დარგებიმეფრინველეობა

სარფიანი საქმე _სირაქლემას მოშენება

სირაქლემა ფრინველთა კლასის ყველაზე დიდი ზომის წარმომადგენელია. აფრიკული სირაქლემა სიმაღლით 270 სმ-ს აღწევს. მისი წონა კი 170 კგ-ია. დიდი ზომის სხეული ეყრდნობა ძლიერ ფეხებს. მისთვის დამახასიათებელია გრძელი, თხლად შებუმბლული კისერი და სხეულთან შედარებით პატარა ზომის თავი. იგი დედამიწის ფაუნის ერთ-ერთი უძველესი წარმომადგენელია. სირაქლემა დინოზავრების ეპოქიდან მოდის. მის ხორცზე, ტყავსა და ბუმბულზე ძველთაგანვე უდიდესი მოთხოვნა იყო.

სირაქლემას ტყავისაგან ამზადებდნენ მებრძოლებისათვის სამხედრო ტანსაცმელს. ბუმბული დიდგვაროვანთა წრის მორთულობის ატრიბუტი იყო, ხოლო მის კვერცხს სითხის შესანახ ჭურჭლად იყენებდნენ.

პირველი მესირაქლემეობის ფერმა შეიქმნა 1838 წელს აფრიკაში. ამის შემდეგ სირაქლემას სულადობამ მნიშვნელოვანი ზრდა დაიწყო. აფრიკაში სირაქლემის ფრთა-ბუმბულის ექსპორტი მეოთხე ადგილზე იყო ოქროს, ალმასისა და მატყლის შემდეგ. სირაქლემას ფერმის მეპატრონეს დიდი შემოსავალი უჩნდებოდა. აქედან გამომდინარე მსგსვსი ფერმები გაჩნდა იტალიაში, ავსტრალიაში, ახალ ზელანდიაში, არგენტინაში, აშშ-ში და სხვ. მესირაქლემეობის ფერმებმა კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა შეიძინა მას შემდეგ, რაც დიდი მოთხოვნა გაჩნდა ფრთა-ბუმბულის გარდა, ტყავსა და ხორცზე.

სირაქლემის მოშენება ერთ-ერთ სარფიან ბიზნესად ითვლება. ამჟამად მარტო ევროპის ქვეყნებში 600 მესირაქლემეობის ფირმაა, სადაც 9 ათასი ფრთა მარტო სანაშენო სირაქლემაა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ჩრდილოაფრიკულ სირაქლემა

ერთი დედალი სირაქლემა 100 კგ-მდე ხორცს იძლევა, რომელიც წითელი ფერისაა და ძროხის ხორცთან შედარებით დაახლოებით ორჯერ ნაკლებ ქოლესტერინს შეიცავს. ამას გარდა 2 კგ-ზე მეტ ფრთა-ბუმბულს და 2 მ2-მდე ტყავს იძლევა. ევროპის ქვეყნებში 1 კგ სირაქლემის ხორცი 22 დოლარი, ხოლო 1 ცალი საინკუბაციო კვერცხი 400 დოლარი ღირს. სირაქლემა საშუალოდ 70 წელი ცოცხლობს, ხოლო დედლებს განაყოფიერების უნარი 40 წლის მანძილზე უნარჩუნდებათ. პროდუქტიულობის მთელი პერიოდის ganmavlobaSi ერთი მდედრისაგან  72 ტ. ხორცი მიიღება, 2000 მ2 ტყავი და 1450 კგ ფრთა-ბუმბული. ერთი სირაქლემას დამუშავებული ტყავი 450 დოლარი ღირს.

სირაქლემას ხორცი წითელი ფერისაა, გემოთი ჰგავს ხბოს და ძროხის ხორცს. მასში ბევრია პროტეინი და მცირე ცხიმი. ქოლესთერინის შემცველობით იგი მხოლოდ კალმახს შეედრება. ასე მაგალითად, სირაქლემას 100 გ ხორცში 49 მგ ქოლესტერინია, წიწილა ბროილერში _ 73, ინდაურის ხორცში _ 59, ხოლო ძროხის ხორცში _ 77 მგ. 100 გ სირაქლემას ხორცი შეიცავს 97 კკალ, ცხიმს _ 1,7%-ს, პროტეინს _ 21,2%-ს. გამოკვლევებით დადგინდა, რომ ცოცხალი მასიდან ხორცის გამოსავალი 58,6%-ია; ტყავის _ 7%, ხოლო ფრთა-ბუმბულის _ 1,8%. ერთი სირაქლემას ხორცის გამოსავალი საშუალოდ 30_40კგ-ს შეადგენს, რომლის ძირითადი ნაწილი ფეხის კუნთებზე მოდის.

სირაქლემას ტყავი საკმაოდ ძვირადღირებული  ნედლეულია და ხარისხით ნიანგის და გველის ტყავს უტოლდება. იგი გამძლე, მაგარი და ამავე დროს მეტად ნაზია. იყენებენ ჩანთების, ფეხსაცმელების და ქურთუკების დასამზადებლად.

სირაქლემას კვერცხის ნაჭუჭი კვერცხის მთლიანი მასის 14%-ია. ცილის ხვედრითი წილი _ 53%, ყვითრის _ 32%. კვერცხი თავისი შემადგენლობით განსხვავდება სხვა სახეობის ფრინველის კვერცხისაგან. მის მოხარშვას სჭირ¬დება 75 წუთი. დადებული კვერცხის 20_25% გაუნაყოფიერებელია.

სირაქლემას სხვა პროდუქცია ფართოდ გამოიყენება სამედიცინო და სამკურნალო მიზნით. სირაქლემას ცხიმი ხასიათდება უნიკალური სამედიცინო და თერაპიული თვისებებით. გამოიყენება კოსმეტოლოგიაშიც, როგორც ნაოჭების საწინააღმდეგო საშუალება. მედიცინაში სირაქლემას მყესით შესაძლებელია ადამიანის მყესის შეცვლა. სირაქლემას თვალს იყენებენ ოფთალმოლოგიაში რქოვანა გარსის შესაცვლელად.

ჩვენი ქვეყნისათვის სირაქლემა ითვლება ეგზოტიკურ ფრინველად.  თუ შევისწავლით მის ბიოლოგიურ თავისებურებებს, მოვლა-შენახვისა და მოშენების პრაქტიკულ მეთოდებს, ამ ფრინველის მოშენება სირთულეს არ წარმოადგენს.

ბიოლოგიური კლასიფიკაციით სირაქლემა მიეკუთვნება მორბენალ ფრინველთა გვარს. ზოგჯერ მას ბრტყელმკერდიან ან უტროპო ფრინველს უწოდებენ.

ფერმერულ მეურნეობებში ძირითადად აშენებენ აფრიკულ სირაქლემას.    ცნობილია აფრიკული სირაქლემას სამი სახეობა: 1. შავი, 2. ვარდისფერკისრიანი და 3. ცისფერკისრიანი სირაქლემა.

ცისფერკისრიანი სირაქლემა სომალისა და სამხრეთაფრიკულ ქვერიგებს მიეკუთვნება. ისინი გამოირჩევიან კარგი აღწარმოების უნარით, საშუალო პროდუქტიულობით და ადამიანებს ენდობიან უფრო ადვილად.

მდედრი სირაქლემა სქესობრივ სიმწიფეს 2-3 წლის ასაკში აღწევს, ხოლო მამრი 4-5 წლის ასაკიდან. 15 თვიდან მოზარდი უნდა შევინახოთ სქესგანცალკევებით, რაც ხელს უწყობს სქესობრივ შეწყვილებამდე მათ დასვენებას. როდესაც მამრი მიაღწევს სქესობრივ სიმწიფეს მას უწითლდება ნისკარტი და კისერი, რაც ნიშნავს მაქსიმალურ ნაყოფიერებას. როცა აღნიშნული ადგილები გაუფერულდება, კვერცხის განაყოფიერება კლებულობს. ამ შემთხვევაში მის ნაცვლად გუნდში უშვებენ ინტენსიური შეფერილობის მამრს. შეწყვილებისათვის მზადყოფნა მამრ სირაქლემებს სხვა გარეგნული ქცევებითაც ეტყობათ. ისინი პატივს სცემენ მდედრს, გარს უვლიან, იწყებენ „ცეკვას”, იხრებიან მუხლებზე, ფრთებს ნაზად იქნევენ წინ და უკან, გამოსცემენ ყრუ ხმებს. ზოგიერთი მამრი გამოირჩევა უხეში ქცევით. ასეთი მამრი სასწრაფოდ უნდა მოშორდეს გუნდს. მდედრი სირაქლემა, რომელიც მზად არის შეწყვილებისათვის სხეულს დაბლა სწევს, თავით თითქმის მიწას ეხება, ფრთებს მაღლა იქნევს. აფრიკული სირაქლემას კვერცხი 2-2,2 კგ-ს იწონის. იგი კვერცხს დებს ყოველ მეორე დღეს ნაშუადღევს. განაყოფიერებული კვერცხი მაშინვე უნდა შეგროვდეს. კვერცხდების ციკლი ხანმოკლეა _ 18-20 ცალი. თუ დავიცავთ მოვლა-შენახვის სწორ ტექნოლოგიას, მაშინ ერთი მდედრისაგან შესაძლებელია მივაღწიოთ კვერცხდების 4-5 ციკლს. ინკუბაციის პერიოდი გრძელდება 42 დღეს.

კვერცხდების სეზონი იწყება მარტ-აპრილში და ოქტომბრამდე გრძელდება. კვერცხდების ციკლთა შორის პაუზა 8-10 დღეს შეადგენს. წელიწადში ერთი მდედრისაგან საშუალოდ შეიძლება მივიღოთ 50-60 ცალი საინკუბაციო კვერცხი. განაყოფიერება 80%-ია, ხოლო გამოჩეკვა _ 80-85%. მდედრი, რომელიც წლის განმავლობაში მხოლოდ 25 განაყოფიერებულ კვერცხს დებს, გუნდიდან უნდა გამოვიწუნოთ.

ბუნებრივი ინკუბაციისას შეწყვილების პერიოდში მამრი 3-4 მდედრს არჩევს. იგი სილაში თხრის ორმოს და აკეთებს ბუდეს. მდედრი კვერცხს დებს საერთო ბუდეში და ისინი დღის განმავლობაში ბუდეში მორიგეობენ. ღამით მათ ცვლის მამრი სირაქლემა. ერთ ბუდეში შეიძლება იყოს 20_25 კვერცხი და ერთდროულად გამოიჩეკოს. ახალგამოჩეკილი მოზარდები ერთმანეთს ეკვრიან და ბუმბულის საფარველით იცავენ თავს სიცივისაგან. გამოჩეკვიდან რამდენიმე საათის შემდეგ მოზარდი დამოუკიდებლად დასდევს ზრდასრულ ფრინველს. სირაქლემას კვერცხი ძალზე მგრძნობიარეა მიკრობული დაბინძურების მიმართ, ქათმის კვერცხთან შედარებით. ეს პრობლემას არ წარმოადგენს აფრიკაში, რადგან კვერცხი სილაშია ჩაფლული, მაგრამ პრობლემურია ევროპაში, სადაც მაღალი ტენიანობის გამო ნიადაგში ბევრია მიკრობები. აქედან გამომდინარე, სირაქლემასათვის აუცილებლად უნდა მოეწყოს ხელოვნური საბუდარი მშრალ ადგილას, რომელშიც ჩაიყრება სილა, ხოლო კვერცხი დადებისთანავე აიკრიფება.

კვერცხის ხელოვნური ინკუბაციისას გამოიყენებენ სპეციალურ ინკუბატორებს. ინგლისში ფირმა ““Buckeye” და იტალიაში ფირმა “Victoria” უშვებს სირაქლემას კვერცხის ინკუბაციისათვის სპეციალურ ინკუბატორებს. ვინაიდან სირაქლემას კვერცხის მასა მერყეობს 1 კგ-დან 2,2 კგ-მდე, ამიტომ აუცილებელია კვერცხი დახარისხდეს მასის მიხედვით და ისე დაეწყოს თაროზე. თაროები კი მსხვილი და წვრილი კვერცხისათვის უნდა განთავსდეს ცალკ_ცალკე კარადაში. წინააღმდეგ შემთხვევაში გაძნელდება ინკუბაციის ოპტიმალური რეჟიმის დაცვა.

მესირაქლემეობაში იყენებენ შენახვის სამ სისტემას: ინტენსიურს, ნახევრადინ-ტენსიურს და ექსტენსიურს.

ინტენსიური შენახვის სისტემა ანალოგიურია მსხვილი რქოსანი პირუტყვის ბაგური შენახვისა. სირაქლემა იმყოფება შემოღობილ ტერიტორიაზე. შენობა-მოწყობილობები, კვება-მოვლის პირობები შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებს. ექსტენსიური სისტემა მიახლოებულია ბუნებრივ პირობებთან. ექსტენსიური და ინტენსიური სისტემების შეთანწყობით მიღებულია ნახევრადინტენსიური შენახვის სისტემა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ცენტარალურაფრიკული სირაქლემა

ექსტენსიური სისტემით შენახვის პირობებში სირაქლემები გაშვებულია დიდ საძოვარზე, სადაც ქმნიან მსხვილ ჯგუფებს. თითოეული მამრი იცავს თავის საკუთარ ტერიტორიას. მდედრი კი თავისუფლად მოძრაობს მთელს საძოვარზე. მამრი თავის ტერიტორიას იცავს სხვა მამრისაგან და საკმაოდ აგრესიულია, მაგრამ აგრესიულობას არ ავლენს მომსახურე პერსონალის მიმართ. მდედრი ასეთ პირობებში ადვილად უწყვილდება მეზობელ მამრს, რაც მნიშვნელოვნად ზრდის კვერცხის განაყოფიერების პროცენტს. გუნდში სქესობრივი შეფარდება უნდა იყოს 1:2,5-თან.

დამწყები ფერმერისათვის უკეთესია ნახევრადინტენსიური სისტემის გამოყენება და თითი-თითო სირაქლემის მოშენება.

სირაქლემის მოშენებისათვის არ არის აუცილებელი მაღალი გარემო ტემპერატურა. რუსეთში და მოლდავეთში მას ინახავენ უბრალო, პრიმიტიული ტიპის ხის საფრინველეებში. იგი უძლებს _20°C ტემპერატურასაც, მაგრამ +100C-ზე დაბალ ტემპერატურაზე მისი შენახვა არ არის რეკომენდებული. მთავარი საშიშროება სირაქლემისათვის, დაბალ ტემპერატურაზე მეტად, მაღალი ტენიანობაა. ტემპერატურის ძლიერი დაცემისას ფრინველმა შეიძლება კვერცხმდებლობა შეწყვიტოს, ამიტომ მკვეთრი აცივების პირობებში ისინი უნდა მოთავსდეს თბილ შენობაში. სადაც მოწყობილი უნდა იყოს ბაგა, რომლის ზომები იქნება 9×9,6 მ-ზე. ტემპერატურა უნდა იყოს +180C, ხოლო შეფარდებითი ტენიანობა 40-60%. შენობას წინ აუცილებელია ჰქონდეს მავთულბადით შემოფარგლული სეირანი ისე, რომ ერთ ფრთაზე მოდიოდეს 10 მ2. მავთულბადის თითოეული უჯრის დიამეტრი არ უნდა აღემატებოდეს 30×30მმ. უფრო დიდი ზომის უჯრაში სირაქლემა თავს ჰყოფს და შესაძლებელია თავის ტრავმები. ღობის სიმაღლე არ უნდა იყოს 2-2,5 მ-ზე ნაკლები. სეირანზე სასურველია მოეწყოს მუდმივი წყალმომარაგება, რადგან ზაფხულში ისინი ხშირად იღებენ შხაპს. სირაქლემას თითოეული ოჯახი უნდა იყოს ცალკეულ სექციაში, განსაკუთრებით ბუდობის პერიოდში. შენობის სიმაღლე საკმარისია იყოს სირაქლემას თავიდან არაუმცირეს 1 მ-ისა. იგი უნდა იყოს ნათელი, 10მ3-ში აუცილებელია იყოს 1 ფანჯარა.

თუ სირაქლემას ინახავენ დიდ ჯგუფებად (80 ფრთამდე) მაშინ  სეირანის საერთო ფართობი უნდა იყოს იმხელა, რომ 8 ზრდასრულ სირაქლემაზე მოდიოდეს ერთი ჰექტარი.

სირაქლემას მოსაშენებლად შესაძლებელია საინკუბაციო კვერცხის შეძენა, ერთდღიანი მოზარდის, ან ზრდასრული ფრინველის ყიდვა. ყველაზე უფრო საიმედო და ადვილად მოსაშენებელი, მაგრამ შედარებით ძვირი ჯდება, ზრდასრული ფრინველის შეძენა. მსოფლიო ბაზარზე დედალ-მამალი ზრდასრული სირაქლემა 2000-4000 დოლარი ღირს. 16 მდედრი და 8 მამრი სირაქლემას შეძენის შემთხვევაში შესაძლებელია წელიწადში 500 ფრთა მოზარდის მიღება. საზღვარგა¬რეთული გამოცდილებიდან ჩანს, რომ ყველაზე მომგებიანია 1-დან 6 თვემდე მოზარდის გაყიდვა.

სირაქლემას შეძენისას აუცილებელია ვიცოდეთ მისი წარმოშობა, რათა არ ვიყიდოთ ახლონათესავი ინდივიდები. შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს მის ცოცხალ მასას, სხეულის პროპოციულობას და მოძრაობის სისწორეს. უნდა გამოვიწუნოთ კისრის არასწორი მოძრაობის, კიდურებისა და ზურგის ხაზის ნაკლოვანებებიანი ფრინველი. ჯანსაღი ინდივიდისათვის დამახასიათებელია: ნათელი თვალები, გლუვი ნისკარტი, რომელიც მამრს სქესობრივი აქტივობის პერიოდში წითელი ფერის აქვს. ტანი უნდა იყოს ჰორიზონტალური, მკერდზე მცირე რაოდენობით ცხიმის დაგროვებით, მუცელი აკრული, შებუმბვლა მკვრივი, გლუვი და მბზინავი; ფრთები და ფეხები სიმეტრიული; ფეხი სწორი; უკანა კიდურის თითი მიწას არ უნდა ეხებოდეს; დამახასიათებელია პირდაპირი და რითმული სიარული; ისინი აქტიურებია, სწრაფად გადაადგილდებიან, ცნობისმოყვარენი და კონტაქტურნი არიან. კარგად ჭამენ საკვებს და ფრთებს ხშირად იწმენდენ.

სირაქლემას მოზარდის გამოზრდა მეტად რთულია, განსაკუთრებით 6 თვის ასაკამდე. 12 თვის ასაკამდე მოზარდის შენარჩუნება 70-80%-ია. სიცოცხლის პირველ კვირას შენახვის ტექნოლოგიაში მცირედი ცვლილებაც კი 50% სიკვდილიანობას იწვევს. ახალგამოჩეკილი მოზარდის სიმაღლე ზურგში აღწევს 20 სმ-ს. დღე-ღამეში იმატებენ 1 სმ-ს, სანამ მიაღწევდეს 150-180 სმ-ს. ახალგამოჩეკილი მოზარდი 6-8 დღის განმავლობაში საკვებს და წყალს არ საჭიროებს. ამის დაცვა ორგანიზმისათვის აუცილებელია დარჩენილი ყვითრისა და კუნთებიდან ზედმეტი წყლის ასათვისებლად. ბუნებრივ პირობებში მოზარდი კენკავს თავისი მშობლების ნაკელს, რის შედეგადაც იღებს უამრავ მიკროორგანიზმს. ეს კი ეხმარება მცენარეული აჯრედანას მონელებაში და ორგანიზმის იმუნური სისტემის ჩამოყალიბებაში.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ავსტრალიური სირაქლმა

მოზარდის კვებას იწყებენ დაქუცმაცებული იონჯით. აძლევენ მოხარშულ კვერცხსაც. მისი მოთავსება არ შეიძლება სილიან იატაკზე, რადგან მოზარდს იგი საკვები ჰგონია, ხოლო დიდი რაოდენობით სილა კუჭში შეიძლება დაგროვდეს, რაც გაართულებს საკვების მონელებას. 3 თვის ასაკიდან მოზარდის შენახვა შეიძლება სეირანზე, სადაც მუდამ ექნება მწვანე ბალახი. სირაქლემა ადვილად ეჩვევა მომსახურე პერსონალს. სახორცედ სირაქლემას გამოზრდას აწარმოებენ 10 თვის ასაკამდე, 8-9 თვის ასაკში მათი ცოცხალი მასა 110-120 კგ-ს აღწევს.

სირაქლემას მოშენებისათვის პირველ რიგში საჭიროა დიდი სეირანი და სასირბილო ფართობი.

სირაქლემას გამრავლების დაწყებამდე აუცილებელია მდედრი და მამრი ფრინველის ერთმანეთთან ადაპტაცია და სეზონის დაწყებამდე 30 დღით ადრე შენახვის ახალ სისტემაზე გადასვლა, რადგან სირაქლემა ძნელად იტანს სტრესულ ფაქტორებს. ფრინველის ერთი ადგილიდან მეორეზე გადაყვანა მას დისკომფორტს უქმნის. სირაქლემას მოვლას უნდა ახორციელებდეს მუდმივად ერთიდაიგივე პერსონალი. ტანსაცმლის შეცვლაც კი ფრინველისათვის სტრესია, რადგან იგი ვეღარ ცნობს თავის მომვლელს. განსაკუთრებით აგრესიულია ზრდასრული მდედრი და კრუხობის დროს იგი ახლოს არ იკარებს უცხო პირს. ამ დროს ძალიან საშიშია, რადგან ფეხის დარტყმით შეიძლება გამოიწვიოს ადამიანის სიკვდილიც.

სირაქლემას წყალი უნდა მიეცეს ნებაზე საკვებთან ერთად. წყალი უნდა იყოს სუფთა. თუ წყალი საწყურებელში არ ასხია, ან ძველია სირაქლემა მას სხვის საწყურებელში ეძებს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მეზობელი სირაქლემის აგრესია. ყურადღება უნდა მიექცეს ეზოს სისუფთავეს. დაუშვებელია სასეირნო ტერიტორიაზე ეყაროს მეტალის ნივთები. მისი ფრთებით დაჭერა დაუშვებელია. ზრდასრული სირაქლემას დაწყნარება შესაძლებელია თავზე ქუდის (ჩაჩის) ჩამოცმით.

კობა ანცვალაძე,

ს/მ დოქტორი, პროფესორი