დარგებიმე და ჩემი სოფელიმეთევზეობარეგიონები

მანუჩარის კალმახი

ბევრი სიკეთითაა  ცნობილი საჩხერის მუნიციპალიტეტის მაღალმთიანი სოფელი მოხვა.

უპირველესად მეთერთმეტე საუკუნის უნიკალური ძეგლით, ჯრუჭის მონასტრით,სადაც ქართული ენათმეცნიერების კორიფემ, აკაკი შანიძემ, ასევე უნიკალური, ჯრუჭის ოთხთავად წოდებული სახარება აღმოაჩინა.ამ დიდებული ტაძრის კუთვნილება ადრე ხელიდან ხელში გადადიოდა ერთმანეთის სამტროდ შემართულ საჩხერელ წერეთლებსა და რაჭველ ერისთავებს შორის. შემდგომი მტრობა მორიგებამ შეცვალა და მომრიგებლის როლი მოხველებს ჰქონდა დაკისრებული. აქტიურობდნენ ამბროლაურელი, ონიელი და საჩხერელი პოლიგრიმებიც, რომლებიც ერთნაირი ინტერესით მოილოცავდნენ ხოლმე ნიკორწმინდას, მრავალძალს, ბარაკონს და ჯრუჭს. ეს უკანასკნელი ბოლო ოცდაათი წლით გამოაკლდა ამ შესანიშნავ ოთხეულს 1991 წლის კატასტროფული მიწიაძვრისაგან დანგრევის გამო. საბედნიეროდ ტაძრის აღდგენა მოგუმბათების პროცესშია და იგი მალე კვლავ მოემსახურება პილიგრიმთა ინტერესებს;

სასწაულებრივი მიკროკლიმატით, სამების,სურნალის,ჭორისხერთას ტყიანი ქედები რომ ქმნიან, რომელთა ქვეშ მერცხლის ბუდესავითაა შეყუჟული სოფელი;

წაბლით, წიფით, მოცვით,სხვა გარეული თუ შინაური ხილით, კარტოფილით…

და რაღა თქმა უნდა, სილამაზის, სისწრაფისა და მოუხელთებლობის სიმბოლო კალმახით!

კიდევ ერთი რამ, რაც მოხველებს სხვათაგან გამოარჩევს ამ ქედების, ამ ტყეების, ამ მდინარეების სიგიჯემდე მისული სიყვარულია, რომლის გამოც მოხველებს არასდროს მიუტოვებიათ აქაურობა, თუმცა მაღალმთიანი სოფლის საერთო პრობლემები თავზესაყრელი ჰქონდათ.

მანუჩარის კალმახი 222222222222222222222222

კი, არიან ისეთებიც, რომელთაც საჩხერე და სხვა ქალაქები აურჩევიათ საცხოვრებლად, მაგრამ მათი უმრავლესობა მამაპაპურ ადგილებსაც არ ტოვებს უყურადღებოდ. ორგანობის (ორგან ცხოვრების) სიძნელეებს მათ ეს სიყვარული აძლევინებთ.

ასე, რომ რამდენიმე მიტოვებული სახლ-კარი ვერ ქმნის სოფელში მიგრაციის მწვავე განცდის არსებობის შთაბეჭდილებას.

საჩხერე-რაჭის ახალმა საავტომობილო გზამ და საუბნო გზების მოწესრიგებამ საგრძნობლად გაუადვილა მოხველებს ორგანობა. ახლა მათ საჩხერიდან მოხვამდე  ასვლა და პირიქით სულ რაღაც ოციოდე წუთში შეუძლიათ.

ორგანობას აღარ უჩივის ამ სოფელში დაბადებული და გაზრდილი მანუჩარ მაჩაიძეც.

სახელმა და გვარმა წარსულის სპორტული დიდების ნოსტალგია ხომ არ აღგიძრათ? ფეხბურთის მოყვარულმა მამამ, თემურმა, ამ მანუჩარს იმ ლეგენდარული დინამოს ლეგენდარული კაპიტნისადმი პატივისცემის ნიშნად დაარქვა სახელი. სხვა არაფერი აკავშირებს მათ გარდა იმისა, რომ ეს მანუჩარიც თავისი დიდი სეხნიასავით მოძრავია, მოუსვენარია და თავს მოიკლავს, სანამ ბოლომდე არ მიიყვანს დაწყებულ საქმეს.

კალმახივით ბიჭი გვეზრდებაო, ამბობდნენ მეზობლები. თვითონაც ამოჩემებული ჰქონდა,  კალმახს უნდა ვაჯობოო. კირს,  კაკლის ნაჭს და სხვა მამაძაღლობებს როგორ იკადრებდა (ამაებს სხვებს უშლიდა) – თითები ჰქონდა გადატყაული ვეებერთელა ქვებქვეშ ხელაობით. ვერ ჯაბნიდა,ვერ იმორჩილებდა, ორიოდე ღერს თუ დაიჭერდა.ჟინს იოკებდა, თორემ მათაც გაუშვებდა ხოლმე.

ქალაქში რომ დასახლდნენ, აწ გარდაცვლილი მამის შთაგონება – სოფელი არ მიატოვოო – ანდერძად გაიხადა. სახლ – კარსაც მიხედა, საკარმიდამოსაც მაგრამ კალმახის დაჯაბნის ინტერესი მაინც ვერ გაინელა და გადაწყვიტა, „შემოვლითი“ გზით მიდგომოდა საქმეს.

2007 წელს დაიწყო საკალმახე მეურნეობის შექმნა. როგორც თვითონ ამბობს, მაშინ გაყიდა ავტომანქანები, სასოფლო – სამეურნეო ტექნიკა  და შეუდგა ავზების მშენებლობას. ვერც მეზობლების სკეპტიკოსობამ გატეხა – ამ საქმიდან არაფერი გამოგივაო.

გამოუვიდა. რვა ავზი ღია ცის ქვეშ აქვს,ექვსი (სალიფსიტე) – მოფარდულებულში.ავზებში მდინარე მოხვურას წყალია მილებით მიშვებული. იგი კალმახისათვის უნიკალურია. დასავლური და სხვა (მით უმეტეს ტბორის) კალმახისაგან დიდად განასხვავებს საკვები ღირებულებებით. მთავარია,რომ კალმახს ცივი წყალი უყვარს და მოხვურის ტემპერატურა მუდმივად არ იწევს 17 გრადუსზე მაღლა უმეტესად 15-14 გრადუსის ფარგლებში მერყეობს. ლიფსიტებს ყიდულობს. კალმახი ფრთხილია, მაგრამ ზოგჯერ ცთუნებას ვერ უძლებს და მოხვურიდანაც ჩამოიპარება ხოლმე. მით უკეთესი – ავზების ბინადრებს შეუჯვარდება და ხარისხს აუმაღლებს.

კვების მეთოდიც თავისებური აქვს მანუჩარს „სტრეტილი და ალერი, როგორც წესი,ას კილო კალმახზე ორნახევარი კილო მოიხმარება. მე კილონახევარს ვიყენებ, დანაკლისს ბუნებრივი საკვები _  ჭია-ღუა და მწერები ანაზღაურებენ.

თუ ხელოვნურ საკვებზე მიუშვი, კალმახი გადაგვარდება. 200 გრამი – ეს უნდა იყოს მისი მაქსიმალური წონა. უფრო დიდი წონის ჩვეულებრივი თევზია და მეტი არაფერი.

ამასობაში კალმახი ავზიდან ამოხტა მწერის ჩასაყლაპად. „ეგ ნუ გიკვირს მიხსნის მანუჩარი – მზის სხივს რომ შეეთამაშება, მაშინ ნახავ, რა საამოა საცქერად, კალმახის გარდა, აგერ კობრიც მყავს ავზში. შიგნით, სალიფსიტეში სახელგანთქმული რიონის ზუთხიც ჩაუშვი. სულ პატარები იყვნენ ნეკისოდენები არც კი. ახლა,ნახე,რამხელებია“. თუ ამ კლიმატს შეეგუენ, მეურნეობას გავაფართოებ.

საკვირველი არაა, ამ საქმეს როგორ აუდის მარტოდენ ერთი კაცი? კვება, დაჭერა, ტრანსპორტირება, რეალიზაცია, დაცვა…

„დაცვა რაში მჭირდება. მეზობლები ხელმრუდობას არც თვითონ იკადრებენ და არც არავის აკადრებინებენ. თუ მაინც და მაინც, ვინ შემოუა ჩემ ლომას?“

ლამის ჯაჭვი გაწყვიტოს, ისე იღრინება იქაჩება ლომისხელა ნაგაზი.

“მაღაზია მაქვს საჩხერეში. იქამდე სპეციალური სათავსოთი ცოცხლად მიმყავს მომხმარებლამდე. ადრე კილოგრამს 10 ლარად ვყიდდი, ახლა სამწუხაროდ, თვრამეტ ლარამდე გაძვირდა. კვების ობიექტებსაც მიაქვთ“

აბა რა! ეს ხომ მაჩაიძის კალმახია – კალმახს შორის საუკეთესო.  

ზურაბ თურმანიძე,

საჩხერე, მოხვა, ოქტომბერი, 2021წ.

2