მევენახე და მეღვინე _ვინ დაარეგულირებს მათ ურთიერთობას?
ქვეყანა, საიდანაც ჩვენ გამოვედით, გეგმიური ეკონომიკის ქვეყანა იყო და საქონელზე ფასები წესდებოდა როგორც საქონლის თვითღირებულების მიხედვით, ასევე მინიმალური შემოსავლის მქონე პირთა ინტერესების გათვალისწინებით. ამიტომ ღირდა კილოგრამი პური 20 კაპიკი, რაც მისი გამოცხობის ფასი უფრო იყო, ვიდრე მისი თვითღირებულება.
ასეთ ეკონომიკურ ფორმაციაში ნაცხოვრებ ხალხს, არ შეიძლება ხელისუფლებამ განუცხადოს: ხვალიდან საბაზრო ეკონომიკაზე გადავდივართ და თვითონ იფიქრეთ ეკონომიკურ ურთიერთობათა ჩამოყალიბებაზეო. მით უმეტეს, რომ მსოფლიოში ასეთი გადასვლა პირველად მოხდა და ამის გამოცდილება არ არსებობს, ამიტომ რაღაც გარდამავალი პერიოდი აუცილებლად უნდა დაწესებულიყო, რომლის დროსაც ხელისუფლებაც და ხალხიც გავერკვეოდით შექმნილ ვითარებაში, ვისწავლიდით საბაზრო ეკონომიკის ანბანს და გავხდებოდით ცივილიზებული კერძო მესაკუთრენი ანუ არ იყო აუცილებელი გაგვევლო ველური კაპიტალიზმი იმიტომ, რომ დღეს XXI საუკუნეა. რადგან თვითსწავლა ანუ დაზვერვა ბრძოლით გრძელი პროცესია, ვხედავ პერსპექტივას იმისას, რომ ჩვენ კიდევ დიდხანს დავრჩებით ამ ველურ კაპიტალიზმში.
ბაზარზე მონოპოლისტების მიმართ მსოფლიოს სხვა გამოცდილება აქვს, ჩვენთან კი მარეგულირებელი კომისიები არეგულირებენ ფასებს. ეს მართლაც არის ერთგვარი გამოსავალი, მაგრამ ყველაფერი დამოკიდებული არ უნდა იყოს მარეგულირებლის კეთილსინდისიერებაზე, უნდა არსებობდეს მარეგულირებლის საზოგადოების მიერ დარეგულირების მექანიზმიც, რადგან ხელისუფლების მიერ დარეგულირებული მარეგულირებელი ძალიან ძვირი უჯდება გაზის და დენის საფასურის გადამხდელს. ხელისუფლებას მხედველობიდან რჩება ის ფაქტი, რომ საქართველო პატარა ქვეყანაცაა და სპეციფიკურიც, აქ ყველანაირი ვაჭრობა და მომსახურება მონოპოლისტურია, აქ კარტელური გარიგებაც არ გინდა, დილით ფასს შეცვლიან ბათუმში, 2-3 საათის შემდეგ იგივე ფასი ადევს საქონელს დედოფლისწყაროში. ავიღოთ წამლებით ვაჭრობა. წამლებით საქართველოში ათი ფირმა მაინც ვაჭრობს. ისინი ასიათასობით დასახელების წამლით ვაჭრობენ. როგორ შეიძლება ყველა ამ ფირმას ყველა დასახელების წამალზე ერთი და იგივე მაღალი ფასი ედოს? გამოდის, რომ მათაც აქვთ დარგს შიგნით მარეგულირებელი კომისია? ამ და ბევრ სხვა საქმეში მთავრობამ უნდა ჩართოს სპეციალისტ მეცნიერთა კომისიები და აუცილებელია მოინახოს გამოსავალი, რადგან ფასები მოსახლეობის ცხოვრების დონის განმსაზღვრელია, მასთან ხუმრობა კი არ შეიძლება.
საბაზრო ეკონომიკის უპირველესი დანიშნულებაა ქვეყანაში მოაწესრიგოს წარმოებითი ურთიერთობები და დაარეგულიროს საქონელზე და მომსახურებაზე ფასები. ჩემი აზრით, საბაზრო ეკონომიკის ძირითადი ხარვეზი სწორედ ისაა, რომ ფასწარმოქმნისას საქონლის თვითღირებულება ძირითადად უგულებელყოფილია, წინ კი წამოწეულია ბაზარზე საქონლის მოთხოვნა — მიწოდებას შორის ბალანსი, ამიტომ ბაზრის მიერ დარეგულირებული ფასი ასტრონომიულიც შეიძლება იყოს და თვითღირებულებაზე დაბალიც.
მევენახის და მეღვინის ურთიერთობის დარეგულირება მრავალი მიზეზის გამო არ შეიძლება ბაზარს მივანდოთ, მანამდე მაინც, სანამდე ბაზარზე მუშაობის კულტურას არ ვისწავლით. მათი ურთიერთობა სპეციფიკურია, ამიტომ მიდგომაც სათანადო უნდა იყოს. ბევრი ფაქტორი აიძულებს მათ ერთმანეთის მიმართ პარტნიორული დამოკიდებულება ჰქონდეთ, მაგრამ მეღვინე მევენახეს პარტნიორად არასოდეს თვლიდა და ყურძნის შესასყიდად ფასს დღემდე თვითონ უწესებს. მეღვინეს თავისი ბიზნესის გამართული მუშაობისათვის ყურძენი ესაჭიროება, რომლის ერთადერთი მიმწოდებელი მევენახეა. რადგან საღვინე ყურძნის ექსპორტ-იმპორტი თითქმის შეუძლებელია, (საღვინე ყურძენი მალფუჭებადია) ასევე მევენახისათვის ერთადერთი ხელის დამცლელი მეღვინეა. თითქოს ეს გარემოება უნდა აიძულებდეს მათ ერთმანეთის მიმართ ლოიალურნი იყვნენ და ერთმანეთს პრობლემებს არ უნდა უქმნიდნენ. სამწუხაროდ, ეს საკმარისი არ ყოფილა პარტნიორობისათვის, საჭირო ყოფილა პარტნიორზე ზემოქმედების ბერკეტი, რომელიც მეღვინეს აქვს, მევენახეს კი — არა. კერძოდ, მეღვინეს ცდა შეუძლია მანამდე, სანამდე მევენახე მის მიერ შეძლეულ ფასს არ დათანხმდები. მან მშვენივრად იცის, რომ მის მეტი მყიდველი მევენახეს არ ჰყავს. მევენახეს კი ცდა არ შეუძლია, შემოსული ყურძენი გამოშრობას და ლპობას იწყებს, მას სეტყვის შიშიც აქვს, მყიდველიც მას მეტი არავინ ჰყავს, ამიტომ იძულებულია იმას დასჯერდეს, რასაც მეღვინე სთავაზობს. როგორც ხედავთ, მეღვინე ამ ბაზარზე მონოპოლისტია, ასეთ ვითარებაში კი ბაზარი უძლურია აქ რაიმე დაარეგულიროს. გამოდის, რომ მეღვინე-მევენახის ურთიერთობის დარეგულირება ბაზრის კანონებში არ ჯდება.
საქონლის ფასის ძირითადი მდგენელი მის შექმნაზე დახარჯული შრომა და მატერიალური რესურსია. დათვლილია, რომ მევენახე სეზონის განმავლობაში ყოველ ვაზთან ოცჯერ მაინც უნდა მივიდეს და ყოველ ჯერზე გარკვეული ოპერაცია ჩაატაროს. ისიც დათვლილია, რომ ჰექტარი ვენახის მოსავლამდე მიყვანას 5-6 ათასი ლარი ესაჭიროება, ე.ი კილოგრამი ყურძნის თვითღირებულება ერთ ლარამდე აღწევს. ასეთ ყურძენში მევენახეს 2 ლარიც რომ გადაუხადონ, მისი მოგება 100%-ს ვერ გაცდება. ახლა ვნახოთ მეღვინის რისკები და მოგება.
მეღვინე 1,5კგ. ყურძენში 3 ლარამდე იხდის, საიდანაც 2 წლის მოვლა-დავარგების შემდეგ მინიმუმ 1 ბოთლ უმაღლესი ხარისხის და ფერის ღვინოს იღებს, რომლის ღირებულება საშუალოდ 20 ლარია. ამ თანხიდან ხარჯებში ნახევარიც რომ წავიდეს მეღვინის მოგება 300%-ს მაინც გადააჭარბებს.ეს იმ დროს, როცა მეღვინის რისკი მიზერულია, მევენახე კი მთელი წლის განმავლობაში სეტყვას ელოდება და ხშირად ხელცარიელი რჩება. შექმნილ ვითარებაში მევენახეს აქვს გამოსავალი, კერძოდ, გაზარდოს საჰექტარო მოსავალი, რასაც აკეთებს კიდეც. ცნობილია, რომ მაღალი საჰექტარო მოსავალი ცუდად მოქმედებს ღვინის ხარისხზე. ევროპაში და მთელ მსოფლიოში სამარკო ღვინოს ამზადებენ მხოლოდ 3-5 ტონა ჰექტარზე მიღებული ყურძნიდან. თუ ვაზი მეტს ისხავს, მტევნის შეცლით ამცირებენ ვაზის დატვირთვას და სათანადოდ საჰექტარო მოსავალსაც. ცუდია, რომ ჩვენი მეღვინე საჰექტარო მოსავალს არ კითხულობს, მიზეზი კი ყურძნის ის დაბალი ფასია, რომელსაც თვითონ აწესებს. როგორც ხედავთ, გლეხმა ნაწილობრივ მონახა გამოსავალი, მაგრამ ქართული ღვინის ხარისხი რომ ეწირება მათ ამ მოუწესრიგებელ ურთიერთობას, ამაზე ვინ უნდა აგოს პასუხი?
როგორც ყოველთვის, წელსაც მეღვინეს და მევენახეს შორის დიდი გაუგებრობა მოხდა, მეღვინემ ყურძნის შესყიდვის სტარტზე დადებულ ფასს მალევე ჩამოაკლო 30-40%, რაც მევენახეთა პროტესტის საბაბი გახდა. შექმნილ ვითარებაში ხელისუფლებამ განაცხადა: საბაზრო ეკონომიკაა და ჩვენ საქმეში ჩარევის უფლება არ გვაქვსო. ასეთი გაუგებრობა მათ ურთიერთობაში, ზემოთ მოყვანილი მიზეზების გამო, ყოველთვის იქნება, ამიტომ მევენახეობა-მეღვინეობის სპეციფიკიდან გამომდინარე, ხელისუფლება ვალდებულია, შეიმუშავოს მათი ურთიერთობის დამარეგულირებელი მექანიზმი. შექმნილ ვითარებაში საქმეს შეიძლება ასეთი ღონისძიებით დავეხმაროთ: ხელისუფლებამ უნდა შექმნას დარგის სპეციალისტთა სახელმწიფო კომისია, რომელიც ძირფესვიანად შეისწავლის როგორც ყურძნის, ისე ბოთლი ღვინის თვითღირებულებას მეღვინის მოგების პროცენტის გათვალისწინებით. ყურძნის თვითღირებულებას დაემატება მევენახის მოგების პროცენტი. მიღებული თანხა იქნება კილოგრამი ყურძნის ღირებულების ის მინიმუმი, საიდანაც უნდა დაიწყოს მევენახესა და მეღვინეს შორის ვაჭრობა ყურძნის საბოლოო ფასზე, ანუ თუ მევენახეს არ უხდიან კილოგრამ ყურძენში ფასის ამ მინიმუმს, ხელისუფლება უნდა ჩაერიოს მათ საქმეში და აღარ უნდა გადგეს განზე. ფასის ეს მინიმუმი უნდა გადაიხედოს ყოველ წელს კომისიის მიერ იმისდა მიხედვით, თუ რა ცვლილებები განიცადა იმ საქონლის ღირებულებამ, რომელსაც გლეხი იყენებს ყურძნის წარმოებაში.
სახელმწიფოს ჩარევა და მევენახე-მეღვინეს შორის ურთიერთობის დარეგულირება არ ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფომ მეღვინეს დაუწესოს ყურძნის შესასყიდი ფასი და აიძულოს ის ამ ფასით შეისყიდოს ყურძენი მევენახისაგან. ჩარევაში მე ვგულისხმობ შემდეგს: მთავრობა გახდეს ყურძნის ბაზარზე მეორე მოთამაშე და კონკურენცია გაუწიოს მეღვინეს. ამ მიზნით მთავრობას რეგიონში უნდა ჰქონდეს რამდენიმე ღვინის ქარხანა, რომელიც რთველის დაწყების პირველივე დღიდან მზად იქნებიან შეისყიდონ ნებისმიერი რაოდენობის ყურძენი იმ მინიმალური ფასით, რომელსაც ყურძნის მინიმალური ფასის დამდგენი კომისია დაადგენს, ზედმეტის გადახდა კი მეღვინე-მევენახის ვაჭრობის საგანი უნდა გახდეს. აღნიშნული ქარხნები სახელმწიფო საკუთრებაში უნდა იყოს და უნდა გამოვიყენოთ როგორც მეღვინე სპეციალისტების აღზრდის სასწავლო ბაზად, ასევე ღვინის კვლევის სამეცნიერო ცენტრებად, რადგან დღეს ჩვენი უმაღლესი სასწავლებლები ისეთ მეღვინეებს უშვებენ, ღვინის ქარხანაში მხოლოდ ექსკურსიაზე რომ არიან ნამყოფი. რაც შეეხება ღვინის მეცნიერულ კვლევას, ასეთი რამ თუა საჭირო ღვინის სამშობლოში, დიდი ხანია დაავიწყდათ ჩვენი განათლების მესვეურებსაც და მთავრობასაც, რაც დიდი სირცხვილია.
ვიმეორებ, მევენახე და მეღვინე ხელისუფლების ზრუნვის ობიექტები უნდა იყვნენ, რადგან ორივე მათგანის კეთილსინდისიერ შრომაზეა დამოკიდებული ქართული ღვინის ხარისხი, სახელი და ავტორიტეტი. ამავე დროს მეურნეობის ეს დარგი რეგიონის ძირითადი დამსაქმებელია
ვაზი საქართველოს სოფლის მეურნეობის მონოკულტურაა, ხოლო ღვინო, ჩვენი ძირითადი საექსპორტო საქონელია. გარდა ამისა, ვაზი და ღვინო ჩვენი თვითმყოფადობის და თვითდამკვიდრების საშუალებაა, ამიტომ ხელისუფლებას უფლება არ აქვს ვაზის და ღვინის ბედი მთლიანად ბაზარზე დამოკიდებული გახადოს. ხელისუფლება ვალდებულია გაუფრთხილდეს ქართული ღვინის სახელს და დაიცვას მისი ხარისხი ხელყოფისაგან როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ. ხელისუფლება ვალდებულია დაიცვას ბოთლის ეტიკეტზე დაწერილი სიტყვები: ,,ქართული ღვინო”, ,,ქართული კონიაკი”, ,,დამზადებულია საქართველოში”. ბოთლის ეტიკეტზე, რომელზედაც ეს სიტყვები აწერია, ხელისუფლება ვალდებულია იცოდეს, როგორი სასმელი ასხია ბოთლში და როგორი ღვინო მიეწოდება მომხმარებელს.
ჟორა გაბრიჭიძე,
სტუ ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებათა კვლევის
სამეცნიერო ცენტრის უფროსი მეცნიერ-მუშაკი