა 220-230, ხოლო სხვა რეგიონებში 250 დღემდეც კი გრძელდება.
ქვემო ქართლსა და შიდა კახეთის დაბლობ რაიონებში ლეღვის სავეგეტაციო პერიოდის ხანგრძლიობა, დასვლეთის ზონებთან შედარებით ნაკლებია და 200-210 დღეს უდრის. ცალკეულ მიკროუბნებში (ალაზანი, წნორი) კი – 220 დღეს აღწევს. რა თქმა უნდა ეს მონაცემები იცვლება გარკვეული ჯიშების შესაბამისად.
კარგი მოსავლის მიღებისათვის საჭიროა, ყოველ გაზაფხულზე გაფხვიერდეს ნიადაგი და შეიტანოთ მინერალური და ორგანული სასუქები.
გვიან ზაფხულში ან შემოდგომით უმჯობესია კალიუმიანი სასუქების შეტანა, ამ დროს აზოტიანი სასუქის მიცემა არ შეიძლება.
მორწყვის სიხშირე რეგიონის კლიმატურ პირობებზეა დამოკიდებული. თუ ზაფხული ზომიერად თბილი და წვიმიანია დამატებითი ტენი ნაკლებად სჭირდება.
გვალვის შემთხვევაში, საჭიროა ნიადაგის ტენიანობის კონტროლი. ტენის ნაკლებობა გამოიწვევს ფოთლების გაყვითლებას, ჩამოცვენას და შეამცირებს მოსავლიანობას.
რეზო ჯაბნიძე,
მეცნიერების დოქოტრი, პროფესორი