მე თუნდა არ ვთქვა, მთები გეტყვიან, რაც მაწუხებს და რაიც მალაღებს

კაცთა ნასახლარს ნუ მანახვებ და ნუ გახდება საქართველო ნახევრის ნახევარი და შენ, კუზიანო დედამიწავ, რამდენიც გინდა, იტრიალე!

გოდერძი ჩოხელი

„ზოგჯერ ისე ახლოს ვგრძნობ ჩემს მოთხრობებს, მეშინია, მართლა არ გაცოცხლდნენ….  მგონია რომ გუდამაყრის ხეობა დიდი წიგნია. მთები ყდებადა აქვს ამ წიგნს და შიგნით უამრავი მოთხრობა წერია…  ყდიდან ყდამდე ამოვა და ჩავა მზე, ამოვა და ჩავა. დადიან, დაალაჯუნებენ მოთხრობები შიგნით…  ხომ გითხარი. აი, ახლა, მივალ და გადავშლი. მოისმინე რა წერია?!“:

ასე იწყება გოდერძი ჩოხელის მშვენიერი პატარა მოთხრობა „ჩემი წიგნი“.

ეს წიგნი ყველას შეუძლია გადაშალოს და თავის თვალით ნახოს, როგორ ცოცხლდებიან მოთხრობები. არ გჯერათ?! ადით გუდამაყარში და ნახეთ!

აგერ ხეჩო; იქით ფილიპიანთ ვანუა (გრუზინი); აი, ჩვენს წინ კოტორაანთ ქალმა გამოიარა ფეხდაფეხ არაგვი…

„გოდერძი ჩოხელის გუდამაყარი“ კი დღეს უფრო გულსაკლავად გამოიყურება, ვიდრე მაშინ, როცა იქ მისმა ტკბილ-მწარე ბავშვობამ გაიარა.

ძნელი სანახავია სოფელი ჩოხი, ღვთის ანაბარა მიტოვებული, ეს მიწიერი სამოთხე, იმ რამდენიმე კაცის მხრებზეღა ღოღინობს, ვისაც მშობლიური კუთხე არ ეთმობა, თორემ აქაურობა დიდი ხნის დაცლილი იქნებოდა.

გუდამაყრის ხეობაში 22 სოფელია, _ 300-მდე კომლით. ამათგან  რამდენიმე სეზონურია, ზაფხულში ადიან _ საძოვრებზე პირუტყვი აჰყავთ და კარტოფილს თესენ.

რამდენიმე წლის წინათ გუდამაყრის ხეობას ძლიერი წყალდიდობა დაატყდა თავს, გზები დაინგრა და ჩაიკეტა.

არაგვისთვის მაშინ ჯებირები რომ გაეკეთებინათ, გუდამაყარი ასე არ დაიცლებოდაო, მეუბნებიან გუდამაყრებლები.

მართლაც, თუ ჯებირი არ გაკეთდა, 10-15 სანტიმეტრით რომ აიწიოს არაგვმა, მოსახლეობას სახლში შეუვარდება წყალი.

_ არაგვი ადიდდება და ჭალები მთლიანად წყლით იფარება, გავლა შეუძლებელია, მეზობელთან ვერ ვისულვართ.

წინანდელით რომ ვცხოვრობდეთ, ისეთი პირობები მაინც რომ გვქონდეს, გზები იწმინდებოდეს, ავტობუსი დადიოდეს, ასეთი დემოგრაფიული მდგომარეობა არ იქნებოდა, უფრო მეტნი დაბურუნდებოდნენ მშობლიურ სახლ-კარს.

გოდერძი ჩოხელის მშობლიურ სოფელ ჩოხამდე მივაღწიეთ. გოდერძის სახლი  მაღლაა, ფერდობზე. მეზობლებს მის ხსენებაზე შუბლი ეხსნებათ. გოდერძი დიდი კაციაო.

ჩვენს წინ ნახევრად დანგრეული ორსართულიანი შენობაა (ნასკოლარი). აქ გოდერძი სწავლობდაო, მაჩვენებენ.

არ ეკადრება გოდერძი ჩოხელს მისი სკოლა ამ მდგომარეობაში იყოს მეთქი, ვამბობ ჩემთვის, მაგრამ მათ გასაგონად. მხრებს იჩეჩავენ, ჩვენ რა შეგვიძლიაო. არც თემს აქვს რაიმე შემოსავალი, რომ შენობა შეაკეთოს. სკოლაც დიდი ხანია დახურულია.

ამ სურათმა ცუდ გუნებაზე დამაყენა.

გუდამაყრის ხეობის მცხოვრებთა საარსებო წყარო მესაქონლეობაა. კოლექტივის პერიოდში აქ ძალიან ბევრი ცხვარი ჰყავდათ, მაგრამ დღეს მისგან თითქმის აღარაფერია შემორჩენილი. როგორც აქაურები მიამბობენ, მეცხვარეობის განვითარებას შექმნილი პირობები ხელს არ უწყობს.

_ შარშან ჩვენმა მოსახლეობამ ბლომად ცხვარი გაყიდა. არ ვიცი, არაბები იყვნენ თუ ირანელები _ მეუბნება რეზო ჩოხელი _ ერთიანად წაიყვანეს. ხალხს იმედი ჩაესახა. ცხვრის გამრავლება დაიწყო, მაგრამ პირობები და ხელშეწყობა არ არის, ცხვარს ზამთრის საძოვარი უნდა. თუ ეს საკითხი მოგვარდება ქვეყანაც იხეირებს და ხალხიც. ეს კუთხეც შეივსება და ძველებურად ახმაურდება.

_ აი, ამ მთებს ხომ ხედავთ _ ალპური საძოვრებისკენ მაჩვენებს ბატონი რეზო _ ზაფხულობით სულ სავსე იყო ცხვრით.

_ მაინც რამდენი სული ცხვარი ეყოლებოდათ მაშინ გუდამაყარში ? _ ვეკითხები.

_ უჰ! 40 ათასზე მეტი მარტო კოლმეურნეობაში ჰყავდათ, იმაზე მეტი კიდევ მოსახლეობაში იყო. იმდენი ცხვარი იყო, ამ მთებში აღარ ეტეოდა. ხალხსაც არ უჭირდა, შეძლებულად ცხოვრობდა. იმ დროს ერთი კილოგრამი მატყლი 12 მანეთი ღირდა. ერთი ცხვრის ნაპარსი 16-17 მანეთს იჭერდა. ახლა მატყლს საერთოდ ფასი აღარ აქვს. იმ დროს ერთი ცხვრის ნაპარსით ერთ ტომარა ფქვილს ყიდულობდა კაცი, დღეს კილოგრამი მატყლი 1 ლარად თუ ჩააბარე კარგი ბიჭობაა. მაშინ ცხვრის მომრავლება ეხალისებოდა ხალხს, რადგან შე-დეგს ხედავდნენ. დღეს კიდევ? წვალებაა და მეტი არაფერი. შიმშილით რომ არ ამოვიხოცოთ მუქთაზე ვიშრომოთ.

ახლა ცოტა იმედი გაუჩნდა ხალხს, არაბები თუ სპარსელები რომ შემოვიდნენ და გაიყვანეს ცხვარი, ხალხმა ცოტა გაიხალისა, ცხვრის მომრავლება დაიწყო, იმიტომ, რომ კარგ ფასს უხდიან.

_ პირობები რომ იყოს, ძველებურად მოაშენებს ხალხი ცხვარს?

_ ბუნებრივი პირობები კია, მაგრამ ზამთარში საქონლის შენახვაც ძალიან ძნელია. 30-50 ძროხისთვის საკვების დამზადება… სათიბები კი არის, მაგრამ მოთიბვა და ჩა-მოტანაა რთული.

მთაში ცხოვრება რთულია. 8 თვე ზამთარია. გზა არ არის. დენი კი გვაქვს, მაგრამ. ელექტროგაყვანილობა ძველია. ბოძები თავისით იქცევა. ძირი გამომპალი აქვს. ვიდრე არ მოტყდება, შეკეთებას არავინ ფიქრობს.

_ ზამთარში რით თბებით?

_ შეშით _ მაგრამ აგერ ხომ ხედავთ, ტყეში ვცხოვრობთ და იმის უფლებას არ გვაძლევენ ხეს ტოტი შევაჭრათ, უსაბუთოდ ფიჩხი ვერ გამოგვიტანია ტყიდან. ჩამოწერილი ხეები ხევებში და მთებში უნდა ეძიო, მანქანა იქ ვერ მიდის და ტრაქტორი, ხარით უნდა ათრიო.

_წვალებაა ჩვენი ცხოვრება და მეტი არაფერი _ საუბარში ერთვება არჩილ წიკლაური. _ მე ფასანაურში ვცხოვრობ, 10 ძროზაზე მეტს ვერ ვინახავ. არის ოჯახები, ვისაც 40-50 სული ჰყავს. ისინი ამთაბარებენ საქონელს. თბილისის შემოგარენში _ მუხიანისა და თემქის ზემოთ ზღვის შემოგარენში სულ ჩვენ ხალხს აქვს აღებული მიწები და იქ აზამთრებენ, ზოგს კახეთში გადაჰყავს საქონელი და ასე წვალობენ.

საზაფხულოდ მეც აქ, ბურსაჭირში ამომყავს საქონელი, მოვასუქებ და საზამთროდ უკან ფასანაურში ჩავიყვან. ახლაც იქ მივდივარ, საქონელს უნდა დავხედო.

_ როგორ, უპატრონოდ გყავს ამდენ ხანს გაშვებული?

_ უპატრონოდ რატომ. მომვლელი ჰყავს. ისე პირუტყვი გაშვებულია.

_ ნადირის არ გეშინიათ?

_ სად არის ნადირი. იშვიათად თუ გამოჩნდება.

_ შორს არის ჩოხიდან ბურსაჭირი?

_ რვა კილომეტრი იქნება, მე იქაური ვარ. აბა იქ არის იალაღები თუ არის.

_ რამდენი ოჯახი ცხოვრობს ბურსაჭირში ამჟამად?

_ ახლა, ზაფხულში 30-მდე კომლი იქნება. ოქტომბრის დასაწყისიდან ნოემბრის ბოლომდე იქაურობა მთლიანად დაიცლება, კაცის ჭაჭანებას ვეღარ ნახავთ. იქ რომ ელექტროენერგია და გზა იყოს, ფეხს არ მოვიცვლიდი იქიდან _ ისე ამოიოხრა ბატონმა არჩილ წიკლაურმა კინაღამ გული ამოაყოლა.

_ ექიმი, ექიმი გვჭირდება, რომ მუდმივად იყოს აქ. რამე რომ გაგიჭირდეს უნდა გამოიძახო. ახლა ხალხი მთაშია ასული, მთაში კი ფათერაკი ყურს უკანაა, რამე რომ მოიწიოს, ვიდრე აქ ჩამოიყვან და ექიმის ამოსვლას დაელოდები, თავისი დაემართება. 

იქვე, პანტის ჩრდილში ახალგაზრდა კაცი დგას, ცხენი აღვირით უჭირავს, იდაყვით უნაგირს დაყრდნობილი გვისმენს..

_ რა გქვიათ, რა გვარის კაცი ხართ, მეთქი, ვეკითხები.

_ ბურჯი აფციაური, მიპასუხა დინჯად.

_ ბურჯი, რით ცხოვრობ, რას საქმიანობ?

_ აბა რითა ძმაო, არც რით. აი, საქონელი, ცხვარი… ცოტაოდენი რომ იყოს, მივხედავდით, მოუვლიდით.

_ ახალგაზრდები არიან სოფელში, ისინი რას საქმიანობენ?

_ არც რას, საქონელს თუ მოუვლის აქ კაცი, სხვა რა უნდა აკეთოს. ისიც არ არის. რომ შეიძლებოდეს… თუნდაც სესხის აღება, რომ ცხორი იყოს, რაღაც იყოს. ყველა მოჰკიდებს ხელს. ხელშეწყობა სჭირდება აქაურ კაცს, მთავრობამ უნდა მოიფიქროს რაღაც, რაც ხალისს გაუჩენს ადამიანს.

იმედი ნამდვილად სჭირდება აქაურებს. უნდა დაინახონ, რომ მათ შრომას ფასი აქვს. ესენი ხომ სამასი არაგველის ჯიშისა არიან. იციან სამშობლოს ყადრი.

ჩოხელებს ვემშვიდობებით. არაგვზე საცალფეხო ხიდით გადავდივართ. ხიდი ჰქვია, თორემ ორი ხის ძელია გადებული მდინარეზე, ზედ ფიქალისებრი რიყის ქვებია დალაგებული. ასეთი საცალფეხო ხიდები ძალიან პოპულარულია გუდამაყარში. ალბათ იმიტომაც, რომ, თუ ადიდებული არაგვი წაიღებს, იოლად შეიძლება აღდგენა.

ადრე აქ, მეზობელ სოფელში, არაგვს გაღმა მცირე ელექტროსადგური ყოფილა. საქართველოს ენერგორესურსების ეფექტურად გამოყენების ასოციაციის ხელმძღვანელი ანზორ დუნდუა მაჩქარებს, აინტერესებს ნახოს, რა არის დარჩენილი ელექტროსადგურიდან და რის გაკეთებაა შესაძლებელი ამ სოფლებისთვის ენერგოუზრუნველყოფის მხრივ.

სოფელ დუმაცხოში ძველი სტილით ნაშენ პატარა შენობასთან ვჩერდებით. ეტყობა გასული საუკუნის ოცდაათიანი წლების დასაწყისშია აგებული. როგორც აქაურები გვიხსნიან, 40-იან წლებში აქ ერთ დუშელ კაცს, გვარად პაპაშვილს უმუშავია კოლმეურნეობის თავმჯდომარედ, სწორედ მას აუშენებია კულტურის სახლი, სკოლა, ამბულატორია და ელექტროსადგური, რომელიც ამ დაწესებულების გარდა  6 სოფელს ამარაგებდა ელექტროენერგიით. იმ დროს მიმდებარე სოფლებში დენი ალბათ არც იცოდნენ ხეირიანად რა იყო, რადგან საქართველოს მთიანი რეგიონის ელექტროფიცირება გასული საუკუნის 60-იან წლებში დაიწყო და გუდამაყრის სოფლებიც გასული საუკუნის 70-იან წლების დასაწყისში შემოიყვანეს. ამ კაცს აუგია სოფელში კლუბი და სხვა კულტურული ობიექტები. მისი გვარი გადმოცემით  დღეს გუდამაყარში ყველამ იცის და ალბათ კიდევ დიდხანს ემახსოვრებათ, რადგან სიკეთეს ბოროტებაზე მეტი მახსოვრობა აქვს.

ელექტროსადგურის ნარჩენებიც აღარ არსებობს, მხოლოდ შენობა და სათავო ნაგებობაა შემორჩენილი. აქ, ალბათ, უკეთესი ელექტროსადგურის გამართვა შეიძლება, რომელიც მთელ ზემო ზონას უზრუნველყოფს ელექტროენერგიით.

საერთოდ კი, გუდამაყარში იმდენი და ისეთი ხარისხიანი წყლის რესურსია, რომელიც მარტო ელექტროენერგიით კი არ უზრუნველყოფს ამ მხარეს, არამედ სხვა ბევრ სიკეთესაც მოუტანს ამ მხარეს. მარტო ის რად ღირს, რომ თუ სწორად გათვლის კაცი, აქ ძალიან დიდი რაოდენობის ეკოლოგიურად სუფთა საექსპორტო მდინარის კალმახის წარმოება შეიძლება.

ჩვენს შესახვედრად ეზოდან ახალგაზრდა კაცი გამოდის.

იაგო ვარ, აფციაურიო, გვეცნობა. ამ ელექტროსადგურისა და მისი ამშენებლის შესახებ ისტორიები სოფელში მრავლადაა შემონახული. როცა ენერგეტიკოსებთან ლაპარაკი დაასრულა, იაგომ ჩემთვისაც მოიცალა.

_ ეს რა ყოფაა. ჩამოთოვს _ გზა არ არის. წყალი ადიდდება _ გზა არ არის.

_ რამდენი შვილი გყავს? _ ვეკითხები.

_ ორი.

_ სკოლა არის სოფელში?

_ არა, ქვემოთაა, კიტოხში. აქედან ოთხი კოლომეტრია.

_ ზამთარში როგორ დადიან ბავშვები ამ გზაზე?

_ როცა გზა ჩაიკეტება, შინ დარჩებიან, სხვა რა გზაა.

_ რით იპოვებთ სარჩო-საბადებელს, ოჯახს რით ინახავ აქ, მთებში, რამდენი რამ გჭირდება კაცს, ოჯახს?

_ უნდა „გაჩუჩუნდე“ კაცი. აბა როგორ გინდა. სოფელში თუ ცხოვრობ, ან ძროხაში უნდა გახვიდე, ან ცხვარში. ისე ვინ რას მოგიტანს. კარტოფილი მომყავს, კიდევ ცოტაოდენი ხილი: ვაშლი და მსხალი, საქონელი მყავს…

_ რამდენი კაცი ცხოვრობს დუმაცხოში?

_ ზაფხულში _ 6-7, მუდმივად _ 2-3.

_ მიწა ბევრი გაქვს?

_ მიწის მეტი რა არის, _ იცინის იაგო. _ აი, ეს მთები მამა-პაპისგან გვაქვს დატოვებული…

ნეტავ, ვინმე მოვიდოდეს! კარგი რამე გააკეთოს და მიწის მეტი რა არის, ხალხი დასაქმდეს, ქვეყანა განვითარდეს, ამას რა აჯობებს.

აბა, ეს რა ცხოვრებაა?! მთელი ზაფხული მთაში ვარ. ფეხებს ძლივს დავათრევ. საზამთროდ 30 ბულული თივა მაინც მინდა (თითო ბულული 130-150 კილოგრამია). ჯერ უნდა მოვთიბო, მერე თოვლს დაველოდო. თუ დიდი თოვლი მოვიდა და ახლა იმას უნდა ელოდო, როდის დაიწევს.

_ მშრალზე რომ ჩამოიტანო, _  ვეკითხები?

 _ რას ამბობ, ძმაო! _იცინის იაგო _ კლდე არის სულ, დაბლა რაღას ჩამოვიტან, ხომ დარჩა მთლიანად გზაში.

იაგოს ვემშვიდობები. პატარა ბიჭები მაფრთხილებენ ელექტროსადგურის სათავისაკენ არ წახვიდე უჩვენოდ, ნაგაზები დაგგლეჯენო. რა ნაგაზები გყავთ, რომ მაშინებთ, ერთი მანახეთ მეთქი, _ გამომწვევად ვეკითხები.

წამო ერთი, თუ მაგარი ბიჭი ხარ, მიეკარეო, მიპასუხა ნაწყენი ტონით ყველაზე პატარამ.

იაგო მიუბრუნდა,  _ ლეკვი უნდა, კარგი, გამოუყვანე? _

მაშინვე იუარეს, აბა, ლეკვი სად გვყავსო.

სოფელი საკერპე ბაკურხევის მხარეს ბოლო სოფელია. აქედან ხევსურეთში _ ბარისახოში გადადის საცალფეხო ბილიკები.

სოფელში 7-8 კომლი ცხოვრობს, ზამთარში კი სამი ოჯახი რჩება. აქედან ხელისგულივით მოსჩანს მთელი ხეობა.

სულ ახლო წარსულში ეს მხარეც სავსე იყო ცხვრით. სოფლებსაც მეტი ყუ-რადღება ექცეოდა. დღეს კი კიტოხიდან ბაკურხევამდე ან საკერპემდე რომ ააღწიო მანქანით, სულ 10-12 კოლომეტრიც არ არის, კარგი ვაჟკაცობა და ორი საათი ჯაყჯაყი მაინც გინდა.

სოფელს ელექტროენერგია აქვს, მაგრამ არ არის არანაირი საშუალება ვინმეს ხმა მიაწვდინო. ტელეფონს აქ არასდროს უმუშავია. ამ წელიწადს ამ გზაზე მანქანასაც არ გაუვლია ალბათ. პირველები ჩვენ  ვართ. აქაურები კიტოხამდე ფეხით დადიან , თუმცა არც იქ არის მაინცდამაინც ტრანსპორტის მოზღვავება. კვირაში ორჯერ თუ სამჯერ დადის ავტობუსი.

ბატონი ბიძურა ფიცხელაური ძველ დროს იხსენებს. 85 წელს გადაცილებული კაცია, არც ეტყობა წლოვანება.

_ სახნავი მიწები თუ გაქვთ, მეთქი, _ ვეკითხები.

_ ადრე ქერსა და ჭიოკას ვთესავდით და მოსავალიც მოგვდიოდა, მაგრამ მია-ტოვა ხალხმა ქერის თესვა. პური ბარიდან ამოგვაქვს და აღარ იწვალებენ თავს.

კარტოფილი კი მოგვყავს. ერთი ტომრიდან, 6-7 ტომარასაც კი ვიღებთ თუ ამინდებმა მოუსწრო. სხვა აქ არაფერია.

სოფელში ვაშლი და შავი მოცხარიც დავინახე. დიდი წვალებით გავახერხეთ, ჩრდილოკავკასიიდან გადმოვიტანეთ ნერგებიო, მეუბნება ბატონი ბიძურა და ვაშლსა და მოცხარს მთავაზობს, გასინჯე, ნახე როგორი გემო აქვსო.

აქაურ ხილს მართლაც სხვანაირი გემო აქვს, თითქოს მჟავეცაა და არც არის მჟავე.

_ ადრე ამ დროს კაცს სახლში რა გააჩერებდა, სად ჰქონდა დასვენების დრო.  _ იმდენი ცხვარი გვყავდა, ამ ადგილებში ძლივს ეტეოდა.

სადაც ცხვარია, იქ სიკეთე და ბარაქაა.

იცი, ცხვარმა რა უთხრა ეშმაკს? რა და, მე მოვედი და შენ აქედან უნდა წახვიდეო!.

რათა, ვითომაო?! დაცინვით უკითხავს ეშმაკს.

იმიტომ, რომ აქ შენი ადგილი აღარ არის. სახლის ოთხივე კუთხე მე მჭირდება _ ერთში მატყლი უნდა დავაწყო, მეორეში _ ყველი, მესამეში ბატკანი უნდა დავსვა, მეოთხე კი ჩემთვის მინდაო.

ეშმაკს უფიქრია, მე აქ, მართლა აღარ დამედგომებაო და გასცლია იქაურობას.

ტფუი,  ეშმაკს! და  რა კარგი იდეაა?! ცხვარსაც მოვამრავლებთ, დოვლათსაც შევქმნით, ეშმაკსაც  ჯოჯოხეთის გზას გავუყენებთ და იქნებ, ამ ქვეყანასაც ეშველოს?!

ჟურნალი „ახალი აგრარული საქართველო“ 2013 წელი

PS. ამ წერილის დაწრიდან თითქმის ოთხი წელიწადი გავიდა, თუმცა ვითარება დიდად არ შეცვლილა, საწუხარი კი გამრავლდა და გაიზარდა.