დარგებიმედიამემცენარეობა

მანცინელა _ ყველაზე საშიში ხილი პლანეტაზე

პლანეტის ყველაზე შხამიანი და ყველაზე მომაკვდინებელი ხის წინააღმდეგ ადამიანი დღემდე უძლურია, თუმცა მისგან ავეჯის დამზადება კი ისწავლა.
მოდით, წარმოვიდგინოთ ასეთი სიტუაცია: ისვენებთ კარიბის კუნძულებზე, ან ბრაზილიაში, ან ამერიკაში (ცენტრალურ და, შესაძლოა, ჩრდილოეთ ან თუნდაც სამხრეთ ამერიკაში). თავს საუცხოოდ გრძნობთ. ერთ დღესაც გადიხართ სანაპიროზე და ხედავთ ლამაზ, გაშლილ ხეს, რომლის ქვეშაც ქვიშა პატარა, მაგრამ ძალიან სურნელოვანი ხილითაა მოფენილი. მწვანე, მათრობელასუნიანი. მმმ… ეგზოტიკა! იღებთ ნაყოფს და აგემოვნებთ — ტკბილია და წვნიანი, საოცრად გემრიელი.

15152

გადის ერთი წუთი, შემდეგ კიდევ ერთი და… უცებ გეჩვენებათ, რომ აგიზგიზებული ნაკვერხალი გადაყლაპეთ, რომ საყლაპავი გოგირდმჟავით ჩაირეცხეთ. ძალიან-ძალიან გეწვით, იწყება საყლაპავის სპაზმები, წყალი არ შველის, კუჭში საშინელი ტკივილებია…

თუ ნაყოფი უბრალოდ გასინჯეთ, გადარჩენის შანსი არც ისე ცუდი გექნებათ, თუმცა შედეგები დიდხანს გაგყვებათ. ხოლო თუ ნაყოფი მთლიანად შეჭამეთ, მაშინ გადარჩენის შანსი პრაქტიკულად ნულის ტოლია. ეს იმიტომ, რომ ხეს, რომელსაც მეცნიერებმა მანცინელა უწოდეს, და რომლის ნაყოფსაც ესოდენ მათრობელა და მომაჯადოებელი არომატი აქვს, ხალხში „სიკვდილის ხე“ ჰქვია. ეს პლანეტის ყველაზე შხამიანი ხეა.

მანცინელა ყველაფრით საშიშია. მისი ქერქი, ნაყოფი, ფოთლები, ყვავილები და ტოტებზე დაგროვილი ნამიც კი შხამიანია.

მანცინელა
თავის დროზე მზაკვარმა ხემ არაერთი ესპანელი კონკისტადორის, მეკობრისა თუ რიგითი ევროპელი მეზღვაურის სიცოცხლე შეიწირა, რომლებიც სურნელოვანი ნაყოფით შიმშილისა და წყურვილის დაკმაყოფილებას ცდილობდნენ. თუმცა მანცინელა მკვლელობებს დღემდე განაგრძობს, რადგან ხეს ყოველთვის არ აქვს დამცავი ღობე თუ გამაფრთხილებელი ნიშანი. ამიტომ ისეც ხდება, რომ ტურისტები ხშირად ზარალდებიან — არა მარტო იმიტომ, რომ მომაკვდინებელ ნაყოფს სინჯავენ, არამედ იმიტომაც, რომ ხის ჩრდილში ისვენებენ, ან მისი ტოტების ქვეშ ელოდებიან წვიმის გადაღებას.

მანცინელა ყველაზე საშიში ხეა მსოფლიოში და გამორჩეულად შხამიანი თვისებების გამო გინესის რეკორდების წიგნშიც კია შეტანილი.

მანცინელას ხე რძიანასებრთა ოჯახიდანაა და მარადმწვანე მცენარეებს განეკუთვნება. ყვავის მთელი წლის განმავლობაში. ძალიან უყვარს ტენი, ამიტომ ყველაზე ხშირად ზღვის სანაპიროებზე იზრდება.

მანცინელა შეიცავს რძისებრ წვენს, რომლის შემადგენლობაშიც შედის შხამიანი ნივთიერება ფორბოლი, ძლიერი კანცეროგენი. წვენი ტოქსიკურ გავლენას ახდენს ადამიანის ორგანიზმზე, ძლიერ აღიზიანებს კანსა და ლორწოვან გარსებს. რამდენიმე წვეთიც კი იწვევს ძლიერ დამწვრობას, ბუშტუკების გაჩენას. უფრო მეტიც, შეიძლება ბამბის ქსოვილებიც კი დაწვას. თუ ადამიანს დიდი ხნის განმავლობაში ექნება მანცინელასთან კონტაქტი, მისთვის მნიშვნელოვნად იზრდება კიბოს განვითარების რისკი.

მანცინელას ნაყოფის ჭამა იწვევს საყლაპავისა და ყელის დამწვრობას, ხოლო წვენის კუჭში მოხვედრა — კედლების პერფორაციას. თვალებში მოხვედრის შემთხვევაში წვენის უმცირესი რაოდენობაც კი სრულ სიბრმავეს იწვევს.

გამომდინარე იქიდან, რომ ტოქსინი ფორბოლი კარგად იხსნება წყალში, თუ წვიმას მანცინელას ტოტებქვეშ დაემალებით, ფოთლებიდან ჩამონადენი შხამიანი ნამი ძლიერ დამწვრობას გამოიწვევს. თუ ფორბოლი თუნდაც ყველაზე უმნიშვნელო ღია ჭრილობაში მოხვდა, ამას აუცილებლად სასიკვდილო მოწამვლა მოჰყვება.

ხე იმდენად საშიშია, რომ XVIII საუკუნის შუა წლებში კუნძულ პუერტო-რიკოზე მისი ტოტალური ამოძირკვა დაიწყეს. სამწუხაროდ, მანცინელას განადგურება ვერ მოხერხდა. ხის ჭრის დროს შხამიანი რძიანი წვენი ხის მჭრელებს სხეულზე ეშხეფებოდა, რის გამოც ძლიერ დამწვრობას იღებდნენ და ბრმავდებოდნენ კიდეც.

ამის შემდეგ ხეების დაწვა გადაწყვიტეს, მაგრამ მისი კვამლი არანაკლებ საშიში აღმოჩნდა: წვავდა თვალებს, აღიზიანებდა სასუნთქ გზებს და იწვევდა ძლიერ თავის ტკივილს. მანცინელას უკიდურესი ტოქსიკურობის გამო შხამიან ხესთან ბრძოლის ყველა მცდელობა უშედეგოდ დასრულდა.

მიუხედავად იმისა, რომ მანცინელას მოჭრა კვლავაც დიდ საფრთხეებთან არის დაკავშირებული, ახლა მას მაინც ამუშავებენ — ავეჯის დასამზადებლად იყენებენ. იგი ძვირფას და იშვიათ ჯიშებს განეკუთვნება, აქვს ლამაზი მუქი გამა და საკმაოდ გამძლეა. ძვირადაც ფასობს.

საინტერესო ის არის, რომ მანცინელას ავეჯი საშიში არ არის. დამუშავების დროს შხამიანი წვენი მთლიანად გამოიდევნება მერქანიდან, ამიტომ მზა ნაკეთობებს ტოქსინების გამოყოფა არ შეუძლია.

წყარო: sputnik-georgia.com