აგრარული განათლებააგროტექნოლოგიებიმებაღეობამემცენარეობა

ნუში

ნუშის გული გამოირჩევა საუკეთესო გემური თვისებებით და იგი ამ თვისებების გამო სჯობნის სხვა კაკლოვან კულტურების ნაყოფებს. ამის გამო ნუშის ნაყოფები ფართოდ გამოიყენება, როგორც ნედლი, ისე მოხალული, დაშაქრული ან დამარილებული სახით. ამის გარდა ნუში ფართოდ გამოიყენება საკონდიტრო მრეწველობაში: შოკოლადების, კანფეტების, ნუგების შაქარლამების, ტორტების და სხვა პროდუქტების წარმოებისათვის.

მკვლევარების მონაცემებით ნუშის გული შეიცავს 50-60%-მდე ცხიმოვან ზეთებს, 21% აზოტოვან ნივთიერებებს, 4% უჯრედისს და სხვ. ტკბილი ნუშის გული მდიდარია შაქრებით. მწარე ნუში შეიცავს გლუკოზიდ ამიგდალინს, რომელშიც შედის სინილინის მჟავა, რის გამოც ნუშის ნაყოფი მწარეა, საკვებად არ გამოიყენება, რადგან – 20-25 თესლის საკვებად გამოყენება იწვევს სასიკვდილო მოწამვლას. ტკბილ ნუშში ამიგდალინი ოდნავ შესამჩნევია.

ტკბილი ნუშის გულიდან იღებენ რძეს, რომელიც ვეგეტარიანელებისთვის ნატურალური რძის შემცვლელია. მწარე ნუშის გულიდან ამზადებენ ნუშის წყალს, რომელიც ფარმაკოლოგიაში გამოიყენება.

ნუშის ნაჭუჭი შეიცავს ნივთიერებებს, რომელიც ფართოდ გამოიყენება  კონიაკისა და თეთრი ღვინოების ფერის გასაუმჯობესებლად.

ნუშის ნაჭუჭისგან მზადდება გააქტიურებული ნახშირი, რომელსაც გაზების შთანთქმის უნარი ახასიათებს. ბულგარეთში ნუშის ნაჭუჭი ჩვეულებრივად საწვავი პურის საცხობებში საწვავად გამოიყენება.

მწვანე ნუშისგან, როცა ჯერ კიდევ არ არის ნაჭუჭი გამაგრებული, მზადდება უმაღლესი ხარისხის მურაბა, გამოიყენება საკვებად და დაშაქრული. ნუშის ხორკლოვანი გარსის დაწვის შედეგად მიღებულ ნაცარს იტალიაში იყენებენ როგორც კალიუმიან სასუქს, რომელიც შეიცავს 39,72-42,5% სუფთა კალიუმს.

ნუშის გულიდან მიღებულ პროდუქტთა შორის ყველაზე ძვირფასია ზეთი, რომელიც ძირითადად მედიცინაში გამოიყენება.

ზეთის გამოხდის შემდეგ დარჩენილი კოპტონი შეიცავს ალბუმინოდებს, უაზოტო ნივთიერებებსა და ცხიმს. დაფქვილი კოპტონიდან მრავალი სახის წამალი მზადდება.

ნუშის ხის მერქანი მაგარია, მკვრივია, ლამაზია, ახასიათებს წითელი შეფერილობა, გამოიყენება ავეჯის დასამზადებლად და სადურგლო საქმეში.

ფარმაკოლოგიურ ლიტერატურაში ნუშის ორი ფორმა გამოიყენება. ტკბილი ნუში (Amygdalus communs dulcis Dc)  და მწარე ნუში (Amygdalus communs forma amora Dc). ორივე ფორმის გული (თესლი) შეიცავს ცხიმის ზეთში 20-60%, ფერმენტ ემულსინს, ცილოვან ნივთიერებებს, 2-3% შაქარს, ვიტამინი B2, ჰემატინს, (კოფერმენტი, ფერმენტ კატალიზას ორკომპონენტიანი აქტიური ჯგუფი).

მწარე ნუში შეიცავს 2,5-3,5% გლიკოზიდ ამიგდალინს, რითაც იგი განსხვავდება ტკბილი ნუშის შემადგენლობისაგან.

ნუშის ზეთი Oleum Amygdalarum_ წარმოადგენს თხევად უქროლად ზეთს, შეიცავს 80-90% ტრიოლენს. ნუშის ცხიმოვანი ზეთი მიიღება ცხელი და ცივი დაპრესვის მეთოდით.

დაწნეხის ცივი მეთოდით სამედიცინო ზეთი მიიღება, ხოლო ცხელი მეთოდით მიღებული ზეთი, რაფინირების შემდეგ კვებასა და საპარფიუმერიო მრეწველობაში გამოიყენება. არარაფინირებული ზეთი გამოიყენება საპნის წარმოებაშიც. ზეთის მაღალი პროცენტული გამოსავლებით (50-60%) ხასიათდება ტკბილი ნუშის გულში ზეთის შემცველობა არ აღემატება 20%-ს.

ნუშის სამედიცინო ზეთი უფერულია ან მოყვითალოა, სუნის გარეშე, სასიამოვნო გემოთი. ზეთი გამოიყენება ისეთი პრეპარატების გამხსნელად, რომელიც გამოიყენება ინექციების დროს.

ნუშის თესლების გამონაწურს იღებენ წვეთების სახით, როგორც ხველების დამაწყნარებელ საშუალებად, გახშირებული გულისცემის მოსაწესრიგებლად და სხვ.

ტაჯიკეთში ნუშის რძისაგან ამზადებენ გემრიელ პიკანტურ კერძებს.

ფესვების ნახარში კოსმეტიკაში ჭორფლების მოსაცილებლად გამოიყენება, თავის ტკივილების გასაყუჩებლად, ნუშისა და თაფლის ნარევი საუცხოოა წყლულებისა და კანის დაავადებების დროს, როგორც სამკურნალოდ მწარე ნუშს იყენებენ თირკმელებისა და ღვიძლის დაავადებების დროს, როგორც თირკმლის ქვების დამშლელ პრეპარატს.

ნუში გვალვაგამძლე მცენარეა, იგი ძლიერ ფესვთა სისტემას ივითარებს, რომელიც ნიადაგის ღრმა ფენებში ვრცელდება და საუკეთესო საშუალებაა ფერდობების წყლისმიერი და ქარისმიერი ეროზიისგან დასაცავად.

თავისი გვალვაგამძლეობის გამო ნუში შესაძლოა ისეთ ადგილებში გაშენდეს, სადაც სხვა კულტურების გაშენება შეუძლებელია. ამავე დროს იგი მასივების სახით შეიძლება გაშენდეს ნაკლებად ნაყოფიერ, ეროზიულ ადგილებში როგორც დამცავი საშუალება. ასევე მიზანშეწონილია ნუშის გაშენება ქარსაცავ ზოლებში, გზის პირებზე და სხვაგან პატარ-პატარა კორომების სახით.

ნუში შესანიშნავი თაფლოვანი მცენარეა, ადრე ყვავილობის გამო იგი ფუტკრისთვის კარგ საკვებ ბაზას წარმოადგენს.

სამრეწველოდ პერსპექტიული ჯიშების დახასიათება.

პატარძეული 1 _ ხე ძლიერი ზრდისაა _ ასაკი 50 წელია, ვარჯი გადაშლილია, ყვავილობს 10 აპრილიდან სხვა ფორმებთან შედარებით 3-4 დღით გვიან, მსხმოიარობს ყოველწლიურად, საშუალოდ 10-15 კგ. ერთი ხიდან.

ნაყოფი საშუალოა (3,4X2,1X1,7სმ) ლამაზია, თხელი (1,6მმ) ადვილად მტვრევადია, გულის გამოსავლიანობა 50%-ია; გული გემრიელია, ღია ყავისფერია.

გვიან მოყვავილე _ ,,გიკა” _ შერჩეულია ნუშის ნათესებიდან. პირველი მოსავალი ერთეული ნაყოფის სახით მიღებულ იქნა დათესვიდან მე-5 წელს. თესლნერგი ძლიერად მოზარდია. ნაზარდი წვრილია, სიგრძე 8-10 სმ-ია. ვარჯი  ცოცხისებურია, დატოტვილია ძლიერად. ყვავილობა იწყება 8 აპრილს,მთავრდება 20 აპრილს, მისი ყვავილობა ზოგჯერ გარგარის, ჭერმის, ატმისა და სხვა კურკოვანი კულტურების ყვავილობას ემთხვევა.

ნაყოფი საშუალო ზომისაა (3,1X2,0X1,3სმ.) ოვალურია, მასით 1,8 გრამია, ნაჭუჭი თხელია (1მმ) იმტვრევა თითების მოჭერით, გულის გამოსავალი 48%-ია, გვხვდება ნაყოფი, რომელშიც გული განუვითარებელია.

საუკეთესო საწყისი მასალაა ნუშის შემდგომი სელექციისთვის, გვიან მოყვავილე ურთიერთდამამტვერიანებელი ჯიშების მისაღებად.

ლისი. შერჩეულია ნუშის ადგილობრივი გენეფონდიდან. ხე საშუალოდ მოზარდია, კომპაქტური ვარჯით, თბილისის პირობებში ყვავილობს სხვა ჯიშებთან შედარებით გვიან აპრილის პირველ ნახევარში. ზიანდება გაზაფხულის წაყინვებისაგან, მწიფდება შედარებით ადრე (15/08-18/08). მსხმოიარობს ყოველწლიურად, მოსავალი – 10-12 კგ.

ნაყოფები საშუალოზე პატარაა (3,8X1,8X1,3სმ.) მასით 1,6 გრამია, ლამაზია, თხელნაჭუჭაა (1,6მმ). ტყდება თითების მოჭერით, გულის გამოსავალი 38,0%-ია. გული ყავისფერია, შეუმჩნევლად ოდნავ მომწარო გემოთი.

ნ. შენგელია,  ნ. მიქაძე, ნ. მიროტაძე, ლ. გოგინავა, კ. ძერია ს/მ მეცნიერებათა დოქტორები