მეცხოველეობასტატიები

მეცხვარეობის ისტორია და პერსპექტივები საქართველოში

მეცხვარეობას საქართველოს მეცხოველეობაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. ისტორიული მასალები დასტურია იმისა, რომ ქართველი ერი მეცხოველეობის განვითარებას ოდითგანვე დიდ ყურადღებას უთმობდა. მ. რჩეულიშვილის მონაცემებით, საქართველოდან ევროპასა და სხვა ქვეყნებში გაჰქონდათ მაღალხარისხოვანი მატყლი (საქართველოში წარმოებული მატყლის 70%-ს ყიდულობდნენ უცხოეთის ქარხნები) და აგრეთვე ყიდულობდნენ ერკემლის ადგილობრივი ცხვრის გასაუმჯობესებლად.  ნ

იმერული ცხვარი უძველესი ჯიშია. იგი კოლხური ცხვრის შთამომავალია. მ. რჩეულიშვილმა (1938 წ.) არქეოლოგიური მასალების და ლიტერატურული მონაცემების საფუძველზე დაადგინა, რომ ქართული ცხვრის ძველი ტიპი, წინაპარი თანამედროვე იმერული ცხვრისა, მთელ ამიერკავკასიაშია და ჩრდილო კავკასიის მთიან ნაწილში ყოფილა გავრცელებული. აღნიშნულ ცხვარზე დიდი მოთხოვნილება ყოფილა. იგი გაჰყავდათ სხვა ქვეყნებში, გაჰქონდათ მისი საუკეთესო თვისებების ერთგვაროვანი მატყლი.

თანამედროვე იმერული ცხვრის 56-60%-ს კუდი მჭლე აქვს. გვხვდება როგორც რქიანი, ასევე ურქო ინდივიდებიც. რქები მუქი, ღია და თეთრი ფერისა აქვთ. მათი ფორმა ძირითადად ნახევრად მთვარისებრა. იმერული ცხვარი ფერად თეთრია, გვხვდება შავი, ჭრელი და სხვა ფერებიც, რაც უმეტესად უხეშმატყლიან ჯიშებად მეტიზაციის შედეგია. ხალასი ჯიში პატარა ტანისაა, მისი ცოცხალი წონა საშუალოდ შეადგენს: ზრდასრული ნერბების  – 30 ვერძების – 35-კილოგრამს,  სამი თვის ბატკნის ცოცხალი წონა 15-16 კილოგრამია, 6 თვისა – 22 ხოლო 1 წლის – 29 კილოგრამი. აქედან ჩანს, რომ ეს ცხვარი ადრეული ჯიშია და 6 თვის ასაკში უკვე ზრდასრული ცხვრის 75%-ს იწონის და ამიტომ ამ ასაკში გასამრავლებლად ვარგისია.

რაიონების მიხედვით იმერულ ცხვარს წელიწადში 2 ან 3-ჯერ პარსავენ. საწმისის წონა ყოველი პარსვის შემდეგ 200-400 გრამს უტოლდება.

ცხვრის ჯიშების უმრავლესობას სეზონურად მრავლდება, მაგრამ კარგი შენახვის და კვების პირობებში არსებობს ცხვრის ჯიშები, რომლებიც წელიწადში 2-ჯერ 2,5-ჯერ იძლევიან ნამატს (წელიწადში 2 დადოლება ან 2 წელიწადში 3 დოლობა). ასეთ სისტემას  უწოდეს “შემჭიდროებული ნახირი”. ამ შემჭიდროებული ფარით იზრდება აღწარმოება.

იმერული ცხვარი თავისი გენერატიული ფუნქციით მკვეთრად განსხვავდება სხვა ჯიშებისაგან, რომელთაგან განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს:

  1. პოლიესტრულობა. ამ ჯიშს გამრავლების სეზონურობა არ ახასიათებს, ის წლის ყველა დროს მრავლდება. ბატკნის მოგებიდან 5-25 დღის შემდეგ ინერბება;
  2. ადრეულობა. 11-14 თვის დედალი თოხლი უკვე ბატკანს იგებს. მაკეობის ხანგრძლივობა 137-143 დღეა, რაც, აგრეთვე მკვეთრად ანსხვავებს მას ცხვრის სხვა ჯიშებისაგან.
  3. მრავალნაყოფიერება. იმერული ნერბი ერთ დოლობაზე, როგორც წესი, 2-3 ბატკანს იგებს, უფრო იშვიათად კი 4 და 5-ს;
  4. ცხოველმყოფელობა. ახალშობილი ბატკნები სწრაფად დგებიან, უფრო მოძრავი და გამძლენი არიან. ნერბი დაუხმარებლად ზრდის ორ ბატკანს. საკმარისია გავიხსენოთ, რომ 2 წლის განმავლობაში ერთი ნერბი 6-10 ბატკანს იძლევა, ხოლო ზოგჯერ მეტსაც. ამ დადებითი თვისებების გამო, მცირე ცოცხალი წონის მიუხედავად, მას შეუძლია მოგვცეს დიდი რაოდენობით მაღალი ხარისხის პროდუქტი. ერთი მაღალპროდუქტიული იმერული ნერბიდან წლის განმავლობაში შეიძლება მივიღოთ 51 კგ ხორცი (მ. შ. 40 კგ ბატკნისა) და 3-4 კგ მატყლი. გარდა ამისა, საყოველთაოდ ცნობილია, რომ იმერული ცხვრის ხორცი დიეტურია, მას არა აქვს სხვა ჯიშის ცხვრებისათვის დამახასიათებელი სუნი და საუკეთესო საგემოვნო თვისებებით ხასიათდება.

ასეთია იმერული ცხვრის პოტენცია მისი რაციონალური გამოყენების შემთხვევაში და მეცხვარეობის ფერმერული მეურნეობების მშენებლობისას მისი მნიშვნელობა დიდია.

მომთაბარეობის პირობებში იმერული ცხვრის მოშენება არ არის მიზანშეწონილი. აღმოსავლეთ საქართველოს პირობებში შესაძლებელია იმერული ცხვრის მოშენება წვრილ ფერმერულ (გლეხურ) მეურნეობებში, სადაც ფერმასთან ახლოს 50-100 სულისათვის. საკმარისი საძოვრები აქვთ, ამ შემთხვევაში შესაძლებელია ერთი ნერბისაგან მივიღოთ 44 კგ ხორცი წლის დასაწყისში. აღმოსავლეთ საქართველოს დაბლობის და მთის წინა რაიონებისათვის გლეხურ მეურნეობებში შეუძლიათ წარმატებით გამოზარდონ 2-10 სული მცირე მოთხოვნილების იმერული ცხვარი, ხოლო დასავლეთ საქართველოში მიზანშეწონილია 100-200 ნერბით დაკომპლექტებული ჯიშსაშენი ფერმების მოწყობა.

აღსანიშნავია, რომ უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში მოხდა იმერული ცხვრის უსისტემო შეჯვარება რესპუბლიკის აღმოსავლეთ რაიონებიდან და მის ფარგლებს გარედან შემოყვანილ თუშურ, ყარაჩაულ, ოსურ და სხვა უხეშმატყლიან მონოესტრულ და  მცირე ნაყოფიერი ჯიშის ერკემლებთან. ამ გზით შეიქმნა სხვადასხვაგვარი ნაჯვარი, რაც მეტად აქვეითებს იმ ძვირფას თვისებებს, რა მიზნითაც ეს ცხვარი უნდა მოშენდეს.

უნიკალური თვისებების მქონე იმერული ცხვრის აღდგენისა და მომრავლების მიზნით სასურველია მის გავრცელების ზონაში შეიქმნას სახელმწიფოს დაქვემდებარებული ჯიშსაშენი. მასში შემავალი სანაშენე ფერმები უნდა დაკომპლექტდეს მოსახლეობისაგან შეძენილი ჯიშისათვის დამახასიათებელი ტიპური ცხვრებით.  პოლიესტრიული და ადრემწიფადი ცხვრის ოჯახებისა და ხაზების მოსაშენებლად ფერმებში უნდა წარიმართოს სანაშენე-სასელექციო მრავალნაყოფიერი მუშაობა.

იმერული ცხვრის წარმოშობის მასალებიდან ირკვევა, რომ იგი კონსოლიდირებული ჯიშნარევია, რომელიც მიღებულია დუმიანი და გრძელკუდიანი ცხვრების შეჯვარებით.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გარდა იმერული ცხვრისა, საქართველოში გავრცელებულია თუშური ცხვარიც. ის გამოირჩეოდა საკმაოდ უხეში მატყლით, სამკუთხედი, გრძელი, ცხიმიანი, ლათინური ასო შ-ის მოყვანილის ფორმის კუდით.

პროდუქტიულობით თუშური ცხვარი კომბინირებული მიმართულების ჯიშია. ვერძები 60-70 იწონიან, ნერბები 95-40 კილოგრამს. ვერძების მატყლის ნაპარსი წლიურად შეადგენს 4-5  ნერბებისა კი 2,5-3,5 კილოგრამს. მატყლი ძირითადად თეთრი და 12-16 სმ სიგრძისა აქვთ. ის კარგი მბზინვარების, დიდი სიმაგრისა და დრეკადობის გამო განსაკუთრებულად ფასობს ხალიჩების წარმოებაში. თუშური ცხვრის ხორცს, განსაკუთრებით ბატკნისას, კარგი გემო აქვს. თუშურ ცხვრის რძეს  მაღალი ხარისხის თუშური “გუდის ყველის” დასამზადებლად იყენებენ.