ლობიოს ჯიშები და წარმოების აგროტექნოლოგიური თავისებურებები

ლობიო პარკოსანთა ოჯახის წარმომადგენელია. მის მარცვალს ფართოდ იყენებენ უშუალოდ საჭმლის მოსამზადებლად (იგი პარკოსნებს შორის ყველაზე გემრიელი საკვებია), აგრეთვე კვების მრეწველობაში მარცვლისა და ნედლი პარკებისაგან სხვადასხვა სახის კონსერვების დასამზადებლად.ლლობიოს მარცვალი ცილებითა და ნახშირწყლებით მდიდარია. შეიცავს 28-30 %-მდე ცილას, 2 % _ ცხიმს და 49 %-მდე _ ნახშირწყლებს.

სამარცვლე პარკოსნების ნათეს ფართობებს შორის ლობიოს სოიოს შემდეგ მეორე ადგილი უჭირავს. მისი ნათესი ფართობი მსოფლიოში 23 მილიონ ჰექტარს აღწევს.

საბჭოთა კავშირის დროს საქართველოში ლობიოს სუფთად ნათესი ფართობი 8 ათას ჰა-ს აღემატებოდა, დღეს ეს ფართობები რამდენჯერმე შემცირებულია, მაგრამ, სამწუხაროდ, ზუსტი სტატისტიკური ინფორმაცია არ არსებობს.

საქართველოში ყოველწლიურად, ძირითადად შუა აზიის ქვეყნებიდან, დაახლოებით 1800-2000 ტონა ლობიოს მარცვლის იმპორტი ხორციელდება. შესაბამისად მისი ფასი საკმაოდ მაღალია, 1 კილოგრამის ღირებულება 2,2 ლარიდან 4 ლარამდე მერყეობს, თუმცა აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენს ქვეყანას ყველანაირი რესურსი აქვს, რომ ეს დეფიციტი დააბალანსოს.

დღესდღეობით ლობიოს ძირითადი მწარმოებლები მსოფლიოში არიან: ინდოეთი, სამხრეთ ამერიკა, შუა აზიის ქვეყნები.

ლობიოს ორი სამშობლო აქვს: ძველი (აზია) და ახალი (ამერიკა). აზიის ქვეყნებში ლობიოს 5-6 ათასი წლის წინათაც იცნობდნენ. ამერიკის კონტინენტზე იგი უძველესი დროიდანვე იყო ცნობილი.

მსოფლიოში ლობიოს ორი სახეობაა გავრცელებული — ამერიკული და აზიური.

ამერიკული მსხვილმარცვლიანი, მხვიარა, მოკლე პარკიანი (3-6 მარცვალი), ტენის მოყვარული მცენარეა; აზიური ლობიო — დაბალბუჩქიანი, გვალვაგამძლე, წვრილმარცვლოვანი, წვრილი და ვიწრო პარკებიანი მცენარეა. პარკში 6 და მეტი მარცვალია.საქართველოში (დასავლეთ საქართველოში) იგი შემოტანილი უნდა იყოს ხვჳ-საუკუნეში, შავი ზღვისპირეთში, საიდანაც დანარჩენ საქართველოში გავრცელდა.

მსოფლიოში დღეს ლობიოს 20-მდე სახეობა არსებობს, მაგრამ მეტ-ნაკლები კომერციული მნიშვნელობა 7 სახეობას აქვს:

  1. ჩვეულებრივი ლობიო;
  2. ალისა ლობიო;
  3. ლიმური ლობიო;
  4. საკადრისა ლობიო;
  5. ბრინჯა ლობიო;
  6. მაშა ლობიო;
  7. ტემპერა.

ლობიოს კულტურული ფორმები სავეგეტაციო პერიოდის მიხედვით 5 ჯგუფად იყოფა:

  1. ძალიან ადრეული ( 60-75 დღე);
  2. ადრეული (75-90 დღე);
  3. საშუალო (85-105 დღე);
  4. საგვიანო (100-115 დღე);
  5. ძალიან საგვიანო (115 დღეზე მეტი).

ზრდის ხასიათის მიხედვით გვხვდება:

  1. ხვიარა;
  2. ნახევრად ხვიარა;
  3. ბუჩქოვანი ანუ კუტი.

საკვებად ასხვავებენ:

  1. საპარკე (კონსერვების საწარმოებლად);
  2. ნახევრად საპარკე;
  3. სამარცვლე.   

ლობიოს ნაყოფი პარკია. ფორმის მიხედვით მთლიანად სწორია, ოდნავ მოხრილი და ძალზე მოხრილი, — სიგრძით 6-დან 25 სმ-მდე. პარკების შეფერვა ძალზე მრავალგვარია: მწვანე, ყვითელი, ლურჯად აჭრელებული, თუმცა ყველა დამწიფებისას ჩალისფერს იღებს.

საპარკე (საკონსერევე) ჯიშების პარკი რბილი პარენქიმული ქსოვილებისაგან შედგება, რომლის შიგნით პერგამენტის შრეა გამოკრული. მათთვის დამახასიათებელია თხელი პერგამენტის შრე, რომელიც მალე არ უხეშდება და უბეწვოა, ის ადვილად იხარშება და ფართოდ გამოიყენება საკონსერვო მრეწველობაში.

სამარცვლე ჯიშები ძლიერ პერგამენტიანია, ადრე უხეშდება და ნაწიბურის გასწვრივ ბეწვს იკეთებს, ასეთი ჯიშები საკონსერვო მრეწველობისათვის არ ვარგა და მხოლოდ სამარცვლედ გამოიყენება.

თესლი ორლებნიანია, ფორმით, ზომით, ფერით მეტად განსხვავებული.

ფორმით: ცილინდრული, წაგრძელებული, თირკმელისებრი, კვერცხისებრი ან სფეროსებრი.

შეფერილობით: წითელი, თეთრი, ყავისფერი, შავი, გვხვდება გარდამავალი და ჭრელი ფორმებიც.

მარცვლის ზომები საკმაოდ დიდ დიაპაზონში მერყეობს, 1000 მარცვლის წონა 140 გრ-დან 750 გ-მდეა.

საქართველოში ჩვეულებრივი ლობიოს შემდეგი ჯიშებია გავრცელებული.

ჩიტიკვერცხა — ადგილობრივი ჯიშია, მას გურულ ლობიოსაც უწოდებენ. მცენარე ხვიარაა, მარცვალი მომრგვალო-ელიფსური ფორმის, მოვარდისფრო-ყვითელი, ჭრელი, მუქი წითელი ლაქებით და წერტილებით. ყვავილი იასამნისფერი, პარკი ოდნავ მოღუნული, სიგრძით 9-12 სმ. ნედლი პარკი მწვანე-მუქი იისფერი ლაქებით და ზოლებით. პარკი ნაზია, პერგამენტის შრე თითქმის არა აქვს. 1000 მარცვლის წონა 350-420 გრ-ს უდრის, საშუალო მასავლიანობა 14-20 ც/ჰა.

ცანავა-3 — საადრეო ჯიშია, შემოდის 75-90 დღეში, მარცვალი კვერცხისებრი მომრგვალო მოყვანილობისაა, ჯიშისათვის დამახასიათებელია ორგვარი შეფერილობა — ღია მოყვითალო-მოვარდისფრო, მეწამული ფერის ლაქებით. ყვავილი მკრთალია — იისფერი, პარკი — ოდნავ მოხრილი, სიგრძით — 7-10 სმ. ნედლი პარკი მწვანეა, მოვარდისფრო მეწამული ლაქებით, პარკში 3-5 მარცვალია. 1000 მარცვლის წონა 420-430 გრ-ია.

წითლადჭრელი — ადგილობრივი ჯიშია, უმთავრესად გავრცელებულია კახეთის რეგიონში, ბუჩქი კუტია (არამხვიარა), მარცვალი კვერცხისებური, მრგვალი, კრემის ფერი, წითლად ჭრელი, ჭიპი თეთრი, ზედაპირი მბზინავი, პარკი ცილინდრული ფორმისაა, ოდნავ მოხრილი, 1000 მარცვლის მასა 380-420 გრ-ია. ვეგეტაციის პერიოდი 85-90 დღეს უდრის, გამძლეა დაავადებათა მიმართ, საშუალო მოსავლიანობა 2 ტონა/ჰა-ზე.

ზემოთ აღნიშნული ჯიშების გარდა სხვა ჯიშებიც ფართოდაა გავრცელებული: შულავრეული, ბათუმურა, წითელი ადგილობრივი და სხვა.

ლობიო სითბოს მოყვარული მცენარეა, მისი თესლი 8-10 სითბოს პირობებში ღივდება, კარგად იზრდება 12-150C, ოპტიმალურ ტემპერატურად ითვლება 22+ 270C, იაროვიზაციას 8-120C პირობებში 6-8 დღეში გადის, ადვილად ზიანდება ტემპერატურის შემცირებისას. ლობიოს აღმონაცენს 10C ყინვაც კი მთლიანად ღუპავს. სრული მომწიფებისთვის ლობიოს 2700-31000C სჭირდება.

ლობიოს ზოგიერთი ჯიში ადვილად ეგუება მცირე დაჩრდილვას, ამის გამო მას თავისუფლად თესავენ სიმინდთან ერთად.

ლობიო ტენის მოყვარული კულტურაა, ყვავილობისა და პარკების ჩასახვის პერიოდში განსაკუთრებით ცუდად იტანს გვალვას და წყლის ნაკლებობას. გვალვიან წლებში მისი მოსავლიანობა შეიძლება 40-60 %-ით შემცირდეს.

ჰაერისა და ნიადაგის ტენისადმი ყველაზე ამტანია დაკოკრებისა და ყვავილობის წინა პერიოდში. ყვავილობის ფაზაში ნიადაგისა და ჰაერის ტენიანობის დეფიციტი 5დღეს არ უნდა აღემატებოდეს.

აღმოსავლეთ საქართველოს პირობებში მაღალი მოსავლის მისაღებად სავეგეტაციო პერიოდში საჭიროა 4-6 მორწყვა, აქედან 3 მორწყვა დაკოკრებისა და ყვავილობის პერიოდში, დანარჩენი საჭიროების მიხედვით.

ლობიოსათვის საუკეთესოა შავმიწა, ალუვიურ-სილნარი და წითელმიწები. ცუდად ხარობს თიხნარ ნიადაგებზე, ეგუება ნიადაგის მცირე მჟავიანობასაც.

მომეტებულად მჟავიანი და დაჭაობებული, აგრეთვე დამლაშებული ნიადაგები ლობიოსათვის გამოუსადეგარია (ასეთ პირობებში ფერხდება კოჟრის ბაქტერიების განვითარება).

ლობიო ვერ იტანს ერთსა და იმავე მინდორზე განმეორებით თესვას, ამ შემთხვევაში ადვილად ავადდება ვირუსული ავადმყოფობებით, ის თესლბრუნვაში თავსდება ჩვეულებრივ საშემოდგომო თავთავიანი კულტურების შემდეგ. მისთვის საუკეთესო წინამორბედი საშემოდგომო ხორბალი და ქერია, რომელთა მოსავლის აღების შემდეგ ლობიოს დასათესად ნიადაგის სათანადოდ მომზადება შეიძლება. ლობიოს მოყვანა შეიძლება ყველა სათოხნი კულტურის შემდეგაც (ნასიმინდარზე, ნაკარტოფილარზე, ნაჭარხლარზე და ა.შ), თვითონ იგი სხვა კულტურებისთვის საუკეთესო წინამორბედია.

ლობიო თესლბრუნვაში 4-5 წლის შემდეგ უნდა დაბრუნდეს.

ლობიოს საწარმოებლად ნიადაგი შემოდგომაზე სრულ სიღრმემდე უნდა მოიხნას და დათესვამდე 1-2 კულტივაცია ჩაუტარდეს, რათა ადრე ამოსული სარეველები მოისპოს. იმის გამო, რომ ლობიო სითბოს მოყვარული კულტურაა და შედარებით გვიან ითესება ნაკვეთის ძლიერ დასარეველიანების შემთხვევაში, მის დათესვამდე სარეველები აღმოცენდება, ამ შემთხვევაში რეკომენდებულია ნაკვეთზე ტოტალური მოქმედების ჰერბიციდების — კლინი, ურაგანი, ზერო, გლიფოგანი, ნოგდაუნი და და ა,შ. შეტანა 3-5 ლ/ჰა-ზე.

კარგ შედეგებს იძლევა შემოდგომაზე ნიადაგის ძირითადი დამუშავების წინ ჰა-ზე 30-50 ტონა გადამწვარი ნაკელის შეტანაც. ხოლო გაზაფხულზე მცენარეთა დამატებითი აზოტო-ფოსოფროვანი სასუქებით გამოკვება.

სათესლედ უნდა შეირჩეს მსხვილი მარცვლები, მსხვილი მარცვლები 10-12% ზრდის მოსავლიანობას.

თესლი უნდა შეიწამლოს გრანოზინით ან სხვა თესლის შესაწამლი პრეპარატით (2-3 კგ/1ტ-ზე) და დამუშავდეს ნიტრაგინით.

საქართველოში ლობიოს წარმოების ძირითადი რაიონებისთვის თესვის პერიოდად მიღებულია აპრილის მესამე დეკადა, მაისის დასაწყისი, მთიან რეგიონებში მაისის მეორე დეკადა.ლობიოს განსხვავებული ჯიშები სხვადასხვა თავისებურებით ხასიათდებიან, ამიტომ ისინი სხვადასხვა წესითა და სიხშირით ითესება.

საქართველოში სხვადასხვა გამოკვლევებით, ლობიოსათვის ოპტიმალურია მწკრივებად 60×10 სმ კვების არით, ან ორმწკრივიან ზოლებად (მწკრივებს შორის — 20, ხოლო ზოლებს შორის 65-70 სმ), რათა ერთ ჰექტარზე 300-350 ათასი მცენარე მივიღოთ.

კარგი შედეგები მიიღება აგრეთვე მწკრივად 50×10 სმ თესვისას.

სათესლე მასალის ხარჯი ძალზე მერყეობს და დამოკიდებულია თავად მარცვლის სიმსხოზე:

  1. ძალიან წვრილი თესლი 30-40 კგ/ჰა-ზე;
  2. წვრილი თესლი 50-70 კგ/ჰა-ზე;
  3. საშუალო სიმსხოს თესლი 90-110 კგ/ჰა-ზე;
  4. მსხვილი თესლი 130-160 კგ/ჰა-ზე;

ჩვენს პირობებში ლობიოს წმინდად თესვის საშუალო ნორმად ჰექტარზე — 60-120 კგ., ხოლო სიმინდში შეთესვისას — 12-16 კილოგრამია მიღებული.

ჩათესვის სიღრმე დამოკიდებულია ჯიშებზე და ნიადაგობრივ პირობებზე.

ჩვეულებრივ პირობებში ლობიო 3-5 სმ. სიღრმეზე ითესება, მშრალ და მსუბუქი მექანიკური შემადგენლობის ნიადაგებზე 7 სმ. სიღრმეზე. 

ლობიო თავიდან ძალიან ნელა იზრდება და სარეველებს კონკურენციას ვერ უწევს, ამიტომ ვეგეტაციის პერიოდში 2-3 კულტივაციის ან გათოხნის ჩატარებაა საჭირო.

1 თოხვნა-კულტივაცია ტარდება 2-4 ფოთლის ფაზაში, მეორე — 10-12 დღის შემდეგ, მესამე კი მეორე კულტივაციიდან —12-15 დღის შემდეგ. (სუფთა ნაკვეთების ქონის შემთხვევაში საკმარისია 1 გათოხნის ჩატარებაც). იმ შემთხვევაში თუ დასათესად გამოყენებული იქნა თანამედროვე სათესები, გამოირიცხება ლობიოს ნათესის გამეჩხერების აუცილებლობა, რაც შრომითი რესურსების მნიშვენელოვანი დანაზოგია.

უხვი მოსავლის მისაღებად წარმოების პროცესში განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს მცენარის წყლით უზრუნველყოფას. დაკოკრებისა და ყვავილობის ფაზაში2-3 ჯერ მორწყვა აუცილებელია, — დანარჩენი კი საჭიროების მიხედვით. რწყვას განსაკუთრებული მნიშვნელობა საპარკე ჯიშებისათვის აქვს. საადრეო ჯიშებს 3-4 ჯერ მორწყვა სჭირდება, ხოლო საგვიანოებს — 5-6 ჯერ.

წარმოებაში ყველაზე გავრცელებული დაავადებაა ლობიოს ანტრაქოზი, რომლიც ჭარბტენიან წლებში იჩენს თავს, მის წინააღმდეგ რეკომენდებულია სპილენძშემცველი ფუნგიციდების 1 % ხსნარის შესხურება, დაავადების განვითარებისათვის ხელსაყრელი ფონის შექმნისას (ჰაერის მაღალი ფარდობითი ტენიანობა და თბილი ამინდი), ყოველ 7-10 დღეში ერთხელ უნდა ჩატარდეს აგრეთვე პროფილაქტიკური წამლობა.

მოსავლის აღება. საპარკედ (მწვანედ, საკონსერვო დანიშნულებით) სპეციალურ ჯიშებს და ჰიბრიდებს აწარმოებენ, რომლებსაც თანაბარი ყვავილობა და მსხმოიარობა ახასიათებთ, მათ რძისებრ-ცვილისებურ სიმწიფის სტადიაში დაყოვნების გარეშე მიაქვთ და გადასამუშავებლად იღებენ.

სამარცვლედ ლობიოს იღებენ, როდესაც პარკების 80-90% შეხმება (ჯიშს ან ჰიბრიდს უნდა ახასიათებდეს სიმწიფეში შესვლის ერთდროულობა, პარკების ნაკლები დასკდომის უნარი) ასეთ ლობიოს აწყობენ ღვარეულებად და 4-9 დღეში გამოლეწავენ.

ღვარეულებად დაწყობა და შემდგომი გამოლეწვა დაკავშირებულია დიდ შრომით დანახარჯებთან, მოწინავე ტექნოლოგიის ქვეყნებში ლობიოს სამარცვლედ აღება სპეციალური ამღები მანქანებით, პირდაპირ მინდორში წარმოებს.

ჟურნალი „ახალი აგრარული საქართველო“