აგროსიახლეები

მოსავლის ამღებ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესაძენად სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერა იზრდება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ შამუგიას განცხადებით, დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე იქნა გადაწყვეტილება მიღებული, რითაც ფერმერებისა და მეწარმეებისთვის სახელმწიფოს მხრიდან მხარდამჭერი პროგრამებით მიღებული სარგებლის მოცულობა გაიზარდა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაზე ხელმისაწვდომობის მაქსიმალური ზრდა ქვეყნის პრემიერის ინიციატივა და დავალება იყო. გასულ წელს, 50 მილიონი ლარი გამოიყო აღნიშნული მიმართულებისთვის. დღეს, მთავრობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, სახელმწიფოს მხრიდან ფინანსური მხარდაჭერა გაიზარდა მოსავლის ამღებ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შეძენაზე.

სოფლის განვითარების სააგენტოს პროგრამების ფარგლებში, თანაბრად შესაძლებელია მოსავლის ამღები ახალი და მეორადი ტექნიკის  თანადაფინანსებით შესყიდვა.

მიღებული გადაწყვეტილებით „სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციის თანადაფინანსების“   სახელმწიფო პროგრამით, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის მომწოდებელი კომპანიებისაგან, შპს – სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკისა და სერვისების კომპანიის და შპს – აგროსერვისცენტრისაგან  მეორადი კომბაინის    შესყიდვისას  თანადაფინანსება გაიზარდა    და შეადგენს  არაუმეტეს 60 %, და 120, 000 ლარს. მეორადი კომბაინების შესყიდვა 2022 წლის 31 მაისის ჩათვლით იქნება შესაძლებელი.

რაც შეეხება ახალი ტექნიკის შესყიდვას, „მოსავლის ამღები სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების“ პროგრამაში მონაწილეობისთვის განაცხადების მიღებას პირველ მარტს იწყება (თანადაფინანსების მისაღებად ელექტრონული განაცხადის შევსება სოფლის განვითარების სააგენტოს ვებგვერდზე rda.gov.ge იქნება შესაძლებელი).

სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსების მოცულობა ერთ ბენეფიციარზე, მარცვლეულის მოსავლის ასაღებად განკუთვნილი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის (კომბაინის) შემთხვევაში, შეადგენს ღირებულების არაუმეტეს 30%-ს, მაგრამ არაუმეტეს 150,000 ლარს, ხოლო სხვა ტიპის მოსავლის ამღები (გარდა ყურძნისა) სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შემთხვევაში – არაუმეტეს 50%-ს და არაუმეტეს 150,000 ლარს.

პროგრამის დადგენილი პირობებით, შესასყიდი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა უნდა იყოს ახალი (ექსპლუატაციაში არ მყოფი),  წარმოებული უნდა იყოს შესყიდვამდე არაუმეტეს ორი კალენდარული წლით ადრე და ტექნიკაზე საგარანტიო პირობები უნდა ვრცელდებოდეს განაცხადის წარდგენიდან არანაკლებ 6 თვის ვადით.