აგრარული განათლებასტატიები

რა სარგებელს მოუტანს საქართველოს სოფლის მეურნეობას ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება

საქართველოდან ფერმერთა 20-კაციანი ჯგუფი პოლონეთში სასოფლო-სამეურნეო კონსულტირების ცენტრში ვიმყოფებოდით. ცენტრის ძირითადი ამოცანა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ფერმერთა აგროკონსულტირების ხელშეწყობა და ევროკავშირის დახმარებით მიღწეული წარმატებების გაცნობაა. ცენტრს აქვს თანამედროვე ინფრასტრუქტურა და სასწავლო პროგრამა, რომელიც თეორიულ სწავლებასთან ერთად წარმატებულ ფერმერულ მეურნეობებში გასვლით სემინარებსაც ითვალისწინებს.


ამ პროგრამაში საქართველო 2008 წლიდან მონაწილეობს და აღნიშნული სწავლების კურსი უკვე ქართველ ფერმერთა რამდენიმე ჯგუფმა გაიარა და შესაბამისი სერთიფიკატებიც მიიღო. ასევე ამ ცენტრის პროფესორები და სპეციალისტები მოიწვიეს საქართველოში, სადაც ისინი ჩვენი სოფლის მეურნეობის პრობლემებს გაეცნენ.

უპირველესი, რაც მნიშვნელოვანია ჩვენი სოფლის მეურნეობის აღორძინებისათვის, არის ის, რომ ჩვენი ქვეყნის თავისებურებების გათვალისწინებით ეფექტიანად გამოიყენოს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების პოსტსაბჭოთა სისტემიდან ევროკავშირის სტანდარტებამდე მისვლის გამოცდილება. ამისი ერთ-ერთი კარგი მაგალითი უკანასკნელი 20-25 წლის მანძილზე პოლონეთის განვლილი გზაა. 90-ათიან წლებში, კომუნისტური სისტემის რღვევის შემდეგ პოლონეთის სოფლის მეურნეობა გაბანკროტდა და კოლაფსის წინაშე დადგა. ვიდრე იგი ევროკავშირის წევრი გახდებოდა (2004წ.), მძიმე პერიოდი გაიარა. 2004  წლიდან პოლონეთის სოფლის მეურნეობამ გრანტად ევროკავშირიდან 103 მილიარდი ევრო მიიღო, რაც უმთავრესად რეფორმებს, ახალი ტექნიკის, ტექნოლოგიებისა და ევროკავშირის სტანდარტების დანერგვას მოხმარდა. მნიშვნელოვანი თანხები მოხმარდა სოფლის ინფრასტრუქტურის და კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობის, ცხოვრების დონის გაუმჯობესებას. შედეგი თვალსაჩინოა. პოლონეთის სოფლის მეურნეობა დღეს თითქმის ევროკავშირის მოწინავე ქვეყნების განვითარების დონეზეა, როგორც რაოდენობრივი, ასევე ხარისხობრივი მაჩვენებლებითაც. თვალსაჩინოებისთვის მოვიყვან ძირითადი ს/ს დარგების მაჩვენებლებს: ხორბლის საშუალო საჰექტარო მოსავლიანობა — 10 ტ/ჰა; კარტოფილი — 50 ტ/ჰა; შაქრის ჭარხალი — 55 ტ/ჰა; სხვა ბოლქვოვნები (სტაფილო, ნიახურის ბოლქვები) — 80-100 ტ/ჰა; ძროხის წველადობა — 40 ლ/დღეში (საშუალო), 50 ლ/დღეში (რეკორდული) და სხვა. რაოდენობასთან ერთად, ცხადია, დაცულია ხარისხობრივი სტანდარტი. საინტერესოა აღინიშნოს, რომ ამ ეტაპზე პოლონეთისათვის პრობლემაა ე.წ. „ჭარბი პროდუქტი“. ეს პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ დგას რუსეთის ემბარგოს პირობებში ისეთ პროდუქციაზე, როგორიცაა: ვაშლი, კარტოფილი და რძის პროდუქტები. ამ შემთხვევაშიც ევროკავშირი ზრუნავს, როგორც ახალი ბაზრის მოძიებაზე, ასევე ახორციელებს ზარალის კომპენსაციას.

საქართველოს და პოლონეთის სოფლის მეურნეობების შედარებითი ანალიზის საფუძველზე ორი მნიშვნელოვანი პრობლემა იკვეთება:

  1. მიწის პრივატიზაციის არაეფექტური მოწყობა საქართველოში და
  2. არსებული ინფრასტრუქტურის და მეურნეობების განადგურება და მოშლა.

სამწუხაროდ, ბოლო 25-30 წლის მანძილზე საქართველოში ვერ მოხერხდა რეალური სიტუაციის შეფასება და შესაბამისად ვერ შემუშავდა რაციონალური პროგრამა კრიზისიდან თავის დასაღწევად. დაწყებული მიწის ე.წ. პრივატიზებიდან დღემდე ხელისუფლებაში მყოფნი მხლოდ არჩევნების მოსაგებად გეგმავენ სოფლის აღორძინების პროგრამებს. პროგრამები აგებულია პიარზე, ამომრჩევლის ხმების მოპოვებაზე და შედეგიც სახეზეა. ამასობაში დავკარგეთ არამარტო უცხოეთის ტრადიციული ბაზრები, არამედ საკუთარი ბაზარიც. დღეს 70-80% სასურსათო პროდუქციისა ადგილობრივ ბაზარზე იმპორტულია. ეს ის პროდუქციაა, რომელიც ექსპორტზე გაჰქონდა საქართველოს და აკმაყოფილებდა შიდა ბაზარსაც. მაშ, სად არის დამარხული ძაღლის თავი, უკანასკნელი 25-30 წლის მანძილზე რატომ ვერ დააღწია ქართულმა სოფელმა თავი სიდუხჭირეს?

ჩემი, და არამარტო ჩემი ანალიზით ამის ძირითადი მიზეზებია:

  1. მცირემიწიანი, დაქუცმაცებული მეურნეობა, სადაც ვერ ხორციელდება ახალი ტექნიკის და ტექნოლოგიების დანერგვა და შესაბამისად მეურნეობა არამომგებიანია;
  2. არაკონკურენტუნარიანი წარმოებული პროდუქტი, რომელიც შიდა ბაზარზეც ვერ უწევს კონკურენციას იმპორტულ პროდუქციას (ფასი და ხარისხი);
  3. ინვესტიციების სიმცირე სოფლის მეურნეობაში. აქ იგულისხმება იაფი და ხანგრძლივი კრედიტის ხელმიუწვდომლობა.
  4. და ბოლოს, სახელმწიფოს მხრიდან სტრატეგიული პოლიტიკის ცვალებადობა სოფლის მიმართ (პროტექციული პოლიტიკა, ბაზრების მოძიება, აგრარული ფონდების არარსებობა და სხვა).

მეტ-ნაკლებად წარმატებული დარგი საქართველოში აღმოჩნდა მევენახეობა-მეღვინეობა. აქ დიდი როლი ითამაშა სახელმწიფოს მხრიდან ხელშეწყობის პროგრამებმა, როგორც ბაზრების მოძიების, ასევე სუფსიდირების კუთხით. ამ დარგში მოხდა როგორც კერძო ინვესტიციების ჩადება, ასევე სახელმწიფოს მხრიდან სუფსიდირება. შედეგად გამსხვილდა მეურნეობები, დაინერგა ახალი ტექნოლოგიები, ამაღლდა პროდუქციის ხარისხი და კონკურენტუნარიანობა. სამწუხაროდ, მევენახეობა-მეღვინეობის მიმართულებით საქართველოს მასშტაბები შეზღუდულია და მისი ადგილი საერთაშორისო ბაზარზე არ შეიძლება რაოდენობის გაფართოებაზე იყოს ორიენტირებული. მას მხოლოდ უნიკალურობითა და ადგილწარმოშობის მიხედვით შეიძლება ჰქონდეს პერსპექტივა. საერთაშორისო ექსპერტების შეფასებით საქართველოს სოფლის მეურნეობის უპირველესი ამოცანაა იზრუნოს საკუთარი ბაზრის მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად ხილ-ბოსტნეულის, როგორც ნედლეულის, ასევე გადამუშავებულ პროდუქტებზე. ამის შემდეგ შესაძლებელი გახდება საექსპორტოდ იმ უნიკალური პროდუქტის გატანა, რომელიც მოთხოვნადი შეიძლება იყოს საერთაშორისო ბაზარზე. აღნიშნული მიზნის მისაღწევად უპირველეს ყოვლისა საჭიროა მიწების გამსხვილების პროცესის ხელშეწყობა, იაფი და ხანგრძლივი კრედიტების გაცემა და სოფლის ინფრასტრუქტურის განვითარება.

ევროკავშირის პროგრამებში ჩართვისათვის სამზადისი უნდა დაიწყოს შიდა რეფორმების რაც შეიძლება სწრაფად გატარებით. პოლონეთში ვიზიტმა ამისი მაგალითი მოგვცა. ევროკავშირის მოთხოვნა პოლონეთის და აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებისადმი იყო რამდენიმე. პოლონელი ფერმერებისადმი პირველი მოთხოვნაა, რომ მონაწილეობა მიიღონ ევროკავშირის ფინანსური დახმარების პროგრამაში ორი კრიტერიუმით-მინიმალური მიწის რესურსი 35 ჰა და ფერმერის ასაკი მაქსიმუმ 40 წელი. ასევე საინტერესოა ხელმისაწვდომი შიდა კრედიტი 15 წლის ხანგრძლივობით და მაქსიმუმ 3%. ევროკავშირის დახმარებით ასევე განხორციელდა ე.წ „სოფლის განვითარების“ პროგრამა კულტურულ და საგანმანათლებლო სფეროში. შედეგად 10 წელიწადში მიღწეულია მაღალგანვითარებული, კონკურენტუნარიანი სოფლის მეურნეობა და სოფლის მოსახლეობის ცხოვრების მაღალი დონე. ცხადია, ეს ნორმატივები პირდაპირ ვერ გადმოვა საქართველოში, მაგრამ პრინციპების დაცვა აუცილებელია.

ვისურვებდი, რომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება საქართველოსთვისაც ყოფილიყოს აღმავლობის დასაწყისი. პოლონეთის მიღწევები სახეზეა, ამ მაგალითის გამოყენება შესაძლებელია საქართველოშიც.

ქრისტო კახნიაშვილი,

შპს „აგროვიტას“ ინოვაციური

პროექტების მენეჯერი, პროფესორი