მილიონი სამუშაო ადგილი, ანუ ქართული ჩაი და მისი განვითარების პერსპექტივები
ყველა სახის მცენარის გასაშენებლად აუცილებელია მცენარეთა ბიოლოგიური თავისებურების, ნიადაგებისა და იმ რეგიონის კლიმატურ პირობების გათვალისწინება, სადაც ამ კულტურის ნარგავების გაშენებას ვაპირებთ.
ჩაის კულტურისათვის ხელსაყრელია ნოყიერი, ნეშომპალით მდიდარი, სტრუქტურული, მჟავე რეაქციის (PH -4,5-5-5) მექანიკური შემადგენლობის, თიხნარი და თიხიანი, კარგი წყალგამტარი ნიადაგები.
კლიმატის მიხედვით ჩაის განვითარებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია სითბო, სინათლე, ჰაერის ტენიანობა და ატმოსფერული ნალექების საკმარისი რაოდენობა. ამ კულტურისთვის ნორმალურად ითვლება თუ ჰაერის ტენიანობა ვეგეტაციის პერიოდში საშუალოდ 75-80%-ია, ხოლო ნალექების მოცულობა 600-800მმ. აქტიურ ტემპერატურათა ჯამი კი — 3500oC.
ჩაის კულტურა ვეგეტაციას იწყებს, როდესაც დღე-ღამის საშუალო ტემპერატურა 10oC აღემატება. საერთოდ კი ვეგეტაციის პერიოდში ტემპერატურა 18oC უნდა აღემატებოდეს.
ჩაი ჩრდილის ამტან მცენარეთა ჯგუფს მიეკუთვნება, მაგრამ ინტენსიური განათების პირობებში მისი ხარისხი უმჯობესდება, ფოთოლში იზრდება თრიმლავი ნივთიერებების შემცველობა (ტანინი და ექსტრაქტი).
ჩაი ვერ ეგუება ქარს. ამ დროს მცენარე ყლორტებს ინტენსიურად ვერ ივითარებს, ამიტომ ჩაის პლანტაციებს, საგანგებოდ ქარსაცავ ზოლებს უშენებენ.
ამ ფაქტორთა გათვალისწინებით, როგორც ცნობილია, ჩაის კულტურისთვის დასავლეთ საქართველოს ტენიან-სუბტროპიკული ჰავა და ნიადაგობრივი პირობები ჩაის მოთხოვნას სრულად აკმაყოფილებს და ამიტომაც თავის დროზე ამ კულტურის წარმოება აჭარის, გურიის, აფხაზეთის, იმერეთის ზოგიერთ რეგიონში ძალზე განვითარდა. ეკონომიკური რენტაბელობის თვალსაზრისით მას რეგიონში ალტერნატიული სასოფლო-სამეურნეო კულტურა არ გააჩნია.
ჩაის პლანტაციები, როგორც წესი, ძირითადად, შენდებოდა 20 და მეტი გრადუსით დაქანებულ ფართობებზე. ხშირად აუთვისებელი ფერდობების ათვისებისა და მათი გაკულტურების გარდა, იგი ასეთ ფერდობებს იცავს ეროზიისგან. ამ მხრივ ჩაის, როგორც ბუჩქოვან მცენარეს, დიდი ეკოლოგიური მნიშვნელობა აქვს.
საქართველოში მეჩაიეობის, როგორც სოფლის მეურნეობის ერთ-ერთი წამყვანი დარგის განვითარებაში უდიდესი როლი შეასრულა ჩაის და სუბტროპიკულ კულტურათა სამეცნიერო კვლევითმა ინსტიტუტმა და მისმა ფილიალებმა, რომელმაც 2010 წელს დაარსებიდან 80 წელი იზეიმა.
აკადემიკოს ქსენია ბახტაძის ხელმძღვანელობით ამ სამეცნიერო დაწესებულებაში 1974 წელს კლონური სელექციით გამოყვანილია სამამულო ჩაის ჯიშ-პოპულაციები, რომელთაგან შერჩეული კლონი №257 დარაიონებულია ჯიშ „კოლხიდას” სახელწოდებით. ინსტიტუტში დამუშავებულია ჩაის კულტურის აგროტექნიკურ ღონისძიებათა კომპლექსი, ნიადაგის ნაყოფიერების და მცენარეთა დაცვის სისტემები, რამაც გასული საუკუნის 80-იან წლებში ქვეყანაში ჩაის მრეწველობის ბუმი გამოიწვია. ამ დროს ჩაის პლანტაციების ფართობების საერთო მოცულობამ 60 ათას ჰექტარს გადააჭარბა, ხოლო საჰექტარო მოსავლიანობამ — 10 ტონას.
განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ ჩაის კულტურამ უდიდესი როლი ითამაშა საქართველოს ეკონომიკის და მოსახლეობის მატერიალურ-კულტურული დონის ამაღლებაში. საქართველოს სახალხო მეურნეობაში მემცენარეობიდან მიღებული შემოსავლის 49.3% და სოფლის მეურნეობის მთლიანი პროდუქციის 10%, ჩაიზე მოდიოდა. მისი მოცულობა მრეწველობის ხვედრით წილში 10%-ს აღემატებოდა.
დარგში თითქმის მილიონი ადამიანი იყო დასაქმებული, რომელთაც საშუალოზე მაღალი შემოსავალი ჰქონდათ.
ბოლო 20 წელიწადია ქვეყანაში განვითარებული მოვლენების შედეგად საქართველოში მეჩაიეობა დეგრადაციას განიცდის, რაც პირდაპირ აისახება დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკული ზონის მოსახლეობის ეკონომიკაზე.
ამ დარგისადმი სახელმწიფოს, მთავრობების მიერ გაუაზრებელმა მიდგომამ ქართული ჩაის წარმოების დაკნინება გამოიწვია, დაიკარგა ქართული ჩაის გასაღების ტრადიციული ბაზრები. ის კი არა და, თვით საქართველოც უცხოეთიდან შემოტანილი საეჭვო ხარისხის და ფალსიფიცირებული ჩაის პროდუქციით აივსო.
სამწუხაროა, რომ დარგის დეგრადაცია თანდათან ღრმავდება, მეტიც, მეჩაიეობის დარგში შექმნილი ვითარება იმითაც არის საგანგაშო, რომ ჩაის პლანტაციები უმეტესობა ასაკოვანია, ფართობების უმეტესობაში 15-20 წელიწადია ჩაის ფოთოლი არ მოკრეფილა. პლანტაციების უმეტესობა დაფარულია სარეველებით. ფერმერებმა კი, რომლებმაც კერძო მფლობელობაში მიიღეს ჩაის პლანტაციები, ამიძირკვეს ან გადაწვეს.
დღეს ჩაის კულტურის დეგრადაციის და ქაოსის მძიმე ხანაა საქართველოში.
ძნელია დედამიწაზე მოიძებნოს ადგილი, სადაც მოსახლეობა ყოველდღიურად არ იყენებს ჩაის მცენარის პროდუქტს. იგი საყოველთაო სახალხო სასმელია და ამიტომაც მას აშენებენ ყველგან, სადაც ამის შესაძლებლობას ბუნებრივი პირობები იძლევა.
ამ მხრივ საქართველო ერთ-ერთი გამორჩეული ქვეყანაა. იყო წლები, როცა ჩვენ მსოფლიოს ჩაის მწარმოებელ ქვეყნებს შორის არცთუ ბოლო რიგებში ვიყავით და ბაზარზეც ჩვენი ნიშა გვეკავა.
ახლა, ალბათ როგორც არასდროს, დღის წესრიგში ერთ-ერთ პირველ ადგილზე დგას ამ კულტურის წარმოების გადარჩენის და აღორძინების საქმე. ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ ეს კულტურა არა თუ აანაზღაურებს მის ასაღორძინებლად გაწეულ ხარჯებს, არამედ დიდ მოგებასაც მოუტანს ქვეყანას. მას დიდი საექსპორტო პოტენციალიც გააჩნია, რომ აღარაფერი ვთქვათ ადგილობრივი ბაზრის ათვისებაზე.
ქართული ჩაის სხვა ბაზრებზე გასვლისთვის საკმარისი უპირატესობა გააჩნია. იგი არ არის მინერალური სასუქებით და პესტიციდებით გაჯერებული. ჩვენში სრულიად შესაძლებელია ჩაის პლანტაციების ორგანული სასუქებით განოყიერება, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის წარმოება და ბაზრისთვის კონკურენტული პროდუქციის შეთავაზება.
ბოლო დროს მეჩაიეობის აღდგენის მიზნით მრავალი პროგრამა შემუშავდა და შეიქმნა ქვეყანაში, მაგრამ, ჯერჯერობით შედეგი არ ჩანს.
საფუძვლიან პრობლემას ქმნის ის ფაქტიც, რომ დღეს, როგორც ყველგან ამ რეგიონებში ნიადაგები მოუვლელია, არავინ იცის როგორ არის მასში დაბალანსებული საკვები ელემენტების შემცველობა, რადგან, თითქმის 30 წელიწადია არ ჩატარებულა ამ ნიადაგების ფართომასშტაბიანი გამოკვლევები და სხვა.
იქ სადაც ჩაის პლანტაციები ჯერ კიდევ იძლევა მოსავალს, ნიადაგი ცალმხრივად იკვებება, ფერმერებს მის გასანოყიერებლად მხოლოდ აზოტოვანი სასუქები შეაქვთ, რაც საკვები ელემენტების შემცველობის მხრივ კიდევ უფრო დიდ სიჭრელეს ქმნის. ნიადაგში არა მარტო საკვებმა ელემენტებმა, არამედ ჰუმუსმა და ph -ის მაჩვენებელმაც განიცადა ცვლილებები.
რიგთაშორისებში ნიადაგის დამუშავების და სასუქების სწორად გამოყენების იგნორირებამ უარყოფითი გავლენა მოახდინა ტენის რეჟიმზე, მიკროორგანიზმებზე და ნიადაგის მექანიკურ შემადგენლობაზეც კი. მასიურად შეინიშნება ჩაის ბუჩქების ვარჯის დახავსება, ღეროებისა და მსხვილი ტოტების გახმობა, ფესვთა სისტემის ლპობა.
ჩვენ ვფიქრობთ, ჩაის პლანტაციების რეაბილიტაცია უნდა განხორციელდეს დარგის სპეციალისტების მიერ შემუშავებული პროგრამების მიხედვით. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ მეჩაიეობის რაიონებში ჩაის კულტურას ალტერნატივა არ გააჩნია. ამიტომ უნდა გავუფრთხილდეთ ქართულ ჩაის. საქართველოს არ სჭირდება საღებავებით გაჯერებული, ფალსიფიცირებული, შემოტანილი პროდუქცია.
საქართველოში საუკეთესო თვისებების და გემოს მქონე ჩაის წარმოება შეიძლება.
რუსუდან ტაკიძე, ფრიდონ ჭანუყვაძე,
იზოლდა მამულაშვილი, სოფლის მეურნეობის აკად. დოქტორები: