დარგებიმემარცვლეობასტატიები

 მარცვლეულის (ხორბლის) წარმოება

საქართველოში რიგი მიზეზების გამო (მცირე მიწიანობა, ვერტიკალური ზონალობა, ერთმანეთისაგან განსხვავებული ბუნებრივ-საწარმოო პირობები, ტრადიციები და სხვა) მნიშვნელოვნად შეზღუდულია მარცვლეულის (ხორბლის) წარმოება. დღევანდელ მსოფლიოში და მით უფრო, პოსტპანდემიის პერიოდში კიდევ უფრო გამწვავდება სასურსათო კრიზისი. იგი განსაკუთრებით მძიმე შედეგებს გამოიწვევს იმ ქვეყნებში, რომლებიც მარცვლეულის (ხორბლის) იმპორტზე არიან არსებითად დამოკიდებული.
საქართველოში 2019 წელს ხორბლით თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი მხოლოდ 15 %-ს შეადგენდა. ამავე წლის ხორბლის ბალანსის მიხედვით ქვეყანაში წარმოებული იყო 101 ათასი ტონა ხორბალი, იმპორტით შემოტანილი 587 ათასი ტონა. 2016 – 2019 წლებში საშუალოდ წელიწადში საქართველომ მოიხმარა 787,25 ათასი ტონა. აქედან, შემოტანილი ხორბალი საშუალო წლიურად შეადგენდა 596,25 ათას ტონას (75 %-ს).

მარცვლის (ხორბლის) წარმოების პერსპექტივის მიმართ დღესაც ორი პოზიციაა გამოკვეთილი. ექსპერტთა ერთ ნაწილს მიაჩნია, რომ საქართველომ საკუთარი წარმოებით უნდა დაიკმაყოფილოს ხორბალზე მოთხოვნილება და ამ ამოცანის შესრულებისათვის გამოიყენოს ხელსაყრელი ბუნებრივსაწარმოო პირობები. ამ მოსაზრებას არ იზიარებს ექსპერტთა მეორე ნაწილი. მათ ერთერთ არგუმენტად მოაქვთ ის, რომ საქართველოში გასული საუკუნის 50-იან წლებში საკუთარი წარმოებით ხორბალზე მოთხოვნილებათა სრული დაკმაყოფილების ამოცანა წარუმატებელი იყო. ამასთან მიაჩნიათ, რომ ქვეყნის უნიკალური ნიადაგობრივი პირობები რაციონალურად უნდა იყოს გამოყენებული სხვა კულტურების, მათ შორის საექსპორტო დანიშნულების პროდუქციის წარმოებისათვის. მოვალენი ვართ სწორად განვსაზღვროთ მარცვლეულის (განსაკუთრებით ხორბლის) წარმოების პერსპექტივა. ხორბალზე (პურპროდუქტებზე) 84 საშუალო წლიური მოთხოვნილება 2030 წლამდე პერიოდისათვის დაახლოებით შეადგენს 680-700 ათას ტონას. თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით თუ 2021 – 2025 წლებში საშუალოდ ხორბალი დაითესება 90 ათას ჰექტარზე (2019 წელს დათესილი იყო 43,6 ათას ჰექტარზე) და საშუალოდ მიღებული იქნება 30 ცენტნერი მარცვალი, ხორბლის ბალანსში საკუთარი წარმოების ხვედრითი წილი მიაღწევს 39 %- (2019 წელს იყო 15 %), ხოლო ჰექტარზე 35 ცენტნერის მიღების პირობებში – 46 %- . შემდგომ, 2030 წლამდე პერიოდისთვის ორიენტაცია უნდა ავიღოთ ხორბლის წარმოების ინტენსიურ მიმართულებაზე (მოსავლიანობის გადიდებაზე სულ მცირე 40- 45 ცენტნერამდე), რაც ბევრად არის დამოკიდებული შესაბამისი ხარისხის სათესლე მასალაზე.

დღეისათვის ხორბლის სათესლე მასალას სტაბილურად აწარმოებს 4 შპს: „ლომთაგორა“, „მამული 96“, „ნობლექსი“, „ასპრია“„. სხვადასხვა საინფორმაციო წყაროებით დგინდება, რომ მათ მიერ ბაზრისათვის მიწოდებული თესლის საშუალო წლიური მოცულობა არ აღემატება 1 000 ტონას, რაც საკმარისია მხოლოდ 4 000 ჰა მიწის ნაკვეთზე ხორბლის მოსაყვანად. დაახლოებით ერთი ამდენი იმპორტირებულია, ამიტომ ფერმერების უმეტესობა დასათესად იყენებს გაურკვეველი წარმოშობისა და დაუდგენელი ხარისხის სათესლე მასალას. შედეგად – დაბალია საშუალო საჰექტარო მოსავალი.

 საქართველოში ხორბლის (საერთოდ მარცვლეულის) წარმოების გადიდების ინტენსიური და ექსტენსიური პირობები მაქსიმალური ეფექტიანობით უნდა იყოს გამოყენებული. უკანასკნელ წლებში (1990-2020 წლები) ნათესი ფართობები შემცირდა 702 ათასი ჰექტრიდან 208 ათას ჰექტრამდე, მათ შორის ხორბლის 91,7 ათასი ჰექტარიდან 43,6 ათას ჰექტრამდე. ეს არის რეზერვი, რომლის გამოყენებით შესაძლებელია ნათესი ფართობების ზრდა. ექსპერტული გათვლები გვიჩვენებს, რომ მარცვლეული კულტურებისხორბლის, სიმინდის, ქერის (შვრიასთან ერთად) წარმოებისათვის შესაძლებელია (ოპტიმალურია) გამოყენებულ იქნას 330-340 ათასი ჰექტარი მიწის ფართობი (2019 წელს ეს მაჩვენებელი შეადგენდა 144 ათას ჰექტარს). მათ შორის ხორბლისათვის 90 ათასი, სიმინდისათვის 200 ათასი, ქერისათვის (შვრიასთან ერთად) 40 ათასი ჰექტარი. აღნიშნულ ფართობზე 2025 წლისათვის შესაძლებელია მიღებულ იქნას 270 ათასი ტონა ხორბალი (საშუალო მოსავალი 30 ), 800 ათასი ტონა სიმინდი (საშუალო მოსავლიანობა 40 ცენტნერი), 120 ათასი ტონა ქერი შვრიასთან ერთად (საშუალო მოსავლიანობა 30 ცენტნერი). ასეთ პირობებში სულ წარმოებული იქნება 1 190 ათასი ტონა მარცვალი, ანუ 2019 წელთან შედარებით 4,5-ჯერ მეტი. მარცვლის წარმოების ასეთი ზრდა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მეცხოველეობის პროდუქციის ზრდას და გარკვეულწილად შეამცირებს სურსათით უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ რისკებს.

2030 წლისათვის აღნიშნულ ფართობებზე ხორბლის საშუალო მოსავლიანობის 40 ცენტნერის, სიმინდის 50 ცენტნერის, ქერის (შვრიასთან ერთად) 40 ცენტნერის წარმოების 85 პირობებში ქვეყანაში მარცვლის წარმოება მიაღწევს 1 520 ათას ტონას (მათ შორის ხორბლის-360 ათას ტონას), 2019 წელთან შედარებით 3,6-ჯერ მეტს.

მარცვლის წარმოების სავარაუდო ზრდა მოითხოვს შესაბამისი სათესლე მასალით უზრუნველყოფას, შენახვის ინფრასტრუქტურის შექმნას, მექანიზაციის საშუალებების ეფექტურ გამოყენებას, სარწყავი წყლით უზრუნველყოფას, ფერმერთა კვალიფიკაციის ამაღლებას. შესაბამისად რეკომენდაციებია:

 – მაღალხარისხიანი ადგილობრივი სათესლე მასალის წარმოება და ფერმერების მიერ მათი (ისევე, როგორც იმპორტული მაღალხარისხიანი თესლის) გამოყენების შესაბამისი მაკონტროლებელი მექანიზმის შემუშავება;

– მოსავლის აღების და მისი შემდგომი დამუშავება-შენახვის ინფრასტრუქტურის მოდერნიზაცია, ხორბლის მწარმოებელ მეურნეობებთან კომპაქტური დასაწყობების ინფრასტრუქტურის მოწყობა;

 – ხორბლის მწარმოებელ ფერმერთა (ზოგადად სხვა მარცვლეული კულტურების მწარმოებელი ფერმერებისაც) ცოდნის ამაღლება თანამედროვე აგროტექნოლოგიური ღონისძიებების შესაბამის აგროვადებში გატარების, ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენების შესაძლებლობების, დანახარჯთა პირველადი აღრიცხვის წარმოების, სასოფლო-სამეურნეო მარკეტინგის და სხვა საკითხებში.

ყველა ეს და სხვა ღონისძიებებიც უნდა აისახოს „მარცვლეულისა და მეცხოველეობის პროდუქციის წარმოების გადიდების ღონისძიებათა შესახებ“ სახელმწიფო მიზნობრივ პროგრამაში. უნდა გამოიყოს 2021-2022 წლებში გასატარებელი ორგანიზაციულ-სამეურნეო ღონისძიებათა გეგმა (მიწის ინვენტარიზაცია, ახალი ფართობების ათვისება, თესლით, სარწყავი წყლით, შესაბამისი ინფრასტრუქტურით, კადრებით უზრუნველყოფა და სხვა) და გათვალისწინებული უნდა იქნას პანდემიით (პოსტპანდემიით) გამოწვეული სირთულეები, ბუნებრივ-საწარმოო თავისებურებები, ინტეგრაციული პროცესების დინამიკა და სხვა.

საქართველოს რეგიონების მიხედვით უნდა განისაზღვროს ეტაპობრივი ამოცანები (მიწის ფართობები ათვისება, წარმოების მოცულობა, წარმოების ფაქტორების ეფექტიანად გამოყენების პირობები და სხვა). აღნიშნულ პერიოდში უნდა მომზადდეს მყარი მატერიალური და ორგანიზაციული საფუძველი შემდგომ ეტაპზე მარცვლეულისა და მეცხოველეობის პროდუქციის წარმოების სასურსათო უსაფრთხოების შესაბამისად გადიდებისათვის.

წყარო: საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია (წლიური ანგარიში 2021)