აგროსიახლეებიდარგებიმეცხოველეობასტატიები

მეგრული წითელი ჯიშის ძროხის წარმოშობა და თანამედროვე მდგომარეობა

მეგრული წითელი ძროხა  არის  ბერძნული მოთოლოგიის მარგალიტში არგონავტებინახსენები, ჰეფესტოს მიერ სპეციალურად მეფე აიეტისთვის გამოჭედილი, „…სპილენძისფეხებიანი და ცეცხლისმფრქვეველი ხარების…“, აგრეთვე  არისტოტელეს მიერ აღწერილი  „…პატარა ტანის და ბევრი რძის მომცემი ძროხის“ გენეტიკური მემკვიდრე. 

  საქართველო არის კულტურული მემკვიდრეობის უნიკალური ძეგლების საგანძური და ბიომრავალფეროვნების უშრეტი წყარო. როგორც ჩანს, პლანეტაზე პრაქტიკულად არ არსებობს ქვეყანა, სადაც ასეთ მცირე ტერიტორიაზე აღწერილია ლანდშაფტისა და ბუნებრივ-კლიმატური პირობების ასეთი ნაირფეროვნება, ისევე, როგორც მცენარეთა და ცხოველთა სამყაროს ნაირსახეობების მსგავსი სიმრავლე.

მსოფლიო მეცნიერების მიერ ჩვენი ქვეყანა აღიარებულია პირველი ევროპელების სამშობლოდ, ვაზისა  და მეღვინეობის კერად, ხოლო ხორბლის კულტურის 20 სახეობიდან 5 საქართველოს ენდემია და სხვ; იმავდროულად, ქართველური ტომების ყოფა-ცხოვრება ოდითგანვე დაკავშირებული იყო მეცხოველეობასთან, რომლის ერთ-ერთი დასტურია აქ გამოყვანილი და დღემდე შემორჩენილი თითქმის თითქმის ყველა სახეობის შინაური და სასოფლო-სამეურნეო ცხოველებისა და ფრინველების ადგილობრივი, აბორიგენული თუ ენდემური ჯიშები, რომელთა უმრავლესობას მსოფლიო მეცხოველეობაში ანალოგები არ გააჩნიათ.

აღნიშნული სრულად ეხება საქართველოს ერთ-ერთი ულმაზესი კუთხის, სამეგრელოს წარსულსა და დღევანდელობას, რაც დასტურება მრავალი ისტორიულ-ეთნოგრაფიული მონაცემითა თუ წერილობითი წყაროებით. მათ შორისა მითი არგონავტებზე (ძვ. წ. ა. XIII, ან XII ს.), რომელიც ითვლება უძველეს კოლხეთში სოფლის მეურნეობის წარმოების დონის ამსახველ ყველაზე საიმედო  არტეფაქტად. კერძოდ, მისი ერთ-ერთი ეპიზოდი, რომელიც უკავშირდება „ცეცხლისმფრქვეველი ხარებით” მიწის დამუშავებას, არგონავტების ექსპედიციის მთავარ მიზანი – “ოქროს საწმისის” არსებობასთან ერთად, არის მეცხოველეობისა და სოფლის მეურნეობის მაღალი კულტურის უდავო მტკიცებულება. იგივე შეიძლება ითქვას ბერძენი ფილოსოფოსი არისტოტელეს (ძვ. წ. 384-322) მიერ გამოთქმულ მოსაზრებაზე, რომელიც “კოლხური ძროხას” ახასიათებს შემდეგნაირად: “…მიუხედავად იმისა, რომ წველადობა დამოკიდებულია სხეულის ზომაზე, იბერიაში, ფაზიში ჰყავთ პატარა ტანის ძროხა, რომელიც იწველის ძალიან  ბევრ რძეს… ”.

შუა საუკუნის წყაროებში, ასევე ხაზგასმულია, რომ დასავლეთ საქართველოში, ისევე როგორც სრულიად საქართველოში, მრავლადაა ყველა სახეობის სასოფლო-სამეურნეო ცხოველი, რომელთა შორის განსაკუთრებული პოპულარულობით სარგებლობდა მსხვილფეხა პირუტყვი, რასაც ხელს უწყობდა ზომიერი კლიმატი და მთის საძოვრების საკმაო მასივების არსებობა. ამან, თავის მხრივ, განაპირობა ბუნებრივი საკვები სავარგულების გამოყენებით რაციონალური ტექნოლოგიის ჩამოყალიბება, რომელიც ეფუძნებოდა ცხოველების მოვლა-შენახვის, გამრავლების,  აგრეთვე  მეცხოველეობის პროდუქტების წარმოება-გადამუშავების ისტორიულად ჩამოყალიბებულ ტრადიციებს.

ცნობილია, რომ რეგიონში გავრცელებული იყო პატარატანიანი, ჯუჯა პირუტყვი, ხოლო წითელ მეგრულ ჯიშზე პირველი ცნობები გამოჩნდა  XIX საუკუნის ბოლოს და XX საუკუნის დასაწყისში. მას შემდეგ სამეცნიერო ლიტერატურაში გამოითქვა განსხვავებული მოსაზრებები მის წარმოშობასთან დაკავშირებით.

ზოგიერთ მკვლევარს მიაჩნდა, რომ იგი გამოყვანილია ქართული მთის ძროხის ადგილობრივი პოპულაციის გადარჩევა-შერჩევით, ხალასად მოშენების პირობებში, ზოგი კი მიუთითებს, რომ მის გამოყვანაში მონაწილეობდა წითელი სტეპის და/ან ყალმიყური ჯიშის პირუტყვი. პროფესორი ნ.გოცირიძე, ასევე, არ გამორიცხავდა ამ ჯიშების მონაწილეობის შესაძლებლობას წითელი მეგრული პირუტყვის შექმნაში. ამასთან დაკავშირებით ის წერდა, რომ ზოგიერთი მეგრელი მეჯოგე, ზაფხულობით მთავარი კავკასიონის სამხრეთ კალთების ალპური საძოვრებზე ყოფნისას, ცალკეულ შემთხვევაში, გადადიოდნენ მის ჩრდილოეთ ფერდობებზე, ყუბანის რეგიონში და არ არის გამორიცხული, რომ საკუთარი პირუტყვის ცოცხალი წონისა და სარძეო პროდუქტიულობის გასაუმჯობესებლად მათ შეჯვარებაში გამოყენებინათ სტეპის წითელი და/ან ყალმუხური ჯიშები.

არსებობს მრავალი საბუთი, რაც ეჭვქვეშ აყენებს ამ მოსაზრებას:

  1. ჯიშის გამოყვანის უშუალო მონაწილეები, მეგრელი მეჯოგეები აღნიშნავდნენ, რომ ”…შეჯვარებაში არ გამოუყენებიათ სხვა ჯიშები და…არც სხვისგან სმენიათ ამის შესახებ“;
  2. სტეპისწითელი, ყალმიხურიდაწითელიმეგრულიჯიშებიმიეკუთვნებასხვადასხვაკრანიოლოგიურტიპებს;
  3. სისხლის ჯგუფების გენეტიკური სისტემების ალელების, აგრეთვე სისხლის შრატის პოლიმორფული ცილებისა და ფერმენტების შესწავლით ამ ჯიშებს შორის ნათესაური კავშირი არ დასტურდება და სხვ.

გარდა ამისა, თუ გავითვალისწინებთ მსხვილფეხა პირუტყვის ფერისა და ნიშნების მემკვიდრეობისა და ცვალებადობის კანონზომიერებებს, ერთგვაროვანი წითელი ფერის ცხოველების გამოსაყვანად, მეჯოგეებს რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში  დასჭირდებოდათ დიდი რაოდენობით მწარმოებლების შეძენა და ამ ნიშან-თვისებით არაერთი თაობის გადარჩევა-შერჩევა, რაც ასევე ნაკლებად სავარაუდოა.

როგორც აღინიშნა, ამ მოსაზრების დამადასტურებელი საბუთი მრავლადაა, მაგრამ  ჯიშის წარმოშობისა და ევოლუციის საკითხის საბოლოოდ გარკვევა შესაძლებელი იქნება PCR ტექნოლოგიების, მათ შორის დნმ მარკერების, ერთჯერადი ნუკლეოტიდის პოლიმორფიზმის (SNP), მიტოქონდრიული სატელიტების (mtDNA/სატელიტური დნმ), შუალედური მარტივი მიმდევრობის (ISSR- მარტივი მიმდევრობის განმეორება) და სხვ. გამოყენებით.

არსებული მონაცემებით ჯიში გამოყვანილია XIX საუკუნის 60-90-იან წლებში, მეგრელი მეჯოგეების-ხალხური სელექციონერების მიერ, მთაბარობისა და ცხოველების მთელი წლის განმავლობაში უბინაოდ, საძოვარზე, დამატებითი კვების გარეშე შენახვის პირობებში.

ჯიშის გამოყვანაზე მუშაობის დაწყებას სტიმული მისცა რძის პროდუქტებზე, აგრეთვე მუშა პირუტყვზე მოთხოვნის გაზრდამ, მათ შორის ჭიათურის მანგანუმის საბადოდან უახლოეს რკინიგზამდე მადნის გადასატანად. საქმე ის არის, რომ იმ წლებში რეგიონის მცხოვრებთა მიერ მოშენებული პირუტყვი, ისევე როგორც კამეჩები, ამ მიზნებისათვის შეუფერებელი აღმოჩნდა. რაც შეეხება ცხენებს, ტრადიციულად, ადგილობრივი მოსახლეობა მათ დღემდე იყენებს მხოლოდ საჯდომად და საჭაპანედ.

მეჯოგეებმა სწრაფად სწრაფად აუღეს ალღო შექმნის მდგომარეობას და მიზნად  დაისახეს მაღალპროდუქტიული და კარგი სამუშაო თვისებების მქონე ცხოველების გამოყვანა. მათ შორის განსაკუთრებული ადგილი უკავიათ ძმებს, ძიკი, ერასტი და დათა კვარაცხელებს, რომლებიც დიდ ყურადღებას უთმობდნენ მომავალი „საჯიშე“ მწარმოებლის მიღებას (გამოყვანას) და გამრავლებას. ამისათვის, ისინი შედარებით რძიან, დიდტანიან და უნაკლო გარეგნობის ფურს ანაყოფიერებდნენ, ასევე საუკეთესო კურო-მწარმოებლით და მიღებულ შთამომავლობას რძის ასაკის პერიოდში ზრდიდნენ თავისუფალი წოვების პირობებში (“ფური-ხბო” წესით გამოზრდა).  იმავდრულად, ისინი სანაშენედ იტოვებდნენ მაგარი კონსტიტუცის, ცოცხალი ტემპერამენტის და გამძლეობით გამორჩეულ ინდივიდებს. ათწლეულების მანძილზე ასეთმა მიდგომამ უზრუნველყო ცხოველთა ჰარმონიული განვითარება და ხელი შეუწყო მაღალპროდუქტიული მსხვილფეხა პირუტყვისა და მუშაობის კარგი უნარის მქონე შთამომავლობის მიღებას.

აღსანიშნავია, რომ ძმები კვარაცხელიების მიერ ცხოველთა შეფასებისა და მოშენების მეთოდები მეტწილად იმეორებდა ე.წ. “ევროპული მეცხოველეობის ოქროს ხანის” პერიოდის ბრიტანელი სელექციონერების მიდგომებს.

ამასთან, ბრიტანელებისგან განსხვავებით, შთამომავლობაში სასურველი ნიშან-თვისებების გასამტკიცებლად და გასამრავლებლად, ისინი არ მიმართავდნენ „ნათესაურ შეწყვილებას”. და კიდევ, სელექციაში ბრიტანელები პრაქტიკულად არ იყენებდნენ ცხოველთა ამტანობის შეფასებას, რაზეც მთაბარობის  მკაცრ პირობებში, საძოვარზე, უბინაოდ შენახვისას მნიშვნელოვნად დამოკიდებული იყო მეჯოგეთა საქმიანობის წარმატება.

ცხოველთა გამძლობაზე სელექციასთან დაკავშირებით, ძიკი კვარაცხელიას შვილიშვილი დავით კვარაცხელია აღნიშნავს, რომ „…ბუნების სტიქიასთან და ნადირთან ბრძოლაში … გამოწრთობილი,“… ის (ძიკი, ავტ.) …“სუსტისადმი თავადაც შეუბრალებელი და მკაცრი იყო, ბუნება მაინც გასწირავსო იტყოდა თურმე და პირველ გამოცდას თვითონ იგონებდა, უფრო მკაცრს ვიდრე ბუნება…“ და აგრძელებს: „…პირუტყვის გამოწ­რთვნაში, ჯანსაღი, სიცოცხლით სავსე საქონლის შერჩევის საქმეში თავისებურად იყენებდა, თურმე, მდინარე რიონსაც, რიონის ტალღებთან შებრძოლებისას გამოჩნდებოდა ძლიერიც და სუსტიც. ჯოგში დარჩენა არ დარჩენის ბედიც იქვე წყდებოდა“. და რაც მთავარია: „… ის ცდილობდა ყველგან და ყველაფერში დაეცვა პირუტყვისა და ბუნების ურთიერთობის წესი და არასოდეს დაერღვია იგი“, რაც ნიშნავს, რომ წარმატებული სელექცია განაპირობა ბუნების კანონების ზედმიწევნით ცოდნამ.

სასურველი ტიპის ცხოველების მიზანმიმართული გადარჩევისა და შერჩევის პარალელურად, ყოველწლიურად 180 კმ და მეტი მანძილის დაფარვამ, ქვაღორღიან და დამრეც, ხშირად კი თოვლით დაფარულ გადასასვლელებზე და ხეობებში გადაადგილებამ, აგრეთვე მთელი წლის განმავლობაში  გარეთ, საძოვრებზე, უბინაოდ შენახვამ, გააკაჟა ცხოველების ორგანიზმი და ხელი შეუწყო მათი ადაპტაციის დიაპაზონის გაფართოებას.

სანაშენე მუშაობის წარმატება, ასევე, უზრუნველყო ნახირის სწორად ორგანიზაციამ, კერძოდ:

  • ფურებსა და ფიზიოლოგიური სიმწიფის დეკეულებს ანაყოფიერებდნენ ისე, რომ ნამატი მიეღოთ კლიმატური თვალსაზრისით უფრო ხელსაყრელ პერიოდში, ადრე გაზაფხულზე.
  • როგორც წესი, ნახირს აჯგუფებდნენ ცხოველის სქესის და ასაკის გათვალისწინებით, ხოლო ჯგუფში მათი რაოდენობა არ აღემატებოდა 60-80 სულს;
  • მასობრივად დახბოიანების პერიოდში დედა პირუტყვს ყოფდნენ ახალშობილ და “მეწველ” ჯგუფად, რომლთაც ინახავდნენ ცაალკ-ცალკე;
  • განსაკუთრებული ყურადღება ეთმობოდა მომავალი მწარმოებლების გამოზრდას, რომლებიც 6-7 თვის ასაკში ასხლეტამდე იმყოფებოდნენ დედებთან ერთად ნახირში თავისუფლად წოვების პირობებში და
  • ალპურ საძოვრებს იყენებდნენ ე.წ. ნაკვეთმორიგეობითი წესით.

კვარაცხელიების მუშაობის სტილი სხვა მეცხოველეთათვის მაგალითს წარმოადგენდა, ხოლო მათი მრავალრიცხოვანი ნახირი ჯიშის სანაშენე ბირთვის პროტოტიპად იქცა. საქმე ის არის, რომ მუშა ხარებთან ერთად, კვარაცხელიები ყოველწლიურად ყიდიდნენ 30 და მეტი სულ კურაკს, აგრეთვე ყველა დეკეულს, რომელიც არ სჭირდებოდათ საკუთარი ნახირის შესავსებად.

ცნობილია, რომ წითელი მეგრული ჯიშის გამოყვანაში ღირებული წვლილი მიუძღვით შემდეგი გვარის მეჯოგეებს: გაბელია, ჯოჯუა, ბჟალავა, კალანდია, ნაჭყებია, სხულუხია, პაპავა, ფიფია, თოლორდავა, ცაავა და სხვ, რომლებიც, ტრადიციულად ამ საქმიანობით იყვნენ დაკავებული.

პირუტყვი გამოირჩევა მაგარი კონსტიტუციითა და ჰარმონიული აგებულებით.  ექსტერიერით, ზოგადად, ის უფრო კომბინირებული პროდუქტიული მიმართულებისაა, მაგრამ ჯიშში საკმაო რაოდენობით გვხვდება სარძეო ჯიშებისთვის დამახასიათებელი, ნაზი-მკვრივი კონსტიტუციური ტიპის ინდივიდები: სხეული პროპორციული აგებულებისაა, ტანი  კი საკმაოდ გრძელი; დამახასიათებელია მსუბუქი თავი, სწორი პროფილი, ამოზნექილი თვალის ორბიტები და ცოცხალი თვალები; ცხოველს კისერი აქვს საშუალო სიგრძის, კარგად გამოხატული კანის ნაოჭებით, მინდაო გარკვეულწილად მაღალი, გულმკერდი საშუალო სიღრმის და სიგანის, ბეჭს უკან ნაშარტის გარეშე, ზურგი საკმაოდ გრძელი და ფართოა, მაგრამ რამდენადმე ჩაზნექილი, ნეკნები საშუალოდ დახრილი, წელი საშუალო სიგრძისა და სიგანის, მუცელი მოცულობიანი, მაგრამ არა ჩამოშვებული, გავა საკმარისად განიერია, საშუალო სიგრძის და რამდენადმე დაქანებული, კიდურები გრძელი, სწორად მდგომი, ხოლო ჩლიქები მაღალი და მაგარი; ზოგადად, ცხოველებს კუნთები ზომიერად აქვთ განვითარებული, ძვლოვანი სისტემა წვრილია, მაგრამ მაგარი, ტყავი კი თხელი და ელასტიურია. ზაფხულის ბალნის საფარი მოკლე და კანის ზედაპირზე მჭიდროდ არის გადაკრული, ზამთარში კი საკმაოდ გრძელია და დიდი რაოდენობით შეიცავს თივთიკს.

ფურებს ცური საკმაოდ მოცულობიანი, ღრმა და ჯირკვლოვანი აქვთ, ჩვეულებრივ მომრგვალებული, ან აბაზანისებრი ფორმისაა და მჭიდროდ არის მიმაგრებული მუცელზე. კერტები, ზოგადად, ცილინდრული ფორმისაა, საშუალო ზომის და სიმეტრიულადაა განლაგებული ცურის მეოთხედების ცენტრში.

მოზარდეულში სქესობრივი დიმორფიზმის მეორადი ნიშნები ჩამოყალი­ბებას იწყებს 7-8 თვის ასაკიდან და გამოიხატება როგორც სხეულის ზომებში, ასევე მეორად სასქესო ნიშან-თვისებებში;  კურო-მწარმოებლები, ფურებისგან განსხვავდებიან უფრო მასიური თავითა და რქებით, შედარებით მოკლე და სქელი კისერით, ღრმა და განიერი მკერდით, რამდენადმე სუსტად განვითარებული სხეულის უკანა მესამედით.

ცხოველების ფერი არის წითელი, ჟღალისფერიდან მუქ-წითლამდე; ამასთან, თვალების გარშემო, კუდის ფუნჯზე და უკანა ფეხების შიგნითა მხარეს ბალანი უფრო ღია ფერისაა, ვიდრე სხეულის სხვა ნაწილებზე. უმნიშვნელო ზომის თეთრი ნიშნები შუბლზე და საზარდულზე მხოლოდ ერთეულებში გვხვდება. ევროპული წარმოშობის წითელი ფერის, ანგელნური და წითელი დანიური ჯიშებისგან, აგრეთვე მათი მონაწილეობით გამოყვანილი სტეპის წითელი, ლატვიური წაბლა, ლიტვური და ესტონური წითელი ჯიშებისგან განსხვავებით, ამ ჯიშის ცხოველებში რქები ქარვისფერ-ყვითელიდან თაფლის სანთლისებრში ცვალებადობს, ბოლოები კი უფრო მუქია; ცხოველებში ცხვირის სარკე და ქუთუთოები ვარდისფერია, ცხვირის სარკეზე შესაძლებელია მუქი ლაქები, ჩლიქები კი ღიადან მუქ-ყავისფერამდეა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სხვა მოკლერქიანი კრანიოლოგიური ტიპის ჯიშებისაგან განსხვავებით, წითელ მეგრულ პირუტყვს რქები წვრილი, საკმაოდ გრძელი (განსაკუთრებით ხარებს) და ახალი მთვარისებრი ფორმის აქვთ: რქები მიმართული არის გარეთ და ზემოთ, ბოლოები კი შიგნით და მცირედით უკან.

პირუტყვი გამოირჩევა კარგი ორიენტაციით, ნაკლები მომთხოვნებლობით და თანაბრად კარგად ეგუება კოლხეთის ჭაობიან და კავკასიის ალპური მდელოებზე შენახვას.

ჯიშისათვის დამახასიათებელია სხვა მნიშვნელობანი თვისებებიც:

  1. შეუმჩნევლად იტანენ დროის მცირე მონაკვეთში ჰაერის ტემპერატურის მკვეთრ მერყეობასა და ამინდის უეცარ ცვლილებებს;
  2. შეუძლიათ წყლით და/ან თოვლის საკმარისად სქელი საფარით დაფარულ საძოვრის ბალახის ათვისება;
  3. მადიანად შეექცევიან ისლისებრთა ოჯახის ზოგიერთ წარმომადგენელს (მათ შორის Carex elata bellardi), რომელსაც კულტურული ჯიშის პირუტყვი ჩვეულებრივ არ მოიხმარს;
  4. იშვიათად ავადდებიან სხვადასხვა ეტიოლოგიის დაავადებებით, მათ შორის პიროპლაზმიდოზებით.

პლანეტაზე რეგისტრირებული ძროხის 1028 ჯიშიდან, მსგავსი თვისებების ერთ ორგანიზმში ერთად არსებობის შესახებ, ჩვენთვის ხელმისაწვდომ სამეცნიერო ლიტერატურაში არ არის აღწერილი.

პირუტყვი ცოცხალი მასით 18-25% -ით აღემატება ქართული მთის ძროხის ყველა სხვა პოპულაციას. ზრდასრული ფურის ცოცხალი მასა, საშუალოდ 300-320 კგ- ს შეადგენს, სხეულის ძირითადი განაზომები კი ცვალებადობს: სიმაღლე მინდაოში – 112-115 სმ, გულმკერდის სიღრმე – 58-61 სმ, სხეულის ირიბი სიგრძე – 133-135 სმ, გულმკერდის ირგვლივა კი 165-167 სმ; კურო მწარმოებლების ცოცხალი მასაა 400-450 კგ, ხოლო სხეულის ძირითადი განაზომები შეადგენს: 122-127; 64-70, 140-150 და 176-182 სმ, შესაბამისად.  ახალშობილი ხბოს ცოცხალი მასა 15-22 კგ-ა.

ამ ჯიშის ფურების სარძეო პროდუქტიულობის შესწავლის შესახებ პირველი მონაცემები გამოქვეყნდა 1946 წელს საქართველოს ზოოტექნიკურ-სავეტერინარო ინსტიტუტის სამეცნიერო კონფერენციის კრებულში. აღნიშნულია, რომ 4 ფერმაში, რომლებიც მთელი წლის განმავლობაში მთაბარობენ, პირველ მოგებაზე ფურის საშუალო მონაწველი იყო 765, ხოლო ზრდასრულ ასაკში- 875 კგ რძე, 4,45% ცხიმის შემცველობით. იმავდროულად, 8 საუკეთესო ფურის საშუალო მონაწველმა შეადგინა 1551, რეკორდულმა – 1904 კგ რძე; რძეში ცხიმის ყველაზე მაღალი შემცველობა იყო 6,17%. შედარებისთვის, მოვიტანთ, რომ სტატისტიკური მონაცემებით, იმავე წელს საშუალოდ რესპუბლიკის საზოგადოებრივ მეურნეობებში საფურაჟე ფურის საშუალო მონაწველი გაცილებით დაბალი,  მხოლოდ 468 კგ იყო.

1975-83 წლებში ამ ჯიშის ხუთ სანაშენო ფერმაში ფურების საშუალო მონაწველმა  შეადგინა 1460 კგ რძე, 4,35% ცხიმის შემცველობით, ხოლო საუკეთესოში, ლანჩხუთის რაიონის სოფელ ზემო აკეთის კოლმეურნეობაში – 1882 კგ რძე, 4,39% ცხიმით.

ამავე ფერმაში, ნ. ცინცაძემ, ფურების ორ ჯგუფზე, სამეურნეო და გაუმჯობესებული კვების პირობებში შეისწავლა სარძეო პროდუქტიულობა და სხვა სამეურნეო-სასარგებლო მაჩვენებლები. მათგან, საკონტროლო- პირველ ჯგუფს კვებავდნენ ფერმაში მიღებული დონეზე, ხოლო მეორე – საცდელ ჯგუფს, უფრო მაღალი კვებითი ღირებულების ულუფებით (წელიწადში, შესაბამისად, 2448 და 3327 საკვების ერთეული). ამასთან ორივე ჯგიფის ცხოველებს ინახავდნენ ტრადიციულად, მთაბარობის პირობებში.

დადგენილია, რომ ლაქტაციის პერიოდში საკონტროლო ჯგუფის ფურების მონაწველი საშუალოდ იყო 1828 კგ რძე (ლიმ. 1440-2499), 4,39%, ცხიმით, ხოლო გაუმჯობესებული კვების პირობებში ამ მაჩვენებელმა შეადგინა 3017 კგ რძე, 4,33% ცხიმით. ამასთან, ჯიშისთვის რძის რეკორდული მონაწველი გამოავლინა ფურმა „თორია“ N 0861-მა, რომელმაც IV ლაქტაციის 305 დღის განმავლობაში მოიწველა 4315 კგ რძე, 4,29% ცხიმით (185,1 კგ რძის ცხიმი).

ამ ჯიშის ცხოველები ხასიათდებიან დამაკმაყოფილებელი სახორცე პროდუქტიულობით. ერთი წლიდან 1,5 წლის ასაკამდე ინტენსიურად სუქებისას, მოზვრების ცოცხალი მასის საშუალო დღეღამური ნამატმა შეადგინა 740 გრამი, ხოლო ცოცხალმა მასამ მიაღწია 300 კგ-ს. ცხოველების ნაკლავის გამოსავალი იყო 52%; ხორცის ხარისხზე საუბრისას აღინიშნავენ, რომ ის ზომიერად ცხიმიანია, ხასიათდება საკმაო სინაზით, კარგი გემოთი და მაღალი კულინარიული თვისებებით.

ფერმერები ხაზს უსვამენ, რომ ამ ჯიშის ახალგაზრდა ხარი ძნელად იწვრთნება მაგრამ, ამავე დროს, გამოირჩევა შესანიშნავი სამუშაო თვისებებით: არის გამძლე, აქვს დიდი გამწევი ძალა და ხასიათდება საკმაოდ სწრაფი სვლით. ცდებში დადგენილია, რომ  ამ ჯიშის მუშა ხარის გამწევმა ძალამ შეადგინა ცოცხალი მასის 57%, მაშინ როდესაც შვეიცარულ ჯიშში ეს მაჩვენებელი იყო 46%, ხოლო ადგილობრივ ნაჯვარებში  მხოლოდ 37%.

მეგრული წითელი ჯიშის პირუტყვი დიდი პოპულარობით სარგებლობს  სამეგრელო-ზემო სვანეთისა და იმერეთის მხარეების მოსახლეობაში, ხოლო მისგან მიღებული პროდუქტები, ხშირად აქ მცხოვრებთათვის ცხოველიური ცილის ერთადერთი წყაროა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს მთიან რეგიონებში ამ ჯიშის ხარები დღესაც წარმატებით გამოიყენება, როგორც სასოფლო სამეურნეო სამუშაოების შესასრულებლად, ასევე ტექნიკისთვის მიუვალი ადგილებიდან ხე-ტყისა  და სხვ. მასალის გამოსატანად.

70-იანი წლების შუა პერიოდის მონაცემებით, ამ ჯიშის ცხოველების რაოდენობა პირად დამხმარე მეურნეობებში, დაახლოებით 15-17 ათასი იყო, ოფიციალური მონაცემებით კი, 1980 წელს, რესპუბლიკის ყველა კატეგორიის მეურნეობაში 26.0 ათასი (მათ შორის, 7.8 ათასი ფური);  აქედან 11,5 ათასი აღრიცხული იყო საზოგადოებრივ მეურნეობებში, ხოლო 1990 წლის აღწერით დარჩა მხოლოდ 2600 სული.

წითელი მეგრული ჯიშის სანაშენო მეურნეობის შექმნის განზრახვაზე ინფორმაცია თარიღდება 1929 წლით, მაგრამ არქივში მისი საქმიანობის მონაცემები არ არის დაცული. 1976 წლიდან რესპუბლიკაში ფუნქციონირებს ამ ჯიშის პირუტყვის სახელმწიფო ჯიშთაშენი და 5 სანაშენო ფერმა, სადაც ჰყავდათ   2200 სულზე მეტი ყველა ასაკის პირუტყვი, მათ შორის 542 ფური.

სანაშენე სამუშაოების 1980-1990 წ.წ. გეგმის მიხედვით, პერიოდის ბოლოსთვის გათვალისწინებული იყო სანაშენო მეურნეობებში ამ ჯიშის ფურების მონაწველის გაზრდა 1800, ხოლო საშუალოდ ყველა საზოგადოებრივ მეურნეობაში საშუალოდ 1350 კგ-მდე; იმავდროულად, დაგეგმილი იყო მეცხოველეობის ფერმების ქსელის გაფართოება, რეალიზებული სანაშენე პირუტყვის რაოდენობის გაზრდა, აგრეთვე საუკეთესო კუროების გადარჩევა წარმოშობისა და ფენოტიპის მიხედვით, მათი სპერმის მიღება და შთამომავლობის ხარისხზე შეფასება.

სამოქალაქო ომის პერიოდში, ისევე როგორც ყველა სხვა სახეობისა და ჯიშის სასოფლო-სამეურნეო ცხოველებისა და ფრინველების, სულადობა, ამ ჯიშის პირუტყვის რაოდენობაც, 2- და მეტჯერ შემცირდა, ხოლო საზოგადოებრივი ქონების პრივატიზაციის წლებში დარჩენილი ნაწილი, მათ შორის სანაშენე სულადობა, გადაეცა კერძო საკუთრებაში და დაიკარგა. შედეგად, გასული საუკუნის ბოლოს მონაცემებით, ქვეყნის ყველა კატეგორიის ფერმაში პირობითად ხალასჯიშიანი ცხოველების რაოდენობა მხოლოდ 10,6 ათასი იყო.

 

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევის ცენტრში, რომელიც შეიქმნა 2014 წელს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებაში, ქვეყნის აგრო-ინდუსტრიული სექტორის სხვა აქტუალურ საკითხებთან ერთად, ამუშავებს სასოფლო-სამეურნეო  ცხოველებისა და ფრინველების ადგილობრივი ჯიშების მოძების, აღდგენისა და გაუმჯობესების საკითხებზე. პროგრამის ფარგლებში, 2015-დან 2017 წლამდე პერიოდში, ქვეყნის ორ რეგიონში, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და იმერეთის მხარეში, სადაც ეს ჯიში ისტორიულად იყო გავრცელებული, ჩატარდა ექსპედიციური კვლევები ფერმერულ და პირად-დამხმარე მეურნეობებში ტიპიური ცხოველების მოსაძიებლად.

ვინაიდან ფერმერები, როგორც წესი, არ აწარმოებენ ზოოტექნიკურ ჩანაწერებს, ცხოველების ჯიშობრივ კუთვნილებას ვადგენდით ექსტერიერის (აგებულების ტიპის), ფერის და სხვა გარეგნული ნიშნებით.

პირუტყვს აშენებენ ზუგდიდის, წალენ­ჯიხის, ჩხოროწყუს, ხობის, სენაკის, მარ­ტვილის, ვანის, ხარაგაულისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტების წვრილ და საშუალო  ფერმერულ მეურნე­ობებში, 8-10-დან 50 სულამდე რაოდენობით, თითოეულში (მათ შორის 5–15 ფური).  მსგავსი ექსტერიერისა და მორფოლოგიური ნიშნების ცალკეული ინდივიდები გვხვდება აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ძირთადად ხულოს მუნიციპალიტეტში. სულ კი, ამ ჯიშისათვის ტიპიური  ცხოველების რაოდენობა შეადგენს 3,2 ათასს, მათ შორის დაახლოებით 1,9 ათასი ფურია.

ფერმერების გამოკითხვით დადგენილია, რომ მთელი წლის მანძილზე მხოლოდ საძოვარულ საკვებზე შენახვისას, ლაქტაციის პიკზე ფურების მონაწველი, საშუალოდ 8-9- დან 10-12 კგ -ის  ფარგლებში ცვალებადობს, ხოლო ცალკეული ინდივიდებში 14–15 კგ რძეს აღწევს. აქვე უნდა ითქვას, რომ მეტად იშვიათია უნაყოფობისა და ბერწიანობის შემთხვევები, ხოლო ნამატის გამოსავალი 95–97%- ს შეადგენს. ამასთან, როგორც წესი, ლაქტაციის ხანგრძლივობა 270-280 დღემდეა და მხოლოდ ცალკეულ ინდივიდებში აღემატება 300 დღეს. ამ მონაცემებზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, რომ ფერმერულ მეურნეობებში ლაქტაციური მონაწველი არის 1700-1900 კგ-ის ფარგლებში, ხოლო საუკეთესო ფურები იწველიან 2200-2400 კგ რძეს.

რეგიონში ჯიშის საკმაო პოპულარობაზე მიუთითებს გაზეთ „კვირის პალიტრას“ კორესპონდენთან მეჯოგე მეგონა ჯოჯუას ინტერვიუ, სადაც ის აღნიშნავს, რომ:  „კვარაცხელიას ჯიშის წითელი ძროხები და მათი ყველი-სულგუნია ჩემი ოჯახის მარჩენალი“… და „…ნამდვილი მეგრული სულუგუნი მზადდება მხოლოდ ამ ჯიშის ძროხის რძიდან…“.

ფერმერების ამგვარი დამოკიდებულების მიუხედავად, ქვეყანაში პირუტყვის რაოდენობა მნიშვნელოვნადაა შემცირებულია და, შეიძლება ითქვას, რომ ჯიშს დაკარგვის სასრთხე ემუქრება.

შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის მეცხოვეელეობის, ვეტერინარიისა და საკვებწარმოების დეპარტამენტში შედგენილია ჯიშთან სანაშენე მუშაობის აღდგენის გეგმა და მისი პრაქტიკული განხორციელების გრაფიკი. პირველ ეტაპზე დაგეგმილია ჯიშის ტიპიური ცხოველების მოშენებელ ფერმერულ მეურნეობებში ცხოველთა იდენტიფიკაცია-ატესტაცია და მათგან საუკეთესოების ბაზაზე, სულ მცირე სამი სანაშენე (საგენოფონდო) ფერმის შექმნა, მათ შორის, სავარაუდოდ, ორი სამეგრელო-ზემო სვანეთის და ერთი იმერეთის მხარეში.

მსოფლიო გამოცდილების გათვალისწინებით, მუშავდება ჯიშის გენოფონდის აღდგენისა და გაუმჯობესების გრძელვადიანი პროგრამა. დაგეგმილია შიდა ჯიშური (ზონალური) ტიპების, აგრეთვე მინიმუმ 3-4 ხაზისა და ოჯახის განსაკუთრებით მაღალპროდუქტიულ ცხოველთა გამოვლენა და მათი მიზნობრივი გამოყენება. სანაშენე პროგრამაში სათანადო ყურადღება დაეთმობა მომავალი კურო-მწარმოებლების გამოყვანასა და შეფასებას, აგრეთვე გამოჩენილი მწარმოებლების სპერმის ბანკის შექმნას.

საგენოფონდო მეურნეობებში გადარჩევისა და შერჩევის ძირითად კრიტერიუმებად აღებული იქნება ის თვისებები, რომლებიც შთამომავლობაში უზრუნველყოფენ და გააძლიერებენ ჯიშის ფენოტიპურ სტრუქტურას. ამავე დროს, სარძეო პროდუქტიულობის გაზრდის პარალელურად, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა იმ მწარმოებლების შთამომავლობის გამრავლებას, რომლებიც მაღალი განმეორებადობით ავლენენ ისეთ თვისებებს, როგორებიცაა ფიზიკური გამძლეობა, დაავადებისადმი მდგრადობა, ძლიერი ჩლიქები, ბუნებრივი საძოვრების გამოყენების უნარი, ზრდის სისწრაფე, ადრეულობა და სხვ.

პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია იმ ძვირფასი სანაშენე მასალის მოძიება, რომელიც, შესაძლებელია დღემდე ინახება სასოფლო-სამეურნეო ცხოველთა მოშენებლობისა და გენეტიკის საკავშირო (დღეს სრულიად რუსეთის) სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში (რუსეთის ფედერაცია, ქ. პუშკინო, ლენინგრადის ოლქი). საქმე ის არის, რომ გასული საუკუნის 80-იანი წლების დასაწყისში შემუშავებული საკავშირო პროგრამის „ღირებული ადგილობრივი ჯიშების გენოფონდის შექმნისა და შენარჩუნების გზები და ფორმები“ ფარგლებში, სოფელი ზემო აკეთის სანაშენე მეურნეობის კურო-მწარმოებლებიდან აღებული სპერმა შესანახად გაიგზავნა ამ ინსტიტუტის ბანკში.

მიგვაჩნია, რომ ამ სანაშენე მასალის გამოყენებით, ცხოველთა  სანაშენე  და პროდუქტიული თვისებების გაუმჯობესების პარალელურად შესაძლებელი იქნება ჯიშისათვის ტიპიური სულადობის სწრაფად მომრავლება.

ავტორები:

გიული გოგოლი, რუსუდან ბარკალაია, ცისანა ქილიფთარი, თენგიზ ფირცხალაიშვილი, თორნიკე ჟღენტი