აგროსიახლეებიმევენახეობა-მეღვინეობა

მეჯვრისხევის საფერავი – ქართული წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში

ვაზის ჯიში, რომელზეც ჩვენ გვინდა ორიოდე სიტყვა მოგახსენოთ, საქართველოში არსებულ არცერთ საკოლექციო ამპელოგრაფიულ ნაკვეთში არ აღმოჩნდა დაცული. არადა სოფელ მეჯვრისხევში ეს ჯიში უკვე დიდი ხანია არსებობს, რომლისგანაც ადგილობრივი მოსახლეობა მაღალხარისხიან ვარდისფერ ღვინოს აყენებს. სიტუაციის შესასწავლად ასოციაცია „ელკანამ“ აღნიშნულ სოფელში 01.05.14 – ში მცირე კვლევა ჩაატარა. კვლევა ჩატარდა იმისათვის, რათა შემდგომში მოხდეს აღნიშნული ვაზის ჯიშის საკოლექციო ნაკვეთებში დამაგრება, ხოლო მეორე მხრივ კი მეჯვრისხევის საფერავის, როგორც ძველი ქართული ვაზის ჯიშისა და მისგან დაყენებული ღვინის პოპულარიზაცია. შიდა ქართლის ეს ისტორიული სოფელი ქალაქი გორიდან 20 კილომეტრში, ხოლო ზღვის დონიდან 800 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს მდინარე მეჯუდას მარცხენა ნაპირას. მდინარის სახელიდან გამომდინარე ამ სოფელს ძველად მეჯუდასხევი რქმევია. მართალია სოფელი ზღვის დონიდან 800 მეტრზე მდებარეობს, მაგრამ აქ იდეალური პირობებია მევენახეობა-მეღვინეობის დარგების გასავითარებლად. მოკვლევის დროს არაერთი საინტერესო ცნობა მოვიპოვეთ მეჯვრისხევის საფერავის შესახებ. გამოკითხული იქნა ამ სოფლის 20-მდე მკვიდრი; დავათვალიერეთ მათი ვენახები; გავსინჯეთ მათ მიერ დაყენებული ღვინის ნიმუშები…


როგორც ირკვევა ამჟამად ვაზის ჯიში – მეჯვრისხევის საფერავი ერთეული ვაზის სახით 50 – 60 ადამიანს აქვს შემორჩენილი, ხოლო შედარებით მოცულობითი ნარგავებიდან, ამასთან ძირითადად ხეივნების სახით ყურძენსა და ღვინოს აწარმოებს 15-მდე ოჯახი. თითოეული ოჯახი ყოველწლიურად, თეთრი ღვინის პარალელურად  300 – 500 ლიტრ მეჯვრისხევის საფერავის ღვინოს აყენებს. ამ ჯიშს გააჩნია სინონიმი – ხომასურიანთ საფერავი. საქმე ისაა, რომ სოფელ მეჯვრისხევში ხომასურიძეების გვარის არაერთი წარმომადგენელი სახლობს, რომლებიც ოდესღაც რაჭიდან ჩამოსახლებულან აქ. სხვათა შორის, ამ გვარის უხუცესი წარმომადგენლების მიერ მივიღეთ ერთი საინტერესო ინფორმაციაც იმის შე​სახებ, რომ ჯიში – მეჯვრისხევის, ანუ ხომასურიანთ საფერავი შესაძლოა ხომასურიძეების გვარის წარმომადგენლებმა ჩამოიყოლეს რაჭიდან…თუმცა ეს ვარაუდი ძირეულ გამოკვლევას საჭიროებს. რაც შეეხება ადგილობრივების მიერ დაყენებულ ღვინოს, რომელიც მეჯვრისხევის მოსახლეობაში დიდი პოპულარობითაც სარგებლობს შემდეგნაირად ხასიათდება: მიუხედავად ჯიშის სახელდებისა ღვინო ინტენსიურად არ არის შეფერილი და ის, როგორც წესი დგება ვარდისფერი, ან ღია წითელი ფერის. არის კამკამა, სუფთა და მიმზიდველი შეფერილობისა. ღვინის სუნში იგრძნობა ბროწეულისა და მოცხარის ტონები. სურნელოვანი ღვინოა. გემოში მკვეთრად იგრძნობა მაღლმჟავიანობა და ამრიგად იგი თითქმის მარახოშია, თუმცა ეს მჟვიანობა ღვინოს დიდ სიხალისესა სძენს. ამიტომაც ჯიში, გარდა ვარდისფერი მაღალხარისხიანი მშრალი ღვინის დაყენებისა რეკომენდებულია ცქრიალა ღვინის დასამზადებლადაც. აღსანიშნავია, რომ ადგილობრივ მოსახლეობაში ჩვენ მიერ გასინჯული 7 სხვადასხვა ნიმუში მჟვიანობის თვალსაზრისით თითქმის ერთი და იმავე კონდიციისა იყო.  ჩვენ ჩავატარეთ ერთ-ერთი ღვინის ნიმუშის ლაბორატორიული ანალიზიც, რის შედეგადაც გაირკვა, რომ ღვინის ტიტრული მჟავიანობა 8გრ/ლ -ზე მაღალია, ხოლო ალკოჰოლის შემცველობა კი 11%-მდე. მოსახლეობის თქმით მეჯვრისხევის საფერავის რთველი წარმოებს ოქტომბრის სადაწყისიდან, ხოლო ამ დროისათვის კი ყურძენი დაახლოებით 20%-მდე შაქრიანობას აგროვებს. მათსავე მონაცემებზე დაყრდნობით 40 – 50 წლის წინათ სოფელ მეჯვრისხევში ვაზის ჯიში – მეჯვრისხევის საფერავი დაბლარი ვენახების სახით ფართოდ ყოფილა გავრცელებული. ამჟამად კი სოფელში დაბლარი ვენახი მხოლოდ ორგან აღმოვაჩინეთ: ვახტანგ (იუზა) გოგინაშვილთან შედარებით მოზრდილი, ხოლო გია გოგიაშვილთან კი მცირე ნაკვეთზე, რომელთანაც ვენახი ვაზის გაშენების ქართული სტილით, ინდივიდუალურ ჭიგოებზე იყო ფორმირებული. ხეივნების სახით კი მეჯვრისხევის საფერავი გაშენებული აქვთ: აკაკი ხომასურიძეს, გოდერძი ხომასურიძეს, გურამ კაპანაძეს, თამაზ ბუნტურს, მიხეილ მასურაშვილსა და სხვ.
ღვინის დაყენების საქმეში მისი დიდი პოტენციალიდან გამომდინარე იმედს ვიტოვებთ, რომ მას მეტ ყურადღებას დაუთმობენ, როგორც ადგილობრივი მოსახლეობა, ისე ღვინის მარნებიც. მეორე მხრივ იმედია ჯიშის დამაგერება მოხდება საქართველოსა თუ უცხოეთის ამპელოგრაფიულ ნაკვეთებშიც. მეჯვრისხევის, ანუ ხომასურიანთ საფერავი 2013 წელს ადგილობრივმა მოსახლეობამ გორში ჩატარებულ ქართლის ღვინის ფესტივალზე წარადგინა, სადაც ღვინომ დიდი მოწონება დაიმსახურა. აღსანიშნავია ისიც, რომ მეჯვრისხევის საფერავის ვენახის ერთ-ერთი მფლობელი თავისი ღვინით გადაიღეს იქნა ამავე ფესტივალის ფარგლებში მომზადებულ დოკუმენტურ–მხატვრულ ფილმში – „ქართლის მეღვინეები“, რომლის ნახვაც შესაძლებელია ქართულ ინტერნეტ სივრცეში.

გიორგი ბარისაშვილი                                                                                                                                                                                                                     ჟურნალი „ახალი აგრარული საქართველო“
მცხეთა 2014წ.