აგრარული განათლებადარგებიმეცხოველეობა

ცხოველთა მოვლა-მოშენების ტრადიციები საქართველოში

ბარის მეცხოველეობამ საქართველოში განვითარების მრავლეტაპიანი გზა განვლო. მოსახლეობის ზრდასთან ერთად, თან­დათან  ბარის ადგილების ახლო მდებარე მთის ფერ­დობებს იკავებდა. ეს პროცესი დროთა განმავლობაში უფრო ფართო მასშ­ტა­ბებს ღებულობდა და მესაქონლეობა ნელ-ნელა ითვისებდა მთის საძოვრებს. უფრო მოგვიანებით, როცა გაიზარდა მოსახლეობა, გაფართოვდა ურთიერთობები მეზობელ ქვეყნებთან, რასაც მოჰყვა აღებ-მიცემობის გაფართოება, დღის წესრიგში დადგა მეცხოველეობის პროდუქტების გაზრდის საკითხიც. ასეთ პირო­ბებ­ში მეცხოველეობა უკვე იკავებს მაღალმთიან საძოვრებს თვით ალპური  ზოლის ჩათვლით. ეს პროცესი დაკავშირებული იყო მთელ ამიერკავკასიასთან, როგორც მთიან მხარესთან. მეცნიერთა ვარაუდით, ეს შუა ბრინჯაოს ხანაში უნდა მომხდარიყო. ამ დროს  ჩანს მაღალგანვითარებული მეცხოველეობა, მასთან ერთად მთაში განვითარებას იწყებს ბრინჯაოს მეტალურგიული წარმოება, ცოტა ადრე კი სპილენძის მოპოვება. ლითონის გამოდნობამ, რომლითაც ძირითადად მთაში მყოფი მწყემსები იყვნენ დაკავებული, დიდი როლი შეასრულა ქვეყნის ეკონომიკური დაწინაურების საქმეში. მესაქონლეობის ასეთი ფორმების წარმოშობა დაკავშირე­ბული იყო კავკასიის სპეციფიკურ პირობებთან, მაგრამ მას კავშირი არ გაუწყვეტია მოსახლეობის სამიწათმოქმედო ყოფასთან.

არსებული მასალებით (არქეოლოგიური მასალა, ბერძენ-რომა­ელ­თა წერილობითი მასალები, ლეგენდა ოქროს საწმისის შესახებ და სხვა) მეცნიერები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ ანტიკური ხანის კოლხეთში მაღალ დონეზე იყო განვითარებული მეცხვა­რეო­ბა და რომ ნაზმატყლიანი ცხვრის ერთ-ერთ სამშობლოდ ძველი კოლხეთი უნდა ჩაითვალოს. კვლევის შედეგად დადგენილია, რომ ძვ. წ. VIII _ VII საუკუნეებში შავი ზღვისპირეთის ბერძნულ ახალ­შენებიდან დიდი რაოდენობით წარმოებდა ნაზმატყლიანი ცხვრის იმპორტი სხვადასხვა ქვეყანაში. აღნიშნულია იმის შესა­ხე­ბაც, რომ კოლხეთიდან საბერძნეთსა და რომში გაჰყავდათ კოლ­ხური ცხვრის მწარმოებლებიც. მათი ვარაუდით, კოლხურ ცხვარს დიდი წილი უძევს იტალიური და სიცილიური ნაზმატყლიანი ცხვრების ფორმირების პროცესში. მომდევნო პერიოდში ის ესპანეთში იქნა შეყვანილი, სადაც საფუძვლად დაედო ესპანური მერინოსის  მაღალკულტურული თვისებების  ჩამოყალიბებას.

ბ. პიოტროვსკი, რომელიც ძირითადად ეყრდნობოდა არ­ქეო­ლოგიურ მასალებს და ეპიგრაფიულ ძეგლებს, მიდის იმ დას­კვნამდე, რომ მეცხვარეობის გამოჩენა ამიერკავკასიაში მიეკუთვ­ნება უძველეს დროს, ენეოლითის კულტურის არსებობამდე პერიოდს. მისივე მონაცემებით ამიერკავკასიის უძვე­ლეს მოსახლეობაში მაღალ დონეზე იყო განვითარებული მეცხო­ველეობა, სადაც მეცხვარეობა მნიშვნელოვნად სჭარბობდა მეცხო­ვე­ლეობის სხვა დარგებს. როგორც არსებული მასალებიდან ჩანს, მეტ – ნაკლებად ანალოგიური ვითარება იყო მთელ ამიერკავკასიაში, სადაც მეცხვარეობა დიდ როლს ასრულებდა ეკონომიკის განვი­თარებაში. ამაზე მეტყველებს ჩრდილოეთ კავკასიაში წარ­მოე­ბული გათხრებიც, რომლის მიხედვით მე­ცხოველეობაში უპირატესობა მეცხვარეობას ეძლეოდა.

საქართველოში მეცხოველეობა განსაკუთრებით დაწინაურებული მე-19 საუკუ­ნეში ჩანს. პროფ. პ. გუგუშვილის მიერ მოკვლეუ­ლი მასალების მიხედვით, რომელიც ეყრდნობოდა კავკასიის სოფ­ლის მეურნეობის საზოგადოების 1851 წლის მოხსენებას, ნათქვა­მია, რომ ამიერკავკასიის მხარე წელიწადში აწარმოებს არანაკლებ 500 ათას ფუთ მატყლს. ეს მატყლი  ყველა რუსული მატყლისაგან გამოირჩევა სისუფთავით, ბეწვის სიგრძით და გრეხის ხარის­ხით.

საქართველოდან ყველაზე მეტი რაოდენობის მატყლი გა­დიოდა ჩრდილოეთ ამერიკაში, შემდეგ საფრანგეთში, ბელგიასა და ინგლისში. მატყლი მიდიოდა საქართვე­ლოდან ასევე ლოძისა და მოსკოვის რაიონებში XIX საუკუნეში. კაპი­ტალიზმის განვითარების პროცესში სოფლად ვითარდებოდა მსხვი­ლი ფერმერული მეურნეობები. ა.მ. არღუთინსკის მონაცე­მებით (1886 წ.), ცხვრის მთელი რაოდენობის 42,6% თავ­მოყრილი იყო მხვილ კულაკთა ხელში, რომელთა წილი მეცხვა­რეობის მეურნეობათა ფონზე 1,7% შეადგენდა, საშუალო ფენას კი ეკუთვნოდა 39,7%, ამ ფენის წილი კი 5,6% უდრიდა.

ესაქონლეობის სხვადასხვა ფორმის წარმოშობა დაკავშირე­ბუ­ლი იყო საზოგადოების განვითარების სხვადასხვა პერიოდთან. მესაქონლეობის ამ თუ იმ ფორმის წარმოშობას თვით ცხოვრება კარნახობდა ადამიანებს. საზოგადოების განვითარებასთან ერთად იზრდებოდა მათი მოთხოვნილებაც. ეს პროცესი უფრო  შესამჩნევი ხდებოდა მაშინ, როცა ქვეყანა აღმავლობის გზით ვითარდებოდა, მატულობდა მოსახლეობის რაოდენობა და ამასთანავე ხდებოდა სა­ზოგადოების სოციალურ ფენებად დაყოფა. მისი განვითარება ასე­ვე დაკავშირებული იყო სხვადასხვა ქვეყანასთან ურთიერ­თობასა და ვაჭრობის გაფართოებასთან. ეს პროცესი კი სწრაფი ტემპით ვითარდებოდა, თუ მხედველობაში არ მივიღებთ დაპყრობით თუ სხვა ხასიათის ომებს, რომლებიც ძალზე ხშირი იყო  საზოგადოების ისტორიაში და განსაკუთრებით ჩვენს ქვეყანაში. ცხადია, კაპიტა­ლიზმის განვითარებამაც ხელი შეუწყო მესაქონლეობის როგორც ინტენსიურ, ისე ექსტენსიურ განვითარებას.

როგორც მაგალითებიდან ჩანს, სა­ქარ­თ­ველოს სინამდვილეში მესაქონლეობის ყველა ზემოთ დასახე­ლე­ბულ ფორმას ჰქონდა ადგილი.

მესაქონლეობის ფორმების და საერთოდ მეცხოველეობის გან­ვი­თარება უდიდეს როლს ასრულებდა ქვეყნის როგორც სამეურ­ნეო-კულტურული, ისე სოციალური განვითარების საქმეში.

ჯემალ სვანიძე,

ლევან თორთლაძე