აგროსიახლეები

 ლოს-ანჯელესში, ბუნებრივი ღვინოების გამოფენაზე ,,RAW Wine” ქართული ქვევრის ღვინო იყო წარმოდგენილი

საქართველოდან გამოფენაში ღვინის  შვიდი მარანი მონაწილეობდა. ტრადიციულად, ქართული ღვინის მიმართ ინტერესი დიდი იყო ღვინის პროფესიონალებისა და მედიის მხრიდან. ორდღიან გამოფენაზე მოსულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ქართულ ღვინოებთან ერთად, ქართული ღვინის წარმოების უძველეს ტრადიციებს,  მის კულტურასა და ისტორიას გაცნობოდნენ. საერთაშორისო გამოფენაზე ქართული ღვინის წარდგენით იზრდება ქვევრის ღვინის ცნობადობა, რაც პოტენციური იმპორტიორების მოძიებისა და  ექსპორტის ზრდის შესაძლებლობას იძლევა.

,,RAW Wine”  (The Artisan Wine Fair) ითვლება ერთ-ერთ გამორჩეულ გამოფენად, სადაც მაღალი ხარისხის ბუნებრივი, ორგანული და ბიოდინამიური ღვინოების მწარმოებლები იკრიბებიან. გამოფენის ორგანიზატორია ცნობილი ღვინის ექსპერტი საფრანგეთიდან იზაბელ ლეგერონი. მიმდინარე წელს, გამოფენაზე 13 ქვეყნის 100-მდე მწარმოებელი მონაწილეობდა, მათ შორის, ისეთი ქვეყნებიდან, როგორიცაა საფრანგეთი, ესპანეთი, გერმანია, იტალია, ჩილე და სხვა.

გამოფენას საქართველოს გენერალური კონსული ქალაქ სან-ფრანცისკოში, ლევან ბერიძე დაესწრო.

აღსანიშნავია, რომ ლოს-ანჯელესის გამოფენის მონაწილე კომპანიები, 13-14 ნოემბერს, წარმოდგენილი იქნებიან ქალაქ ნიუ-იორკში, ამავე ფორმატის გამოფენაზე  ,,RAW Wine NY”.  

პოტენციური იმპორტიორების მოძიებისა და  ექსპორტის ზრდის შესაძლებლობის გათვალისწინებით, ქართული ღვინის წარდგენა აშშ-ში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. აშშ წარმოადგენს ქართული ღვინის ერთ-ერთ სტრატეგიულ საექსპორტო ბაზარს, სადაც მიმდინარე წლის 10 თვის მონაცემებით ექსპორტირებულია ერთ მილიონამდე  ბოთლი  ღვინო, რაც 7%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.  ამერიკის შეერთებულ შტატებში 2021 წელს დაფიქსირდა ქართული ღვინის ექსპორტის ისტორიული მაქსიმუმი, 1 მილიონზე მეტი ბოთლი ღვინო. ამასთან, აშშ-ის ბაზარი ქართული ღვინისთვის ერთ-ერთი ყველაზე მაღალფასიანი სეგმენტია, სადაც ქართული ღვინის ერთი ლიტრის ფასი 6 აშშ დოლარს აღემატება.