აგრარული განათლებადარგებიმეცხოველეობა

მესაქონლეობის ტრადიციული  ფორმები საქართველოში

სამეცნიერო ლიტერატურაში დახასიათებულია საქართველოს პირობებში არსებული მესაქონლეობის ძირითადი ფორმები _ მთური, მთაბარული, ბარული და მომთაბარე, ასე­თი დაყოფის საფუძველია იმ ძირითადი ნიშნების შესწავლა და დახასიათება, რაც თითოეულ დასახლებულ ფორმას აქვს. რამ­დენადაც ეს საკითხები მეცნიერებმა მაღალ დონეზე დაამუშავეს და შეისწავლეს, შევეხებით მხოლოდ ზოგადად, შეხსენების მიზნით.

მთური მესაქონლეობისთვის დამახასიათებელია ძირითადი სა­ცხოვრებელი ადგილებისა და მთის საძოვრების მუდმივი ურ­თიერთკავშირი. ასეთ შემთხვევაში მხოლოდ ზაფხულის პე­რი­ოდში ხდება საქონლის მთაზე წაყვანა გარკვეული დროით. მთაში საქონელს მიჰყვება, ძირითად მცხოვრებთა შედარებით მცირე ნაწილი. დანარჩენები კი სოფელში (დასახლებულ პუნქტებში) რჩებიან და ეწევიან სხვადასხვა  სამიწათმოქმედო სამუ­შაოს. აქედან ჩანს, რომ საქონელი ზამთრობით ჰყავდათ ძირითად დასახლებულ პუნქტებში. ამიტომ,  მესა­ქონლეობის მთური ფორმის დროს საქმე გვაქვს  სეზონურობასთან. ის სამეურნეო-ორგანიზაციულ საკითხებში დამოკიდებული იყო ძირითად სამეურნეო ბაზებთან – ძირითად დასახლებებთან.

რაც შეეხება მთაბარულ მესაქონლეობას, რომელსაც სამეცნიე­რო ლიტერატურა „ტრანსჰუმანსეს“ სახელწოდებით იცნობს, მთუ­რი მესაქონლეობისაგან განსხვავდება შემდეგით: ის მართალია დაკავშირებულია მთავარ დასახლებასთან, მაგრამ მხოლოდ როგორც ზაფხულის, ისე ზამთრის საძოვრების  გამოყე­ნე­ბასთან. მთაბარული მესაქონლეობის დროს საქონელი მთელი წლის განმავლობაში  საძოვარზეა. ის  მუდმივად მოძრაობს საზამთრო, სა­­გაზაფხულო, საზაფხულო და საშემოდგომო საძოვრებზე. ამ შემ­თხვევაში გამორიცხულია საქონლის ბაგური კვება ძირითად და­სახლებულ ადგილებში, თუმცა აქვს დასახლებასთან მუდმივი ეკონომიკური და  ორგანიზაციული კავშირი.

ბარული მესაქონლეობა კი დაკავშირებულია დასახლებულ პუნქტებთან არსებულ საძოვრებთან. ის მთელი სეზონის მან­ძილზე იმყოფება სასოფლო საძოვრებზე, მოსავლის აღების შემდეგ სავარგულო მიწებზე ტყიან თუ ბუჩქნარ ადგილებში. მკაცრი ზამთ­რის პირობებშიც კი უხდებათ მათი ძოვება სოფლად, ყანის ­პი­რებში და ღამის გათევა იქვე, დროებით გამართულ გომურებში, ზოგ­ჯერ ჰყავთ ბაგურ კვებაზედაც. ასე, რომ მთელი წლის  განმავ­ლო­ბაში,  მსხვილფეხა საქონელი, ცხვარი და სხვა სოფლის ირგვლივ მოძრაობს.

მომთაბარე მესაქონლეობა საქართველოში ხასიათდება ცხო­ველ­თა გადაყვანა-გადმოყვანით ბარის საზამთრო საძოვრებიდან მთის საზაფხულო საძოვრებისაკენ და პირიქით. რაც შეე­ხება ნახევრად მომთაბარულ მესაქონლეობას, ადგილი ჰქონდა საქართველოს სინამდვილეშიც და ხასიათდება საზამთრო საძოვ­რე­ბის ზონაში დასახლებებისა და სამიწათმოქმედო ბაზების გაჩე­ნით.

არქეოლოგიური მასალების დამუშავების შედეგად მეცნიერები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ გარეულ ცხოველთა მოშინაურება კავკასიაში მიწათმოქმედების ადრეულ ეტაპზე უნდა მომხდარიყო (იგულისხმება ძვ.წ. VII ათასწლეული). დადგენილია, აგრეთვე, რომ ძვ.წ. V – IV ათასწლეულებში ქართველ ტომთა ძირითადი საცხოვ­რე­ბელი ადგილი ამიერკავკასიის ცენტრალური ოლქი და ამიერ­კავკასიის დასავლეთი ნაწილის გარკვეული ტერიტორია იყო. არ­სებული მასალების საფუძველზე მოკვლეულია, რომ ძვ.წ. V – IV ათას­წლეულებში ქვემო ქართლში მოსახლე ტომების მიერ ათვისებუ­ლია მდინარისპირა ველები და შემაღლებული ადგილები.

რაც შეეხება გადარეკვით მესაქონლეობის განვითარებას, შუა ბრინჯაოს ხანასთან უნდა იყოს დაკავშირებული საქართველოსა და მთლიანად ამიერკავკასიის ტერიტორიაზე. ამასვე ადას­ტუ­რებს ვ. შამილაძის მოსაზრება: „შუა ბრინჯაოს ხანის შუამთის მოსახ­ლე­ობისათვის, რომლებსაც ათვისებული ჰქონდათ მთიან ხეობათა ზედაწელი და მიახლოებული იყვნენ ალპურ მდელოებს, ეს აღ­მოჩენა დიდ სიძნელეებთან არ უნდა ყოფილიყო დაკავშირებული. ასე უნდა აღმოცენებულიყო საქართველოსა და კავკასიაში მთური, ალპური მეურნეობის თვისებრივად ახალი ქვესახეობა _ მთური გადარეკვით მესაქონლეობა, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა მთიანეთის სამეურნეო-კულტურულ და სოციალური განვითარების პროცესში“. ასევე ბრინჯაოს ხანას მიეკუთვნება კავკასიის ტერიტორიაზე მთაბარული მესაქონლეობის აღმოცენე­ბაც. შუა ბრინჯაოს ხანაში მთის ზოლების ათვისება ხელს უწყობდა მეცხოველეობის განვითარებას. ეს პერიოდი უკავშირდება, აგრეთ­ვე, თრიალეთის მაღალმთიანი ზოლის ინტენსიურ ათვისებას სა­ძოვ­რად. ამ დროს განვითარებული მეცხვარეობისათვის თრიალე­თის ტომების მიერ ქვემო ქართლისა და იორ-ალაზნის საზამთრო საძოვრების გამოყენება, მეცნიერთა ვარაუდით, დაახლოებით ამ პერიოდში უნდა დაწყებულიყო. შუა ბრინჯაოს ხანას უნდა ეკუთვნოდეს მთიულეთის, ფშავისა და ერწო-თიანეთის, ცოტა მოგვიანებით კი მთათუშეთისა და ხევის მეცხვარეობის განვი­თა­რება და მათ მიერ იორ-ალაზნის აუზის საზამთრო საძოვრების გა­მოყენებაც.

ივრისპირეთსა და ალაზნის  ველზე ჩატარებულმა არქეოლო­გი­ურმა გათხრებმა გამოავლინა მეურნეობის საინტერესო კომპ­ლექ­­სები, საიდანაც ჩანს, რომ ბრინჯაოს ხანის მოსახლეობა, დაწი­ნაურებულ მიწათმოქმედებასთან ერთად, განვითარებული მესაქონლეობისათვის საზამთრო საძოვრებად ფართოდ  იყენებდა იორ-ალაზნის აუზის ველებს, ხოლო საზაფხულოდ _ თრიალეთის ზეგანს. მეცხვარეობის დაწინაურებისა და მთაბარული მესაქონ­ლე­ობის განვითარების შესახებ გარკვეულ სურათს იძლევა დასავლეთ საქართველოს მთიანეთის არქეოლოგიური კვლევა-ძიებაც.   

შემდგომ პერიოდშიც ხალხთა  კულტურულ განვითარებასთან ერთად უფრო მეტად იხვეწებოდა მათი სამეურნეო ცხოვრება და მათ შორის, რა თქმა უნდა, მეცხოველეობის სხვადასხვა ფორმა. მაგრამ, დროთა განმავლობაში მათ ინტენსიურ განვითარებას აბრ­კო­ლებდა საზოგადოებაში არსებული ისტორიული პროცესები, რომ­ლებიც სხვადასხვა ფორმით გამოიხატებოდა. ისტორიულმა ძვრებმა ძვ.წ. V-I ათასწლეულებში გადამწყვეტი გავლენა იქონია მთელი კავ­კასიის ხალხებზე და ასევე ქართული ტომების შემდგომ ყოფა­ზე. სწორედ ამ პერიოდში ხდება ცალკეული ხალხების,  მათ შორის ქართველი ხალხის ფორმირება. როგორც მეცნიერულად არის და­სა­ბუთებული, დღევანდელი საქართველოს ტერიტორიაზე ძირი­თა­დად ცხოვრობდნენ ქართველური ტომები და მათი ერთიანად ჩამოყალიბების პროცესიც ამ რთულ ვითარებას დაემთხვა. არქეოლოგიური მასალებით ისიც ცნობილია, რომ ამ ტერი­ტო­რიაზე ცხოვრობდა უძველესი ადამიანი (ამ ცოტა ხნის წინათ მო­პოვებული ადამიანთა თავის ქალები არანაკლებ მილიონ შვიდასი ათასი წლისაა). ამასთან ის იყო საკმაოდ მჭიდროდ დასახლებული ტერიტორია. აქ ლოგიკური დასკვნაც კი შეიძლე­ბა გავაკეთოთ: შეუძლებელია ასეთ უძველეს დასახლებულ ტერიტორიაზე არ ყოფილიყო განვითარებული მეცხოველეობა, თუნ­დაც ძ.წ.  მეორე ათასწლეულში – ბრინჯა­ოს ხანაში.

ისტორიულად ცნობილია, რომ საზოგადოება ვერ ვითარდება ზიგზაგებისა და შეფერხებების გარეშე. სწორედ მისი კულტუ­რუ­ლი განვითარების შეფერხებასთან ერთად ფერხდებოდა მეცხო­ვე­ლეობის განვითარებაც. ასე იყო არა მარტო ძვ.წ-ის არამედ შემდგომ პერიოდშიც. ასეთ შემფერხებელ მიზეზად შე­იძლება დავასახელოთ ხშირი ომები, განსაკუთრებით ხშირი შემო­სევ­­ები საქართველოს ტერიტორიაზე. ყველაფერი ეს შლიდა აწ­ყო­ბილ მეურნეობას, ანგრევდა კულტურულ მონაპოვრებს და  შემდეგ ადამიანებს ხელახლა უხდებოდა მისი აღდგენა. ასეთმა მრავალჯერ დანგრეულმა და შემდგომ აღდგენილმა კულ­ტურამ და სამეურნეო ტრადიციებმა მოაღწია ჩვენამდე, მათ შორის არის სოფლის მეურნეობა და მისი ერთ-ერთი დარგი –  მეცხოველეობა.

საქართველოში მეცხოველეობის განვითარებას თავისი სპეცი­ფიკური  ნიშნები და ხასიათი ჰქონდა, რაც  დაკავშირებული არის ქვეყნის ტერიტორიასა და კლიმატურ პირობებთან. ჩვენთან მესა­ქონლეობის იმ ფორმის დამახასიათებელი ნიშნები ვითარ­დებო­და, რომელთა განვითარება უფრო ხელსაყრელი და შესაძლებელი იყო საქართველოში. ამის შესახებ ნათლად მეტყველებს ჩვენ ხელთ არსებული ეთნოგრაფიული მასალები, საიდანაც ნათლად ჩანს, როგორ რაციონალურად იყენებდნენ მეურნეები როგორც თავიანთ საწარმოო ძალებს, ისე ყველა სახის საძოვარს, საზაფხულოს თუ საზამთროს.

თიანეთში მცხოვრებს ზურაბ და ხვითო გარიშვილებს  ბაბხის ხევის მთებში ერთი ბინა ჰქონდათ. ეს მთა ახლოს იყო სო­ფელ­თან. იქ საქონელი ერთად დაჰყავდათ. მიდიოდნენ ძველი სტი­ლით 10 მაისს და რჩებოდნენ 10 სექტემბრამდე. თუ ძალიან ცივი ამინდები იყო, 20 აგვისტოს შემდეგ ბრუნდებოდნენ. ბაბ­ხის ხევის მთებში, სადაც მათი ქოხი იყო, გზა მიდიოდა სოფელ არტანიდან. გზა გაივლიდა ბაჩალას, შემდეგ ყვარას (სოფლის სახელები) და აქედან პირდაპირ ავიდოდნენ ბაბ­ხის ხევში. რადგანაც ეს საძოვარი ახლოს იყო, იქ ქალები მარტო რჩებოდნენ. კაცები მათ აიყვანდნენ იქ, რაც საჭირო იყო ყველა­ფერს მოუმარაგებდნენ (შეშა, ფქვილი, რძის ნაწარმის დასამუშა­ვებელი მოწყობილობები და ა.შ.) და უკან ბრუნდებოდნენ. რამდე­ნი­მე ხანში ისევ ააკითხავდნენ,  აუტანდნენ საჭირო მარაგს და ბრუნდებოდნენ.

გარიშვილებს  საზამთრო ბინა და საძოვარი მუხათ­ზედაც ჰქონდათ. ის მდინარე ილტოს ხეობაშია, ბუხრევიდან 7 კილომეტრის დაშორებით;  ჩავარდნილი ადგილია, თოვლი იშვიათად მო­დის და 2 – 3 დღეში ქრება. აქ არის ბევრი მაყვალი, ბარძამი. სა­ქონელიც იმით იკვებება. აღსანიშნავია ის, რომ სექტემბრის პირ­ველ ნახევარში საზაფხულო საძოვრებიდან დაბრუნებული საქო­ნე­ლი სოფელში ჰყავდათ ოქტომბერ-ნოემბრამდე. ეს იმიტომ, რათა მაქსიმალურად გამოეყენებინათ  არსებუ­ლი საკვები რესურსები. შემდეგ მიჰყავდათ მუხათაზე. იქ სა­ქონ­ლის წაყვანა ამინდებზე იყო დამოკიდებული. ყოველ შემთხვევაში ძველი სტილით 10 ნოემბერს არ გადააცილებდნენ. საზამთრო სა­ძოვრებზე საქონელს მხოლოდ მამაკაცები მიჰყვებოდნენ.

გადმოცემით, ილტოს ხეობაში საქონელი ბევრს დაჰყავდა: თიღლიაურებს, კოჭლავაშვილებს, ჩეკურაშვილებს, ღვინაშვილებს, ლაგაზურებს და სხვა. ვისაც 60 სულ საქონელზე ნაკლები არ ჰყავდა, მათ მიჰყავდათ საზაფხულო და საზამთრო საძოვრებზე.  ერთ ზამთარს ილტოს ხეობაში დიდი თოვლი მოსულა. მესაქონლეებს საკვების მარაგი თითქმის არ ჰქონიათ და საქონელი, რომ არ დაღუპვოდათ, თბილისში გუბერნატორთან თხოვ­ნა გაუგზავნიათ – მიეცათ უფლება უფასოდ გაეჩეხათ ტყე. იქიდანაც თანხმობა მიუღიათ. მხოლოდ ხეები ძირში არ უნდა მოეჭრათ. თოვლის აღებამდე გადაჭრილი ტოტების ნეკერით იკვებებოდა საქონელი და გადარჩა.     

დაახლოებით ასეთივე ვითარება იყო ერწო-თიანეთის სოფ­ლებ­ში. ყველა სოფლიდან, ვისაც დიდი რაოდენობით საქონელი ჰყავდა, აუცილებლად მიჰყავდა მთაზე, რამდენადაც საქონლის გა­მოკვების  საშუალება სოფელში არ იყო. თითქმის ყველა სოფლის საქონელი მაისიდან პირველ ივნისამდე აუცილებ­ლად უნდა წასულიყო მთაზე. ხშირ შემთხვევაში,  სოფლიდან გასვლის დრო დამოკიდებული იყო იმ მთის სიმაღლეზე, სადაც საქონელი უნდა გაერეკათ. მთა, რომელიც შედარებით  და­ბალი ან სამზეო იყო, თოვლს ადრე იღებდა, ბალახიც ადრე ამოდიოდა და საქონელსაც ადრე მიერეკებოდნენ, უფრო მო­მაღლო მთაზე კი შედარებით გვიან ადიოდნენ. როგორი დაგვია­ნებული გაზაფხულიც არ უნდა ყოფილიყო, აღნიშნული ვა­დები აუცილებლად დაცული იყო. ერწო-თიანეთის სოფელ ბუ­შატის მეურნეებს მთის საზაფხულო საძოვრებზე საქონელი მიჰყავ­დათ ივნისის პირველ რიცხვებში და რჩებოდნენ სექტემ­ბრის ბო­ლომდე.

მსხვილფეხა საქონელთან აქაც ქალი რჩებოდა. ის წვე­ლიდა საქონელს და ამზადებდა რძის პროდუქტებს. ხოლო საქონ­ლის მოსავლელად მწყემსი ჰყავდათ დაქირავებული. თუ ოჯახში რამდენიმე ქალი იყო, ასეთ შემთხვევაში დაწესებული იყო რიგი: ერთ წელიწადს ერთი წავიდოდა, მეორე წელიწადს – მეორე და ა.შ. მთის საზაფხულო საძოვრებზე მხოლოდ მსხვილფეხა საქონელი მიჰყავდათ. ქალს, რომელიც ამ საქონელს მიჰყვებოდა მემთეს ეძახდ­ნენ. სოფელში (ოჯახში) ტოვებდნენ მხოლოდ ერთ მეწველ საქო­ნელს. სექტემბრის შუა რიცხვებიდან საქონელი სოფელში ჩამოჰ­ყავ­დათ (სექტემბრის ბოლომდე, უნდა დამთავრებულიყო მათი ჩამოყვანა). აქ საშუალოდ თვენახევარი რჩებოდა საქონელი და ნო­ემბ­რის პირველ რიცხვებში მიჰყავდათ საზამთრო საზოვრებზე – შირაქში. აქ საქონელთან ყოველთვის კაცი იყო, ქალები სოფელში რჩებოდნენ. შირაქში დამატებით საკვებს მხოლოდ ჯანდაგ (სუსტ) საქონელს თუ მისცემდნენ. იშვიათ შემთხვევაში, დიდი თოვ­ლობის დროს იყო საჭირო მათი კვება. აქ ყველას თავისი ყორუღი ჰქონდა. გაზაფხულზე, როცა საქონელი  დასუსტებული იყო, მაშინ უშვებდნენ აქ.

მარტის თვეში სოფლიდან კაცი მიდიოდა შირაქში და მუშა საქონელი მიჰყავდა. ივნისის პირველ რიცხვებში კი შირა­ქიდან საქონელი გადაჰყავდათ საზაფხულო საძოვრებზე. ასეთ ვა­დებში ხდებოდა ერთი ადგილიდან მეორეზე საქონლის გადაყვანა. სოფელში ყოველთვის ტოვებდნენ ერთ უღელ ხარს. იგივე ბუ­შატის მაგალითზე შეიძლება ვთქვათ, რომ ყველას, ვისაც კი სა­ქონელი  ჰყავდა (გამონაკლისი იყო, ვისაც არ ჰყავდა), ერთი მეწველი ძრო­ხის გარდა საზაფხულო საძოვარზე ყველა აგზავნიდა საქო­ნელს. ზამთრის საძოვრებზე კი ისინი მიდიოდნენ, ვისაც 10-ზე მეტი მეწვე­ლი საქონელი ჰყავდა. ასეთ შემთხვევაში ხშირად შეამხანაგებაც (მონარევი) ხდებოდა. ვისაც ძალიან ბევრი საქონელი ჰყავდა, ისინი მუდამ მომთაბარეობდნენ. ხშირად გამოჰყოფდნენ მეწ­ველ საქონელს და ზაფხულის პერიოდში მათთან ქალები იყვნენ, ხოლო მშრალ საქონელს  კაცები უვლიდნენ.

გადმოცემით სოფელ ბუშატში დიდი რაოდენობით საქონელი ჰყოლიათ ხუცურაულებს, ქუმსიაშვილებს, ბენაგაშვილებს. იცოდ­ნენ მოჯამაგირის აყვანაც. ის ზამთარში ბოსელში უვლიდა საქო­ნელს, ხოლო ზაფხულში მთაში მიჰყვებოდა. მსხვილფეხა საქო­ნელს, თუ მათში გარეული არ იყო მეწველი, მხოლოდ ერთი მწყემსი უვლიდა. ასეთ მწყემსს წელიწადში გასამრჯელოდ ერთ ხარს აძლევდნენ. ხშირად მსხვილფეხა საქონელის მოსავლელად რამდენიმე მოჯა­მაგირე ჰყავდათ. მთაში იყო ისეთი სოფლები, რომელთაც საძოვ­რები არ გააჩნდა, მიუხედავად ამისა მაინც ახერხებდნენ, რომ ჰყოლოდათ საქონელი, მაგრამ არა იმდენი, რამდენიც მათ ოჯახებს გამოკვებავდა, არამედ იმდენი, რომ სასაქონლო პროდუქცია დაემ­ზადებინათ. სოფელ არტანში 87 წლის ხვთისო ბურდული 1973 წელს ეთნოგრაფიული ექსპედიციის დროს გვიყვებოდა, რომ მის მამას – გიორგის 40 სულზე მეტი მსხვილფეხა საქონელი ჰყავდა, აქე­დან 20-ზე მეტი მეწველი, ხარი – 8 – 10, დანარჩენი მშრალი და მო­ზარდი. ეს მაშინ, როცა ამ სოფელს საძოვარი საერთოდ არ გააჩნდა. ამასთან, ჰყოლია დიდი რაოდენობით ცხვარიც. საქონელს აძოვებდნენ შედარებით ახლოს, ხუშხევის მთებში, ზამთრობით კი – შირაქში. საქონელი მთებში შირაქიდან ძველი სტილით მაისის პირველ რიცხვებში გადაჰყავდათ, სადაც ქოხები ჰქონდათ. ამ ქო­ხებს ფიცრის კედლები ჰქონია, გადახურული ყოფილა თელის ხის ქერქით. საქონელი გარეთ ჰყოლიათ, ღია ადგილზე. იქვე წვე­ლიდნენ ძროხებს, ამზადებდნენ პროდუქტებს და სოფელში ჩამოჰქონ­დათ. ხუშხევის მთაზე სათიბებიც ჰქონიათ, რომლებსაც ­საქონ­ლისაგან იცავდნენ. ასევე ყოფილა სხვა ოჯახებიც. მთელ სოფელში ტოვებდ­ნენ მხოლოდ 6 ხარს, 5 მეწველ ძროხას და ერთ წლამდე ხბოებს. ხუშხევის სათიბებს ყოველ წელიწადს ოჯახებზე ანაწილებდნენ.

ანალოგიური ვითარება იყო დასავლეთ საქართველოშიც. კერ­ძოდ,  შევეხებით მაგალითებს აჭარელ მეურნეთა ცხოვრე­ბიდან.

როგორც კი ხვნას დაამთავრებდნენ, საქონელი მთაში მიჰ­ყავ­დათ. მთიდან აბრუნებდნენ მაშინ, როცა მოსავალი აღებული და ჭალები გათიბული იყო. ზაფხულის პერიოდში საქონელი სოფელ­ში არ უნდა ყოფილიყო. ამისათვის ისინი მზად იყვნენ. მთებზე, სადაც საძოვრები იყო აგებული, ჰქონდათ იაილამა (მთის სახლი). ის იყო ორსართულიანი სახლი. პირველ სართულზე იყო ახორი (საქონ­ლის სადგომი), მეორე სართულზე კი ადამიანთა საცხოვრებელი. საქო­ნელი აქ  აჰყავდათ 21 მაისიდან (ახალი სტილით) და რჩებოდნენ 15 სექტემბრამდე. საქონელს მთაზე მიჰყვებოდა მწყემსი კაცი, ხო­ლო მემთევარი იყო ქალი, რომელიც რძის პროდუქტებს ამზა­დებდა. მათ თან მიჰყავდათ მოხუცები და ბავშვები დასახმარებ­ლად და ჰაერის გამოსაცვლელად.

სექტემბრიდან (მთიდან დაბრუნების შემდეგ) საქონელი სოფ­ლისპირა საძოვრებზე დაუდიოდათ. მათ არ ჰქონდათ საზამთრო საძოვრები. საქონელი ნოემბრიდან ბაგურ კვებაზე გადაჰყავდათ. ხოლო აპრილიდან მთაზე წაყვანამდე ისევ სოფლისპირა საძოვ­რე­ბით სარგებლობდნენ.

ეს დამახასიათებელი იყო დასავლეთ საქართველოს უმეტესი კუთხეებისათვის, კერძოდ იმათთვის, ვისაც დიდი რაოდენობით საქონელი არ ჰყავდა…

ჯემალ სვანიძე,

ლევან თორთლაძე