მე და ჩემი სოფელირუბრიკებისტატიები

უძველესი ქართული თაფლიანი ტკბილეული

ალვახაზი

თაფლი რამდენჯერმე წამოვადუღოთ, დავდგათ ცივ ადგილას და ვურიოთ მანამ, ვიდრე არ გამაგრდება და კოვზით ვეღარ მოვურევთ. შემდეგ ამოვიღოთ და გავწელოთ და დავკეცოთ. ასეთი პროცედურა გავიმეოროთ მანამ ვიდრე თაფლის მასა არ გათეთრდება. მიღებული თაფლის მასალა რამდენჯერმე კიდევ წამოვადუღოთ, გადმოვდგათ ცეცხლიდან და გავაცივოთ. მიღებული თაფლის მასისგან გააკეთეთ სხვადასხვა ფიგურები და მიართვით თქვენს პატარებს. დამეთანხმეთ გემრიელი ნუგბარით ისინი ძალიან გაიხარებენ.

ფალუსტაკი

400 გრ. ხორბლის ფქვილი მოშუშეთ ერბოში, დავუმატოთ ცოტა მარილი, დანაყილი მიხაკი და დარიჩინი. ყველაფერი ერთად ვშუშოთ ნელ ცეცხლზე მანამ, ვიდრე ფქვილი სუნს არ დაკარგავს. ტაფაში ავადუღოთ თაფლი, დავუმატოთ მოშუშული ფქვილი და ნელ ცეცხლზე ვურიოთ ისე, რომ ფქვილის კორკოშალები არ დარჩეს. როცა კარგად მოიშუშება გადაიტანეთ სინზე, სველი კოვზით და გავასწორეთ, ზემოდან მოაყარეთ შაქრის ფქვილი (დანაყილი შაქარი). როგორც კი შეგრილდება დაჭერით სასურველ ნაჭრებად.
ფალუსტაკი ძალიან გემრიელი, ყუათიანი და სასარგებლო ნუგბარია, იგი მშრალად დიდხანს შეგიძლიათ შეინახოთ.

თაფლიპური

თაფლს დავუმატოთ შაქრის ფხვნილი, დავდგათ ცეცხლზე, ვადუღოთ შაქრის გახსნამდე და მოვხადოთ ქაფი, გადმოვდგათ ცეცხლიდან, ცხელშივე სწრაფად ჩავყაროთ ფქვილი და კარგად ავურიოთ. როცა ცომი კარგად გაცივდება დავუმატოთ სოდა, კვერცხი და კარგად ავურიოთ. გამზადებული ცომი დავაწყოთ ფქვილმოყრილ თუნუქის ფურცელზე, წავუსვათ კვერცხი და გამოსაცხობად ღუმელში შევდგათ.
საჭირო მასალა:
    პურის ფქვილი __ 240 გრ.
    შაქრის ფხვნილი _ 40 გრ.
    თაფლი ________ 140 გრ.
    კარაქი  ________ 20 გრ.
    სოდა  _________ 1 გრ. 
    კვერცხი  _______ 1 ც.