ლიმონი
ლიმონი (Citrus limon Burm.) უძველესი დროიდან ითვლება ძვირფას და პოპულარულ ნაყოფად. ციტრუსოვანთა შორის ლიმონი ყველაზე დაბალი ყინვაგამძლეობით (-2-3ºC) გამოირჩევა და აგრეთვე განსაკუთრებით ზიანდება გვალვებისაგან.
ნიადაგისა და ჰაერის საკმარისი ტენიანობის პირობებში ლიმონი კარგად ვითარდება და მსხმოიარობს. საქართველოს სუბტროპიკულ ზონაში ღია გრუნტში ლიმონის კულტურა გავრცელებულია მხოლოდ ზოგიერთ თბილ მიკროკლიმატურ ნაკვეთებზე.
ლიმონის ხეების სიმაღლე 3-6 მეტრს აღწევს, დამახასიათებელია ძლიერ განვითარებული ფოთლები და ეკლიანობა, ღია მწვანე ფოთლებით.
ჩვენში გავრცელებული ლიმონებიდან ყურადღებას იმსახურებს შემდეგი ჯიშები: ქართული (ახალქართული), მეიერი, ვილაფრანკა და სხვ.
ქართული ჯიში შერჩეულია შორეულ წარსულში შემოტანილი ჯიშებიდან, რომლებიც შეეგუენ ადგილობრივ პირობებს. ნაყოფი საშუალოზე მეტი ზომისაა, წაგრძელებული ფორმის წვეროში ბლაგვი „ძუძუთი“, რომელსაც ერთ მხარეზე ნაოჭი დაჰყვება.
ნაყოფის ფუძეს ასევე დაჰყვება ნაოჭი. ერთი ნაყოფი საშუალოდ 90-120 გ-ს იწონის. ნაყოფის კანის ზედაპირი გლუვია ან მცირებორცვიანი, ძნელად სცილდება რბილობს, სისქით 2-6 მმ. რბილობი უხვწვნიანია, არომატული, საკმაოდ მჟავე, მოყვითალო მწვანე შეფერილობისაა და შედგება 9-12 სეგმენტისაგან, რომლებიც მეტწილად თანაბარი ზომის და თხელაპკიანები არიან. ნაყოფი ჩვეულებრივ 2-6 ცალ თესლს შეიცავს, ზოგჯერ უთესლოა.
ვილაფრაკა ადრემსხმოიარე და შედარებით ყინვაგამძლე ჯიშია. რეგულარულად იძლევა მოსავალს და ჩვენი პირობებისათვის ერთ-ერთ საუკეთესო ჯიშს წარმოადგენს. ნაყოფი საშუალო ან საშუალოზე მეტი ზომისაა, მოგრძო-ოვალური ფორმის, დაბალი და ბლაგვი „ძუძუთი“, რომლის ფუძეს დაჰყვება ნაოჭი ნახევარი წრის სახით. ნაყოფის კანი მკვრივია, საშუალო სისქით 5 მმ. რბილობი უხვწვნიანია, არომატული, საშუალოდ მჟავე, ღია ფერის, შედგება 9-11 თანაბარი ზომის სეგმენტისაგან 20-მდე თესლით.
მეიერის ჯიშის ლიმონი საქართველოში გასული საუკუნის ოციანი წლების ბოლოს არის შემოტანილი. მცენარე იზრდება ბუჩქებად, დაბალი ტანისაა, სხვა ჯიშებთან შედარებით გამოირჩევა უფრო მაღალი ყინვაგამძლეობით და დაავადებებისადმი მედეგობით. უხვად მსხმოიარობს და დაზიანაბის შემთხვევაში სწრაფად აღადგენს მსხმოიარობას. ნაყოფი საშუალო ზომისაა, ოვალური ფორმის, მომრგვალო ან ოდნავ გამოსახული წვერით, მასით 95 გ საშუალოდ. ნაყოფის კანი თხელია (3 მმ), მოყვითალო-ნარინჯისფერი, კარგად სცილდება რბილობს. რბილობი მოყვითალო ნარინჯისფერია, უხვწვნიანი, ნაკლებად არომატული და ნაკლებად მჟავე, შედგება 10 სეგმენტისაგან. იძლევა სხვადასხვა რაოდენობით თესლს, ზოგჯერ უთესლოა.
დიოსკურია პირველი ჰიბრიდული წარმოშობის ქართული ჯიშია. იგი წარმოადგენს ქართული ლიმონის და ტრიფოლიატის ჰიბრიდს. მცენარე ძლიერ მზარდია, ხშირი ტოტებით, უხვმოსავლიანია, გამოირჩევა შედარებით ყინვაგამძლეობით და დაავადებების მიმართ მედეგობით. ნაყოფი ტიპიური ლიმონის ფორმის, უთესლო. ერთი ნაყოფი მასით 80-110 გრამის ფარგლებშია. რბილობი წვნიანი, არომატული, სეგმენტების რაოდენობა 8-9. კანი გლუვი, საშუალო სისქის, დამახასიათებელი მოყვითალო შეფერილობით.
თემურ რევიშვილი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი,
თამაზ მიქაძე, ტექნოლოგიების დოქტორი