მეგრული წითელი ძროხა

 მეგრული წითელი გამოყვანილია XIX საუკუნის მეორე ნახევარში, მთაბარობის მკაცრ პირობებში ქართული მთის ძროხის მეგრული ჯილაგის ხალასად მოშენებითა და მიზანმიმართული გადარჩევა-შერჩევით.

მომშენებლებიდან სხვებთან შედარებით უკეთეს შედეგს მიაღწიეს ძმებმა ძიკი და ერასტი კვარაცხელიებმა, რომელთა გვარითაც ხშირად მოიხსენიება ეს ჯიში. გავრცელებულია სამეგრელოში, გურიაში და მათ მიმდებარე ზონებში. მთელი წლის მანძილზე უბინაოდ შენახვამ ხელი შეუწყო ამ ჯიშის ადაპტაციის დიაპაზონის გაფართოებას. ცხოველები ადვილად იტანენ შორ მანძილებზე გადარეკვას, თანაბრ ად კარგად ითვისებენ მთის ალპური და კოლხეთის დაჭაობებული საძოვარების ბალახს, აგრეთვე ადვილად ეგუებიან გარემოს ცვალებადობას.

მოკლე აღწერა: ექსტერიერით ჯიში უფრო სარძეო ტიპს მიეკუთვნება, სხეული პროპორციული აგებულების, ძვლეული წვრილი და მაგარი, ზურგის ხაზი ოდნავ ჩაზნექილი, საშუალო სიფართოვისა და სიღრმის გულმკერდი, კიდურები სწორად მდგომი, ცური საშუალო ზომის და უმეტესად ჯამისებრი ან მომრგვალებული. დამახასიათებელია სხვადასხვა ინტენსივობის წითელი შეფერილობა, ხოლო რქები და ჩლიქები თაფლისფერი აქვთ. ერთეულ ინდივიდებში კი აღინიშნება თეთრი ნიშნები შუბლზე, მუცელსა და ცურზე. ზრდასრული ფურების საშუალო სიმაღლე მინდაოში- 112,4 სმ, ტანის ირიბი სიგრძე- 133,5 სმ, გულმკერდის სიღრმე კი 61,6 სმ-ია. კუროს საშუალო ცოცხალი მასა 350-420 კგ, ფურის 270-280 კგ (მაქსიმალური 358 კგ), ახალშობილი ხბოსი – 15-18 კგ-ია.

საძოვრული კვებისას ფურის საშუალო მონაწველი 1400-1900 კგ, ხოლო გაუმჯობესებულ პირობებში 2300-2800 კგ რძეა, 4,3-4,4% ცხიმით; ჯიშის რეკორდი ეკუთვნის ფურ ”თორიას” № 0861- ს, რომელმაც IV ლაქტაციაზე მოიწველა 4315 კგ რძე, 4,28% ცხიმით. მოზარდი ხასიათდება დამაკმაყოფილებელი ზრდის უნარით და კარგი საკლავი პროდუქტიულობით. დაბადებიდან ზომიერად ინტენსიური კვების პირობებში გამოზრდისას 18 თვის მოზვრების წონა 289,2 კგ- ს, ხოლო ნაკლავის გამოსავალი 53%– ს შეადგენს. მეგრული წითელი ჯიშის ხარები გამოირჩევა კარგი სამუშაო თვისებებით: ღონით, გამძლეობითა და ჩქარი მოძრაობით. დადგენილია, რომ მათი გაწევის უნარი ცოცხალი მასის 57%- ს შეადგენს, მაშინ როდესაც შვიცურ ჯიშში ეს მაჩვენებელი მხოლოდ 46% იყო.

არსებული მდგომარეობა: 1985 წლის აღწერის მონაცემებით მეგრული წითელი ჯიშის ცხოველების რაოდენობა საზოგადოებრივ მეურნეობებში იყო 11,5 ათასი. 1996-1999 წ.წ. სამეგრელო-გურიის მუნიციპალიტეტების ექსპედიციური შესწავლისას ფერმერულ და საოჯახო მეურნეობებში პირობითად ხალასჯიშიანი ცხოველების სულადობამ შეადგინა 10,6 ათ. სული.

წყარო: elkana.org.ge

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.