მეგრული თხა

მეგრული თხა უძველესი ჯიშია. გამოყვანილია ხალხური სელექციით, მრავალი საუკუნის მანძილზე ხალასჯიშიანი მოშენების გზით და სარძეო პროდუქტიულობაზე გათვლილი გადარჩევით. საკმაოდ მალმწიფადი ჯიშია.

ბიოლოგიური თავისებურებებიდან აღსანიშნავია მაღალტენიანი კლიმატისადმი შეგუებისა და ძნელადმისადგომი, მაღალმთიანი და კლდიანი, აგრეთვე კოლხეთის დაჭაობებული ბარის ეკალ-ბარდიანი და შამბნარიანი საძოვრების ათვისების უნარი. 

ნაკლებად მომთხოვნია მოვლა-შენახვისა და კვების პირობებისადმი.

ხასიათდება დაავადებებისადმი მაღალი რეზისტენტობით, აგრეთვე. კარგი ჯოგური და დედობრივი ინსტინქტით.

ჯიშში განასხვავებენ ორ ტიპს – მთისას და ბარისას.

მთის ტიპის ცხოველები უფრო დიდტანიანები და სარძეო-სახორცე პროდუქტიული მიმართულების არიან:

ვაცის სიმაღლე მინდაოში _ 70 სმ;

ცოცხალი მასა კი _  60-70 კგ;

დედალი თხის (ნეზვის) შესაბამისად _ 65 სმ. და 45-50 კგ.

თავის მხრივ, ბარის ტიპის თხა სარძეო პროდუქტიული მიმართულებისაა და ხასიათდება ნაზი კონსტიტუციით. ვაცების სხეული დაფარულია მოკლე 3-4 სმ სიგრძის უხეში ბეწვით, საფარი თივთიკს საერთოდ არ შეიცავს.

მეგრულ თხას რქები საკმაოდ გრძელი და ხმლისებრ მოხრილი აქვს.

ცხოველების უმეტესობა (64%) თეთრი ფერისაა. გვხვდება ჩალისფერი, შავი, ნაცრისფერი და წითური ფერის ინდივიდებიც. მდედრები საკმაოდ ნაყოფიერები არიან:

ყოველი ხუთი ნეზვიდან ტყუპს იგებს ორი (ნაყოფიერება 130-140%);

ლაქტაციის ხანგრძლივობა საშუალოდ _  250 დღე;1

წლის განმავლობაში იწველის _ 300-400 კგ რძეს;

ცხიმიანობა _ 4-4,5%.

1939-40 წლებში, ქ. მოსკოვში, სახალხო მეურნეობის მიღწევათა გამოფენაზე წალენჯიხის რაიონიდან წარმოდგენილი ყოფილა მეგრული ჯიშის თხა, რომელსაც ლაქტაციის მანძილზე მოუწველია 4,0% ცხიმიანობის 759 კგ რძე.

1935 წელს ჩამოყალიბდა მეგრული თხის ჯიშთსაშენი, ხოლო წალენჯიხის, ჩხოროწყუს, მარტვილისა და სენაკის რაიონებში შეიქმნა სანაშენე ფერმები.

1941 წელს გამოიცა ჯიშის სანაშენე წიგნის პირველი ტომი, რომელშიც შეიყვანეს 103 სული ცხოველი. შემდგომ სანაშენე წიგნის გამოცემა შეწყდა.

მეგრული თხა გავრცელებულია: სამეგრელოში, სვანეთში, აჭარასა და აფხაზეთში, აგრეთვე ჩრდილოეთ კავკასიაში.

სტატისტიკური მონაცემებით, 1952-1953 წლებში თხის მთლიანი რაოდენობა საქართველოში 250-300 ათას სულს აღწევდა, 1980-1985 წლებში კი _ 100-102 ათასს.

2012 წლის 1 იანვრისთვის სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში თხის სულადობამ მხოლოდ 13,2 ათასი შეადგინა. ამასთან, 1990 წლიდან სასელექციო-სანაშენე მუშაობის შეწყვეტის, აგრეთვე უსისტემო, ხშირად ნათესაური შეწყვილების პირობებში კატასტროფულად შემცირდა ტიპური ინდივიდების რაოდენობა.

არსებული მდგომარეობის გამო ჯიშს გადაშენების საფრთხე ემუქრება. 

წყარო:elkana.org.ge

 

One thought on “მეგრული თხა

  • 19/03/2021 at 10:36
    Permalink

    სტატიის ავტორებმა უნდა გაითვალისწინოთ, რომ 2004 წლის 27 სექტემბერს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მეცხოველეობის სანაშენე დეპარტამენტის მიერ დამტკიცდა და გამოიცა “მეგრული თხის ბონიტირების დროებითი ტექნიკური პირობები და სანაშენე-სასელექციო მუშაობის მეთოდური მითითებები”. ამ დოკუმენტში მოცემულია მეგრული თხის ახალი სტანდარტი სადაც ფიგურირებს მეგრული თხის მერძეული და კომბინირებული (მეხორცულ-მერძეული) ტიპები შესაბამისი კლასებით და მოთხოვნებით. ამდენად ტექსტში მითითებული “მთისა” და “ბარის” ტიპები წარმოადგენს მოძველებულ ინფორმაციას. გაეცანით მეთხეობის დარგში გამოცემულ თანამედროვე ლიტერატურას და ისარგებლეთ იქ მოცემული ინფორმაციით. პატივისცემით ვასილ ღლიღვაშვილი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.