დარგებიმევენახეობა-მეღვინეობაფერმერი ფერმერს

მარანი და მისი ადგილი ქართველთა ყოფა-ცხოვრებაში

საქართველოში იქ, სადაც ვაზი ხარობს, ყველა ოჯახისთვის სახლის და მარნის ცნება, განუყოფელი იყო ადრე, არის დღეს და იქნება ყოველთვის. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ეზოში სადაც სახლი დგას იდგა და იდგება მარანი. საქართველოში ყოველთვის იყო შემთხვევა, ეზოში იდგა მარანი და არ იდგა სახლი, პირიქით კი არასდროს ყოფილა.

მარანთან დაკავშირებით საქართველოში არსებობს უძველესი ტრადიცია, რომელიც დღემდე გრძელდება და იქნება ყოველთვის. აქ ყველა ოჯახს ჰქონდა და აქვს საკუთარი მარანი, ანუ საქართველოში საზიარო მარნის მცნება არასდროს არსებულა. როცა ოჯახი იყოფა, მარანი გაყოფას არ ექვემდებარება და რჩება ფუძეზე დარჩენილი ძმის საკუთრებაში. გაყოფას მხოლოდ მარნის იარაღ-ჭურჭელი და ქვევრები ექვემდებარება. გაყოფის შემდეგ ოჯახიდან გასული ძმა (ძმები) თავის წილ ქვევრებს ამოიღებს და თავის მარანში გადააქვს. ასეც ხდებოდა, რომ ოჯახში დარჩენილი ძმა გასულ ძმას მისი კუთვნილი ქვევრის სანაცვლოდ ახალ ქვევრს უყიდდა, მის ქვევრს კი თვითონ დაიტოვებდა.

საქართველოში ყოველთვის იყო „გამართული“ და „გაუმართავი“ მარნის მცნება. ვისაც „კაპიტალურად“ აშენებულ მარანში სხვადასხვა ზომის ქვევრები, საწნახელი, საქაჟავი, თაღარი და მარნის ყველა სხვა იარაღ-ჭურჭელი ჰქონდა, „გამართული მარნის“ პატრონი იყო, თუ მათგან რამდენიმე აკლდა, გაუმართავის.

მარანს, საქართველოში ყოველთვის წმინდა ადგილად მიიჩნევდნენ და ექვს წმინდა ადგილს შორის, ეკლესიის შემდეგ, მოიხსენიებდნენ: ეკლესია, მარანი, სასაფლაო, სუფრა, ვენახი და სკოლა.

წინათ მარანში აღევლინებოდა ლოცვის და ბავშვთა ნათლობის რიტუალები, კლავდნენ შეწირულ ზვარაკს, მართავდნენ ნათლობას ქორწილს და სხვა დღესასწაულებს. საქართველოში სამართლის ძველ სიგელებში შეხვდებით განჩინებას, რომ მარნის შეურაცხმყოფელს საკმაოდ მაღალი ჯარიმის გადახდა დააკისრეს, ანუ საქართველოში მარანი ყოველთვის ხელშეუხებელ წმინდა ადგილად მიიჩნეოდა და ხშირად სახლის მაგივრობასაც კი უწევდა მესაკუთრეს.

მარანი მისი პატრონის სოციალური მდგომარეობის განმსაზღვრელიც იყო და სიამაყის საგანსაც წარმოადგენდა. ამიტომ მარნის მშენებლობას საქართველოში სახლის მშენებლობაზე ნაკლებ ყურადღებას ნამდვილად არ უთმობდნენ.

ახალი ოჯახის დაფუძნების დროს, თავშესაფრის შენების (სახლი შეიძლება ოჯახიდან გასვლისთანავე ვერ აეშენებიათ) პარალელურად მარანიც შენდებოდა. ასევე, მრავლად იყო შემთხვევა, როცა ახალ ოჯახს სახლის აშენების საშუალება არ ჰქონდა, ჯერ მარანს ააშენებდა და იქ ცხოვრობდა, როცა ხელს მოიწყობდა, სახლს აიშენებდა და საცხოვრებლად იქ გადადიოდა.

ასეთი ვითარება ბავშვობაში ხშირად მინახავს ჩვენს სოფელში, ანუ ოჯახი უმარნოდ არ არსებობდა, სახლის გარეშე, კი ხდებოდა ზოგჯერ გამონაკლისი შემთხვევები.

ეს ტრადიცია წარღვნამდელი დროიდან მოგვყვება ქართველებს, წარღვნის შემდეგ კი, როგორც იცით, ნოემ ძველი ქართული ტრადიციის თანახმად ცხოვრება ვენახის გაშენებით და ჭურ-მარნის გაწყობით დაიწყო, რითაც სათავე დაუდო წარღვნამდელი ქართული ტრადიციის წარღვნის შემდეგ გაგრძელებას. ამიტომ ჩემი ვარაუდი იმის შესახებ, რომ ნოე ქართველური ტომის შვილი იყო, ამ ფაქტსაც ეფუძნება.

ჟორა გაბრიჭიძე,

ტელ: 551-333-155