მედიასტატიები

მიწას მეტი ყურადღება სჭირდება

მსოფლიოში საქართველო ერთ-ერთ მცირემიწიან ქვეყნად ითვლება, სადაც ერთ სულ მოსახლეზე საშუალოდ 0,12 ჰექტარი ფართობი მოდის. აღნიშნული ფაქტი მიუთითებს იმაზე, რომ ყოველი ჰექტარი მიწა მაქსიმალურად უნდა იქნას გამოყენებული ჭარბი მოსავლის მისაღებად. ფაქტიურად რეალური მაჩვენებელი საპირისპირო სურათს იძლევა, რაც იმაში გამოიხატება, რომ ქვეყანაში ძირითადი კულტურების მოსავლიანობა საშუალოდ 4-5-ჯერ ნაკლებია, ვიდრე მიწათმოქმედების მაღალი კულტურის მქონე ქვეყნებში.


1910 წლიდან მოყოლებული ქვეყანაში მილიონ ჰექტარზე მეტი ნათესი ფართობი გვქონდა ხუთ შემთხვევაში: 1937 წელს მილიონ თექვსმეტი ათას რვაასი ჰექტარი, 1943 წელს მილიონ ცხრა ათას რვაასი, 1944 წელს მილიონ ასი ათასი, 1952 წელს მილიონ ორი ათას სამასი, ხოლო 1953 წელს მილიონ ოცდაათი ათას რვაასი ჰექტარი.

ქვეყანაში მიწის პრივატიზაციის ჩატარების დროს საწყისად აღებული იყო 800.000 ჰექტარი. ე.ი. 1953 წელთან შედარებით 230,800 ჰექტარით ნაკლები, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ამ დროის განმავლობაში დაიკარგა ამდენი სახნავი ფართობი და დაბალი კატეგორიის სავარგულში გადავიდა. აღსანიშნავია, რომ გარდა იმ ხუთი შემთხვევისა, იმავე წლებში ნათესი ფართობების რაოდენობა 750000 ჰექტარიდან 900000 ჰექტარის ფარგლებში მერყეობდა. ბოლო წლებში ეს მაჩვენებელი თანდათან მცირდება და ასეთ სურათს იძლევა: 1990 წელს — 721900 ჰა, 1995 წელს — 453100, 2000 წელს — 610800, 2005 წელს — 539600, ხოლო 2010 წელს 256700 ჰექტრამდე ჩამოვიდა.

რაც შეეხება იმავე პერიოდში მარცვლეული კულტურების საშუალო საჰექტარო მოსავლიანობას, შეუწყნარებლად დაბალი იყო და 18-20 ცენტნერს არ აღემატება მაშინ, როცა ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში ეს მაჩვენებელი 70-75 ცენტნერით, ხოლო მოწინავე ქვეყნებში უფრო მეტია და 80 ცენტნერს აჭარბებს.

სამწუხაროა, თუმცა ფაქტია, რომ მარცვლეული კულტურების საშუალო საჰექტარო მოსავლიანობა რომ გაგვეორმაგებინა და 18-20 ცენტნერამდე აგვეყვანა, სადღაც 70-80 წელი დაგვჭირდა (1920-1930-იან წლებში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 8-10 ცენტნერი იყო).

დაბალი მოსავლიანობის მიზეზი ბევრია, მაგრამ ამ უარყოფითი მაჩვენებლის მთავარი ფაქტორებია სასოფლო-სამეურნეო კულტურებისათვის ფართობის არასწორი შერჩევა და მათი თესვა-მოყვანისათვის საჭირო პირობების უხეში დარღვევა, ცალკეული კულტურებისათვის მეცნიერულად დასაბუთებული აგროტექნიკის დაუცველობა, მოსავლის აღების ტრანსპორტირების და გაწმენდა-დახარისხების დროს დანაკარგების დიდი რაოდენობა, მთიდან ბარში ხალხის ჩამოსახლების არასწორი ორგანიზაცია, მთის პირობებში დარჩენილი მოსახლეობისათვის ცხოვრების პირობების გაუმჯობესებისათვის სასიკეთო შეღავათების მიუცემლობა და სხვა. მთავრობამ არაფერი გააკეთა იმისათვის, რომ საქმიანი კავშირი დაემყარებინა ქალაქიდან ჩასული სხვადასხვა სპეციალობის და თანამდებობის პირებისათვის, რომელთა გამოყენება სასარგებლო იქნებოდა ხალხისა და ქვეყნისათვის. იმდროინდელმა მთავრობამ საპირისპირო კანონი გამოსცა დამსვენებლებისათვის. რომელთაც წინაპართა სახლი ჰქონდათ ჩამოერთვათ ყოველგვარი მიწის ნაკვეთი და სახლამდე მისასვლელად დაუტოვა მხოლოდ ვიწრო ბილიკი. ამ უთავბოლო გადაწყვეტილებამ ხალხში დიდი წყენა გამოიწვია და უმეტესმა ნაწილმა სახლკარიანად დატოვა მამაპაპისეული კარმიდამო.

მიწის ხელყოფის, დაქუცმაცებისა და უთავბოლო გადაწყვეტილების მაგალითად შეიძლება მოვიტანოთ კოლექტიური მებაღეობის ჩამოყალიბება და მისი შემდგომი საქმიანობა. მიღებულ კანონში გათვალისწინებული იყო მიწის ფართობის გაცემა 600 მეტრიდან 1500 მეტრამდე.

ჩვენი ქვეყნის ხელმძღვანელობამ მიიღო გაუთვალისწინებელი დადგენილება, რომ თითოეულ ოჯახზე გაეცა მინიმუმ 600 მ2 ფართობი, თითქოს იმ მოტივით, რომ ჩვენ მცირემიწიანი ვართ და ქვეყანას ამით ზიანი მიადგებოდა, რაც თავიდანვე მცდარი და უგუნური გადაწყვეტილება იყო.

რამდენიმე წლის გასვლის შემდეგ თითქმის იგივე ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, რომ აღნიშნული ფართობი გაეზარდა და აეყვანა 1500 მეტრამდე. ბუნებრივია იმავე ფართობში ამის გაკეთება თითქმის შეუძლებელი იყო შესაბამისი ფართობის უქონლობის მიზეზით და ბევრს აღარც უზრუნია მის შესავსებად, ვინაიდან ორ სხვადასხვა ადგილზე მიმოსვლა უამრავ სიძნელესთან იყო დაკავშირებული. ასეთი უაზრო და წინდაუხედავი გადაწყვეტილებით ხალხმა და ქვეყანამ დიდი ზარალი ნახა. ეს მაგალითები იმიტომ მოვიყვანე, რომ მიწას — ამ ეროვნულ სიმდიდეს განსაკუთრებული ზრუნვა, მოვლა-პატრონობა და ყურადღება სჭირდება.

აგრარული დარგის ჩამორჩენის მთავარი მიზეზია ასევე ისიც, რომ მიწათმოქმედების ქვეყანაში ეს საჭირო და აუცილებელი დარგი არასდროს ყოფილა მიჩნეული პრიორიტეტულად. თითქმის ყველა ჩამონათვალში, სადაც სახელმწიფოში დარგობრივი მიღწევების მაჩვენებლები ქვეყნდებოდა, სოფლის მეურნეობა ან ბოლოში მოიხსენებოდა, ან უკეთეს შემთხვევაში ბოლოსწინა ადგილზე სახელდებოდა. დარგისადმი ასეთმა მიდგომამ განაპირობა სწორედ საშუალო-საჰექტარო მოსავლიანობის შეუწყნარებლად დაბალი მაჩვენებლები.

აქვე უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ სოფლის მეურნეობა იოლ დარგად მიაჩნიათ არა მარტო რიგით მუშაკებს, არამედ ხშირ შემთხვევაში ქვეყნის ხელმძღვანელობასაც კი, რაც ყოვლად მცდარი და არასწორი მიდგომაა თუნდაც იმიტომ, რომ მასთან ურთიერთობის ძირითადი ნაწილი ადამიანის შესაძლებლობის ფარგლებსს ცილდება და გარემოს ბუნებრივ-კლიმატურ ფაქტორებზეა დამოკიდებული.

აგრარულ დარგს არ გააჩნია ისეთი მუდმივმოქმედი კანონები, როგორიც აქვს მათემატიკას, ფიზიკას, ქიმიას, ბიოლოგიას და სხვ. აქედან გამომდინარე ფართობის ერთეულზე მაღალი მოსავლის მისაღებად კანონი უნდა შექმნას პროფესიონალმა სპეციალისტმა ადგილობრივი ბუნებრივ-კლიმატური პირობებიდან გამომდინარე.

ასეთი გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელია გამოცდილი სპეციალისტის მონაწილეობა, რომელსაც თეორიული ცოდნის პარალელურად უნდა ჰქონდეს პრაქტიკული გამოცდილება. ამასთან დაკავშირებით სრულიად ლოგიკურია ფერმერებისა და აგრარულ დარგში დასაქმებული პირების მოთხოვნილება, რომ მათ სჭირდებათ თეორიულ ცოდნასთან ერთად პრაქტიკოსი სპეციალისტები, რომლებიც მათ ადგილზე გაუწევენ დახმარებას.

ჩვენი ქვეყნის გარემო — კლიმატური პირობები, ნიადაგის მრავალფეროვნება, მცენარისათვის ხანგრძლივი სავეგეტაციო პირობები, აქტიურ ტემპერატურათა ჯამის სიდიდე (4000-45000) იმის სრულ საშუალებას იძლევა, რომ მიწათმოქმედების ქვეყანამ, რომელიც ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყნად ითვლება, მყარად დაიკავოს მიწათმოქმედების მაღალგანვითარებულ ქვეყნებს შორის საპატიო ადგილი.

სადღეისოდ მისასალმებელი და მოსაწონია ის ფაქტი, რომ ახალმა ხელისუფლებამ სოფლის მეურნეობა, ჯანდაცვისა და განათლების პარალელურად პრიორიტეტულ დარგად გამოაცხადა, რომლის პრაქტიკული რეალიზაციისათვის შესაბამისი მყარი საფუძველი შექმნა.

დაბალი მოსავლიანობის ერთ-ერთი მიზეზია ის რეალობა, რომ ქვეყანაში არ არსებობდა საქმიანი კავშირი მეცნიერებასა და წარმოების მუშაკებს შორის. ფაქტიურად არ არსებობდა ორგანიზაცია ან რაიმე დანაყოფი, რომ ეს სასარგებლო საქმე გაეკეთებინა, ამიტომაც სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების მიერ წლების განმავლობაში ჩატარებული ცდებიდან მიღებული ეკონომიკურად დასაბუთებული უამრავი სასარგებლო მასალა გამოუყენებლი იყო. გამომდინარე აქედან გადაუდებელ საქმედ მიგვაჩნია მეცნიერების მიერ რეკომენდებული საკითხების ამოქმედება და დარგის განვითარების სამსახურში ჩაყენება.

გამომდინარე აქედან სადღეისოდ მისასალმებელ და მეტად საჭირო ღონისძიებად მიგვაჩნია ქვეყნის მასშტაბით რაიონების მიხედვით შექმნილი საკონსულტაციო-საინფორმაციო ცენტრების შექმნა. უეჭველად მოსაწონია ისიც, რომ აღნიშნული ცენტრები დაკომპლექტებულია საშუალოდ 5-7 კაცის შემადგენლობით მაღალკვალიფიციური სპეციალისტებით კონკურსის წესით, რომელთაც თეორიული ცოდნის პარალელურად პრაქტიკული მუშაობის გამოცდილებაც აქვთ.

დადებით შეფასებას იმსახურებს ასევე სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში შექმნილი საკოორდინაციო სამსახური (კოორდინატორები) 20 კაცის შემადგენლობით. თითოეულ კოორდინატორს ჰყავს დარგების შესაბამისად 6-7 მაღალკვალიფიციური ჯგუფი, რომელთა რაოდენობა 120-130 კაცია. აღნიშნული ჯგუფები მზადაა ქვეყნის მასშტაბით უფასო დახმარება გაუწიონ ფერმერებსა და აგრარულ დარგში დასაქმებულ პირებს. მეცნიერებასა და წარმოების მუშაკებს შორის საქმიანი კავშირის დამყარება შეუძლია ასევე სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ახლადშექმნილ სამეცნიერო-კვლევით ცენტრს.

ზემოთჩამოთვლილ ღონისძიებათა შორის აუცილებელ საჭიროებად მიგვაჩნია ფერმერებისა და აგრარულ დარგში დასაქმებული პირების უზრუნველყოფა შესაბამისი დამხმარე ლიტერატურით, რასაც წარმოების მუშაკები ითხოვენ. ასეთებია: დარგობრივი აგროწესები, რეკომენდაციები, ბუკლეტები, მეთოდური მითითებები და სხვა. ამათგან ცალკე გამოვყოფ დარგობრივ აგროწესებს, რომელიც სრულყოფილად, მარტივად და გასაგებად ასახავს ცალკეული დარგების მიხედვით კულტურათა მოვლა-მოყვანის სამუშაოთა შესრულებას ნიადაგის დამუშავებისა და მოსავლის აღების ჩათვლით.

ჩვენი ქვეყანა, როგორც ზემოთ ვთქვით ერთ-ერთი მცირემიწიანია, აქედან გამომდინარე სახნავი მიწის ინტენსიურად გამოყენება აუცილებელი საჭიროებითაა გამოწვეული.

ძირითადი და შუალედური კულტურების მეცნიერულად დასაბუთებული მორიგეობა საშუალებას გვაძლევს მიწა მთელი წლის განმავლობაში დაკავებული იყოს მოსავლის მისაღებად.

შუალედური ეწოდება ისეთ კულტურებს, რომლებიც ითესებიან და მოსავალს იძლევიან ძირითადი კულტურებისაგან განთავისუფლებულ შუალედებში. ჩვენთან დროის მიხედვით ასეთი თავისუფალი შუალედები გვაქვს ზამთრის ბოლოს, ადრე გაზაფხულზე, სიმინდის თესვამდე, თავთავიანი პურეულის აღების შემდეგ ნაწვერალზე, შემოდგომაზე. სასილოსე სიმინდისა და ადრეული ბოსტნეული კულტურებისაგან თავისუფალი ფართობი და მოზამთრე შუალედური კულტურები (ტურნეფსი და რაფსი) ითესებიან ზაფხულის ბოლოს ან შემოდგომის დასაწყისში და ფართობს ანთავისუფლებენ აპრილის ბოლომდე.

აღნიშნული წესით მიწის გამოყენებისათვის საიმედო გარანტიას იძლევა ჩვენი ქვეყნის შესანიშნავი გარემო-კლიმატური პირობები, მცენარისათვის ხანგრძლივი სავეგეტაციო პერიოდი, ადრეული გაზაფხული და ხშირ შემთხვევაში თბილი შემოდგომა, აქტიურ ტემპერატურათა ჯამის სიდიდე, სარწყავი წყალი და ზოგიერთ ადგილებში ბუნებრივი ნალექები.

წარმოებაში ამჟამად არსებული უმეტესი სასოფლო-სამეურნეო კულტურები რაციონალურად იყენებენ სითბოთი უზრუნველყოფილი პერიოდის 50-70%-ს, ადრე გაზაფხულზე, ზაფხულში, შემოდგომასა და ზამთარში ძირითადი კულტურებისაგან თავისუფალი შუალედები მოსავლისათვის უმეტესად გამოუყენებელი რჩება, რაც დღევანდელი მოთხოვნილების და მით უმეტეს მომავლისათვის ყოვლად მიუღებელია. შუალედური კულტურების თესვით საკვების წარმოება თითქმის შეუზღუდავი, ეკონომიურად გამართლებული ღონისძიებაა, ვინაიდან როგორც აღვნიშნეთ ითესებიან და მოსავალს იძლევიან წამყვანი კულტურებისათვის თავისუფალ შუალედებში. შუალედური კულტურები საშუალებას იძლევა რაციონალურად გამოვიყენოთ სახნავი მიწა, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა, მუშახელი, წყლის რესურსები და სხვა საშუალებანი, რაც განაპირობებს შრომის მწარმოებლობის მაღალ დონეს.

შუალედური კულტურები მეტად ეფექტურია სარეველების წინააღმდეგ ბრძოლის თვალსაზრისით. ითესებიან ვიწრო მწკრივებად ან ჩვეულებრივი წესით, მოკლე დროში მთლიანად ფარავენ ნიადაგის ზედაპირს და სარეველებს ზრდა-განვითარების საშუალებას არ აძლევენ. გარდა ამისა, შუალედურ კულტურად დათესილი ერთწლოვანი პარკოსნები; ბარდა, ცერცველა, ცულისპირა ატმოსფეროს თავისუფალი აზოტის ფიქსაციას ახდენენ, აუმჯობესებენ მომდევნო მცენარისათვის ზრდა-განვითარების პირობებს, ხელს უშლიან ქარისმიერ და წყლისმიერ ეროზიას. ამასთან ერთად აღნიშნული კულტურებისაგან თავისუფალი ფართობი იმდენად ფხვიერია, რომ მისი დამუშავება მიზანშეწონილია მხოლოდ 12-14 სმ სიღრმეზე.

შუალედური კულტურების მნიშვნელობა დიდია მეცხოველეობისათვის მწვანე და წვნიანი საკვებით უზრუნველყოფის საქმეში. ძირითადი და შუალედური კულტურების სწორი შეთანაწყობით ისე შეიძლება მოეწყოს საქმე, რომ პირუტყვი უზრუნველყოფილი იქნას მთელი წლის განმავლობაში ამ კატეგორიის საკვებით.

ხანგრძლივი დროის განმავლობაში ჩატარებული გამოკვლევები და წარმოების პირობებში გამოცდის შედეგები მტკიცე საფუძველს გვაძლევს ვთქვათ, რომ ჩვენს ქვეყანაში, განსაკუთრებით კი დაბლობი ზონის პირობებში შესაძლებელია მოვიყვანოთ ყველა ტიპის შუალედური კულტურები: ადრე გაზაფხულზე, თავთავიანი კულტურების ნაწვერალზე, შემოდგომაზე და შემოდგომა-ზამთარში.

აღსანიშნავია, რომ 1970-იან წლებში შუალედური კულტურების ნათესი ფართობი ქვეყანაში 30-40 ათას ჰექტარს უდრიდა. იქედან მოყოლებული ყოველწლიურად იზრდებოდა ამ წესით ნათესი ფართობები და 1985-იან წლებში 100 ათას ჰექტარს მიაღწია.

დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ მთლიანად ქვეყანაში საქმის სწორი ორგანიზაციის პირობებში შუალედური კულტურებით ნათესი ფართობები შეიძლება გაიზარდოს 180-200 ათას ჰექტრამდე, რაც უდიდესი რეზერვი იქნება პირუტყვის საკვებით უზრუნველყოფის საქმეში. აქედან გამომდინარე, საშუალება გვექნება შესაბამისად შევამციროთ ძირითად ნათესებში საკვები კულტურებით დაკავებული ფართობები და ისინი გამოვიყენოთ სხვა ძვირფასი კულტურების მოსაყვანად ქვეყნის საკუთარი წარმოების მარცვლეულით უზრუნველყოფის მიზნით.

გამომდინარე აქედან გაკვირვებას იწვევს ზოგიერთი პოლიტიკოსების ან პოლიტიკაზე მიტმასნილი პიროვნებების განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს არაფერი გააჩნია განსაკუთრებული ყურადღების მისაპყრობად. ასეთი განცხადებები ან უვიცობის ან შეფარული მტრობის ნიშანია. სინამდვილეში ჩვენს პატარა და ხალხიანად ლამაზ ქვეყანას თითქმის ყველაფერი აქვს იმისათვის, რომ საკუთარი ხალხი ძირითადად გამოვკვებოთ საკუთარი წარმოების ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებით. ამის დასტურად შეიძლება მოვიტანოთ მისი გეოგრაფიული მდებარეობა საუკეთესო კლიმატით, მთით და ბარით, მიწითა და წყლის კატეგორიებით დამშვენებული.

ქვეყნის სიმდიდრეა 26 ათასამდე მცირე და დიდი ზომის მდინარე და 850-მდე ბუნებრივი და ხელოვნური ტბა. გვაქვს მსოფლიოში არსებული თითქმის ყველა ტიპის ნიადაგი, სადაც სავსებით რეალურია ნებისმიერი სასოფლო-სამეურნეო კულტურის მაღალი მოსავალი მივიღოთ სწორი ტექნოლოგიის განხორციელების პირობებში. როგორც ბოლო დროის გამოკვლევებმა აჩვენა ქვეყანას გააჩნია სასმელი წყლის უზარმაზარი რეზერვი, რომლის ფულადი გამოხატულება სადღეისოდ თითქმის ნავთობის ტოლფასია. მომავალში ეს მაჩვენებელი ალბათ წყლის სასარგებლოდ.

გივი ცაგურიშვილი,

სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი,

აკადემიკოსი