მეცხვარეობის ძირითადი ამოცანა
მეცხვარეობის ფერმერული მეურნეობის ძირითადი ამოცანაა, მათ ბუნებრივ-საწარმოო პირობებთან უფრო მეტად შესაბამისი პროდუქტიული მიმართულებისა და ჯიშის ცხვრის მოშენება, სულადობის გაზრდა ოპტიმალურ ოდენობამდე და პროდუქტიულობის ამაღლება ერთდროულად პროდუქციის (მატყლის, ხორცის, რძის, ტყავ-ნედლეულის და სხვა) ხარისხის გაუმჯობესება. ამ ამოცანის წარმატებით გადაჭრის მნიშვნელოვანი საშუალებაა სწორად ორგანიზებული სანაშენო მუშაობის სისტემატური ჩატარება. ეს აუცილებლად ითვალისწინებს ცხვრის მოვლა-შენახვისა და კვების ნორმალური პირობების შექმნას.
ფერმერებმა წლის მანძილზე სანაშენო-სასელექციო მუშაობის კალენდარულ გეგმაში უნდა გაითვალისწინონ ძირითადი ღონისძიებების მაღალ ორგანიზაციულ დონეზე და ხარისხიანად შესრულება:
- ცხვრის ნერბვისა და დოლის ჩატარება-აღრიცხვა;
- სანაშენო-სარემონტო მოზარდის, განსაკუთრებით სავერძეების გამოყოფა და გამოზრდა;
- ბატკნის დროული ასხლეტა;
- ცხვრის ბონიტირება (გაზაფხულზე, შემოდგომაზე), პარსვა და ნაპარსის აღრიცხვა;
- სელექცია (შერჩევა, გადარჩევა) ფარების ფორმირება, წუნდება და სხვა.
ცხვრის აღწარმოება
სანაშენე-სასელექციო მუშაობის არსი მდგომარეობს იმაში, რომ ცხოველთა აღწარმოების დროს ყველა მომდევნო თაობა წინა თაობაზე უკეთესი პროდუქტიულობით უნდა გამოირჩეოდეს.
ცხვრის სულადობის ნორმალური აღწარმოება მნიშვნელოვან წილად დამოკიდებულია ნერბვისა და დოლის ორგანიზაციულად ჩატარებაზე.
ცხვრის ნერბვა
– ნერბვამდე უნდა მოხდეს გასანერბი ფარების ფორმირება; მაღალი სანაშენო ღირსების მქონე 1,5 წლის შიშაქებით უნდა შეივსოს გამოწუნებული ბებერი, ავადმყოფი და ბერწი ნერბები. დაკომპლექტებული ფარის ძოვება ამ პერიოდისათვის უნდა ხდებოდეს სპეციალურად შემონახულ კარგ საძოვარზე. თუ საძოვრის ბალახნარი ვერ აკმაყოფილებს ცხვრის ნორმალურ კონდიციამდე აყვანას, დღე-ღამეში დამატებით საჭიროა მიეცეს 0,2 კგ-მდე კონცენტრირებული საკვები. ვერძების ჯგუფს ნერბვის დაწყებამდე ერთი თვით ადრე საძოვრულ საკვებთან ერთად დღე ღამეში დამატებით ეძლევა 0,5-1,0 კგ-მდე ქერის მარცვალი. მთელი ნერბვის პერიოდში ცხოველებს ნებაზე უნდა ეძლეოდეს ქვამარილი, რაც ხელს შეუწყობს საკვების შეთვისებასა და ხურაობაზე მოსვლას.
ხურაობამდე მოსული ნერბების გამოსარჩევად დილის საათებში ფარას 2-3 ნოტოდ ყოფენ, თვითოეულში 250-300 სულის რაოდენობით და მათში სასქესო ორგანოებზე წინსაფარაკრულ 7-8 სულ მეგოლურ ვერძს ურევენ. ნერბებს, რომლებიც ვერძებს გაუჩერდებიან, ცალკე ჯგუფად გამოყოფენ და ბაკში მოათავსებენ.
სანაშენე ფერმებში ნერბების განაყოფიერება უნდა მოხდეს მხოლოდ ხელოვნურად. ეს საშუალებას იძლევა ხარისხზე შემოწმებული სანაშენე ვერძი – მწარმოებლების ინტენსიური გამოყენებით მაქსიმალურად მოკლე დროში მომრავლდეს ჯიშისათვის დამახასიათებელი ძვირფასი ნიშანთვისებების მქონე შთამომავლობა. გარდა ამისა, ხელოვნური განაყოფიერება მნიშვნელოვან ღონისძიებას წარმოადგენს ნერბების ბერწიანობასა და უნაყოფობასთან საბრძოლველად და პროფილაქტიკის ჩასატარებლად რიგი გადამდები დაავადებების წინააღმდეგ, რომლებიც ვრცელდება ბუნებრივი შეწყვილებისას (ბრუცელოზი, ტუბერკულოზი, ტრიქომონოზი, ლეპტოსპიროზი, ლეიკოზი და სხვ). ამ მეთოდის უპირატესობა მთლიანად გამოვლინდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაცული იქნება სამეურნეო-ორგანიზაციული პირობები: ცხვრის სრულფასოვანი კვება და მოვლა-შენახვა, კვალიფიციური მთესლავ-ტექნიკოსის მომზადება, ხელოვნური განაყოფიერება ვერ ხერხდება, საჭიროა ჩატარდეს ხელზე ნერბვა. ამ დროს ტიხარებით სპეციალურად ეწყობა სამ განყოფილებიანი ბაკი. პირველ ორ ბაკში ცალ-ცალკე ათავსებენ ახურებულ ნერბებს და ვერძ-მწარმოებლებს, ხოლო მესამე ბაკში სელექციონერის ზედამხედველობით ხდება მათი შეწყვილება. მთელი ნერბვის პერიოდში ჟურნალში რეგულარულად აღინიშნება განერბილი ცხვრები და ის ვერძი-მწარმოებლები, რომლებითაც ისინი გაინერბნენ. ცხვრის თავისუფალი ნერბვა დაუშვებელია, რადგან ამ დროს აღრიცხვა ვერ ხდება და ამდენად, მიღებული ბატკნების წარმოშობა მამის ხაზით უცნობი რჩება, ამით კი ძალზე ეცემა სანაშენო მუშაობის შედეგიანობა. ამასთანავე დაზღვეული არა ვართ დაავადებების გავრცელებისაგან.
დანერბილ ცხვრებს სპეციალური საღებავით, რომელიც მატყლის ხარისხს არ აზიანებს, კეფაზე ნიშანს ადებენ და ცალკე ნოტოდ აძოვებენ, რომელთაც ყოველდღიურად ემატება მომდევნო დღეებში განერბილი სულადობა. ნერბვის დაწყებიდან მე-14 მე-15 დღეზე ამ ნოტოში განმეორებით გაურევენ მეგოლურებს დაუმაკებელი ნერბების გამოსავლენად და მათ კვლავ ნერბავენ იგივე ან შემცვლელი ვერძი-მწარმოებლით. ნერბვის დამთავრების შემდეგ სელექციონერი ადგენს ანგარიშს მის ჩატარებაზე და შედეგებზე.
დოლი და ბატკნის გამოზრდა
– ფარაში უნდა მოეწყოს დათბუნებული ფარეხები, მათი წინასწარი დასუფთავების, შერემონტების, დეზინფექციის ჩატარებით. ფარეხები უნდა დაიყოს სხვადასხვა განყოფილებებად და საბატკნეებად, ხის მოძრავი ტიხრებით. განაყოფილებებში ცალცალკე მოთავსდებიან დადოლებული და დასადოლებელი ნერბები, მშრალი ცხვარი და სხვა. დადოლებული ნერბების სექციაში კედლებზე მიჯრით, გარანდული ფიცრებისაგან კეთდება 30-40 ცალი 1 მ2 ფართობის მქონე ინდივიდუალური დოლ-ფარეხები (კორაკნები), სადაც მიჩვევის მიზნით 1-2 დღით ათავსებენ დედაცხვარს და ახლადდაბადებულ ბატკანს; შემდეგ ბატკნები 4-5 დღით გადაჰყავთ საბატკნის “საჩვილე” განყოფილებაში, ხოლო შემდეგ კი ძირითად საბატკნეებში.
დოლის პერიოდში სელექციონერი ყოველდღიურად ჟურნალში აღრიცხავს ახლად მოგებული ბატკნების დაბადების თარიღის, ცოცხალ მასას დაბადებისას, სქესს, ფერს; გარდა ამისა ცალკე გრაფაში წერს დადოლებული დედაცხვრის და მასზე მიმაგრებული ვერძი-მწარმოებლის ნორმებს. ახლადდაბადებული ბატკნის ნიშანდება, როგორც წესი, ხდება მარცხენა ყურზე სვირინგით, სადაც აღინიშნება დაბადების წლის ბოლო ციფრი და დედის ნომერი. ნუმერაციის განმტკიცების მიზნით ბატკანს მარჯვენა ყურზე უკეთდება მეტალის ან პლასტმასის ბირკა ინდივიდუალური ნომრით. სანაშენო ცხვრის დოლის ჟურნალში აღინიშნება აგრეთვე ბატკნების ცოცხალი მასა, კონსტიტუცია და განვითარების ძირითადი მაჩვენებლები ასხლეტისას.
ნორმალური და მიზანმიმართული გამოზრდის მიზნით აუცილებელია ბატკნებსა და დედაცხვარს შევუქმნათ კვებისა და მოვლაშენახვის ოპტიმალური პირობები. ნორმალური კონდიციის მქონე ნერბებისაგან ჯანმრთელი ბატკანი იბადება, ხოლო თვით ნერბები კარგი მერძეულობით ხასიათდებიან, რასაც გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ბატკნის სიცოცხლის პირველი დღეებიდანვე. დედის რძე ერთადერთი და შეუცვლელი საკვებია ახალდაბადებული ბატკნისათვის.
მაწოვარი ნერბის ულუფაში დადოლებიდან ორი კვირის შემდეგ საძოვრულ, კონცენტრირებულ და მინერალურ საკვებთან ერთად უნდა ჩაერთოს სილოსი ან სენაჟი. თუშური ჯიშის ნერბებს, რომლის ცოცხალი მასა 40-45 კგ-ია, ხოლო მატყლის ნაპარსი 3 კგ, მშრალობისა და მაკეობის პირველ პერიოდში ( მაკეობისან 2,5-3 თვე) უნდა მიეცეს 0,9 – 1 კგ საკვები ერთეული და 110 – 120 გ მონელებადი პროტეინი, ხოლო მეორე პერიოდში ულუფა 20-25%-ით უნდა გაიზარდოს. განსაკუთრებით ყურადღება უნდა მიექცეს მინერალური საკვების დონეს (ქვამარილი, ძვლის ფქვილი, ცარცი). ბატკანს 2 კვირის ასაკიდან დედის რძესთან ერთად უნდა მიეცეს დამატებითი საკვები – კარგი ხარისხის თივა ნებაზე, კომბინირებლი საკვები დასაწყისში 25-30 გრ სულზე, რომლის მიცემის ნორმაც 2.5-3 თვისათვის თანდათანობით 200 გრამამდე უნდა გაიზარდოს. ცხვრის სტაციონარული შენახვის პირობებში ბატკნის დედისგან მოშორება, ანუ ასხლეტა ხდება 3.5-4 თვის ასაკში, რძის შემცვლელის გამოყენების შემთხვევაში კი უფრო ადრეული 1.5-2 თვის ასაკში. თუშური ცხვარი ძირითადად მომთაბარეობის პირობებში ინახება და ამიტომ ბატკნის ასხლეტა 4-4.5 თვის ასაკში, მთის იალაღებზე ცხვარ-ბატკნის გადარეკვის შემდეგ ხდება. ასხლეტილ დედალ-მამალ ბატკნს ცალცალკე ფარებად ყოფენ და მთის შედარებით დაბალ ზონაში აძოვებენ. ბატკნის ასხლეტის შემდეგ მთაში იწყება დედაცხვრის წველა, რომელიც 1-1.5 თვე გრძელდება, რის შემდეგაც ცხვრის სანაშენო კონდიციაში მოსვლის მიზნით წყვეტენ წველას, ანუ ცხვარს აშრობენ.
სანაშენო ფერმებში, როგორც წესი, ცხვრის წველისგან თავს იკავებენ, რათა ჩამოყალიბდეს სრულფასოვანი სანაშენე მოზარდი ფარების სარემონტოდ და სანაშენოდ გასაყიდად. ეს სულადობა დედაცხვართან ერთად მთაში ყოფნის მთელ პერიოდს საიალაღო სუქებაზეა მიშვებული.
მეცხვარეობის სანაშენო მეურნეობაში სასელექციო მუშაობის მეტი ეფექტიანობისთვის, თუშური ცხვრის ცხოველმყოფელობისა და პროდუქტიულობის გადიდების მიზნით, უნდა მიმდინარეობდეს ცხვრის ხაზობრივი და ოჯახური მოშენება, სადაც გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება მაღალპროდუქტიული ვერძი_მწარმოებლებისა და დედაცხვრის შთამომავლობაზე შემოწმებას. მაქსიმალური პროდუქტიულობის გამოვლინებისათვის პრაქტიკაში უნდა დაინერგოს საუკეთესო მემკვიდრული თვისებების მქონე საყოჩეების გაცვლა თუშური ჯიშის გავრცელების ზონებისფერმერულ მეურნეობებს შორის.
ცხვრის ბონიტირება
ამ ღონისძიების მაღალ ორგანიზაციულ და კვალიფიციურ დონეზე ჩატარებას არსებითი მნიშვნელობა აქვს. ცხოველთა ბონიტირების დროს აუცილებელია ცხვრის პროდუქტიულობის სწორი განსაზღვრა, კონსტიტუციის შეფასება და აღრიცხვა. ცხოველის კონსტიტუციის ტიპი უნდა განისაზღროს სხეულის აგებულების (ძვალეული, სიმაგრე, ექსტერიერი), კანისა და კანქვეშა უჯრედების, სამატყლო პროდუქტიულობის კომპლექსური მაჩვენებლებისა და ადგილობრივ პროდუქტებთან შემგუებლობის საერთო შეფასების საფუძველზე.
ვინაიდან თუშური ჯიში ისტორიულად ჩამოყალიბდა მომთაბარეობის რთულ ექსტრემალურ პირობებში და კარგადაა შეგუებული საქართველოს ბუნებრივ-კლიმატურ პირობებს (განსაკუთრებით მთიანი ზონის რაიონებში), ამ ჯიშის ცხვრის სასურველი ტიპის ცხოველი ხასიათდება მაგარი კონსტიტუციით, კარგად განვითარებული ძვლეულით და მაგარი ჩლიქით. ტანი საკმაოდ უნდა იყოს განვითარებული სიგრძესა და სიღრმეში, კიდურები საშუალო სიმაღლის, თავის საშუალო სიდიდის, მატყლი თეთრი ფერის, თივთიკის დიდი რაოდენობით, კარგი დრეკადობით სიმაგრითა და ბზინვარებით. მასში დაუშვებელია მკვდარი და მშრალი ბოჭკოების არსებობა. მუცელი და კიდურები კარგად და დამაკმაყოფილებლად უნდა იყოს შებუსული მატყლით. ნერბებს ცური ნორმალური კერტებით, კარგად განვითარებული უნდა ჰქონდეთ. ბონიტირებისას რქიანობის შეფასება უტარდებათ მხოლოდ ვერძებს. მათ მოეთხოვებათ კარგად განვითარებული სპირალური რქები. თუშური ნერბები დოლაა ან პატარა რქებით ხასიათდება.
პრაქტიკულად ზემოთ მოყვანილი მახასიათებლები აქვთ თუშური ჯიშის ელიტური ჯგუფისა და I კლასის ცხოველებს. მათ მატყლი უნდა ჰქონდეთ I კლასის, ხოლო მატყლში თივთიკის ბოჭკოს სიგრძე არანაკლები 2 სმ. ელიტურ ჯგუფში გამოიყოფა ისეთი I კლასის ცხვრები, რომლებიც აღემატებიან ამ კლასში მოხვედრილ სულადობის 10% ცოცხალი მასით და 15% ნაპარსით.
II კლასში შედიან მეხორცული ტიპისკენ გადახრილი ცხოველები. ისინი ხასიათდებიან მაგარი, ან რამდენადმე უფრო უხეში კონსტიტუციით. მატყლი თეთრია, მეჩხერი და უფრო უხეში II და III კლასის ფარგლებში. მკვდარი ბეწვი გვხვდება უმნიშვნელო რაოდენობით, კუდი კარგად აქვთ შევსებული ცხიმის დანაგროვით. III კლასში გამოყოფენ მაგარი, მშრალი, ზოგჯერ ნაზი კონსტიტუციის ნიშნების მქონე ცხვარს, მეხორცეული ფორმების ნაკლები გამოსახულებით, უფრო პატარა ტანისას და ცხიმკუდის მქონე, ვიდრე პირველ ორ კლასში. მატყლი თეთრი, ხშირი, I კლასის. კანძი გამოთანაბრებულია, მატყლში მკვდარი ბოჭკოები არ შეინიშნება. ნაპარსი უნდა იყოს არა ნაკლები, ვიდრე I კლასის ცხვარს მოეთხოვება.
წუნდებაში ისეთ ცხვარს უშვებენ, რომელსაც მანკიერი ექსტერიერი და მატყლი აქვს, აგრეთვე ნაჯვარი, რომელიც ვერ აკმაყოფილებს ხალასჯიშიანი თუშური ცხვრისადმი წაყენებულ მოთხოვნებს.
ცხვრებში მოცემულია თუშური ცხვრის პროდუქტიულობის მინიმალური მაჩვენებელი ახალი დარგობრივი სტანდარტის მიხედვით.
თუშური ცხვრის პროდუქტიულობის მინიმალური მაჩვენებელები
ცხვრის ჯგუფი | ცოცხალი მასა, კგ. | მატყლის ნაპარსი, კგ. | მატყლის სიგრძე, სმ. უხეში/ თივთიკი | ||||||
ელიტა | Iკლასი | IIკლასი | ელიტა | Iკლასი | IIკლასი | ელიტა | Iკლასი | IIკლასი | |
ვერძი | 60 | 55 | 50 | 4.0 | 3.7 | 3.5 | 18/12 | 16/11 | 15/10 |
ნერბი | 45 | 40 | 30 | 3.5 | 3.0 | 2.8 | 16/10 | 14/10 | 13/8 |
მამალი
თოხლი 1 წლის |
40 | 35
|
_ | 2.8 | 2.5 | _ | 18/12 | 17/11 | _ |
დედალი თოხლი 1 წლის | 35 | 30 | 27 | 2.0 | 1.8 | 1.6 | 16/10 | 15/10 | 14/8
|
ამავე სტანდარტების მიხედვით თუშური ჯიშის სანაშენე ბატკანი უნდა ხასიათდებოდეს პროდუქტიულობის შემდეგი მაჩვენებლით (ცხ. II) თუშური ჯიშის სანაშენე ბატკნის პროდუცტიულობის მინიმალური მაჩვენებელი
მაჩვენებლები | ასაკი, თვე | სავერძე | ბალი განვითარებით |
შიშაქი |
ბალი
განვითარებით |
ცოცხალი მასა, კგ | 4-5 | 28 | 5 | 24 | 5 |
4-5 | 26 | 4 | 22 | 4 | |
მატყლის ნაპარსი | 6-7 | 1.2 | 5 | 1.0 | 5 |
6-7 | 1.0 | 4 | 0.8 | 4 |
ბატკნები, რომლებიც ვერ პასუხობენ პროდუქტიულობის მინიმალურ მაჩვენებლებს, შეფასდებიან 3 ბალით და სანაშენოდ არ გამოიყენებიან.
თუშური ცხვარი ბონიტირდება ინდივიდუალურად ან კლასიკურად 1 წლის ასაკში _ გაზაფხულზე, პარსვის წინ მაგრამ მისი საბოლოო საბონიტირო კლასის განსაზღვრისას მხედველობაში უნდა მივიღოთ ცხვრის ცოცხალი მასა შემოდგომითაც.
ბონიტირების დაწყებამდე უნდა მომზადდეს სანაშენე და ზოოტექნიკური აღრიცხვის ფორმები, ყურზე ამონაჭრების დასადები მაშები, ტატუირების დასადები მაშები, მეტალის ან პალასტმასის საყურე ბირკები და მათ გასაკეთებლად სახვრეტი და მოსაჭერი მაშები, სადაღმი ციფრების კომპლექტი ვერძების რქაზე ნორმების ამოსაწევად, სასწორი ცხოველების ასაწონად, ფიცრისაგან დამზადებული ფარები და სხვა.
საბონიტირო ადგილი უნდა მოეწყოს შემდეგნაირად:
თუ სულადობა ფარეხშია მოთავსებული, მაშინ კარებთან ხის ფარებითა და ტიხრებით უნდა მოეწყოს 4-5 მ. სიგრძის ვიწრო გასასვლელი (ორღობულა) რომელშიც გაეტევა თითო ცხვარი. ორღობულას დასასრულს მარჯვნივ და მარცხნივ უნდა ამოითხაროს 1 მ სიგრძისა და 50-60 სმ სიღრმე სიგანის ორმოები ბონიტიორისა და დამხმარე მუშისათვის. ორმოებს შორის იგება ფიცარნაგი, რომელზეც დასაბონიტირებელ ცხვარს იჭერს და აფიქსირებს დამხმარე მუშა, ხოლო საპირისპირო მხარეს მდგომი ბონიტიორი აფასებს ცხოველს საბონიტირო მაჩვენებლების მიხედვით. მათ სიახლოვეს მაგიდასთან ზის აღმრიცხველი, რომელიც ბონიტიორის კარნახით აკეთებს ჩანაწერებს ინდივიდუალური ბონიტირების ჟურნალში. ახლოს უნდა მოეწყოს 3-4 განყოფილებიანი ბაკი სხვადასხვა საბონიტირო კლასის ცხოველთა მოსათავსებლად. ბონიტირების Üჩასატარებლად საჭიროა 3-4 მუშა ცხვრების ბონიტიორამდე მისაყვანად და სხვადასხვა კლასის ცხოველების ბაკში გადასანაწილებლად.
დაბონიტირებულ ცხვარს მარჯვენა ყურზე საჭრელი მაშით უკეთებენ კლასის აღმნიშვნელი სერი ანუ ნაჭდევი: ელიტა _ ყურის ბოლოზე ერთი ნაჭდევი; Iკლასი _ ყურის ქვედა ნაწილზე ერთი ნაჭდევი; II კლასი _ ყურის ქვედა ნაწილზე ორი ნაჭდევი და III კლასი _ ყურის ზედა ნაწილზე ერთი ნაჭდევი. ბონიტირების დასრულების შედეგების ჯამური უწყისი (ფორმა #6-0), სადაც აბსოლუტურ რიცხვებში და პროცენტულად განისაზღვრება მთლიანად დაბონიტირებული სულადობიდან რამდენი მიეკუთნება ელიტურ ჯგუფს, I, II, III კლასებსა და “წუნს”. შემდგომით კი დგება დაბონიტირებული ცხვრის ცოცხალი მასისა და ნაპარსის წლიური მაჩვენებლები.
სულადობის დაბონიტირება უნდა მოხდეს ამჟამად მოქმედი თუშური ცხვრის ბონიტირების დარგობრივი ინსტრუქციის (დარგსტანდარტი¬_2004) შესაბამისად, რომელიც დამტკიცებულია საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მეცხოველეობის სანაშენე საქმის დეპარტამენტის მიერ.
ბონიტირების მასალებზე დაყრდნობით უნდა ჩამოყალიბდეს ცხვრის ფარები წუნდებულის ადგილზე სარემონტო მოზარდის ჩაყენებით და მათთან განხორციელდეს სათანადო სანაშენო მუშაობა. ბონიტირების შედეგები ყოველწლიურად უნდა შეედაროს სხვა წლების ასეთივე მონაცემებს, შეფასდეს ცხოველთა პროდუქტიულობის რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლები, რომელთა მიხედვითაც გაკეთდება საჭირო დასკვნები სანაშენო სასელექციო მუშაობის შემდგომი გაუმჯობესებისათვის.
ცხვრის პარსვა და მატყლის კლასირება
თუშური ცხვარი, როგორც არაეთგვაროვანი მატყლის მქონე ჯიში, წელიწადში 2-ჯერ იპარსება, გაზაფხულზე _ აპრილში და მაისში და შემოდგომოთ სექტემბრის პირველი რიცხვებიდან, მიმდინარე წელს მიღებულ ბატკანს კი პარსავენ აგვისტოს შუა რიცხვებში, დაახლოებით 6, 5_7 თვის ასაკში.
პარსვის ორგანიზებულად ჩატარებისთვის წინასწარ უნდა შედგეს გეგმა, რომელშიც გათვალისწინებული იქნება საპარსი პუნქტის მოწყობა, საპარსი ტექნიკის მონტაჟი და გამართვა (საპარსი აგრეგატის, ელექტრო ძრავის, წნეხის სალესი აპარატების და სხვ.), ასევე ცხვრისა და მატყლის ასაწონი სასწორები, კლასირების მაგიდები, სუფთა მატყლის გამოსავლიანობის დასადგენი ლაბორატორია, მატყლის შესაფუთი ტარაბანდები, მარკირების ტრაფარეტები და სხვა.
ცხვრის ასაკის, სქესისა და ჯიშიანობის მიხედვით საჭიროა პარსვის მორიგეობის შედგენა. როგორც წესი, პირველად იპარსებიან დაბალი სანაშენო ღირებულების სულადობა, ხოლო როდესაც მპარსავები პარსვაში გაიწაფებიან, ბოლოს იპარსება უკეთესი ჯგუფი, ამიტომ, ჯერ პარსავენ ჭედილებს, შემდეგ თოხლებს, მათ მოსდევს ნერბები და ბოლოს ვერძი _ მწარმოებლები. ქეცით დაავადებული ან არაჯანსაღი სულადობა იპარსება სულ ბოლოს ან ცალკე.
პარსვისთვის ცხვრის სულადობა უნდა მომზადდეს გაპარსვის წინა დღით გასაპარსი ცხვრის ფარას დილით მხოლოდ 1 _ 2 საათს აძოვებენ, ისიც მწირ საძოვარზე. მათი დარწყულება ხდება მხოლოდ დილით.
ნაშიმშილარი და მოწყურებული ცხვრის გაპარსვა ნაკლებად საშიშია. გაგუდვის, პერიტონიტის და ნაწლავების გადახლართვის მხრივ. პარსვის დაწყებამდე ხელის მაკრატლით მუცელზე და უკანა ნაწილზე ასუფთავებენ დაბალი ხარისხის მატყლისაგან (გამოტარტვლა). ასეთი მომზადება ხელს უწყობს პარსვაში მატყლის სისუფთავის დაცვას.
სანაშენე ფარაში გაპარსული ცხვრის კანის წონა ინდივიდუალურად აღირიცხება. კანძი იწონება 0.1 კგ_ის სიზუსტით და კლასირდება სქესობრივ _ ასაკობრივ ჯგუფების მიხედვით, გაზაფხულსა და შემოდგომის ნაპარსთა სიდიდეების ინდივიდუალური წესით დაჯამებით და გამოყავთ წლიური ნაპარსის სიდიდე, რომელიც ცოცხალი მასის სტანდარტულ მაჩვენებლებთან და სხვა მონაცმებთან ერთად საფუძვლად ედება ცხვრის საბონიტირო კლასის განსაზღვრას. პარსვისას სელექციონერი ვალდებულია აიღოს ანალიზისთვის კანძები და მატყლის ნიმუშები _ კანძების ტოპოგრაფირების, მატყლის სუფთა გამოსავლიანობის განსაზღვრისა და მისი ფიზიკური თვისებების (სიგრძის, სიგანის, სიმაგრის) ლაბორატორიული შესწავლის მიზნით.
კანძების კლასირება პარსვის დროს ხდება მოქმედი მატყლის დამზადების სტანდარტის მიხედვით. უხეში, მ.შ. თუშური ცხვრის მატყლი (მხოლოდ გაზაფხულზე ნაპარსი) ორ კლასად იყოფა. I კლასის კანძი, რომელშიც თვალზომითი (ორგანოლეპტიკური) შეფასებით თივთიკი და გარდამავალი ბოჭკო რაოდენობრივად აღემატება უხეში ფრაქციის შემცველობას, ამასთანავე ეს უკანასკნელი შედარებით მოკლეა და წვრილი, რის გამოც მატყლი ხელით შეხებისას რბილია. II კლასის მატყლი _ უხეში ბოჭკოეის შემცველობა შედარებით მომატებულია, თანაც უფრო გრძელია და მეტი სიმსხოსი, ხელით შეხებისას ხეხეშია.
ცხვრის მერძეულობა და წველადობა
თუშური ცხვრის რძიდან საქართველოში ოდითგანვე ამზადებენ სხვადასხვა ხარისხის ყველს (გუდა, ჩოგი, კობის და სხვ.), ამიტომ მეცხვარეების ფერმერული მეურნეობის შემოსავლის გადიდების საქმეში, ბატკნის ნორმალური გამოზრდისა და სასაქონლო რძის მისაღებად, დიდი მნიშვნელობა ენიჭება თუშურ ცხვრის მერძეულობას, მის წველადობას და წველის ორგანიზებულ ჩატარებას.
მთელი ლაქტაციის პერიოდში (160_170 დღე) თუშური ცხვარი საშუალოდ 50 კგ._მდე რძეს იძლევა, ხოლო ცალკეული ინდივიდების მერძეულობა 5 კგ_დან 165კგ_ის ფარგლებში მერყეობს. თუშური ცხვრის მერძეულობაზე თავისებურად გავლენას ახდენს დოლის სხვადასხვა პერიოდი. დამტკიცებულია, რომ მარტის პირველ ნახევარში დადოლებულ ცხვრებს მერძეულობა და ლაქტაციის ხანგრძლივობის უკეთესი მაჩვენებელი აქვთ, ვიდრე თებერვლის ან მარტის მეორე ნახევარში დადოლებულებს. აპრილსა და მაისში საძოვრებზე მწვანე მასის გადიდებასთან ერთად, ნაწველის სიდიდე უფრო გამოთანაბრებულია, ხოლო შემდეგ თვეებში საზაფხულო საძოვრებზე მწვანე მასის და ყუათიანობის შემცირებით სარძევე ჯირკვლების აქტივობის შემცირების გამო ცხვერი იწყებს გაშრობას.
ცხვრის მერძეულობა დამოკიდებულია ასაკზეც, მის მატებასთნ ერთად მნიშვნელოვნად დიდდება ნაწველი. ეს პროცენტი 6 წლის ასაკამდე გრძელდება, შემდეგ კი საგრძნობლად ეცემა. ნაწველის მატების დონე ცხვრის ასაკის მიხედვით ერთნაირი არ არის; 3_5 წლამდე ნაწველის ზრდა უფრო სწრაფად მიმდინარეობს, ვიდრე შემდეგ. ვინაიდან თუშური ცხვრის მერძეულობა იზრდება 6 წლის ასაკამდე და შემდეგ კლებულობს, ამიტომ მომთაბარე მეცხვარეობის პირობებში 5 და მითუმეტეს 6 ბატკან ნაყოლი დედაცხვრის დატოვება ფარაში ნაკლებად სარფიანია და სამეურნეო წუნდების ჩატარებისას ასეთი ცხვარი, როგორც წესი, გამოიწუნება.
თუშური ცხვრის წველას იწყებენ ჩვეულებრიც საზაფხულო საძოვრებზე ასვლიდან პირველი 10 დღის განმავლობაში. ჩვენში წველის ორი წესია მიღებული. პირველ შემთხვევაში ის იწყება ბატკნის მთლიანი ასხლეტის შემდეგ და გრძელდება აგვისტოს პირველ ნახევრამდე. ამ დროისათვის ცხვრის უმეტესობა შესამჩნევად შრება და წველა სარფიანი აღარაა, ამიტომ მას ამთავრებენ, რომ დედაცხვარი დაასვენონ და ნერბისათვის მოამზადონ. აგრეთვე მიმართავენ ცხვრის წველის განსაკუთრებულ წესსაც _ მთაში ბატკნის მთლიანი ასხლეტა არ ხდება, მას ცალკე ფარად ინახავენ და ცხვრის ყოველი მოწველის შემდეგ 1-2 საათით ურევენ, შემდეგ კი კვლავ ასხლეტენ მომავალ მოწველამდე. ასეთი მეთოდით წველისას მართალია დედაცხვრის სარძევე ჯირკვლების გააქტიურების გამო მეტი რაოდენობის სასაქონლო რძე მიიღება, მაგრამ ცხვარიც და ბატკანიც უფრო მეტად წუხდება, რაც უდაოდ უარყოფით გავლენას ახდენს დედაცხვრის შეხორცებასა და ბატკნების ზრდა_განვითარებაზე. მომთაბარე მეცხვარეობაში მიღებულია წველის ტექნიკის ორი მეთოდი _ წველა “ბაკში” და “ბერაში”. “ბაკი” წარმოადგენს წრიულ შემოღობილ ადგილს, სადაც წველიან ცხვარს. “ბერას” კი აქვს ცხვრის ვიწრო გასასვლელი, მოპირდაპირე მხარეზე სხედან მწველავები, რომლებიც იჭერენ შემორეკილ ცხვარს და რიგრიგობით წველიან. ის ადგილი სადაც მწველავები სხედან, ნალექებისგან დასაცავად გადახურულია. წველის ორივე მეთოდის დროს თითოეული ცხვრის წველა მეტად მცირე დროის განმავლობაში მიმდინარეობს, მაგრამ პირველ შემთხვევაში მწველავი უფრო მეტ ენერგიას ხარჯავს, მოწველილი რძის რაოდენობა კი თითქმის ერთნაირია, ამიტომ სასურველია ცხვარი “ბერაში” მოიწველოს.
ცხვრის წველადობის სიდიდე დამოკიდებულია ბატკნის ასხლეტის, წველის დაწყებისა და შეწყვეტის ვადებზე და კვების რეჟიმე. ბატკანი 95 დღის განმავლობაში ასხლეტამდე საშუალოდ 32.6 კგ რძეს წოვს, ხოლო ცხვრის საშუალო წველადობა 15.7 კგ_ია. Èთუშური ცხვრის წველადობა 45 დღის განმავლობაში საშუალოდ 11.3-11.7 ლ ცხვრის მთლიანი ნაწველიდან ბატკანი ასხლეტამდე 67.5% რძეს წოვს, ხოლო სასაქონლო რძე 32.5 % შეადგენს, რომლიდანაც თუშურ და სხვა სახის ყველს ამზადებენ.
ცხვრის სელექცია (გადარჩევა და შერჩევა)
ცხვრის ეკონომიკურად მნიშვნელოვანი ნიშან-თვისებების უმეტეს ნაწილს აქვს მემკვიდრულობის საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი. ცხვრის სისტემატური გადარჩევა და შერჩევა ხელს უწყობს მიღებულ თაობაში სასურველ ნიშან-თვისებების განმტკიცებასა და განვითარებას, ესე იგი მათი მემკვიდრეობის გაუმჯობესებას.
ცხოველთა ჯიშური და პროდუქტიული თვისებები მემკვიდრული ბუნებისაა და გარემო ფაქტორების ურთიერთქმედების, უპირველეს ყოვლისა მათი კვებისა და მოვლა-შენახვის პირობების შედეგია. ამასთანავე გასათვალისწინებელია ის, რომ მემკვიდრულად განპირობებული მაღალი პროდუქტიულობა, რომელიც ცხოველს ახასიათებს მხოლოდ კვებისა და მოვლა-შენახვის შესატყვის პირობებშია მუდმივი და მყარი, პროდუქტიულობის დონის ცვლილებებისაგან განსხვავებით, რაც გარემო ფაქტორების მოქმედებითაა გამოწვეული და რომლითაც ხშირად გააჩნია დროებითი ხასიათი.
ფარის პროდუქტიულობის გაზრდა, რომელიც მიიღება გენოტიპის გაუმჯობესების გზით, მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული თუ რამდენად აღემატება სანაშენოდ გამოყოფილი ცხოველების პროდუქტიულობის დონე ფარის დანარჩენ სულადობის პროდუქტიულობას. რაც უფრო მაღალია ცხვრის გადარჩევისას მოთხოვნილება და გამოწუნვის პროცენტი, მით უფრო სწრაფად მიიღწევა მისი სანაშენო ღირსებებისა და პროდუქტიულობის ხარისხიც გაუმჯობესდა. ასეთი მიღწევები შესაძლებელია ფარის აღწარმოების მაღალი მაჩვენებლების პირობებში.
დადგენილია, რომ სელექციაში ყველაზე მაღალი ეფექტი მიიღება მაშინ, როდესაც ცხვრის გადარჩევა და შერჩევა ხდება შეძლებისდაგვარად ნაკლები ნიშან-თვისებების მიხედვით. მაგალითად, როგორც ცნობილია, მატყლის ნაპარსის სიდიდე დამოკიდებულია მატყლის სიგრძეზე, სიხშირეზე და ბოჭკოების სიმსხოზე, აგრეთვე ცხვრის ცოცხალ მასაზე და სხეულის კანძოვანი მატყლით შებუსულობაზე. ყველა ამ ნიშანთვისების მიხედვით სელექცია ერთდროულად და ერთნაირი მომთხოვნელობით პრაქტიკულად შეუძლებელია. ამიტომ, ჩვეულებრივ ირჩევენ 2-3 ნიშანთვისებას, რომელზეც პირველ რიგში დამოკიდებულია ნაპარსის სიდიდე და მის მიხედვით აწარმოებენ ცხოველების შერჩევას, ხოლო დანარჩენ ნიშან-თვისებებათა შორის კორელაციური კავშირები.
ცხოველთა გადარჩევის დროს ძირითადი მაჩვენებლებია კონსტიტუცია, ექსტერიერი, ცოცხალი მასა, მატყლის რაოდენობა და ხარისხი, ნაყოფიერება, მერძეულობა, ცხოველმყოფელობა, წარმომავლობა, თაობის ხარისხი, ადაპტაცია და სხვ.
ფერმერულ მეურნეობებში, სადაც ხელოვნური განაყოფიერება ცხვრის გამრავლების ძირითადი მეთოდი გახდება, განუზომლად გაიზრდება ვერძი მწარმოებლების მნიშვნელობა სულადობის აღწარმოებისა და მათი პროდუქტიულობის ამაღლების საქმეში. ცნობილია, რომ ვერძები ნერბებთან შედარებით უფრო მაღალი სელექციური დიფერენციაციით ხასიათდებიან, ისინი საგრძნობლად აღემატებიან მათ სანაშენო და პროდუქტიულობის ხარისხით, ამიტომ გენეტიკურად მათალი სანაშენო ღირსების მქონე ვერძი-მწარმოებლების გამოსავლენად მეტად დიდი მნიშვნელობა ენიჭება მათ მკაცრ გადარჩევას. სანაშენო ვერძები უნდა შეფასდეს კომპლექსურად მათი წარმოშობის, პროდუქტიულობისა და შთამომავლობის ხარისხის მიხედვით. მეცხვარეობაში განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს ცხვრის პროდუქტიულობის მიხედვით გადარჩევას. ამ დროს შესაძლებელია შეფასდეს ორივე სქესის ცხოველთა სახორცე და სამატყლო პროდუქტიულობის, როგორც რაოდენობრივი, ასევე ხარისხობრივი მაჩვენებლები, მემკვიდრეობის ხარისხზე შესამოწმებლად ირჩევენ იმ ვერძის შვილებს, რომელთა სანაშენო და პროდუქტიულმა ღირსებებმა დაიმსახურეს უმაღლესი შეფასება და მიღებული არიან მაღალპროდუქტიული ნერბებისაგან.
სანაშენო სავერძეების გამოზრდა და შთამომავლობის ხარისხზე შემოწმება
სანაშენოდ მამალი ბატკნის პირველი არჩევა ხდება 10-15 დღის ასაკში, რა დროსაც ითვალისწინებენ მის წარმოშობას, ცოცხალ მასას დაბადებისას, თუშური ჯიშისათვის დამახასიათებელ ცხიმკუდს, მის ფორმას და განვითარებას, მატყლით შებუსულობას; გასათვალისწინებელია აგრეთვე ბატკნის ექსტერიერული მაჩვენებლები, მისი ჯანმრთელობა და სიმკვირცხლე.
სავერძეებს ამ ასაკში ირჩევენ საჭიროზე 3-4 ჯერ მეტს და დედებთან ერთად ცალკე უქმნიან კვებისა და მოვლა-შენახვის საუკეთესო პირობებს. ეს ბატკნები სხვებთან შედარებით ერთი თვით გვიან უნდა აუსხლიტონ დედებისაგან. ასხლეტის შემდეგ ნაწილი ბატკნებისა, რომლებიც ვერ დააკმაყოფილებს მოთხოვნებს, გამოიწუნება, გადარჩეული ბატკნები კი ცალკე გამოიყოფა და მეორე ბონიტირება უტარდებათ საზაფხულო იალაღობის შემდეგ 7-8 თვის ასაკში.
სავერძეების შემდეგი გენერალური გადარჩევა ხდება ერთი წლის ასაკში ბონიტირების დროს და სანაშენოდ ტოვებენ მამალი თოხლების იმ სულადობას, რომლებიც დააკმაყოფილებდნენ თუშური ცხვრის ჯიშის სტანდარტს.
1,5 წლის ასაკში სავერძეებს ამოწმებენ სპერმა-პროდუქციაზე პირველად უშვებენ ნერბვაზე და ბოლოს რჩება სავერძეების საჭირო რაოდენობა და თითოეულს ამაგრებენ 40-50 სულ ნერბს შთამომავლობის მისაღებად. მიმაგრების დროს უმჯობესია ვერძის კლასი მაღალი იყოს ნერბების კლასზე.
მიღებული შთამომავლობა იწონება და უტარდება ბონიტირება 4-5 თვის, 7-8 თვის და 1 წლის ასაკში. ეს მასალები შედარებული უნდა იქნეს დედების ბონიტირების მაჩვენებლებთან. თუ შთამომავლობა პროდუქტიულობის მაჩვენებლებით მაღლა დგას დედების მონაცემებზე, მაშინ ასეთი ვერძები ჩაითვლებიან გამაუმჯობესებლად და დატოვებული იქნებიან სანაშენოდ.
გარდა ამისა, ხდება ვერძების ურთიერთშედარება მათგან მიღებული შთამომავლობის პროდუქტიულობის მიხედვით. გამაუმჯობესებელად ჩაითვლება ის ვერძი, რომლისგანაც მეტო პროდუქცია იქნება მიღებული. შემდგომში შეიძლება მისი გამოყენება ხელოვნური დათესვლისათვის, რათა მოგვცეს უფრო მეტი შთამომავლობა.
ჟურნალი „ახალი აგრარული საქართველო“