აგრარული განათლებავეტერინარიამეცხოველეობა

მოზარდი პირუტყვის დაავადებები

დაავადებების, ავადმყოფობისა და დაცემის გარეშე მოზარდი პირუტყვის გამოზრდა უმთავრესი ფაქტორია, რომელიც მეცხოველეობის რენტაბელობას განსაზღვრავს. სიცოცხლის პირველ დღეებსა და თვეებში იქმნება ცხოველის შემდგომი პროდუქტიულობის საფუძველი. ხბოს გამოზრდა უნდა მოხდეს შეძლებისდაგვარად, ცალკეულ ბოქსებში, რათა თავიდან ავაცილოთ სხვადასხვა სახის დაავადებები, რამდენადაც მოთხოვნები მიკროკლიმატის პარამეტრზე ხბოებთან უფრო განსხვავებულია, ვიდრე ძროხებთან.

სასოფლო სამეურნეო ცხოველთა მოზარდის დაავადებები ადრეულ ასაკში ხშირად აღმოცენდება ჰიპოტროფიის ნიადაგზე, რომელიც დაკავშირებულია მუცლის შიდა განვითარებისათვის საჭირო პირობების უქონლობასთან. კვების სრულფასოვნება, ფურის სწორი შენახვა მაკეობის პერიოდში და მათი კარგი მოვლა, განსაკუთრებით დიდ გავლენას ახდენს ნაყოფის ზრდისა და განვითარების პროცესებზე. ისინი მნიშვნელოვნად საზღვრავენ ახალშობილისა და ახალგაზრდა ცხოველის სიცოცხლის უნარიანობას, გამძლეობას გარემო პათოგენური ფაქტორების ზემოქმედებისადმი. მაშასადამე, მოზარდეულის დაავადებათა არიდება უნდა იწყებოდეს ნაყოფის მუცლის შიდა განვითარებისა და ზრდის ნორმალური პირობების შექმნით.

მოზარდის სუნთქვის ორგანოების დაავადებებიდან აღსანიშნავია ბრონქოპნევმონია, რომელიც მჟღავნდება ბრონქებისა და ფილტვის წილაკების ანთებით და ალვეოლებში უჯრედოვანი ექსუდატის გამოყოფით. უმთავრესად ავადდებიან ხბოები 1-3 თვის ასაკში.
ყველაზე ხშირად დაავადება აღმოცენდება გარემო ფაქტორების არაკეთილსასურველი ზემოქმედების მიმართ, კერძოდ ორგანიზმის წინააღმდეგობის გაწევის უნარის დაქვეითების დროს. ასეთი მდგომარეობა მოზარდეულს აქვს არა საკმარისი მუცლის შიდა განვითარებისა და სარძეო პერიოდში შენახვის, მოვლისა და კვების ზოოჰიგიენური წესების დარღვევის დროს და ასხლეტვის შემდეგ.

მოზარდეულის შენახვა კეთილმოუწყობელ შენობაში არასაკმირისი ვენტილაციით, როდესაც ჰაერში გროვდება ამონიაკი, გოგირდწყალბადი, წყლის ორთქლი, არაკეთილსასურველად აისახება სუნთქვის ორგანოების მდგომარეობაზე. სუფთა ჰაერზე ყოფნა, თავისუფალი მოძრობა ხელს უწყობს ორგანიზმის მდგომარეობის გაუმჯობესებას, სუნთქვის ორგანოების მოქმედების ნორმალიზაციას და დაავადებებისადმი მათ წინააღმდეგობის გაწევის უნარის გადიდებას.

მოზარდის ჯანმრთელობის შენარჩუნებაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ცხოველის დაწყურებას ხარისხიანი წყლით, რომელიც უნდა იყოს სუფთა, მოზარდის ჯანმრთელობაზე გავლენას ახდენს და განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება შენობის მიკროკლიმატს, რაც მიიღწევა კარგი თერმოიზოლაციით და ვენტილაციით.

მოზარდის კუჭ-ნაწლავის დაავადებებიდან აღსანიშნავია გასტროენტერიტი, რომელიც ვლინდება საჭმლის მონელების დარღვევით და დაკავშირებულია კუჭისა და ნაწლავების მოქმედების ფუნქციურ აშლილობასთან. აღნიშნული დაავადებით ძირითადად მოზარდები ავადდებიან, კერძოდ რძით კვებიდან მცენარეულ საკვებზე გადასვლის პერიოდში, ასევე ძველი შრატით, დაობებული თივით, უსუფთაო საკვებით. ხშირ შემთხვევაში მოზარდის ორგანიზმი განიცდის მინერალური ნივთიერებების დეფიციტს, ცხოველები იწყებენ შარდითა და ფეკალური მასით დასვრილი საგნების ლოკვას, ღეჭავენ ნაჭრებს, თოკებს, ცელოფნის ნაგლეჯებს, ჭამენ ჭუჭყიან ქვეშსაფენს, კედლების ბათქაშს. დაავადების ნიშნებია: მადის დაქვეითება ან სრული დაკარგვა, საერთო მოდუნება, ტემპერატურის აწევა, ძლიერი ფაღარათი სისხლისა და ლორწოს მინარევით, ხშირი პულსი და სუნთქვა; მოზარდები მეტწილად წვანან, კბილებს აკრაჭუნებენ და კვნესიან. დაავადების გახანგრძლივების შემთხვევაში იკლებენ წონაში, ჩამორჩებიან ზრდაში, ებურძგლებათ ბეწვი, ტყავი კარგავს ელასტიკურობას.

ტიმპანია წარმოადგენს დაავადებას, რომელიც  ხასიათდება ფაშვში გაზების დაგროვებით და სწრაფი გაბერვით. ხბოები ტიმპანიით ავადდებიან, როცა გადაჰყავთ საკვებად უხეშ საკვებზე ან აძლევენ ადვილად ფუებად საკვებს (იონჯას, სამყურას, სოიოს, ესპარცეტს და სხვა). ზოგჯერ აღნიშნული დაავადება ვლინდება მაშინაც როცა საძოვრიდან მოსულ ხბოებს აძლევენ დიდი რაოდენობით შრატს ან არარეგულარულად დიდი რაოდენობით კონცენტრირებულ საკვებს. დაავადების ნიშნებია ძლიერ გაბერილობა მუცლის ღრუში. საშიმშილე ორმო იმდენად იბერება, რომ უტოლდება ხერხემლის მალების წვეტებს. ცხოველი წყვეტს ცოხნას და იწყებს ქოშინს, დგას გაშლილი ფეხებით, გულის მუშაობა გხშირებულია. დაავადებულ პირუტყვს რაც შეიძლება მალე უნდა აღმოვუჩინოთ დახმარება.

მოზარდი პირუტყვის დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლა ითვალისწინებს ზოგად პროფილაქტიკურ ღონისძიებების ზუსტ შესრულებას.

მოზარდი პირუტყვის ჯანმრთელობა ბევრადაა დამოკიდებული საკვების ხარისხზე და რაოდენობაზე. საკვები არ უნდა შეიცავდეს შხამიან ნივთიერებებსა და სოკოებს, მას შენარჩუნებული უნდა ჰქონდეს დამახასიათებელი სუნი და ფერი.
სულიკო ბერიძე
ვეტერინარიის მეცნიერების აკადემიური დოქტორი